რატომ გადასცა ენერგეტიკის სამინისტრომ საკუთრებაში ორი ჰესი რუსულ სახელმწიფოს

რატომ გადასცა ენერგეტიკის სამინისტრომ საკუთრებაში ორი ჰესი რუსულ სახელმწიფოს

არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ენერგეტიკის მინისტრმა გვამცნო, რომ ორი ჰესი, „ხრამი 2“ და „ხრამი 2“ – „ინტერ რაოს“ ახლა უკვე მფლობელობაშიც გადაეცა. ხოლო, რაკი ზემოხსენებული ჰესები ზემოხენებულსვე რუსულ კომპანიას მართვაში ისედაც ჰქონდა (2025 წლამდე), იქვე განგვიმარტა, რომ ფლობასა და მართვას შორის დიდი არაფერი სხვაობაა; მეტიც, რომ მხოლოდ მართვაზე უკეთესი მართვა-ფლობაა. მეორე მხრივ, ორიოდეწლის წინათ ბ-ნი ხეთაგური (ოღონდ - „ენგურჰესთან“ მიმართებაში) განმარტავდა, რომ „ინტერ რაოსათვის“ „ენგურჰესის“ მართვაში გადაცემა მომგებიანია, რადგან ფლობასა და მართვას შორის დიდი განსხვავება ყოფილა. რატომ შეიცვალა აზრი ენერგეტიკის მინისტრმა? მართლაც, რა განსხვავებაა მართვასა და ფლობას შორის? და, რაც მთავარია, შეიძლება თუ არა რუსული სახელმწიფო კომპანიის ნდობა რუსეთთან არსებული დაპირისპირების ფონზე? ერთი სიტყვით, იმის გარკვევას, ასდის თუ არა ფულს პოლიტიკური სუნი, გია ხუხაშვილთან ერთად შევეცდებით.

– მართვასა და ფლობას შორის ენერგეტიკაში, სიმართლე გითხრათ, დიდი არაფერი განსხვავებაა, იმიტომ რომ ენერგეტიკაში, რომელიც გარკვეული ბერკეტი და ზემოქმედების მექანიზმია, მთავარია, ვინ მართავს კომპანიას. აქედან გამომდინარე, პრინციპულად არაფერი იცვლება, საკუთრებაში იქნებოდა თუ მართვაში, თუმცა უბრალოდ კონტროლსა და საკუთრებას შორის ის განსხვავებაა, რომ ფლობისას უფრო მაღალი ხარისხით აკონტროლებ და ეს პროცესი უფრო სტაბილური და გრძელვადიანი ხდება. სხვა საკითხია, ან მართვაში რატომ უნდა ჰქონოდა „რაო ესს“ მთელი ქართული ენერგეტიკული სისტემა, ელექტროენერგიტიკა მაქვს მხედველობაში. ამდენად, გაუგებარია, როდესაც გვესაუბრებიან ენერგოუსაფრთხოებაზე და პარალელურად გვეუბნებიან, რომ რუსეთი მტერია და მას მთელი ენერგოსისტემა აბარია. მოვისმინე კომენტარებს, როდესაც ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი ამბობდა, უნდა გვემოდეს, რომ, როდესაც ქართველები რუსეთში აკეთებენ ფულს, ეს რუსული კაპტალია და ის იქნება გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგო, თუ არ ვცდები, კოტე გოგელიაზე იყო ლაპარაკი.  ძალიან მაინტერესებს, როდესაც საქართველოში შოულუობენ ფულს კრემლის კომპანიები და აქვე აბანდებენ, ამას რატომ უყურებენ მშვიდად, თუ ქართველების მიერ რუსეთში ნაშოვნი ფული საფრთხეა?!

ხეთაგურმა აღნიშნა, რომინტერ რაოსმიერ ხრამჰესების შეძენა გააძლიერებს საქართველოს ბიუჯეტს.

