„კატეგორიული მოთხოვნებით არ წყდება ნატოში შესვლის საკითხი“

„კატეგორიული მოთხოვნებით არ წყდება ნატოში შესვლის საკითხი“

რუსული აგრესიის ზრდასთან ერთად მოსალოდნელია თუ არა დასავლეთისგან ხელშესახები მხარდაჭერის მიღება, დიდი ხანია, მსჯელობის საგანია. არსებობს კითხვები, პასუხები, განმარტებები, თუმცა დაასავლეთისკენ მიმავალი გზა კვლავ გრძელია.

ინტერვიუში, რომლის ქართული თარგმანი თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ნატო-მ ვარშავის 2016 წლის სამიტზე მაპ-თან დაკავშირებით საქართველოს კონკრეტული პასუხი უნდა გასცეს. როგორც ხიდაშელი გერმანულენოვან გაზეთ „კურიერთან“ საუბრისას ამბობს, საქართველოს მოთმინების რეჟიმში ყოფნა აღარ შეუძლია.

კიდევ რამდენ ხანს შეიძლება გაგძელდეს მოთმინების რეჟიმი და რა გვაშორებს დასავლეთთან, ამ თემაზე ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი, გიორგი მუჩაიძე გვესაუბრება.

ბატონო გიორგი, როგორც ხიდაშელი ამბობს, „თუ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მაშინ უკრაინით აღარ დაკმაყოფილდება. არ შეიძლება ნატო- ან ევროკავშირმა მომავალშიც ისე იმოქმედონ, როგორც ამას დღეს აკეთებენ მხოლოდ რეაქციის სახით“. როგორ ფიქრობთ, რა არისრეაქციაზეუფრო მეტი, რისი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს?

- ბოლო წლების განმავლობაში სერიოზული მიღწევა მოხდა როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის კუთხით. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმება; გვაქვს ყოველწლიური გეგმა-ვალდებულებები, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს; ასევე, ნატოსთან ყოველწლიური ქმედების კუთხით გვაქვს აღებული ვალდებულებები. ძალიან მალე შეიქმნება ნატოსა და საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრი - ეს მცირე მიღწევები ნამდვილად არ არის. სრულ ინტერგრაციამდე როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ ეს დამოკიდებულია ჩვენს მიერ შესასრულებელ ვალდებულებებზე.

საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად, რაც რუსეთის ზეწოლასთან დაპირისპირებაში დაგვეხმარება, საჭიროა ძალზე აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოება, რაც სამწუხაროდ, დღეს არ ხდება. ასევე, არ ხდება როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით შესაბამისი აქტივობა პარტნიორ ქვეყნებთან, საუბარია როგორც მხარდამჭერ, ასევე სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებზე. სწორედ ასეთი არააქტიური პოლიტიკაა დამნაშავე იმაში, სწრაფად რომ არ მიმდინარეობს ეს პროცესი. ვგულისხმობ როგორც საგარეო აქტივობას, ასევე - რეფორმების იმპლემენტაციას.

ანუ, აღებული ვალდებულებების შესრულება საკმარისი არ არის და ყველა ქვეყანასთან ცალკე უნდა მივაღწიოთ მხარდაჭერას?

- ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების შესაბამისად იქნება პროგრესი. ასეა ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც. ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა კონკრეტული საკითხები, რაც არის შესასრულებელი. შეფასების ანგარიშის შესაბამისად მოხდება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება - ჩვენზეც ბევრი არის დამოკიდებული.

რაც შეეხება ცაკლეულ ქვეყნებს, ვიცით, რომ გერმანიაა ერთ-ერთი სკეპტიკურად განწყობილი საქაართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხში. ამ მიმართულებით სამწუხაროდ, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად არ მუშაობს.

ვგულისხმობ, როგორც მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ისე არგუმენტირებულ დასაბუთებას, რატომ არის არა მხოლოდ ჩვენი, არამედ რეგიონის უსაფრთხოებისათვის საქართველოს შემდგომი ინტეგრაცია აუცილებელი. თუმცა, ყოველდღიური საშინაო დავალებების შესრულებაც არ არის იმ დონეზე, რომ ინტეგრაციის პროცესი უფრო სწრაფად წავწიოთ წინ.

არის ასეთი მიდგომა, რომ აი, დღის წესრიგში არ დგას ეს საკითხი და ჩვენ რა შეგვიძლია. მოგეხსენებათ, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან დაკავშირებითაც იყო ძალიან ბევრი სკეპტიკური ქვეყანა და ძალიან ბევრი ბარიერის გადალახვა მოუხდათ. თანმიმდევრობით ასრულებდნენ ყველა ვალდებულებას და საბოლოოდ მიაღწიეს იმას, რომ ევროპა კონსენსუსზე წამოვიდა. სამწუხაროდ, საქართველო ასეთი მონდომებით არ გამოირჩევა.

