ბენდუქიძისგან “დაჩმორებულები”

ბენდუქიძისგან “დაჩმორებულები”

საქართველოში, ალბათ, ყველას აინტერესებს, თუ საიდან და როგორ იშოვა დიდი ფული კახა ბენდუქიძემ. აგრეთვე, ყველას, ვინც კი “იმედზე” “რეალითი შოუ “შეგირდებს” უყურებს, აინტერესებს, ვინ გახდება ბენდუქიძის რჩეული და “თავისუფალი უნუვერსიტეტის” მშენებლობის მენეჯერი, რომელსაც 10 000 ლარი ხელფასი ექნება. და, საერთოდ, მას შემდეგ, რაც კახა ბენდუქიძე, როგორც ბიზნესმენი და სახელმწიფო მოხელე, საქართველოში გამოჩნდა, მასზე ყველას ყველაფერი აინტერესებს. ეს ინტერესი დღემდე არ განელებულა...

 

ბენდუქიძის ჰიტლერისეული ხიბლი
კახა ბენდუქიძე “ვარდების რევოლუციის” შემდეგ გაიცნო სრულიად საქართველომ და, როგორც კი ეკრანზე გამოჩნდა, რატომღაც ყველამ გაუღიმა... უმიზეზოდ და ყოველგვარი საბაბის გარეშე. ალბათ, არის მასში რაღაც ამაღელვებელი. გამოცხადდა თუ არა სავარდოსნო საქართველოში, ბატონმა კახამ განაცხადა, ყველაფერი უნდა გაიყიდოსო. მისი ფრთიანი ფრაზა კი, ასეთია: “ყველაფრის გაყიდვა შეიძლება, სინდისის გარდა”, ანუ შეიძლება სიყვარულის, მეგობრობის და ა.შ. გაყიდვა და სინდისის დატოვება?! საკამათოა, მაგრამ ამ თემის განხილვა შორს წაგვიყვანს და ჭეშმარიტებამდე მაინც ვერ მივალთ, თუმცა რატომღაც მახსენდება ჰიტლერის ცნობილი გამონათქვამი: “სინდისი ქიმერაა”!

 

ერთი სიტყვით, სინდისთან თამაში სახიფათოა და შევეშვათ.

 

“სავარდოსნო” საქართველოში ჩამოსვლისთანავე ბატონი კახა ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა და “დიდი ბენდუქიადაც” დაიწყო... მაშინ ბატონი კახა გვპირდებოდა, რომ საქართველოს ეკონომიკას ფეხზე დააყენებდა და ქვეყანაში “ღარიბ-ღატაკობა” აღარ იქნებოდა. სად იყო და სად - არა, “ზვიდისტებმა” “წამოყვეს თავი” და გუნდ-გუნდად, ტრანსპარატებით ხელში ბოლო ხმაზე გაჰყვიროდნენ: “ბენდუქიძე იუდა!” ბენდუქიძეს წარბიც არ შეუხრია, თავის საქმეს აგრძელებდა და კიდევ უფრო პოპულარული გახდა.

ეკონომიკის სამინისტროს, რა თქმა უნდა, არაფერი ეშველა და არც - საქართველოს “ღარიბ-ღატაკობას”. საერთოდ, ეს ეკონომიკის სამინისტრო, როგორც ჩანს, გათვალულია და ვერც მშვენიერი ვერონიკას შელოცვები შველის. 

ადრე ეკონომიკის სამინისტროში საშუალო ხელფასი 40-50 ლარი იყო. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ეკონომიკის მინისტრად უცხოეთში ნასწავლი ახალგაზრდა ყმაწვილი რეხვიაშვილი დანიშნეს. მისი მინისტრობის დროს, საშუალო ხელფასი 200-ლარამდე გაიზარდა, მაგრამ რეხვიაშვილს დიდხანს მინისტრობა არ ეწერა. 2004 წელს ეკონომიკის მინისტრად კახა ბენდუქიძე ინიშნება, საშუალო ხელფასები ისევ 40-50 ლარამდე ჩამოჰყავს და “ჩისტკას” იწყებს.

