რატომ დასაჯეს პატარძეული

რატომ დასაჯეს პატარძეული

უკვე ერთი წელია, საგარეჯოს რაიონის სოფელი პატარძეული ბუნებრივი აირის გარეშე არის დარჩენილი. ეს მაშინ, როცა გაზი იქვე სოფელში არსებულ საბადოზე მოიპოვება. ხელისუფლებამ უარი თქვა, სოფლისთვის ადგილზე წარმოებული გაზის შედარებით იაფად მიწოდებაზე, ხოლო პატარძეულელებმა 45 თეთრის გადახდაზე უარი თქვეს, უკმაყოფილოებმა ბოლო არჩევნებში ნაციონალურ მოძრაობას ხმა არ მისცეს. ურჩობას გიჩვენებთო და ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სოფლისთვის აირის მიწოდება შეეწყვიტათ. უკვე ერთი წელია ბუნებრივი სიმდიდრე ჰაერში იწვის და სოფელს მის გარეშე უწევს თავის გატანა.

 

ამ თემაზე '“პრესაგე.ტვ“-ს სოფელ პატარძეულის მაცხოვრებელი ზაზა ცხვარიაშვილი ესაუბრება.

 

ზაზა ცხვარიაშვილი: იმის გამო, რომ სოფელ პატარძეულს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან დიდი პრობლემების წინაშე იმყოფება. ზამთარს მოსახლეობამ ვაჟკაცურად კი გაუძლო, მაგრამ ხელისუფლებას არც კი უკითხავს, თუ რა მდგომარეობაში ვიყავით ჩავარდნილები.

 

მაინც რატომ არ აქვს სოფელს გაზი?

- 2009 წლიდან მოყოლებული, ხელისუფლებას და კერძო კომპანიას შორის დაპირისპირებას აქვს ადგილი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი, ადგილობრივად სოფელში მოპოვებული გაზის საფასურის სწრაფი ზრდა მოხდა. ანუ 2006 წლიდან 2009 წლამდე, ადგილობრივი აირის ფასმა 10 თეთრიდან ორმოცდახუთ თეთრამდე მოიმატა. გაუთანაბრდა თბილისის ფასებს მაშინ, როცა ჩვენი გაზი ადგილზე მოიპოვება, მისი ტრანსპორტირება საერთოდ არ ხდება და არც იმდენად კალორიულია, როგორიც - შემოტანილი და იმპორტირებული აირი. საფასურს არანაირი საბაჟო გადასახადებიც არ ემატება. მიუხედავად ამისა, ბუნებრივ აირს ფაქტობრივად იმ ფასში გვაწვდიან, რა ფასშიც მას თბილისი ღებულობს.

 

აქ პრობლემა კიდევ იმაშია, რომ თვითონ გაზგამანაწილებელი სისტემა მთლიანად სოფლის მიერ არის შექმნილი. მილები იყო თუ სხვა დანარჩენი, სოფლის მოსახლეობამ თავისი ფულით შეიძინა. ზოგმა ძროხა გაყიდა, ზოგმა ოქრო, ნაწილმა კრედიტი აიღო და ასე წვალებით მოხერხდა ამ სისტემის ადგილზე შექმნა. ვცდილობდით, რომ ის მადლი, რაც ბუნებამ ჩვენს სოფელს აჩუქა, კარგად გამოგვეყენებინა.

 

როგორ დაიწყო თავის დროზე ამ სისტემამ მუშაობა?

- თავიდან ჩვენს ადგილობრივ გაზგამანაწილებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა, რომ ჩვენთვის აირი უფასოდ უნდა მოეწოდებინათ. ეს ხელშეკრულება მომპოვებელ და გაზგამანაწილებელ კომპანიებს შორის გაფორმდა. უფასოდ მოგვეწოდებოდა სადღაც წელიწადნახევრის მანძილზე. შემდეგ რაღაც მაქინაციების გზით ამ ჩვენი კომპანიის საგარეჯოს კომპანიაზე გადაცემა მოხდა. დღესაც გაურკვეველია, როგორ მოხდა ეს გადაცემა და, საერთოდ, გადაეცა თუ არა. ვფიქრობთ, რომ რეალურად არ არის გადაცემული, რადგან, როდესაც ”სოკარმა” საგარეჯოს გაზგამანაწილებელი სისტემა შეიძინა, ჩვენს ქონებას ფაქტობრივად ვერ შეეხნენ. ეს ქონება მათზე არ არის დაფიქსირებული. გამოდის, რომ ჩვენი ქონება თავადვე გვეკუთვნის და აქედან გამომდინარე, საგარეჯო გაზს ჩვენს მილებში არაკანონიერად ატარებდა. ფულს კი იღებდნენ ამაში. მოკლედ, ძალიან ბინძურ სქემასთან გვაქვს საქმე.

