გახარიას პატიმრობა ემუქრება

გახარიას პატიმრობა ემუქრება

პოლიტიკურ თანამდებობის პირზე თავდასხმა მძიმე დანაშაულია და ისჯება სსკ-ის 325-ე მუხლით. კადრები, რომელიც ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მომხდარ დაპირისპირებას ასახავს, ჩანს, რომ ფიზიკური დაპირისპირება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაიწყო, რასაც პარლამენტის წევრის დიმიტრი სამხარაძის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა. კერძოდ, კადრებში ჩანს, რომ სასტუმრო „შერატონის“ შესასვლელში შეხვედრის დროს სიტყვიერი დაპირისპირებისას გახარიამ სამხარაძეს სახეში პლასტმასის ჭიქა ესროლა, რასაც დეპუტატის მხრიდან პასუხი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

თავდასხმის შემდეგ გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან, რომლის განცხადებით, მას დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ. გახარია მხარდამჭერებს მადლობას სოციალური ქსელით უხდის და ამბობს, რომ ნორმალურად არის. ხოლო მეორე „დაზარალებული“ ქორიძე აცხადებს, რომ სამხარაძესთან ერთად იმყოფებოდა გიორგი მანველიძე.

„სასტუმროში მოვედი გვიან, ვიდრე ნომერში ავიდოდი, სავარძელზე ვიჯექი, სატელეფონო საუბარი მქონდა. ამ დროს მოპირდაპირე მხარეს, რამდენიმე მაგიდასთან იყვნენ ადამიანები, რომლებიც თავისთვის სვამდნენ. არანაირი კომუნიკაცია ჩვენ შორის არ იყო, ვიდრე ერთ-ერთი მაგიდიდან არ მოვიდა ახალგაზრდა კაცი, მოიტანა სასმელი, გილოცავ ახალ წელსო და სასმელი შემომთავაზა. ვუთხარი, რომ არ ვსვამ. თვითონ მითხრა, რომ გიცნობო, გიორგი ვარ, მანველიძეო, ამით დამთავრდა ჩვენი კომუნიკაცია და წავიდა, დაჯდა.

დაახლოებით 5-7 წუთში, ამ დროს მეუღლეს ვესაუბრებოდი, ჩამოვიდა დიმიტრი სამხარაძე, თანმხლებ ქალბატონთან ერთად, მოდის როიალთან, თითქოს უნდა დაკვრა, შემდეგ მიდის სუფრასთან და სუფრიდან უკვე მიზანმიმართულად მოდის ჩემთან, მეუბნება, რომ მე გიცნობ, ხარ ზვიად ქორიძე, ვიცი, რაზეც ხარ ჩამოსული, შეიგინა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, მე ჩვეულებრივად გავატარე ეს გინება. შემდეგ მკვეთრი ნაბიჯით წავიდა კარისკენ, მერე შემობრუნდა, დაიწყო ყვირილი - რა თქვი შენ ქოცებზე?!

ვის აგინებ შენ?! მე ვუთხარი - ვინ ქოცებზე, ვის ვაგინებ? გადავიდა გინებაზე, შეურაცხყოფაზე, ურტყამდა ფეხს მაგიდას და წამოვიდა ჩემი მიმართულებით, დავიძარი ლობისკენ, დაცვას ვთხოვე მხარდაჭერა, დაცვა ჩაერთო საქმეში, ამ დროს მე რაღაც ნივთი რომელიღაც მათგანმა დამარტყა. სათვალე მთლიანად დაიმსხვრა. შემდეგ გიორგი მანველიძემ აიღო ქოთანი, რომელშიც იყო მიწა, ისროლა, არ ვიცი, საგანგებოდ თუ არა, ამაცილა. ამის შემდეგ დაცვამ გამიყვანა, იყო მუქარები ჩემი მისამართით“, - ამბობს ზვიად ქორიძე.

მიუხედავად მთელი ამ ინციდენტისა, გახარიასგან განსხვავებით, დაპირისპირების ეს კადრი, რომელიც ქორიძიეზე ძალადობას ასახავს, დაფიქრისრებული არ არის. გახარიას პარტიის წევრი ნათია მეზვრიშვილი კი ხელისუფლებას ემუქრება და აფრთხილებს, რომ წარმოდგენა არ აქვთ, რამხელა შეცდომა დაუშვეს.

„დანდობა არ იქნება, გპირდებით. 24 საათში არ იქნება ყველა თავდამსხმელი დაკავებული და თქვენც მოგაკითხავთ. ივანიშვილო, საბრალდებო სკამზე დაგსვამ პირადად“, - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

რადიკალები, რომლებიც ქუჩაშის პროცესების ორგანიზატორები არიან, აცხადებენ, რომ დაქირავებული ჯგუფებიც აღარ ემორჩილებიან ხელისუფლებას და პირდაპირ პოლიტიკოსები გადადიან ფიზიკურ ანგარიშსწორებებზე. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამ ძალადობის სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი. მისი თქმით, აღნიშნული ნიშნავს, რომ ისინი არიან სუსტი და ამით ძალის დემონსტრირებას ცდილობენ.

