„გამოაქვეყნონ 1992 წლის ივნისში ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ არ არის ნახსენები და მას ხელს აწერენ საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტები“, -აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, კა-გე-ბეს თანამშრომლებით გარშემორტყმული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცდილობდა საქართელოსთვის საინტერესო არ ყოფილიყო ეს დოკუმენტი და ყოველგვარ ცვლილებას ეწინააღმდეგებოდა. თუმცა, მცდელობის მიუხედავად, სანდრო კავსაძის ძალისხმევით დოკუმენტში ცვლილება შევიდა.
რა დოკუმეტს მოაწერეს ხელი საქართველოსა და რუსეთის პირველმა პირებმა და ვინ მალავს დოკუმენტს, სადაც ტერმინი სამხრეთ ოსეთი არ არის ნახსენები? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ ყველა ეს მოქმედებები ჯდება იმ კანონის ფარგლებში, რაც მიღებული იყო წინა ხელსუფლების მხრიდან და ამ შემთხვევაში, საუბარია ოკუპაციის შესახებ კანონზე. თავისთავად ჩნდება კითხვა, რატომ არ იქნა ძალადაკარგულად ცნობილი კანონის ის პუნქტი, რომელიც აკანონებს ოკუპანტების ქმედებას?
- ჩვენს მთავრობას პირველ რიგში შერიგება უნდა სურდეს საკუთარ მოსახლეობასთან. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი სხვა ტიპის შერიგრებაზე. როდესაც ძალაშია ასეთი კანონი, ამაზე მსჯელობა არ ყოფილა, მეტიც ამ კუთხით არც ცვლილებები არ იქნა შეტანილი, მარტივად რომ ვთქვათ, ეს არც თუ სანდო პროფესიონალიზმზე მიგვანიშნებს. თუ ვინმე კონკრეტული პირია წინააღმდეგი რაიმე სასიკეთო ცვლილების, მაშინ ამ ადამიანის სახელი, გვარი და მოტივაცია მთელმა საქართველომ უნდა გაიგოს.
ის, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, ეს დიდი ხნის წინ შემუშავებული გეგმის ნაწილია. მათ ეს გამოსდით გამომდინარე იქიდან, რომ უკვე არა მხოლოდ საქართველოს და უკრაინას აქვთ გააზრებული რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხე, არამედ 2008 წლის შემდეგ ვცდილობდი ყველა ჩემს ინტერვიუში გამესვა ხაზი იმისთვის, რომ სააკაშვილი წარმოადგენდა რეგიონალური მასშტაბის საფრთხეს, ხოლო პუტინი გახლავთ პლანეტარული მასშტაბის საფრთხე. დღეს უკვე მთელს დასავლურ სამყაროში არის კრემლოფობიის ნიშნები, რასაც საფუძვლად უდევს რუსეთის პრეზიდენტის არაკაცური ქმედება.
გარდა საერთაშორისო მხარდაჭერისა, რა შეიძლება დაუპირისპიროს სახელმწიომ რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებას? ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიის აღმნიშვნელი ბანერის მოცილება და ნაგავში გადაგდება, ეს არის გამოსავალი?
- მე რომ ჟურნალისტი ვყოფილვიყავი და მონაწილეობა მიმეღო იმ აქციაში, რომელიც ქართველმა ჟურნალისტებმა გამართეს ე.წ. საზღვართან, მომზადებული მექნებოდა იმავე ზომის ბანერი, ბანერის ჩვენსკენ მოქცეულ მხარეზე გავაკრავდი ტილოს წარწერით - ფრთხილად, ქართულ მიწაზე დათარეშობენ რუსი ოკუპანტები. ეს იქნებოდა სრულიად მკაფიო გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის.
რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებას თუ გადავხედავთ, შეიძლება ვთქვათ, რომ კრემლისთვის მიუღებელია ხელისუფლების მიერ არჩეული გზა, რომელიც მხოლოდ მშვიდობიან ქმედებებზე არის გათვლილი?
- რასაკვირველია. დღეს კრემლის ოცნებაა რაიმე ტიპის შეირაღებული პროვოკაცია ამ ტერიტორიაზე. უნდა ვიცოდეთ, რომ კრემლისთვის ამ ოცნების შესრულება შუეძლია საქართველოში მყოფ მათ აგენტებს, რომლებიც საკუთარ თავს წარმოაჩენენ, როგორც ურაპატრიოტებს და ყველაზე უფრო დადარდიანებულების გამომეტყველებით გვმოძღვრავენ ტელე-ეკრანებიდან.
ვის გულისხმობთ?
- ნებისმიერ იმას, ვისაც მიაჩნია, რომ რუსეთის ამ უმსგავსო ქმედებებს პასუხი ძალისმიერი მეთოდით და იარაღის გამოყენებით უნდა გავცეთ. საქართველოს მთავრობას ვურჩევდი, სასწრაფოდ მოიძიოს დოკუმენტი, რომლესაც ორი სახელმწიფოს პირველმა პირმა, ელცინმა და შევარდნაძემ მოაწერეს ხელი სოჭში. რომელიც მოიხსენიება როგორც „დაგომისის ხელშეკრულება“, რაც რეალობას არ შეესაბამება.