 

დღეს მოსახლეობას აირი არ აქვს, რადგან სოფელმა განაცხადა, რომ გაზს 45 თეთრად არ მიიღებდა; ამასთან, მთელი 75 თეთრი გაუხდათ უკვე მეწარმეებს, მესათბურეებს, მეფრინველეობის ფაბრიკებს და პატარა საწარმოებს. ეს ძალიან მაღალი ფასია, თან ისეთ გაზში, რომლის შემადგენლობის მხოლოდ 75 პროცენტია მეთანი და დანარჩენი სხვადასხვა მომყოლი გაზი და ნახშირწყლებია. ამ ათას მინარევს კი არანაირი კალორიულობა არ გააჩნია. სოფელი ამის გადამხდელი არ არის და აქედან მოდის წინააღმდეგობაც. სოფელს დავალიანებაც დაუგროვდა, რადგან ამ ფასს აღარ იხდიდა. შედეგად, სოფელს აირის მიწოდება შეუწყვიტეს.

 

ამასთან ერთად, სოფელმა ეს უკმაყოფილება სრულად გამოხატა ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ფაქტობრივად, სოფელ პატარძეულში ხელისუფლებამ არჩევნები წააგო. ან დაემთხვა, ან კიდევ სპეციალურად დაამთხვიეს და სოფელი გაზის გარეშე დარჩა. ჩათვალეს, რომ რახან ოპოზიციამ გაიმარჯვა, ამიტომ კარგად უნდა დავესაჯეთ. უკვე ერთი წელია, რაც ასეთ მდგომარეობაში ვართ.

 

მაგრამ სოფელში მოპოვებულ გაზს რა ბედი ეწია ამის შემდეგ?

- ის აირი ჩვეულებრივად სოფელში ისევ მოიპოვება და ჰაერში წვავენ. ჩვენც აღარ გვაძლევენ და არსად, არაფერში გამოიყენება.

 

შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს რაში ხედავთ?

- როგორც ხედავთ, ეს მთავრობა რამეში უკან დამხევი არ ჩანს. მაგრამ არც ჩვენ ვაპირებთ ასე ადვილად პოზიციების დათმობას.

 

მაინც რას აპირებთ?

- არ გვინდა ჩვენ ის 45 თეთრიანი გაზი, ეს - პირველ რიგში. მეორეც - არ დათმობენ - არც ჩვენ დავთმობთ. მაშინ საერთოდ გადავუკეტავთ ამ გაზს და სოფლიდან არავის გავატანთ. მივალთ იმ მდგომარეობამდე, რომ მართლა იძულებულნი გავხდებითთ ეს გავაკეთოთ.

 

სოკარს რომ თავი დავანებოთ, ადგილობრივად მოპოვებული გაზის გამოყენებას რა რეალური პერსპექტივა აქვს?

- მისი გამოყენება ძალიან ადვილად არის შესაძლებელი. მომპოვებელ კომპანიასთან ადვილად შეიძლება ხელშეკრულების გაფორმება, გამანაწილებელი კი თვითონ სოფელს გააჩნია. არის პატარძეულის კოოპერატივი, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ხელშეკრულების გაფორმება მომპოვებელ კომპანიასთან.

 

ასეთი ვარიანტის წინააღმდეგ თვითონ სახელმწიფო გამოდის. უბრალოდ, მსგავსი პრეცედენტის დაშვება არ უნდათ, რომ საქართველოში სადმე მოსახლეობას გაზი იაფად მიეწოდებოდეს. არადა, სემეკისგან გვაქვს მოწერილობა, რომ მათ კომპეტენციაში არ შედის მოპოვებული გაზის ფასის განსაზღვრა; ასევე - მიწოდების და მოხმარების ფასების განსაზღვრა. ერთი სიტყვით, საერთო ფასში ამ ღირებულების განსაზღვრა სემეკის კომპეტენციაში არ შედის. ანუ, ჩვენ შეგვიძლია ამ ფასთა მთლიან სისტემას თავი ავარიდოთ და ადგილზე ხელშეკრულება გავაფორმოთ მომპოვებელ კომპანიასთან, თავისი დაბალი ფასით, რაც, ალბათ, კომპანიის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს, რადგან ჩვენ ადგილობრივი მოსახლეობა ვართ და კომპანიას ჩვენთან ურთიერთობის გართულება არ მოუნდება. ყოველ შემთხვევაში, ეცდება, რომ ეს ნორმალური ურთიერთობა შეინარჩუნოს.

 

ეს წინააღმდეგობა მაინც უფრო საიდან მოდის - ცენტრალური ხელისუფლებიდან თუ, ადგილობრივი ადმინისტრაციიდან?

- ცენტრიდან! თვითონ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ჩვენ არ დავუშვებთ პრეცედენტს, რომ სადმე ფასზე სხვაობა იყოსო. ეს საგარეჯოელებს აქ რაიონში ვიზიტისას უთხრა.

 

ამ საკითხში ოპოზიციური „ქართული პარტია“ გვერდში გვიდგას და ბოლომდე ჩვენთან ერთად ბრძოლას აპირებს. ისინი პირველ რიგში სამართლებრივი გზებით შეეცდებიან პატარძეულელთა უფლებების დაცვას. სოფელი, თავის მხრივ, უკანდახევას არ აპირებს.