„ეს არის სისტემური ძალადობა. სრული სოლიდარობა ზვიად ქორიძეს და გიორგი გახარიას. ამ ძალადობის სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი. ჩემს შემთხვევაზე, მაგალითად, მე თავს დამესხა დაქირავებული, გაუგებარი ადამიანი ე.წ. ატვიორკით და ახლა უკვე, როგორც ჩანს, ეს ჯგუფებიც აღარ ემორჩილებიან და პირდაპირ პოლიტიკოსები გადადიან უკვე ფიზიკურ ანგარიშსწორებებზე. ეს ნიშნავს, რომ ისინი არიან სუსტები და ცდილობენ, ამით რამენაირად ძალა აჩვენონ. პასუხისგებაში აუცილებლად მიეცემა ყველა, ოღონდ მაშინ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, თორემ არაფერი გამოძიება ახლა არ ჩატარდება. ჩემზე თავდამსხმელი დაასაჩუქრეს მანქანით, არა თუ გამოიძიეს რამე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გახარიას ფიზიკურად დეპუტატი ვარლამ ლიპარტელიანი გაუსწორდა. ლიპარტელიანი კი ამბობს, რომ იქ არ ყოფილა, თუმცა თავს თუ დაესხმეოდა და ჭიქიან ხელს ჩაარტყამდა, საკადრის პასუხს გასცემდა გახარიას.

„სამწუხაროდ, იქ არ ვიყავი, როცა ეს ამბავი მოხდა. ამ დროს მე თბილისში ვიმყოფებოდი. რატომ გაჩნდა ჩემი სახელი, წარმოდგენა არ მაქვს. ბათუმში ბოლოს ჩვენი ნაკრების თამაში რომ იყო, მაშინ ვიყავი, იმის მერე არ ვყოფილვარ“, - აცხადებს ვარლამ ლიპარტელიანი.

ფაქტს გამოეხმაურა მთავრობის მეთაური. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, როცა გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ „ნაცი“ და „ჯაშუში“, ამას თმენით უნდა შეხვდე, ეს ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ძალადობა წამოიწყო გახარიამ, რაც უპასუხოდ არ დარჩა.

„ხშირად საუბრობენ ხოლმე პოლიტიკოსებთან მიმართებით თმენის ვალდებულებაზე. არ ვიცი, ეს როგორ არის პოლიტიკოსებთან მიმართებით, ჩემი შეხედულება მაქვს ამაზე, მაგრამ როცა ხარ „ნაცი“ და როცა ხარ „ჯაშუში“ , იქ ნამდვილად გაქვს შენ თმენის ვალდებულება. როცა გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ „ნაცი“, ხარ „ჯაშუში“, ამას თმენით უნდა შეხვდე. ეს ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი ამასთან დაკავშირებით. მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა, ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა, მაგრამ, ნუ, ბუნებრივია, გასაგებია, იყო რეაქცია ამასთან დაკავშირებით. როცა ხარ „ჯაშუში“ და როცა ხარ „ნაცი“, შენ გეკისრება თმენის ვალდებულება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, გიორგი გახარია თავის საქციელზე პასუხს აუცილებლად აგებს, რომლიც უფრო მეტად მოღალატეა, ვიდრე კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ გუშინ, ჟურნალისტის კითხვაზე გიორგი გახარიას პასუხი ვიხილეთ, რომ თურმე პოლიციელისთვის ხელის დარტყმა არაფერი არ არის, ეს არის გამოხატვის თავისუფლება და მანამდეც რაღაცები იყო, ამის შემდეგ კომენტარიც კი ზედმეტია, თუ ვისთან გვაქვს საქმე. ეს ადამიანი, რომელიც დაახლოებით 6-7 წლის წინ აბსოლუტური არარაობა იყო, პოლიტიკურად „ქართულ ოცნებაში“ დაიბადა, „ქართულმა ოცნებამ“ ფრთხები შეასხა და მერე მოუტრიალდა და უღალატა არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ქვეყანას და სახელმწიფოს. რაც ყველაზე მთავარია, ამას აგრძელებს. ეს ადამიანი აგენტურაში გადავიდა და აბსოლუტურად ამაზრზენად საუბრობს - თავად იყო შს მინისტრი და ამბობს, რომ თურმე აქციის მონაწილემ პოლიციის უფროსს სილა რომ გაარტყას, ეს ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გახარიას ღალატში და ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე, რომლის განცხადებით, ისევე როგორც გახარია, ასევე ზვიად ქორიძე არიან დახვეწილი არამზადები.

