„მომეტებულად საბუთდება ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის საფრთხე, ასევე მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე“, - შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - ასეთია მოსამართლე ნინო სახელაშვილის ვერდიქტი.
ცხადია, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა. დარბაზში შეკრებილი ჟურნალისტები სკანდირებდნენ: „თავისუფლება მზიას“. ასევე მოსამართლესა და პროკურორებს აყენებდენ სიტყვიერ შეურაცხოფას: „ივანიშვილის მონებო“, „რუსები ხართ“, „შეგრცხვეთ, ჟურნალისტებს რომ ციხეში უშვებთ“, „მოღალატეებო“.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესზე პატიმრობის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, ხოლო დაცვის მხარე ჟურნალისტის მიმართ 100 ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის.
მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს და დაახლოებით ორ საათში ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. ამაღლობელმა სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - ხელი გაარტყა, რის შემდეგაც ის ისევ დააკავეს. ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
საქმის პროკურორის განმარტებით, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პოლიციელს თავს შურისძიების მიზნით დაესხა, რაც მძიმე დანაშაულია და ყველა ქვეყანაში ისჯება. ვლადიმერ თურმანიძის განცხადებით, ჩადენილი დანაშაული ბრალდების მხარისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობის დაყენების საფუძველი გახდა, რომელიც მოსამართლემ გაიზიარა.
„11 იანვარს, როცა მზია ამაღლობელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით და ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, შენობის დატოვებიდან რამდენიმე წუთში, ის პოლიციელს თავს დაესხა. პოლიციელზე თავდასხმა არის მძიმე დანაშაული, რომელიც ყველა ქვეყანაში ისჯება. მზია ამაღლობელის მხრიდან ეს იყო პოლიციელზე შურისძიება და შესაბამისად, ეს პოლიციელზე თავდასხმად კვალიფიცირდა“, - განაცხადა ვლადიმერ თურმანიძემ.
ბრალდებას არ იზიარებს ბრალდებულის ადვოკატი და აცხადებს, რომ სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა, დაებრუნებინა საზოგადოების ნდობა, რაც არ გამოიყენა. გიორგი ხიმშიაშვილი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ სასამართლოს განმარტებები არათუ შიდა სასამართლო სტანდარტებს და პრაქტიკებს, არამედ საერთაშორისო გადაწყვეტილებასაც არ შეესაბამება.
„ნახეთ, რამდენი ჯაჭვური ამბავია?! არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მზია ამაღლობელის სამართალდამრღვევად დაკავება კანონიერი იყო. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს კანონიერი ფაქტი იყო, ანუ კედელზე სტიკერის გაკვრა სამართალდარღვევა იყო. როდესაც ის დააკავეს და გამოუშვეს, შემდეგ კი ახალი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლომ მიიჩნია, რომ შეიძლება ამან იმდენად განგრძობადი ხასიათი მიიღოს, რომ მომავალში კიდევ ახალი დანაშაული ჩაიდინოს. ანუ, ჰიპოთეთურად, შეიძლება ადამიანი მთელი ცხოვრება ვამყოფოთ ციხეში იმის გამო, ვთვლიდეთ, რომ მისგან დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს. ამგვარი განმარტებები არათუ შიდა სასამართლო სტანდარტებს და პრაქტიკებს არ შეესაბამება, არამედ საერთაშორისო გადაწყვეტილებასაც“, - აცხადებს გიორგი ხიმშიაშვილი.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლის ნიშნები წაიკითხა რადიკალურმა ოპოზიციამ. „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე იმუქრება, რომ დევნა დამოუკიდებელი მედიის, მზია ამაღლობელის, არ დარჩება დაუსჯელი და აცხადებს, რომ საქმის პროკურორს და მოსამართლეს მოუწევთ პასუხისგება იმისთვის, რასაც ჩადიან დამოუკიდებელი მედიის, პოლიტიკური პარტიების და რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ.
კუპრაძის განმარტებით, ისინი საგარეო ველზე მუშაობენ იმისთვის, რომ სანქციები გაგრძელდეს და ყველა იმ პირს დაედოს სანქცია, ვინც რუსული რეჟიმის დავალებით ძალადობენ დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედიაზე, მოქალაქეებზე, პოლიტიკური პარტიის წევრებზე.
„კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია, ვაშინგტონში იმყოფებიან. მზია ამაღლობელის საქმე, ადამიანის, რომელიც წლების განმავლობაში არის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მედიის ერთ-ერთი სიმბოლო, იქნება იმ პირების, მათ შორის ჯო უილსონის მაგიდაზე, რომლებიც მუშაობენ „ქართული ოცნების“ წევრების სანქცირების თემაზე.
