„ვინ ჰყავს ამ პროცესებს ჩვენი ოპოზიციიდან ლიდერი? ხელისუფლება ვისთან უნდა წავიდეს დიალოგზე?“

„ვინ ჰყავს ამ პროცესებს ჩვენი ოპოზიციიდან ლიდერი? ხელისუფლება ვისთან უნდა წავიდეს დიალოგზე?“

პოლიტიკური არდადაგების შემდეგ, ქვეყანაში დაპირისპირების ალბათობა იზრდება. როგორც ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რადიკალური ოპოზიცია დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე დარჩენილი დროის გამოყენებას შეეცდება და ყველა ხერხს გამოიყენებენ, რომ ქვეყანაში სიტუაცია მაქსიმალურად დაიძაბოს. მით უმეტეს, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის დასამყარებლად უკვე ამერიკაში იმყოფება. ოპოზიციას ქვეყანაში დაპირისპირების და პოლიტიკური ტემპერატურის აწევა სჭირდება. 15 იანვრას ბიზნესის ნაწილმა 3-საათიანი გაფიცვა გამოაცხადა, რომლის გაშუქება და გარკვეული საინფორმაციო ფონის შექმნა ოპოზიციურ მედიაში მოხდა.

გაფიცული ორგანიზაციების ნაწილს და მათ თანამშრომლებს მხარდაჭერა ექს-პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც გამოუცხადა, რომელიც აქციაზე იყო მისული.

გაფიცვას ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. სანდრო ეულის და დოლიძის ქუჩაზე მოქალაქეებსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, მოქალაქეების ნაწილი მათ ფიზიკურად გაუსწორდა, ნაწილმა კი გაფიცულებს კვერცხები დაუშინა.

„ქართული ოცნების“ წევრი და დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე ამბობს, რომ ბიზნესს გაფიცვის მიზეზი არა აქვს და ეს ყველაფერი მხოლოდ გარკვეული სურათის შესაქმნელად ხდება. მისი თქმით, როცა ბიზნესი მართლა გასაფიცი იყო, როცა კეტავდნენ, ართმევდნენ, არეკეტებდნენ, ბიზნესებს იფორმებდნენ, ასეულობით ათას და მილიონობით ლარს „ნებაყოფლობით“ ჩუქნიდნენ სახელმწიფოს, მაშინ არავინ გაფიცულა.

„რატომ არც ერთი ბიზნესმენი არ გაიფიცა და არ გამოთქვა პრეტენზია, მოდით, ხალხო, მე რომ მჩაგრავენ, ქვეყანამ მაინც გაიგოს და სხვას აღარ შეეხონო?! დღეს რა აქვს ბიზნესს გასაფიცი, რამე პრობლემა შეუქმნა ვინმემ? ეს ხომ ის კომპანიები არიან, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებულები მამუკა ხაზარაძესთან, იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც ღიად თუ ფარულად ოპოზიციაში არიან და ღიად აფინანსებენ ოპოზიციურ პარტიებს. ვინმე მათ შეეხო? სულ ვიხსენებ 2009 წლის აქციებს, როცა ერთ-ერთმა კომპანიამ  საკნები დაგვიმზადა, 2 დღის შემდეგ, საწარმო აღარ არსებობდა, მიწასთან იყო გასწორებული. არაერთი ადამიანი მაშინ პოლიტიკურ დევნას რატომ განიცდიდა? - იმიტომ, რომ გაბედა და ოპოზიცია დააფინანსა, მხარი დაუჭირა. დღეს ხომ ეს ასე აღარ ხდება. ვის ეფიცებიან? სადაზღვევო კომპანია ვის გაეფიცა? ვინც დააზღვია იმას? მაშინ ეს ადამიანები გადაწყვეტენ, სხვა დროს დაეზღვიონ თუ არა იმ კომპანიაში. იგივე ეხება სხვა მნიშვნელოვან კომპანიებს, რომლებიც თან გაიფიცნენ და თან აღმოჩნდა, რომ მაინც აგრძელებდნენ ფუნქციონებას“,-ამბობს ბოჟაძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ სიტუაცია იმდენად ქაოსური და არაორგანიზებულია, რომ რთულია წინასწარ იმის პროგნოზირება, ამ ერთ კვირაში რა შეიძლება მოხდეს. ფაქტია, რომ სიტუაცია ისევ დაძაბვისკენ, პოლარიზაციისკენ და დაპირისპირებისკენ მიდის.

„ამ დღეებში ყველაფრის მოლოდინში უნდა ვიყოთ. არაფერია გამორიცხული და ვფიქრობ, ამ პროცესების სათავეში მყოფი ადამიანები ყველაფერზე არიან წამსვლელები. სამწუხაროდ ჩვენი ახალგაზრდების გულწრფელ პროტესტს და განწყობებს იყენებენ ის ადამიანები, ვისაც თბილისში და საქართველოში სიტუაციის არევა სურთ. რა თქმა უნდა, ეს ძალები ცდილობენ, რომ ყველაფერი 20 იანვრამდე მოესწროს და აქ გადახდილი დიდძალი თანხების შესაბამისი მოვლენები იხილონ. ვხდევთ, რომ ეს დაპირისპირება, მთლიანად მსოფლიოშია დაწყებული და ეს არის, ჯერჯერობით, უსისხლო ომი. ვხედავთ ტრამპის და მისი გარემოცვის განცხადებებს ევროპის წინაღმდეგ. მასკმა ტრამპის წინააღმდეგ მოქმედებაში დიდი ბრიტანეთი პირდაპირ დაადანაშაულა.