„ნახეთ, რა მოხდა - ქორიძემ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ მზია ამაღლობელს ხელი არ გაურტყამს პოლიციის თანამშრომლისათვის და ეს მოგონილიო. ამის შემდეგ ვიღაცას ნერვებმა უმტყუნა და გააკეთა ის, რაც გააკეთა. ძალიან საოცარი ფაქტია გახარიასთან დაკავშირებით, რომელიც გამოვიდა და თქვა - კი, პოლიციელს ხელი დაარტყა, მაგრამ სახელმწიფომ ეს უნდა მოითმინოსო. რაზეა საუბარი საერთოდ?! ეს კაცი არის დემაგოგი და მოღალატე. ეს არის კაცი, რომელმაც ქვეყანა საფრთხის წინაშე დააყენა, როდესაც გადადგა და შესაბამისად, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

მას შევახსენდი ერთ რამეს, რომ ის არის „დავერბოლკებული“ და მუშაობს ამერიკელებზე. მინდა ერთი რამე ვუთხრა - გახარია კი არა, ამერიკელებმა შევარდნაძე გადააგდეს. გახარიას წყალში ჩაიყვნანენ, წყალს არ დაალევინებენ და ისე მოკლავენ. აი, ამ ხალხს ემსახურება გიორგი გახარია. უმაღლეს დონეზე ჰყავთ „დავერბოლკებული“ და აკეთებს იმას, რასაც აკეთებს, მაგრამ მიიღო ის, რაც მისაღებია. ძალადობა არის ძალიან ცუდი, მაგრამ ესენი თავად მიდიან პროვოკაციებზე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ საპროტესტო აქცია არა მარტო მილევადი ხასიათისაა, არამედ ფაქტობრივად, მან კრახი განიცადა. რეალურად, იმ აქტივობებზე, რომელიც მიმართული იყო კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი რღვევისაკენ, პრაქტიკულად, პირველ სამ-ოთხ დღეში ყველაფერი გაირკვა და შესაბამისად, შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეყანამ აიცილა ყველაზე დიდი საფრთხე.

„დღეს რაც ხდება, ეს არის თითქოს მუხტის შემომტანი რაღაცა განწყობებზე მარეაგირებელი ქმედებები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ესეც, მაღალი ალბათობით, მილევადი გახდება. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - კანონის დროული აღსრულება არის პრევენციის ყველაზე კარგი საშუალება. ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ვაგვიანებთ. თუ დავაკვირდებით პროცესების მიმდინარეობას, განსაკუთრებულ სამიზნე ობიექტად აღებულია კონსტიტუციური წყობილების დაცვის ერთ-ერთი მნიშვენელოვანი ორგანო, რომელიც იცავს საზოგადოებრივ წესრიგს და საერთოდ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის გარეშე შეუძლებელია ჩვენ კონსტიტუციური წყობილების შენარჩუნებაზე ვიფიქროთ და ეს არის შსს.

ეს არის იმდენად გეგმაზომიერი და მიზანმიმართული ქმედებები, რომ ვფიქრობ, თუ ამ დანაშაულებების დროული აღკვეთა არ განხორციელდა და სიტუაცია სამართლებრივ ჩარჩოში არ ჩაჯდა, ძალიან ცუდ სურათს მივიღებთ და შესაძლოა, ხელჩართული ბრძოლებიც კი გაიმართოს შსს თანამშრომლებთან. ეს არის აბუჩად აგდებითი დამოკიდებულებები ძალოვანი უწყების წინააღმდეგ, ეს არის ფართომასშტაბიანი პროპაგანდა მასმედიის საშუალებების მიერ, რომ დისკრედიტირებული იყოს შსს“, - აცხადებს კუხალაშვილი.

მისი თქმით, მნიშვნელოვან საფრთხედ არის მიჩნეული, როდესაც ტერორიზმის წახალისება ხდება პროპაგანდისტული გზით და, ამ შემთხვევაში იგივე მიმართულებაზე უნდა ვისაუბროთ, როდესაც, პრაქტიკულად, პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედებების წახალისება მიმდინარეობს.

„ეს პროცესები ერთმანეთს გავს და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ შენარჩუნებული იქნას პოლიტიკური დესტაბილიზაციაა, ასევე მოარყიონ ოპერატიული ვითარება. ამ რეჟიმში სისტემატიური ყოფნა არის ძალოვანი უწყებების დასუსტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები ხშირად მიმართავენ.

არ გამოვრიცხავ და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს პროცესები იმართება უცხო სახელმწიფოებიდან, შესაძლებელია ეს გათვლებიც სწორედ მიმართული იყოს იქითკენ, რომ პოლიციამ უფრო მნიშვნელოვანი საქმე ვერ გააკეთოს, რითაც შეიძლება დაიძაბოს და გართულდეს ოპერატიული ვითარება და წინ წამოიწიოს კრიმინალური ვითარება. გითხრათ სიმართლე ამის ნიშნები არსებობს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.