თქვენ აღნიშნეთ რომ ჩვენი მთავრობა არ აქტიურობს, თუმცა ამ ინტერვიუში ხიდაშელის ტონი საკმაოდ კატეგორიულია - ის ამბობს, რომ „2016 წელს ნატოს ვარშავის სამიტმა კონკრეტული პასუხი უნდა გაგვცეს, დადგა მომენტი, როცა მეტის მოთმენა აღარ შეგვიძლია“, - საუბარია მაპ-ზე...

- კატეგორიული მოთხოვნებით არ წყდება ასეთი საკითხები. ვალდებულებების შესრულებისა და რეფორმების გატარების შემდეგ იქნება შესაძლებელი, რეალურად, მივიღოთ ის, რასაც ვითხოვთ. ამაში ახალი არაფერი არ არის, ეს გზა გავლილი აქვთ სხვა ქვეყნებს, რომელთა გამოცდილებაც უნდა გავიზიაროთ.

როგორ ფიქრობთ 2016 წელს მივიღებთ მაპ-? დღევანდელი სურათი როგორი პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა?

- ძნელია ერთი წლით ადრე პროგნოზირება, მაგრამ პირველ რიგში, ეს საქართველოზე იქნება დამოკიდებული. რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილება ალიანსის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ, მაგრამ დაადებითი გაადაწყვეტილების მიღებაში სერიოზულად დაგვეხმარება ის პროგრესი, რომელსაც საქართველო მიაღწევს.

არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ბაზების არსებობა შემაფერხებელ ფაქტორად იყოს განხილული. ხიდაშელი ამბობს, რომ მაპ-ის შემთხვევაში ეს არ არის ხელშემშლელი...

- ნატოში გაწევრიანების ისტორიას რომ გადავხედოთ და იგივე, გერმანიის მაგალითი ავიღოთ, აღმოსავლეთ გერმანია წითელ არმიას ჰქონდა დაპყრობილი, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, როდესაც დასავლეთ გერმანია გაწევრიანდა ნატოში - შემდეგ მოხდა გერმანიის გამთლიანება.

როდესაც არსებობს საქართველოს კონტროლს მიღმა დარჩენილი ტერიტორიები, ნატოში გაწევრიანების შემდეგ უფრო დიდია შანსი, რომ შემდეგ ამ ტერიტორიებზე კონტროლი აღდგეს. როგორც უკვე ვთქვი, ამისი პრეცედნენტი არსებობს.

რა როლი ენიჭება რუსეთისა და გერმანიის მჭიდრო კონტაქტებს იმ წინააღმდეგობათა სიაში, რომელიც ნატო-სკენ მიმავალ საქართველოს აქვს დასაძლევი?

- დიპლომატიური და ეკონომიკური კონტაქტები ყოველთვის იქნება, მაგრამ როდესაც რუსეთი გამოდის აგრესორად და ემუქრება არა მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტს, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოების სისტემას; დარტყმის ქვეშ აყენებს უსაფრთხოების იმ სისტემას, რომელიც ჩამოყალიბდა ცივი ომის დასრულების შემდეგ, უკვე სხვა მიდგომები ყალიბდება.

ამ სისტემის შენარჩუნება მთლიანად დასავლეთისა და მათ შორის გერმანიის ძირეული ინტერესიცაა. დასავლეთმა უკვე გადაადგა ნაბიჯები, სერიოზული სანქციები დაუწესეს რუსეთს და არ მგონია, მასთან რაიმე დათმობაზე წავიდნენ, მისი აგრესიული პოლიტიკა რამენაირად წაახალისონ.

რუსეთი უკვე აღიქმება არა პარტნიორად, არამედ - საფრთხედ და ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმაც განაცხადა. აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე ნატოს წვრთნები შესაბამისი სიგნალია რუსეთისთვის, რომ ის არ შეეგუება აგრესიას ევროპაში და მზად არის, დაიცვას როგორც წევრი ქვეყნები, ისე საერთაშორისო უსაფრთხოების ის სისტემაც, რომელიც შეიქმნა ცივი ომის შემდეგ.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის სააქართველო. სულ იყო საუბარი, რომ უკრაინის კონტექსტშიც პასიურობდა ჩვენი ხელისუფლება - ეს ნაბიჯი ჩაგვეთვლება პლუსად?