 თბილისში მიმდინარე მოვლენებიც ამ დიდი დაპირისპირების გამოძახილია, თუმცა აქ არის ძალიან ბევრი გაუგებრობა და ქაოსი. 2003 წელს და მანამდე, ეროვნული მოძრაობის დროს, ყველამ ვიცოდით ქვეყნის შიგნით ვინ იყო ამ პოლიტიკური მოქმედებების ავანგარდში. მართალია 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ გარედან იყო დაგეგმილი, მაგრამ მას ლიდერები ჰყავდა. ასევე იყო ევროვნული მოძრაობის დროსაც, ახლა ვინ ჰყავს ამ პროცესებს ჩვენი ოპოზიციიდან ლიდერი? - არავინ. გინახიათ სადმე ქვეყანაში პროტესტი იყოს და იქ პოლიტიკოსები ვერ ჩნდებოდნენ? ამიტომ ვამბობ, რომ აქ სიტუაცია იმაზე რთულად და ქაოსურად არის, ვიდრე წარმოგვიდგენია“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თმით, არავინ არ მალავს და ვხედავთ პირდაპირ განცხადებებს უცხოელი აქტორების მხრიდან, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ამიტომ ფაქტია, რომ ისინი ჯერ გაჩერებას არ აპირებენ და არავინ იცის ამ დაძაბული ატმოსფეროს ფონზე რა მოხდება. თუმცა საყვარელიძე ამბობს, რომ პერფორმანსები, ე.წ. საყოველთაო 3-საათიანი გაფიცვები არაფრის მომცემია და ხელისუფლებას ამ ფორმით ვერ აიძულებენ არჩევნები დანიშნოს.

„ძალიან სასაცილოდ გამოიყურება ეს 3-საათიანი გაფიცვა და საუბარი იმაზე, რომ ამით ხელისუფლებას, რომელმაც ამდენი ხანი, არნახულ წნეხს და ზეწოლას გაუძლო, რამეს აიძულებენ. 20 იანვრის შემდეგ მთელი სამყარო შეიცვლება და საერთოდ, სრულიად სხვა რეალობაში აღმოვჩნდებით. ადრეც ვთქვი და ახლაც ვამბობ, ამ რაღაცა პერფორმანსებით, სადაც რამდენიმე ოპოზიიცის მომხრე ბიზნესმენი და მისი თანამშრომლები მონაწილებენ, ხელისუფლებას რა უნდა აიძულონ? ხელფასების გაზრდას რომ ითხოვენ თანამშორმლები, ისინი არ იფიცებიან მხოლოდ 3 საათით და თუ უნდათ ხელისუფლებას რამე აიძულონ, მაშინ ამაზე სასაცილოს, ალბათ, ვერაფერს მოიფიქრებდნენ.

მეორე საკითხია, ასევე, ხელისუფლება ვისთან უნდა წავიდეს დიალოგზე? როგორც ზემთ აღვნიშნე, ჩნდება კითხვა, ამ აქციების ავანგარდში, სათავეში ვინ დგას? ვინ არიან ის პოლიტიკური ლიდერები, ვისთანაც, მაგალითად, ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს დიალოგი და ეს პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში დასრულდეს? არავინ, საერთოდ არ ჩანს დღის სინათლეზე ამ პროცესებზე პასუხისმგებელი პირი. როგორც ოპოზიცია ამტკიცებს, ეს არის სახალხო პროტესტი, მაგრამ ასე არ არის. კი ბატონო, არის ხალხი ვინც იქ გულწრფელად დგას და გამოდის, მაგრამ მეორე დიდი ნაწილი, უმრავლესობა რომ ჩუმად არის?!“, - ამბობს საყვარელიძე.

რაც შეეხება ოპოზიციის ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფანს და მათ მცდელობას, რომ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან და მის გარემოცავსთან სიტუაცია დაალაგონ, საყვარელიძე ამბობს, რომ აქაც პრობლემები აქვს ოპოზიციას, რადგან ჩნდება ერთი საინტერესო კითხვა, რა უნდა შესთავაზოს ტრამპის ადმინისტრაციას ოპოზიციამ ისეთი, რის გამოც მათთან თანამშრომლობის სურვილი გაუჩნდებათ?

„ავიღოთ რუსეთის თემა და დავუშვათ, რომ ოპოზიციამ დაიწყო საუბარი ტრამპის ახალ გარემოცვასთან, რომ აი, „ოცნება“ პრორუსული ხელისუფლებაა, პუტინთან აქვს რაღაცა კომუნიკაცია, ინტერესები და ა.შ. არ გამოვა ეს თემა, რადგან ტრამპს პუტინთან ურთიერთობის დალაგება თავად აქვს განზრახული და ომის დასრულების მოლაპარაკებების დროს, შესაძლოა, ერთმანეთსაც შეხვდნენ. მეორე საკითხია ომის და აქ მეორე ფრონტის გახსნა, თუმცა ესეც არ გამოვა, რადგან ტრამპს ომის დასრულება სურს უკრაინაში. მესამე საკითხია ჩინეთის ფაქტორი და, დიდი ალბათობით, ოპოზიცია ამაზე ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საუბარს შეეცდება. თუმცა აქაც ჩნდება პრობლემა, რადგან სი ძინ პინთან ტრამპს თავად სურს კომუნიკაცია, ის ინაუგურაციაზეც კი დაპატიჟა. ანუ აქაც ტრამპი არ აპირებს ჩინეთთან დაჯახებას და ეს თემაც შესაძლოა, მისთვის ნაკლებად საინტერესო იყოს. მაშ, რაღა რჩება ოპოზიციას, რომელიც ქვეყნის შიგნითაც საერთოდ გაკოტრებულია? არაფერი და სწორედ ეს არის მათი პანიკაში ყოფნის მიზეზი“,-ამბობს საყვარელიძე.

Gami ეს ვითომ ოპოზიცია თავის თავს ელაპარაკება
3 საათის უკან