ფაქტობრივი მტკიცებულებაა, რომ დგებუაძე, ბესელია და ეს პირები ყოველდღიურად ბიძინა ივანიშვილის და რუსული რეჟიმის დავალებებს ასრულებენ. ჩვენ ვშრომობთ საგარეო ველზე და ეს სანქციები ძალიან მალე იქნება ხელშესახები, სწორედ იმ სახელმწიფოსგან, რომლისგანაც დასანქცირება რიგი პოლიციელების, საჯარო მოხელეების, იქნება განაჩენი მათი საჯარო სამსახურში სამომავლოდ არსებობისაც კი“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ხელისუფლება კი მოქმედებაზე გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები იქნება საკმაოდ ხისტი. ხელისუფლება ამბობს, რომ ნებისმიერი მოქალაქე, ვინც ხელს აღმართავს პოლიციელის წინააღმდეგ, იქნება დასჯილი. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გამოცემები „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ არის სრულად უცხოეთიდან დაფინანსებული და ეს გამოჩნდა. ნაცვლად იმისა, რომ განვითარებულიყო მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა, განავითარეს მიკერძოებული პოლიტიკური აქტივიზმი.
„კადრებშიც დავინახეთ, როგორ დაარტყა პოლიციელს ხელი „ბათუმელების“ ერთ-ერთმა რედაქტორმა. მეორე რედაქტორი ურცხვად იტყუებოდა, გვატყუებდა მაყურებლებს, თითქოს რაღაც ჩოჩქოლი იყო და ვერც მიხვდა, რა იყო, თითქოს ხელი უბრალოდ აამოძრავა და შემთხვევით მოხვდა. „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ არის სრულად უცხოეთიდან დაფინანსებული და ეს გამოჩნდა.
ნაცვლად იმისა, რომ განვითარებულიყო მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა, განავითარეს მიკერძოებული პოლიტიკური აქტივიზმი. რა ესაქმებოდათ პოლიციასთან ჟურნალისტებს, გარდა იმისა, რომ აღეწერათ, რაც იქ ხდებოდა? ეს არის შედეგი იმისა, რომ ჩვენ ამ უცხოური დაფინანსებით მედიაში, ნაცვლად ჟურნალისტიკისა, მივიღეთ პოლიტიკური აქტივიზმი, რომელსაც ამ ვითარებამდე მივყავართ. ჟურნალისტმა ხელი აღმართა პოლიციელზე, მეორე ჟურნალისტი კი იტყუება, თითქოს არაფერი მომხდარა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი განმარტავს, რომ როდესაც საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, პოლიციის მაღალჩინოსანზე ხელის გარტყმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით განსახილველი არ არის. მისი თქმით, სასამართლომ გადაწყვეტილება იმ შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო, რომლის შინაარსი გულისხმობს, რომ არის კონკრეტული ადამიანი, რომელიც ინტენსიურად ცდილობს დესტაბილიზაციის ატმოსფერო შექმნას, შეინარჩუნოს, პოლიციელს შეურაცხყოფა არა მხოლოდ პირადი ანგარიშსწორების, არამედ კონკრეტული მიზნით მიაყენოს.
„აქ არ არის ხელის ჩვეულებრივი დარტყმა ან ფიზიკური შეხება ერთი ადამიანის მხრიდან მეორე ადამიანის მიმართ. არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ცდილობს ქვეყანაში დესტაბილიზაციის განცდა და ისეთი ატმისფერო შექმნას, რაც ქვეყნის ინტერესებს და მის უსაფრთხოებას უპირისპირდება. ისეთი ტენდენციის გაგრძელებას, როგორიცაა პოლიციისთვის პიროტექნიკის სროლა, ხელის გარტყმა თუ ქვის დაშენა, მარტო სამართლებრივი ასპექტი არ ახასიათებს.
ადამიანის მიმართ რაიმე ზომის გატარება ჩემზე მორალურად ძალიან მოქმედებს, მაგრამ ყველანი ვხედავთ, რომ ეს არ არის კონკრეტული ადამიანის დანაშაული კონკრეტული ადამიანის მიმართ. ზოგადად, ეს არის სერიოზული საფრთხის შემცველი ქმედებები საზოგადოების მიმართ.
ვისურვებდი, არ იყოს იმის აუცილებლობა, რომ ვინმე დააკავონ და პატიმრობა შეუფარდონ, მაგრამ სახელმწიფო ასეა მოწყობილი - როცა სახელმწიფოს წინააღმდეგ ასეთი ბრუტალური დაპირისპირება მიმდინარეობს, იქნება ეს პიროტექნიკის სროლა, ქვების დაშენა, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა თუ პოლიციელის განზრახ შეურაცხყოფა, რათა ამან დესტაბილიზაციის ფორმები შეიძინოს, რასაკვირველია, სახელმწიფოს ამაზე რეაგირება მართებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.