გაყოფს ორად თუ არა ევროკავშირს ტრამპის დაბრუნება?!

გაყოფს ორად თუ არა ევროკავშირს ტრამპის დაბრუნება?!

თეთრ სახლში ხელისუფლების შეცვლამ შესაძლოა ევროკავშირში რღვევები გამოიწვიოს. ზოგიერთი ქვეყანა უკრაინას დახმარებას დაპირდა, მაგრამ ევროკავშირის უმეტესობამ შეიძლება მხარი დაუჭიროს დონალდ ტრამპს, რომელიც კიევისთვის სამხედრო დახმარების შემცირებას აპირებს.

დაგროვდა წინააღმდეგობები

ევროკავშირის მრავალი ქვეყანა მოუთმენლად ელის დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებას. აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მოკავშირეებს ამცნო სავაჭრო ტარიფების გაზრდა - იმპორტი 10-20%-მდე გაიზრდება, ხოლო ავტომობილებზე კი 100%-მდე. სავაჭრო ომი ბრიუსელთან ჯერ კიდევ ტრამპის პირველი ვადის დროს დაიწყო. მაგალითად, 2018 წელს მან დააწესა 6,4 მილიარდი ევროს ოდენობის ტარიფები ევროკავშირიდან და სხვა ქვეყნებიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ეროვნული უსაფრთხოების მიზეზების გამო. თავის მხრივ, ევროკავშირმა დააწესა 25%-იანი ტარიფი მოტოციკლებზე, ფორთოხლის წვენსა და ვისკზე, ასევე 50%-იანი ტარიფი ფეხსაცმელზე, სარეცხი მანქანებზე და ზოგიერთი სახის ტანსაცმელზე. ბაიდენის ადმინისტრაციამ კი ეს ტარიფები 2025 წლის მარტამდე შეაჩერა.

ნატოსგან განუყოფელი ევროპული უსაფრთხოება დონალდ ტრამპის მოსვლით, ასე თუ ისე, ცვლილებებს განიცდის, კერძოდ, ეს ეხება ვაშინგტონის ფინანსურ მხარდაჭერას. ახალმა ადმინისტრაციამ არაერთხელ განაცხადა, რომ მას სურს ევროპის უსაფრთხოების ხარჯები ალიანსის ევროპელ წევრებზე გადაიტანოს.

ბრიუსელი ასევე შეშფოთებულია რესპუბლიკელების ბოლოდროინდელი მოთხოვნით ნატოს ქვეყნების მიმართ, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 2-დან 5%-მდე. სხვათა შორის, თავად აშშ იხდის 3,38%-ს, მშპ-ს 2%-ს კი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 32 ქვეყნიდან 23 უხდის.

არ არსებობს ერთიანობა

ტრამპის ინიციატივები უკრაინასთან დაკავშირებით ასევე იწვევს ევროკავშირის შეშფოთებას. უკრაინის სამომავლო სტრატეგიასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრებს შორის უკვე არ არის ერთიანობა. დეკემბრის ბოლოს, ლაპლანდიაში გამართულ სამიტზე, შვედეთი, ფინეთი, იტალია და საბერძნეთი შეთანხმდნენ, რომ მხარი დაუჭირონ კიევს მანამ, სანამ საჭირო იქნება.

ამავდროულად, ევროკავშირს მიაჩნია, რომ შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებმა მოსკოვსა და კიევს შორის, რომლის დაწყებასაც ტრამპის გუნდი გეგმავს, შეიძლება მხოლოდ გააძლიეროს განხეთქილება საზოგადოებაში.

თავად, ტრამპმა კი არაერთხელ განაცხადა, რომ შეუძლია ომის შეჩერება. ამასთან დაკავშირებით ევროკავშირი განსხვავებულ პოზიციას იკავებს, იმის შიშით, რომ ნაადრევი სამშვიდობო მოლაპარაკებები შეიძლება „უკრაინისთვის ცუდ გარიგებად იქცეს“.

როგორც დასავლური მედია წერს, ევროკავშირში უკრაინის შესახებ დიპლომატიური დიალოგის დაწყებისთანავე, „შეიძლება რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები აღდგეს“.

ამ ქვეყნებს შორის არის უნგრეთი, რომლის პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უწოდებს „სამართლიან პარტნიორს“ და ასევე აცხადებს, რომ „ევროკავშირში ღრმა აზრთა სხვადასხვაობაა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ევროპის სტრატეგია რუსეთ-უკრაინის ომში“. მოსკოვთან თანამშრომლობით დაინტერესებულია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცოც.

პარიზი და ბერლინი, უთანხმოების მიუხედავად, ალბათ, იძულებულნი იქნებიან მხარი დაუჭირონ მომავალი ამერიკელი ლიდერის წინადადებებს.

ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების შემცირებას. ევროკავშირი კი, პირიქით ითხოვს სასწრაფოდ გაიზარდოს კიევისთვის იარაღის მიწოდება, უპირველეს ყოვლისა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რაკეტები და ჭურვები. შედეგად, ბრიუსელი დგას კითხვის წინაშე: როდემდე და რამდენად არის მზად, მარტო კიევს დაეხმაროს.

ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინას, აღიარებენ, რომ შეერთებული შტატების გარეშე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ შეუძლია რუსეთთან ბრძოლა. ამერიკის დახმარების გარეშე დარჩენილი ევროკავშირი კიევის დამოუკიდებლად მხარდაჭერას მხოლოდ შეზღუდული დროით შეძლებს.

ევროკავშირის მსხვილი ქვეყნების ლიდერებს შორის დონალდ ტრამპს აშკარად ემხრობა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, ასევე ჩეხეთის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრეი ბაბისი, რომლებიც თვლიან, რომ ტრამპი და რესპუბლიკელები ევროპარლამენტში მემარჯვენე ძალებს პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანენ.

იძულებული გახდა მოერგოს

ცეცხლზე ნავთს ასხამენ ტრამპის გუნდის წარმომადგენლებიც. ილონ მასკმა, რომელიც მომავალ ადმინისტრაციაში მაღალ თანამდებობაზეა მიჩნეული, აქტიურად დაიწყო საერთაშორისო მოვლენებზე კომენტარის გაკეთება.

მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტერაქტის შემდეგ, მან გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს უწოდა „არაკომპეტენტური სულელი“, მოუწოდა მას დაუყოვნებლივ გადამდგარიყო და ასევე ურჩია გერმანელებს, ხმა მიეცათ ულტრამემარჯვენე „ალტერნატივას გერმანიისთვის“ მომავალ არჩევნებზე.

ევროპული კვლევების ცენტრის IMEMO-ს უფროსი მკვლევარი დარია მოისეევა თვლის, რომ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება ევროკავშირს უამრავ სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ სირთულეს წარმოქმნის.

„სიტუაციას ამძიმებს თეთრი სახლის ახალი მფლობელის არაპროგნოზირებადობა. ჯერჯერობით უცნობია, გახდის თუ არა ეს სირთულეები ევროპას უფრო შეკრულს და გაერთიანებულს, თუ პირიქით. ევროკავშირი უფრო მეტად გახდა დამოკიდებული მეგატრენდებზე და, შესაბამისად, გაიზარდა მისი დაუცველობა“, - მიიჩნევს ექსპერტი.

ერთი რამ ცხადია, ბრიუსელს და ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების ხელისუფლებას მოუწევთ აშშ-ის ახალი საგარეო პოლიტიკური კურსის ადაპტაცია.

წყარო: https://www.trtrussian.com/politika/vozvrashenie-trampa-privedet-k-raskolu-es-18252700