ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დატოვებული ნაღმები ტრამპის ადმინისტრაციისთვის შესაძლოა, მძიმე მემკვიდრეობად იქცეს. ბაიდენის ადმინისტრაცია ჩქარობს და ნაცვლად იმისა, გლობალურ სამყაროს მშვიდობიანი დღის წესრიგი შესთავაზოს, ყველაზე დიდ დამნაშავეს საქართველოში ეძებს იმის გამო, რომ საქართველოს ომში ჩართვა ვერ მოხერხდა. ის, რაც საქართველოსთან მიმართებით ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ხდება, უფრო მეტად აშიშვლებს ამერიკის პოლიტიკას, რომ მეგობრები ასე არ იქცევიან. თუმცა საინტერესოა, ამ ყველაფრის ფონზე რატომ დუმს ტრამპის გარემოცვა?! ხომ შეიძლება, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე საკუთარი პოზიცია გამოხატონ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე?!
მით უმეტეს, ტრამპს ერთხელ უთქვამს კიდეც, რომ ბაიდენს იყენებენ ბუტაფორიად. კერძოდ, პრეზიდენტს აქვს აბსოლუტური ძალაუფლება, მაგრამ ბაიდენმა არ იცის, რომ ის ცოცხალია, ამიტომაც არ იყენებს ამ ძალაუფლებას. ამის გამოა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ გახსნა ამერიკის საზღვრები და ამერიკა მოწამლა კრიმინალებით, ნარკობარონებით, ტერორისტებით. ასეთნაირად აფასებს ტრამპი ბაიდენის ბუტაფორიულობას.
ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ ტრამპის კრიტიკა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, ამ რამდენიმე ხნის წინ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ბაიდენის „სულელურ“ ნაბიჯებს გააუქმებდა, მათ შორის, უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიის შორ მანძილზე მოქმედი ამერიკული რაკეტებით დაბომბვის გადაწყვეტილებას.
რატომ დუმს ტრამპის გარემოცვა და სიტყვიერად მაინც რატომ არ გმობს ბაიდენის ნამოქმედარს საქართველოსთან მიმართებით?
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ სანამ ტრამპის ადმინისტრაცია არ მოვა ხელისუფლებაში, ტრამპი არც ამოიღებს ხმას, რადგან, სავარაუდოდ, მას სურს, უფრო მეტად გააშიშვლოს ბაიდენის ადმინისტრაცია და აჩვენოს მსოფლიოს, ვინ იყვნენ ისინი. რაც მეტი დრო გადის და უფრო მეტ ფინიშს უახლოვდებიან ბაიდენის ადმინისტრაციის წევრები, უფრო მეტ სიგიჟეებს ჩადიან. ცხადია, საბოლოოდ ბაიდენის ადმინისტრაციას ამ სიგიჟეებზე პასუხის გაცემა მოუწევს. ამერიკის ისტორიას ასეთი რამ არ ახსოვს, მამა პრეზიდენტმა - ბაიდენმა საკუთარი შვილი შეიწყალა იმისთვის, რომ იცის, მის ოჯახს რაც მოელის. იმავე მდგომარეობაშია მათ მიერ დაქოქილი მეხუთე კოლონა საქართველოში.
უშუალოდ ბაიდენი სჯის საქართველოს, თუ მის უკან მდგომი ძალები?! ამის შესახებ ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, რომ საქართველოს სჯის „დიპ სტეიტი“, რომელიც სამხედრო - სამრეწველო კომპლექსია. ეს ფრაზა - „სამხედრო სამრეწველო კომპლექსი“ პირველად გამოიყენა ამერიკის პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა, რომელმაც მსოფლიო გააფრთხილა მომავალი საშიშროების წინაშე, რომელიც მის წინაშეც იდგა, ანუ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საშიშროების შესახებ.
„მალევე გამართლდა ეიზენჰაუერის სიტყვები, რადგან შემდგომი პრეზიდენტი - ჯონ კენედი ამ სამხედრო სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლებმა მოკლეს, როცა ის წინ აღუდგა მათ უმსგავსობას. დღეს კი ამის ერთ-ერთი დამადასტურებელია, რომ ამერიკის ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ფაქტობრივად, ორჯერ თავდასხმა მოუწყეს. დარწმუნებული ვარ, ის ღვთის ძალამ იხსნა იმ საშიშროებისგან, რომელიც არა მარტო ამერიკას, მთელ მსოფლიოს მოელოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნებოდა მსოფლიო, კამალა ჰარისი რომ გამხდარიყო პრეზიდენტი. საქართველო მძიმე საფრთხეების წინაშე აღმოჩნდებოდა. აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციას დრო არ აქვს დარჩენილი, თორემ ერთადერთი რამ დარჩათ ჩვენს წინააღმდეგ, დანარჩენი ყველაფერი გამოყენებული აქვთ - იმავე მეთოდებით დაბომბვა, რასაც ისინი აკეთებდნენ ბელგრადსა და იუგოსლავიაში“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.
რატომ დუმს ტრამპის გარემოცვა საქართველოსთან მიმართებით, ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რთული ვითარებაა და შიგნით პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს. უმაღლეს თანამდებობაზე შერჩეული რამდენიმე კანდიდატურა, რომელიც ტრამპს უნდოდა, ჩანასახშივე იქვე ჩაძირეს, რადგან კონგრესშიც და სენატშიც რესპუბლიკელები წარმოადგენენ უმრავლესობას, მაგრამ რესპუბლიკელები აღარ არის ის პარტია, რაც გვახსოვს.
„რახანია ანალიტიკოსები წერენ, რომ „გრეიტ ოლ ფართი“ - დიდებული ძველი პარტია რესპუბლიკელებისა“ აღარ არის ის, რაც იყო. არავის ეწყინოს, მაგრამ დღესდღეობით შიგნით გამართული ბრძოლების დროს, პრაქტიკულად, არ ახსოვთ საქართველო. ამ მხრივ გამონაკლისია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი. მას მეტი საქმე არ აქვს, საქართველო „ახსოვს“ და აფრქვევს ცილისწამებას, სიძულვილს. მართალია, უილსონმა ტრამპის ინაუგურაციაზე დაპატიჟა ზურაბიშვილი, მაგრამ არავინ იცის, ეს არის თუ არა ტრამპის სურვილი. ჩემმა ფრანგმა კოლეგებმა მითხრეს, რომ ტრამპის ერთადერთი რეაქცია მაკრონთან ის იყო, რატომ მომიყვანე ეს ქალბატონიო. ტრამპმა ხელი რომ ასწია მაკრონთან საუბრისას, ეს იმის ჟესტი იყო, რატომ მომიყვანე ეს ქალბატონი, რა დროს ეს იყოო“, - აცხადებს პეტრე მამრაძე for.ge- სთან საუბრისას.
მისივე განმარტებით, ამერიკის ადმინისტრაციაში არც კი სცხელათ საქართველოსთვის. ხუმრობაა, ძლივს დაამტკიცეს აშშ-ის ბიუჯეტი?! თორემ უბიუჯეტოდ რჩებოდა ქვეყანა და „შათ დაუნი“ ემუქრებოდა.
ალბათ დრო არ ეყოთ ბლინკენის თანამოაზრეებს, რომლებიც რესპუბლიკელებშიც ბლომად არიან, ანალოგიური გადაწყვეტილების მისაღებად. სანქციებზეც ბევრი იყოყმანეს. იმედია ეს მათი ბოლო გაფართხელება იყო, თუმცა ბოროტების გასაკეთებლად დიდი დრო არ საჭირო.