– მე არ ვიცი, ვის ბიუჯეტს გააძლიერებს და რა მოჰყვება ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ეს კომპანია მუშაობს ზემოგებებზე და ეს მოგებები წავა რუსეთის ბიუჯეტში. მაგრამ ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ფინანსურ კუთხეზეა საუბარი, არამედ ბევრად უფრო მნიშვნელოვან ფასეულობაზე, რასაც ჰქვია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა, რადგან ჩვენი ენერგოსისტემა, ფაქტობრივად, მთლიანად, საკუთრებისა და კონტროლის თვალსაზრისით, ინტეგრირებულია რუსულ ენერგოსისტემაში, ანუ ენერგოსისტემაში პოლიტიკა ტარდება კრემლიდან და ძალიან მალე, შესაძლოა, ჩვენ გავხდეთ რუსული ენეგროსისტემის განუყოფელი ნაწილი და იქნება უზრუნველყოფილი იმ ტიპის ენერგოუსაფრთხოება, რომელიც საბჭოთა დროს იყო. ოღონდ მაშინ უფრო უკთესად - ცენტრალური გათბობაც არსებობდა, სინათლეც, გაზიც და ყველაფერი ეს ძალიან იაფი ღირდა. ეს გაუგებარი თამაშია, რადგან, ერთი მხრივ, გვესმის პოლიტიკური რიტორიკა, ამის პარალელურად კი, ქვეყნის ენეგრეტიკას აბარებენ ჩვენს მუდმივ მტერ-მოყვარეს.

სხვა ვინ შეიძლება, ყოფილიყო დაინტერესებული ჩვენს ენერგოსისტემაში ფულის დაბანდებით და რატომ შეუძლია ეფექტურად მართვაინტერ რაოსდა არა რომელიმე სხვა, ვთქვათ, ადგილობრივ კომპანიას?

– ეს ყველაფერი მართვაში ჰქონდა ამერიკულ კომპანია „ეი ი ესს“, სანამ „რაო“ შეიძენდა მისგან და შეიძინა მას შემდეგ, რაც ამერიკული კომპანია არ დააყენეს საქართველოში. სხვათა შორის, ამერიკული კომპანიის წინააღმდეგ მუდმივად მართავდნენ აქციებს, ხან ტარიფებზე ედავებოდნენ, ხან – სხვა რამეზე. მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსული კომპანია შემოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმ ორჯერ გააძვირა ტარიფები და არც არსებული  პრობლემები გადაუწყვეტია იმაზე უკეთესად, რატომღაც, არც ერთი პოლიტიკური ძალა ამაზე ხმას არ იღებს. ეს რის სიმპტომი შეიძლება, იყოს?!

სამართლიანობის გამო, აღვნიშნოთ, რომლეიბორისტებიაწყობენ ხოლმე აქციებს.

– „ლეიბორისტები“ მაშინ „ეი ი ესსაც“ ებრძოდნენ. ისინი შედარებით თანმიმდევრულები არიან და მათ მიმართ პრეტენზიები არ იქნებოდა სამართლიანი.

სხვა ოპოზიციური პარტიები რატომ არ იღებენ ხმას? „რაოსწილში არიან?

– უმნიშვნელო თემა ჰგონიათ, უკეთეს შემთხვევაში. თუმცა არ მგონია, ეს უკეთესი შემთხვევა იყოს, რადგან, თუ პოლიტიკოსი ვერ აცნობიერებს სახელმწიფო ინტერესსა და პრიორიტეტებს უსაფრთხოების თვალსაზრისით, ის სახელმწიფოს მართვისთვის ნამდვილად არ გამოდგება.

ვინ შიიძლებოდა, პოლიტიკური და ეკონომიკური  ინტერესების გათვალისწინებით, დაინტერესებულიყო ქართული ჰესებით?