იმ დღეს, როდესაც დაგომისში უნდა გამართულიყო რუსეთ-საქართველოს პირველი პირების შეხვედრა, კრემლის უსაფრთხოების სამსახურმა აიძულა რუსეთის ხელისუფლება შეეცვალა შეხვედრის ადგილი, რადგან არსებობდა ინფორმაცია შესაძლო ტერაქტების შესახებ. შესაბამისად, დაგომისის ნაცვლად, ხელმოწერა შედგა სოჭში.
ამ შეხვედრაზე რუსეთის საგრეო საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა ხელმოსაწერად გამზადებული დოკუმენტი. ამ დოკუმენტის მიხედვით, პრაქტიკულად, გორთან უნდა განლაგებულიყო რუსული ე.წ. სამშვიდო სამხედრო ძალა, მაგრამ იქვე ქართული მხარე აღმოჩნდა ძალიან წარმატებული, შეცვალა ეს ტოპონიმები - სად რა უნდა ყოფილიყო განლაგებული. ხელმოწერილი იქნა ისეთი დოკუმენტი, რომელიც სამწუხაროდ, დღეს არ არის გამოყენების საფუძველი.
რა დოკუმენტზე იყო ხელი მოწერილი?
- ეს არის დოკუმენტი, სადაც ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ საერთოდ არ არის ნახსენები. ის ტერიტორია მოიხსენიება როგორც ცხინვალის რეგიონი. ცხადია, ეს არ იყო შევრადნაძის და ელცინის ახირება, ეს იყო ქართული დელეგაციის სერიოზული მუშაობის შედეგი.
თუკი არსებობს ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, სადაც ტერმინი სამხრეთ ოსეთი არ არის ნახსენები, რატომ არ არის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაინტერესებული, ამ დოკუმენტის მოძიებით?
- ჩემთვის საინტერესოა ვინ მალავს ამ დოკუმენტს, რადგან მონაყოლს არ გიყვებით. მე თავად ვესწრებოდი და მონაწილეობას ვღებულობდი ამ მოლაპარაკებაში, რომელიც არც თუ მშვიდ ატმოსფეროში მიდოდა. გამოაქვეყნონ 1992 წლის ივნისში ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ არ არის ნახსენები და მას ხელს აწერენ საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტები. მას შემდეგ რუსეთსა და საქართველოს მიერ, სამხერთ ოსეთთან დაკავშირებულ არც ერთ დოკუმენტზე არ ყოფილა ხელი მოწერილი.
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მათთვის მთავარია დე-ოკუპაცია და თუ ასეა, ჩნდება კითხვა, რატომ არავინ კითხულობს ამ დოკუმენტს? ალბათ, წარმოუდგენელია, რომ საგარეო უწყებამ არ იცოდეს რა სახის ხელშეკრულებები არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის...
- რასაკვირველია, ვარაუდები და ეჭვები შეიძლება საფუძვლიანი იყოს. ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტებს გაქვთ იმდენი ავტორიტეტი, რომ თქვენ ეცადოთ მოიძიოთ ეს დეტალები და გაარკვიოთ, რა ხდება. დეტალურად შემიძლია ვისაუბრო მოლაპარაკების დეტალებზე, როგორ ხდებოდა მოსკოვიდან ხელმოსაწერად ჩამოტანილი დოკუმენტის კორექტირება - კა-გე-ბეს თანამშრომლებით გარშემორტყმული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი როგორ ცდილობდა ჩვენთვის საინტერესო არ ყოფილიყო ეს დოკუმენტი და ეწინააღმდეგებოდა ყოველგვარ ცვლილებას. ჯერ კიდევ ცოცხლები არიან ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ხელშეკრულების ხელმოწერაში.
ქართული მხრიდან ვინ მონაწილეობდა?
- ჩვენი გუნდის პელე იყო ბატონი ტარასაენკო, შევარდნაძის მრჩეველი და ერთადერთი პირი, რომელიც ჩამოეყვანა საქართველოში. ასევე, ბატონი სანდრო კავსაძე (ამჟამად სასულიერო პირი), რომლის ძალისხმევით შევიდა ცვლილება იმ ნაწილში, რასაც ერქვა - ზოლი რუსული ჯარის განლაგებისა. სწორედ მისი მონაწილეობით მოვახერხეთ ე.წ. საზღვრების უფრო ღრმად გადატანა ცხინვალისკენ. ასევე შეხვედრას ესწრებოდნენ, საგარეო და თავდაცვის მინისტრები.
რაც შეეხება დღეს მიმდინარე პროცესს, გამომდინარე იქედან, რომ საოკუპაციო ზოლში მოექცა ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენი, ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება შესაძლებელია კრემლთან სტრატეგიულ დათმობაზე წავიდეს?
- საოკუპაციო ძალების ქმედებით მხოლოდ საქართველო არ გახლავთ დაზარალებული. დაზარალებულია კომპანია BP და შესაბამისად, ნებისმიერი სოლიდური ინვესტორი დაფიქრდება, რამდენად მომგებიანი და სანდოა მათთვის საქართველოს ტერიტორია ასეთი პროექტების განხორცელებისთვის. ეს არის ვლადიმერ პუტინის მორიგი არაკაცობა. რასაკვირველია, ეს არის სერიოზული დარტყმა საქართველოს სუვერენიტეტზე, უფრო ძლიერი, ვიდრე აქამდე, რადგან ჩვენ აღარ ვართ ერთადერთი სუბიექტი, რომელიც ზარალდება რუსეთის მიერ, რომელსაც შორს მიმავალი გეგმა აქვს.