 

ბენდუქიძეს გვერდს უმშვენებდა მინისტრის მოადგილე ლილი ბეგიაშვილი და საგანგებოდ მოყვანილი ფსიქოლოგი. მოკლედ, ეკონომიკის სამინისტროში თანამშრომელთა ტესტირება დაიწყო უნარებში. ბატონ კახას უცნაური შეკითხვები რომ ახასიათებს, ეს ტელევიზიიდანაც ვიცით, ყოველ შემთხვევაში, გადაცემა “შeგირდში” ეს კარგად გამოჩნდა. დაახლოებით, იგივე ხდებოდა ეკონომიკის სამინისტროშიც. ბატონი კახას შეკითხვები “მხიარულთა და საზრიანთა კლუბს” უფრო ესადაგებოდა, ვიდრე - ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებს. მაგალითად, მისი ერთ-ერთი შეკითხვა, რომელმაც ათობით თანამშრომელი იმსხვერპლა, ასეთი იყო: რიცხვი ერთი მარტივია თუ რთული?

თუ გამოსაცდელი უპასუხებდა, რომ ერთი მარტივი რიცხვია, ბენდუქიძე პასუხობდა, არაო. მერე, დააყოლებდა, თქვენ დათხოვილი ხართ სამსახურიდანო.

გამოვიდოდა დათხოვილი თანამშრომელი გარეთ და დანარჩენი გამოსაცდელები ეკითხებოდნენ, რა გკითხა ბენდუქიძემო და დათხოვილი თანამშრომელიც უყვებოდა, თუ რა და როგორ იყო.

გამორიცხვის მეთოდით, თუ ერთი მარტივი რიცხვი არაა, მაშინ - რთულია. კითხვაც ხომ ასე იყო დასმული: ერთი მარტივი რიცხვია თუ რთული? შედის შემდეგი გამოსაცდელი და მასაც იგივე კითხვას უსვამს ბატონი ბენდუქიძე. გამოსაცდელმა უკვე იცის (დათხოვილი თანამშრომლისაგან), რომ ერთი მარტივი რიცხვი არ არის, ე.ი. რთულია და ასეც პასუხობს. ბატონი ბენდუქიძე პასუხობს: არ არის სწორი, თქვენ დათხოვილი ხართ სამსახურიდან. გამოდის დათხოვილი თანამშრომელი გარეთ და ამბობს, ერთი რთული რიცხვიაო.

 

მოკლედ, ამ შეკითხვამ საგონებელში ჩააგდო ბევრი, ბატონი ბენდუქიძე კი, როგორც იტყვიან, როლში შევიდა და დიდი ხით-ხით-თამაშით 300 კაცი დაითხოვა ეკონომიკის სამისიტროდან.

 

რაც შეეხება იმას, ერთი მარტივი რიცხვია თუ რთული? ალბათ, პასუხი ამ კითხვაზე ბევრს აინტერესებს და, ასე რომ, გაკვეთილი სკოლის არითმეტიკიდან: ნებისმიერი რიცხვი მარტივია, თუ ის იყოფა მხოლოდ ერთზე და თავისთავზე. სხვა შემთხვევაში, რიცხვი რთულია. ერთი ის ერთადერთი რიცხვია, რომელიც მხოლოდ თავისთავზე იყოფა, ამიტომ პასუხი ასეთი უნდა ყოფილიყო: რიცხვი ერთი არც მარტივია და არც - რთული!..

და… ბრავო, ბენდუქიძევ!

 

ეკონომიკის სამინისტროში, ალბათ, ასეთ კითხვებზე პასუხი უნდა სცოდნოდათ და, ალბათ, ამიტომაც დაითხოვა უცოდინარი თანამშრომლები, მაგრამ... თვითონ ბატონი კახა ბენდუქიძე მარტივი და რთული რიცხვების ცოდნის გამო დანიშნეს ეკონომიკის მინისტრად?! ვფიქრობ, მას გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა ქვეყნის წინაშე... როგორც ჩანს, მხოლოდ მარტივი და რთული რიცხვების ცოდნა არაა საკმარისი ქვეყნის ეკონომიკის ასაღორძინებლად. საქმე შედეგით ფასდება, ბატონი კახას მრავალწლიანი მინისტრობის მიუხედავად, ქვეყანა ფეხზე ვერ დადგა და იგი, ყოველგვარი ტესტირების გარეშე, დაითხოვეს.