– ალბათ, არავინ, იმიტომ რომ ზოგადად საინვესტიციო გარემო და ენერგეტიკა საჭიროებს გრძელვადიან ინვესტიციას და შეიძლება, ასეც ითქვას, გრძელვადიან დამკვიდრებას ქვეყანაში. ცივილიზებული დასავლური კაპიტალი, გამომდინარე მათი სტანდარტებით, უვარგისი საინვესტიციო გარემოდან, არ არის დაინტერესებული საქართველოში კაპიტალის ჩადებით. ამიტომაც ვხედავთ ჩვენს საინვესტიციო რუკაზე, ძირითადად, პოსტსაბჭოთა სახელმწიფო ან გაურკვეველი წარმოშობის კაპიტალს. ამას აქვს სავსებით კონკრეტული მიზეზები: არაკონკურენტული და მაღალი პოლიტიკური რისკების მქონე გარემო, რომლის მიმართაც ცივილიზებული კაპიტალი ძალიან სენსიტიური. თუმცა შეიძლებოდა, ჰესებით დაინტერესებულიყვნენ არაბები, თურქები.

თურქები რატომ არ დაინტერესდნენ? რუსებზე ნაკლები ინტერესი აქვთ საქართველოში?

– „ხრამჰესებს“ „რაოს“ გარდა ვერავინ იყიდიდა, გამომდინარე იქიდან, რომ 2025 წლამდე მართვაში ჰქონდათ გადაცემული და სხვას მხოლოდ ამ მიზეზით ვერ დააინტერესებდა.

მკითხველს შევახსენოთ, რომინტერ რაომ“ „ხრამჰესებისმართვის უფლება 2000 წელს მიიღო 2025 წლამდე.

– ასე რომ, სხვას არავის არ აყიდინებდა „რაო“, ამიტომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადაყიდვა შეუძლებელი იყო.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხელისუფლებამ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა?

– შეიძლება, მაგრამ თავის დროზე უნდა ეფიქრა ამაზე, თუმცა გაყიდვა მაინც არასწორი ნაბიჯი იყო, იმიტომ რომ, თუ ადრე შანსი გვქონდა, რაღაც ეტაპზე ნელ-ნელა გავთავისუფლებულიყავით „რაო ეესის“ მარწუხებიდან, ახლა უბრალოდ ამას მუდმივი ხასიათი მიეცა, რაც უვადოდ გადაავადებს ჩვენი რეალური ენერგოუსაფრთხეობის უზრუნველყოფას.

ხრამჰესებსრა წვლილი შეაქვთ ქართულ ელექტროენერგეტიკაში?

– არ არის მნიშვნელოვანი რაოდენობა, „ხრამჰესები“ ცალკე არ გაუყიდია საქართველოს ხელისუფლებას, ისინი „თელასთან“ ერთად იყო ერთიან პაკეტიში. ეს არ არის დიდი სეგმენტი ქართულ ენერგეტიკაში, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო „ენგურჰესის“ თემა, ის გახმაურებული, სკანდალური მემორანდუმი, რომელიც არავის თვალით არ უნახავს და, ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ბევრად უფრო გააზრებული პოზიცია ჰქონდათ აფხაზებს და სწორედ ამიტომაც ჩაიშალა ეს შეთანხმება. მოგეხსენებათ, აფხაზების გარეშე ეს გარიგება ვერ შედგებოდა: „ენგურჰესთან“ დაკავშირებით ვერც აფხაზები და ვერც ქართველები ცალმხრივ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. ერთი სიტყვით, თბილისში ელექტროენერგიის დისტრიბუცია „თელასის“ ხელშია, რომელიც კრემლის კომპანიას ეკუთვნის, რეგიონულ დისტრიბუციას კი ახორციელებს „ენეგროპრო“, ძალიან მაღალი ალბათობით რუსული კომპანია, იმიტომ რომ ვერავინ ვერ გაიგო დანამდვილებით, ვინ არის ამის პატრონი. გვახსოვს ნოღაიდელის კომენტარი, როდესაც თქვა, ჰგავს ჩეხეთის ელჩი რუსსო.

მაინცდამაინც, არც თვითონაც იყო პემიერ-მინისტრი, მაგრამ ჰგავდა?

