საპარლამენტო უმრავლესობა საარჩევნო შეთანხმების ახალვადაზე ალაპარაკდა. ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ მათთვის მაისის ბოლომდე ვადა არავის დაუწესებია და ხელისუფლება ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებას შემოდგომისთვის გეგმავს.
როგორი იქნება ახალი “საარჩევნო კოდექსი”, ეს კიდევ ცალკე თემაა, რადგან სწორედ ის არის მნიშვნელოვანი, საბოლოოდ რა ჩაიწერება და ხელისუფლება შეასრულებს თუ არა პირობას “არსებით ცვლილებებთან” დაკავშირებით. მით უმეტეს, რომ აქამდე არაერთიშემთხვევა ყოფილა, როდესაც ხელისუფლებას შეთანხმებული საკითხიც კი შეუცვლია. იგივე 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი რომ გავიხსენოთ, როდესაც ხელისუფლებამ ოპოზიცია უბრალოდ მოატყუა და მაჟორიტართა რაოდენობა საკუთარი სურვილის მიხედვით გაზარდა.
თუმცა, ამაზე საუბარი მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც უკვე კანონპროექტის მომზადებაზე მიდგება საქმე. ჯერჯერობით კი აქტუალური გადაწყვეტილების მიღების ვადაა.
უკვე რამდენიმე თვეა, იმაზე მიმდინარეობს საუბარი, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება მაისის ბოლოსთვის უნდა იყოს მზად. სხვათა შორის, ამაზე შეთანხმება ჯერკიდევ გასული წლის ნოემბერში მოხდა, როდესაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის სამუშაო ფორმატი შედგა და განისაზღვრა მუშაობის გრაფიკიც. შეთანხმებაზე კი ხელი ხელისუფლებასაც აქვს მოწერილი და ამ ფორმატში მონაწილე ყველა პარტიას.
ბოლო პერიოდში საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საარჩევნო გარემოს დროულად გაუმჯობესებაზე განცხადებები ძალზე აქტიურად კეთდება. ეს საკითხი ერთ-ერთი მთავარი თემა იყო გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელთან გამართულ შეხვედრებზეც.
თინა ქეიდენაუს ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა, დავით გამყრელიძემ განაცხადა,რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების შედეგებს აშშ-ში მაისის ბოლომდე ელოდებიან.
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ამერიკული მხარე დაინტერესებულია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს შეთანხმება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.
“ვისაუბრეთ იმაზე, რომ ფართო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. ასევე გვითხრეს, რომ ამ საკითხზე დეტალური საუბრები ექნებათ ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის დროს”, - განაცხადა ალასანიამ.
“რესპუბლიკური” პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა კი აღნიშნა, რომ “ამერიკული დელეგაციის პოზიციაა, საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები და ამისთვის საჭიროა, რომ ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის სწრაფად მოხერხდეს შეთანხმება”.
თავად თინა ქეიდანაუმ კი უკვე შეხვედრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “საარჩევნო კოდექსზე მუშაობა მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს”.
მისი თქმით, საქართველოში არჩევნები 2012-2013 წლებში ჩატარდება და მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კოდექსის რეფორმირება სწრაფ ვადებში განხორციელდეს.
“იმედის მომცემია, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება მიუჯდა მოლაპარაკების მაგიდას. ჩვენ დიალოგის მომხრე ვართ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ შედეგები მიღწეული იქნას არჩევნებამდე საჭირო დროით ადრე”, - განაცხადა ქეიდენაუმ.
ფაქტია, რომ აშშ-ის საკმაოდ გამოკვეთილი პოზიცია აქვს და ესპოზიცია რეალური ცვლილებების დროულად გატარებას გულისხმობს. ხელისუფლების მხრიდან კი გუშინვე გაკეთდა განცხადება, რომ ”კონკრეტულ ვადებს პარტნიორი ქვეყნები არ აწესებენ”.
“ჩვენ ასეთ ვადებს პარტნიორები არ გვიწესებენ. ამაზე თანხმდებიან პოლიტიკური პარტიები და ჩვენი გეგმით, ახალი საარჩევნო კოდექსი შემოდგომისთვის უნდა გვქონდეს”, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა.