მიუხედავად ყველაფრისა, კახა ბენდუქიძე მაინც ბევრს ხიბლავს. მაყურებელს მოსწონს, როდესაც “თავისუფალი უნივერსიტეტის” შესაძლო დამაარსებელი შეგირდებზე “კაიფობს”.

 

ბატონმა კახამ ერთხელ ასეთი შეკითხვა დასვა: მთა უფრო მაღალია თუ თაფლი უფრო ტკბილია? ამ შეკითხვას რომელ განზომილებაში უნდა უპასუხოს ადამიანმა, არ ვიცი. ხუმრობით კი, გააჩნია, ვის რა დოზის იუმორი აქვს. ამიტომაც დაიბნა პიროვნება და ბატონმა კახამ უთხრა, თქვენ ამისათვის მზად არ ხართო. რა ჰქონდა მხედველობაში ბენდუქიძეს, არ ვიცი. ეჰ, ამდენი სად შეგვიძლია...

 

ახლა, რაც შეეხება “თავისუფალ უნივერსიტეტს”...

 

როგორც ვიცი, რაღაც გრანდიოზულის გაკეთებას აპირებს ბატონი კახა - რაღაც სუპერ-კრეატიული, სუპერ-თანამედროვე, ტრანსცენდენტალურ-კოსმოგენიური სასწავლებელი უნდა დაარსოს ჰაი-ტექნოლოგიებითა და მისთანებით. ამ სასწავლებელში, რომელსაც “თავისუფალი უნივერსიტეტი” ჰქვია, მასწავლებლებიც (დოქტორ-ლექტორები) და სტუდნტებიც ზეინტელექტის მქონენი იქნებიან და ამიტომაც, ასეთ უნივერსიტეტს, რა თქმა უნდა, ზეინტელექტის, ზეიუმორის, ზეკრეატიული მენეჯერი უნდა ჰყავდეს. კი, მაგრამ, ასეთი ხომ მხოლოდ ერთი გვყავს საქართველოში - კახა ბენდუქიძე! ეკონომიკის სამინისტროში მარტივი და რთული რიცხვები არ იცოდნენ და “შეგირდებში” აღმოაჩენს სუპერმენეჯერს?!

 

და, ბოლოს, მარტივი შეკითხვა (რთული და კრეატიული სად შეგვიძლია?!) ბატონ კახას: გულწრფელად მითხარით, როგორ გამდიდრდით და რა თვისება გამოგადგათ გამიდრებისათვის?

რა ღირს ბილეთი სამოთხეში?
ახლახან მილიონრებზე წავიკითხე წიგნი: თურმე, ფულის შოვნა აზარტი ყოფილა, რაც უფრო ბევრი გაქვს, მით უფრო მეტი გინდა. იყო ერთი მილიარდერი, რომელმაც უზარმაზარი ქონება დააგროვა და, ბოლოს, ყველაფერი ქველმოქმედებაში ჩადო. იფიქრა, ცხოვრებას ვამთავრებ და იქნებ, სამოთხეში მოვხვდეო... ბატონო კახა, თქვენც ხომ არ აპრებთ სამოთხის ბილეთის ყიდვას?

P.S. ისე, როგორც “ქართულმა სიტყვამ” შეიტყო, ეკონომიკის სამინისტროდან ზემოხსენებული ტესტირებით გამოყრილი თანამშრომლები ბენდუქიძის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას სასამართლოში აპირებენ. ინფორმატორმა “ქართულ სიტყვას” კონკრეტული დაზარალებულის კოორდინატებიც მოაწოდა. სატელეფონო საუბრისას დაზარალებული დაგვპირდა, რომ ბენდუქიძის ბევრ “გრეხს” გამოამზეურებდა და შეხვედრა მეორე დღისთვის დაგვითქვა, თუმცა დათქმულ დროს შეხვედრაზე არ მოვიდა... დაზარალებულის შვილი, თურმე, “ნაციონალებთანაა” დაახლოებული და ბენდუქიძისგან “დაჩმორებულ” მამას შეეშინდა, შვილს ავი არაფერი შეემთხვასო...