– ოპოზიციონერსაც ჰგავდა, მაგრამ არც ოპოზიციონერი იყო, ბიზნესმენსაც ჰგავდა და არ იყო, ანუ ეს ადამიანი არასდროს არის თავის ადგილზე. ისევ ენერგეტიკას დავუბრუნდეთ: ფაქტობრივად, რაღა დარჩა? ჩვენს ხელში რა არის?! და, როდესაც ვსაუბრობთ, ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, რას ვგულისხმობთ?!

ალბათ, იმას, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ტერიტორიაზეა?

– დიდი ალბათობით ქართული ენერგეტიკის სისტემის მეპატრონე არის კრემლი, არაფერს ვამბობ გადამცემ ხაზებზე, რომელიც „საქრუსენერგოსია“. ერთადერთი თემა, რომელიც ღმერთის წყალობით მეტნაკლებად დაბალანსებულია, არის გაზი. აზერბაიჯანია ჩვენი წყარო და ესეც იმის გამო ხდება, რომ ამ ხელისუფლებამდე ჩაიდო ისეთი ფუნდამენტი, რომლის დანგრევა ვერავინ შეძლო, შაჰ-დენიზი მაქვს მხედველობაში. თორემ ვიღაც, ალაბთ, ამაზეც ილესავდა კბილებს და, რომ შეიძლებოდა, გაყიდიდა. თუმცა გაზის თემაშიც რუსებიც იღებენ მონაწილეობას შიდა დისტრიბუციის თვალსაზრისით.

იტერასსახით, მაგრამსოკარსაცაქვს დიდი წილი?

– „სოკარი“ ნაკლებად სახიფათოა საქართველოსთვის, გამომდინარე იქიდან, რომ აზერბაიჯან-საქართველო ერთიანი გეოპოლიტკიური კვანძია, მათი ინტერესები იმდენადაა გადახლართული ერთმანეთზე და იმდენადაა ურთიერთდამოკიდებული აზერბაიჯან-საქართველოს კეითლდღეობა, რომ რამე გართულებას არ უნდა ველოდოთ. რუსეთი კი, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი ხიფათია.

შესაძლოა, ასეთი რამ მომხდარიყო? სხვა გზა არ ჰქონოდა ხელისუფლებას, რომ არ გაადეცა ლექტროენერგეტიკა რუსული კომპანიისთვის?

– როდესაც „თელასი“ მიჰყიდეს, მაშინ საერთოდ არაფერ მნიშვნელოვანზე არ იყო საუბარი. „ენგურჰესი“ კი ძალიან ჰგავდა ხარკის გადახდას, იმიტომ რომ ომის შემდეგ ორ თუ სამ კვირაში მოეწერა ხელი იმ მემორანდუმს.

ხრამჰესები“?

– აქ უფრო ფინანსურ ინტერესს ვხედავ. დღეს ფინანსურად ხელისუფლებას ცუდი მდგომარეობა აქვს, ანუ პოლიტიკაზე არ ვისაუბრებდი, თუმცა შედეგები პოლიტიკურია, მაგრამ არ მგონია, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური ინტერესები ჰქონოდა. მე ვფიქრობ, რომ დღეს ხელისუფლებას ცუდი მოლოდინები აქვს ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებით და ეძებს შემთხვევას, რომ რაღაც ოდენობის ფული მიიღოს. შესაბამისად, მიიღო წინადადება, რომელზეც უარი არ თქვა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებული ვადა 2011 წლის პირველი აპირილს ამოიწურა, ამ ხნის განმავლობაში არ უნდა გაგვეყიდა მაგისტრალური გაზსადენი. რა ფინანსური პრობლემები ახსენეთ, ისევ ხომ არ დადგება მაგისტრალის გაყიდვის საკითხი? ამთავითვე აშკარაა, რომ რუსეთს გარდა, ის თითქმის არავის აინტერესებს.