ეს განცხადება, ცხადია, განმარტებებს საჭიროებს, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ჯერჯერობით სხვა არანაირი განცხადებები აღარ კეთდება და იმედია, დღეიდან მაინც გაკეთდება სათანადო განმარტებები.
ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან ასეთი განცხადებების გაკეთება დროის გაყვანის მცდელობაა.
“მე ამას ვუკავშირებ, ერთის მხრივ, ისევ და ისევ იმას, რომ მათ პოზიცია არ აქვთ ჩამოყალიბებული და, მეორეს მხრივ, პროცესის ხელოვნურად გაწელვის მცდელობას, რაც თავისთავად ეს არ მხიბლავს.
“მე არ მესმის, რა არის ამის არგუმენტი. შეიძლება ნებისმიერი წინადადება მოისმინო და უფრო მეტიც, გაიზიარო. მაგრამ ეს უნდა იყოს დამაჯერებელი და უნდა იყოს ახსნილი, თუ რატომ ხდება, რის გამო. რა უშლის ახლა ხელს გადაწყვეტილების მიღებას და რა იქნება ხელის შემწყობი შემოდგომაზე. ამიტომ საერთაშორისო განწყობაც, ჩვენი განწყობაც და აუხსნებლობაც ამ ინიციატივისადმი, გულწრფელად ვიტყვი, დადებითად არ განმაწყობს.
“ყველაფერთან ერთად მინდა გითხრათ, რომ მოლაპარაკების პროცესს ფართო საზოგადოებაში, როგორც პოლიტიკურში, ასევე სამოქალაქო საზოგადოებაში, ძალიან ბევრი სკეპტიკოსი და მაკრიტიკებელი ჰყავს და მათი მხრიდანაც საბაბი გახდება მეტი საუბრისა და არც ეს მხიბლავს”, - აცხადებს “ოპოზიციური რვიანის” წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე.
იგი ხელისუფლებას სწორედ იმ შეთანხმებას ახსენებს, რაზეც ხელი მათაც აქვთ მოწერილი და საარჩევნო რეფორმის ვადებს განსაზღვრას. სწორედ ამიტომაც მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ ამ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება უნდა გააკეთოს.
“მე არ ვიცი, რას გულისხმობს მინაშვილი, როდესაც ვადების გადახედვას აჟღერებს ამა თუ იმ კომენტარში. ჩემთვის ეს არის აბსოლუტური სიახლე და სრულიად წარმოუდგენელია, რატომ უნდა გადაიდოს პროცესი, როდესაც შეიძლება, ახლავე გადაწყდეს. რაშია პრობლემა, მაშინ ვადების შეცვლის ინიციატორმა უნდა ახსნას, როგორც მინიმუმ. სხვა საკითხია, მერე მას დაეთანხმებიან თუ არა მოლაპარაკებაში მყოფი სხვა მხარეები, მაგრამ, როგორც მინიმუმ, ვადების რევიზიის ინიციატორმა უნდა უთხრას, რაზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული და მისი არგუმენტი უნდა იყოს დამაჯერებელი.
“და მეორე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ყველა პირი, მათ შორის დღევანდელ შეხვედრაზე ქალბატონი ქეიდანაუ, მანამდე ჯონ ბასი, ჰილარი კლინტონი, ასევე სხვა პირები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან, ამბობდნენ, რომ ეს მოლაპარაკებები ვერ და არ გაგრძელდება უსასრულოდ. ეს უნდა დამთავრდეს კონკრეტულ დროში და კონკრეტული შედეგით.
“უფრო მეტიც, ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაცია არის, რომ არჩევნებამდე, მინიმუმ, ერთი წლით ადრე, ყველაფერი უნდა დამთავრდეს, რათა ბოლო წლის განმავლობაში საჭირო არ იყოს საარჩევნო გარემოს შეცვლა და ეს ყველაფერი საჭიროა როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე ამომრჩევლისთვის”, - აცხადებს მამუკა კაციტაძე.