- უკვე ვისაუბრეთ რაც არის გასაკეთებელი ჩვენი მხრიდან. უფრო რომ დავაკონკრერტოთ, მაგალითად, ავიღოთ რეფორმების მიმდინარეობა - პროკურატურის შესახებ მომზადებული კანონპროექტი ნამდვილად ვერ კვალიფიცირდება რეფორმად, უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებით კი, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ნაბიჯი უკან.

რატომ?

- იქმნება დაახლოებით სუკ-ის მსგავსი სამსახური, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ფუნქცია და ნაკლები საზოგადოებრივი კონტროლი. მას აქვს საგამოძიებო და ანტიკორუფციული მიმართულებები, ანტიტერორისტული ცენტრიც არის მასში და ჯავშანმანქანებიც ექვემდებარება, მიტინგებზე წესრიგის დამყარების ფუნქციაც მას აქვს.

თუ ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნებს გადავხედავთ, ასეთი სახის უწყებაში, ამდენი ძალაუფლება არსად არ არის წარმოდგენილი. ეს მოდელი ყველაზე ახლოს რუსეთის ფედერალურ სამსახურსა და ძველ, გიორგაძისდროინდელ უშიშროების სამინისტროსთან დგას. ეს პოსტსაბჭოთა სისტემის ანარეკლია და არა ახალი, მოდერნიზებული სტრუქტურა, რომელიც ეფექტურად მოახერხებს საქართველოს ევროპული ინტერესების უზრუნველყოფას.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა უკრაინისა და საქართველოს სანქციებს უპასუხოს - რას შეიძლება ველოდეთ?

- საგარეო პარტნიორებთან ნაკლები აქტივობისა და რეფორმების განუხორციელებლობის შემთხვევში მოსალოდნელია ნაკლები მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან და რუსეთის აგრესიის კიდევ უფრო გაინტენსიურება.

თუ პირიქით მოხდება, მხარდაჭერაც მეტი იქნება და დასავლეთის ჩარევაც ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მათ შორის, ეკონომიკური კუთხითაც უფრო მეტად დაგვეხმარებიან.

მოკლედ, პროგრესი საქართველოში რაც მეტი იქნება, მით მეტი იქნება დახმარება დასავლეთის მხრიდან - ეს არის ის ფორმულა, რომელიც რეალურად მოქმედებს და თუ ჩვენ თვითონ არ წამოვწიეთ ჩვენი საკითხი, არ გავატარეთ რეფორმები, მხარდაჭერის იმედიც ნაკლებად უნდა გვქონდეს.

20 წელზე მეტია, დასავლეთი საქართველოსგან ითხოვს რეფორმებს, რომლის გატარებაც შეიძლება ითქვას, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა - მიზეზი რა არის?

- არის წინგადადგმული ნაბიჯები, დსთ-ს რეგიონებს რომ შევადაროთ, მაგრამ ჩვენ არ გვინდა დსთ-ს რეგიონებთან შედარება. გვინდა უფრო აღმოსავლეთ ევროპის მსგავსი ქვეყანა ვიყოთ, რომლებმაც უკვე გადალახეს პრობლემები და დღეს სრულიად დემოკრატიული სახელმწიფოები არიან.

ჩვენ ვართ სადღაც, შუაში გაჭედილები, ზოგ შემთხვევაში ნახევარი ნაბიჯებია გადადგმული, ზოგი მიმართულებით, უსაფრთხოების სამსახურს თუ მოვიყვანთ მაგალითად, უკანსვლაა.

საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან აქტიურობა და პასუხის მოთხოვნა მთავრობებისთვის, რომ შეასრულონ დაპირებები, განახორციელონ შემდგომი დემოკრატიული რეფორმები. თუ მოქალაქეებმა არ იაქტიურეს, არაფერი გამოვა. სამოქალაქო საზოგადოება სწორედ ამას ნიშნავს - ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ხელისუფლების სათავეშია, მოსთხოვოს შეასრულოს ის ვალდებულებები რაც აიღო.

დემოკრატიულ ქვეყნებში მხოლოდ საზოგადოების აქტიურობის შედეგად ხდება წინსვლა. რაღაც მექანიზმები და ინსტიტუციები არ არის ამის გარანტორი. თუ საზოგადოება არ იქნება მომთხოვნი, ერთ კონკრეტულ პირს არ გადააბარებს თავის წილ პასუხისმგებლობას და მის იმედად არ იქნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში გვექნება წინსვლა. ასე მოხდა სხვა განვითარებულ ქვეყნებში და ასეა ჩვენთანაც.