– მაგისტრალური გაზსადენის რუსებისთვის, თუნდაც, სომხებისთვის მიყიდვა წარმოუდგენელი შეცდომა იქნება, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი დიდ პოლიტიკურ თამაშში. ამ ბერკეტის რუსეთისთვის ან სომხეთისთვის მიცემა წარმოუდგენელი სიბეცეა. აქ არის არგუმენტები, რომლებზეც ხმამაღლა საუბარი არ მინდა, მაგრამ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რა შეიძლება იყოს ეს არგუმენტები. ამ მაგისტრალის გაყიდვა არაფრით არ შეიძლება და ამაზე ჩვენი ამერიკელი მეგობრებიც ხშირად გვაფრთხილებდნენ, იმიტომ რომ ეს არის გარკვეულწილად სტაბილურობის გარანტი რეგიონში. ჯერ ერთი, რუსეთისთვის გაზის მიწოდება სომხეთისთვის არის სტრატეგიული თემა და არა მხოლოდ ენერგეტიკული; მეორე,  სომხეთისთვის ეს მაგისტრალი გახლავთ სიცოცხლის გზა და ის, რომ საქართველო უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას და გამართულ მუშაობას, ორივე მხარისთვის შკმაკავებელი ფაქტორია. მეტს უბრალოდ არაფერს ვიტყვი: ამ ბერკეტის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. თუ ის გადავა რუსეთის ან სომხეთის კოტროლის ქვეშ, რაც იგივეა, რაც რუსეთის ხელში გადასვლა, იმიტომ რომ სომხეთის გაზის სისტემა „გაზპრომისაა“, ამის შემდეგ მაგისტრალური გაზსადენის უსაფრთხოების საკითხებიც მათი კომპეტენცია გახდება.

და შეეძლებათ ნებისმიერი ექსცესის ჩვენთვის დაბრალებაც?

– თუ დასჭირდათ, რაც მთავარია, მაგისტრალური გაზსადენის სტაბილურ მუშაობას ჩვენ გარეშეც უზრუნველყოფენ და ჩვენ, როგორც ფაქტორი, ამოვვარდებით.

თურქეთსა და აზერბაიჯანს არ უნდა აძლევდეთ ხელს ამ მაგისტრალური გაზსადენის შეძენა? რუსეთსა და სომხეთს შორის ჩადგომის შესაძლებლობაა?

– არ მგონია, თურქეთი ჩაერთოს ასეთი ტიპის თამაშებში. რაც შეეხება აზერბაიჯანს: ის შეიძლება, დაინტერესდეს, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ინტერესი რეალური იყოს, უფრო პოლიტიკური განაცხადის სახე შეიძლება, ჰქონდეს. მაგისტრალური გაზსადენი, თავისთავად, არც აზერბაიჯანს და არც თურქეთს არ მგონია, აინტერესებდეს, თუმცა, თუ პრივატიზაციის საკითხი დადგება, ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანი ამაში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას გარკვეული მიზეზების გამო.

მიზეზები, ალბათ, ისედაც გასაგებია ჩვენი მკითხველისთვის.

– ეს მიზეზები უკავშირდება არა საქართველოს, არამედ სულ სხვა საკითხებს.

მაგრამ ენეგროობიექტების რუსული კომპანიებისთვის მიყიდვა არც ხელისუფლებისთვისაა ხელსაყრელი, იმიტომ რომ ეს ცეცხლთან თამაშს ჰგავს?

– ცეცხლთან თამაში მათი საყვარელი თამაშია. სამწუხაროდ, ცეცხლთან თამაში, როგორც რუსები იტყვიან, „ნა სვოი სტრახ ი რისკ“ შეუძლია, მაგრამ, როდესაც თამაშობ მილიონობით ადამიანის ბედით, ამას არანაირი გამართლება არ აქვს. ვისაც უნდა, ითამაშოს თავისი ტყავის ხარჯზე და არა რამდენიმე მილიონი ქართველის ხარჯზე.