იმხელა ბულინგის მსხვერპლი გახდა ეუთო/ოდირი წინა არჩევნებიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მოლოდინი არ გვქონდა რომ ისინი ჩამოვიდოდნენ და ახლა საბაბებით ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი „გააპრავონ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა ეუთო/ოდირის უარზე თვითმმართველობის არჩევნების დაკვირვებაზე საუბრისას.
„ჩვენ კარგად ვიცით რა დღეში ჩააგდეს ეუთო/ოდირი ევრო ბიუროკრატებმა. კორუმპირებული ორგანიზაცია დაარქვეს იქიდან გამომდინარე, რომ არ მოეწონათ ის დასკვნა, რაც ეუთო/ოდირმა დადო 2024 წლის არჩევნების შემდეგ. როდესაც ქალბატონი პია კაუმა აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას თვეების წინ, როგორი ბულინგი მოუწყვეს მას, ფიზიკურად ვეღარ შეძლო და გადადო თავისი ვიზიტი. ჩვენი დასაცავი გახდა ეუთო/ოდირის პრესტიჟი, რეპუტაცია და ახლა ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რომ აღარ ჩამოდიან“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ეუთო/ოდირი თვითმმართველობის არჩევნებს არ დააკვირდება, ოფიციალურ მიზეზად კი ვადები დასახელდა. ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სადამკვირვებლო მისია მოიწვია, იმედი გამოთქვა რომ მრავალჯერადი შეურაცხყოფისა და ზეწოლის მიუხედავად, ეუთო/ოდირი საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისგან თავს არ შეიკავებდა.