პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, რუსეთის მხრიდან დესტაბლიზაციის საფრთხე არსებობს. მისი თქმით, აგვისტო ახლოვდება და რუსეთს მომენტით სარგებლობა ყოველთვის შეუძლია და რუსეთისგან ნებისმიერი მიმართულებით ფრონტის გახსნა გამორიცხული არ არის. კანონმდებელი ოპონენტების განცხადებებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პატრიოტულ საკითხებზე ქულებს ვერ დაიწერს.
რუსულ საფრთხეებთან დაკავშირებით, for.ge ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა:
ნაციონალებმა საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით, ცხრა პუნქტიანი რეზოლუციის პროექტი მოამზადეს. რა განწყობაა უმრავლესობაში?
- ორშაბათის ბიუროს სხდომაზე შეთანხმება იყო, რომ ამ საკითხზე ერთად ვიმუშავებდით, მაგრამ სიტყვა-სიტყვად დარჩა და ოპოზიციამ საკუთარი ტექსტი მოამზადა. თუ ნაციონალებს სურთ, რომ ეს ტექსტი რეზოლუციის პროექტად იქცეს, მაშინ ის კომიტეტებმა უნდა განიხილონ.
რეზოლუციის მიღებას უმრავლესობაც ეთანხმება, მაგრამ დოკუმენტის დამტკიცების თარიღზე ვერ თანხმდებით. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ პირველ ეტაპზე, სახელმწიფო უწყებებს უნდა მოუსმინოთ. დროის გაწელვა ხდება?
- ვინმეს ილუზია აქვს, რომ რუსეთის მხრიდან ეს ქვეყანა ერთ კვირაში აორთქლდება? პროცესი გვიანდება, რას ჰქვია? ამ სიტუაციაში აჩქარება შეუძლებელია, რადგან სიჩქარეს არანაირი სიკეთე არ მოაქვს. თუკი ვითარებაში გარკვევა გვინდა, ის მაინც ხომ უნდა ვიცოდეთ, ის ბანერი სად დადგეს? კვალიფიური სამინისტრო ამბობს, რომ ბანერი იმ ადგილზე დაიდგა, რომელსაც ოკუპანტები აკონტროლებენ. ანუ, საოკუპაციო ხაზი არ გადმოუწევიათ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბანერის დადგმას სადმე მივესალმებით, თუ გინდათ, ეს ცხინვალში იყოს. ვიღაცას პოლიტიკური ქულების დაწერა უნდა და ეს „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება თუ სხვა, საკადრისი საქციელი არ არის, რომ ქვეყნის უბედურებაზე იფიქრო. როგორ დავიჯერო, რომ ქვეყანაში საქმე რაც უფრო ცუდად იქნება, მათ ეს უფრო გაუხარდებათ?! თუკი პოეზიის დონეზეა საუბარი, ახლევე გეუბნებით, რომ ოკუპაცია ცუდია, ყველა ოკუპანტი საზიზღარი, აუტანელი და დეგენერატია.
საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით, პარლამენტს ბევრი რეზოლუცია აქვს მიღებული და რა შედეგები დადგა?
ეს იქნება მაჩვენებელი იმისა, საქართველოს პარლამენტი საქმეს ჰარი-ჰარალოზე ეკიდება, თუ პასუხისმგებლობით. ის ფაქტი, რომ ვიღაცა ბანერს მოხსნის, ეს სერიოზული არ მგონია. თუკი ვინმეს ჰგონია, რომ ჟურნალისტმა საქართველოსთვის სასარგებლო რამე გააკეთა, მას ვეტყვი, რომ ეს პროვოკაციაა.
ანუ, თქვენ ამბობთ, რომ ბანერის გადაგდებით, ჟურნალისტები პროვოკაციაზე წავიდნენ?
- პროვოკაციას წამოეგენ. ჟურნალისტები კი არა, პროვოკაციაზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წამოაგეს. ასეთი მოქმედება ადვილია და ეს საქმეს არ შველის.
თუმცა, ჟურნალისტებმა საკუთარი გადაწყვეტილება მოქალაქეობრივი პოზიციით ახსნეს...
- საქართველოს სახელმწიფო ინტერესები თავდაცვის სამინისტროს ალბათ, უფრო ესმის, ვიდრე მოქალაქეებს. თავს მტერი რომ დამესხმება, გარეთ, ბაქრაძის თქმის არ იყოს, დანა-ჩანგლით კი არ გამოვალ, არამედ შეიარაღებულ ძალებს მოვუსმენ, როგორ უნდა ვიმოქმედო. საქართველოს სახელმწიფოს სახელით ასე მოქმედება არ შეიძლება. ასეთ შემთხვევაში არაფერი არ მოხდება, მაგრამ რომ მოხდეს? ეს ხომ პროვოკაციაა? პროვოკაციას არ უნდა წამოეგო და ეს არის უტვინობა, გაუაზრებელი მოქმედება, რომელიც საშიშია.
უტვინობა ჟურნალისტების მხრიდან?
- ნებისმიერი ადამიანის მხრიდან. ეს მეც რომ გავაკეთო, მეც უტვინო ვიქნები. ეს ემოციური მოქმედებაა და არა აწონ-დაწონილი. მთავარი იცით რაა? - ინფორმაციის უცხოელებისთვის მიწოდება. ამ ფაქტის გახმაურებისთანავე ინფორმაცია ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მივაწოდე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მყისიერი პასუხი იქნება.
თუმცა, ოპოზიცია საერთაშორისო არენაზე აქტივობას გიწუნებთ, ისინი თქვენს სიფრთხილეს სისუსტედ აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება უმაქინისია...
- თავად რომ მაქნისები იყვნენ, რა ქნეს? 2008 წლის აგვისტოს ომის კმაყოფილნი არიან? როცა ისინი პროვოკაციას წამოეგენ და ყველაფერი ვაჟკაცურად გათვალეს, შედეგი რა იყო? - დღენახევარში წაგებული ომი და წვრთნის და აღჭურვის მრავალწლიანი პროგრამის ჩაფლავება. კარგი რა იყო, ტერიტორიების დაკარგვა? დასაკარგი ტერიტორია კიდევ გვაქვს. „ნაციონალურ მოძარობას“ ეს ყველაფერი დაავიწყდა. მათ ადგილზე უფრო მოკრძალებული ვიქნებოდი, რადგან მათ თავის დროზე სერიოზულად აქვთ მიქარული.
რუსეთი პერიოდულად საოკუპაციო ხაზს წევს და პროვოკაციებს აწყობს. ამჟამად, მათი გააქტიურება ოლიმპიურ თამაშებს უკავშირდება?
- რას უკავშირდება, არ ვიცი. ანტიამერიკული ძალებიდან ირანის გამორთვა ხდება და ამ ფრონტზე რუსეთის უზარმაზარი დამარცხება იმას ნიშნავს, რომ ისინი გაღიზიანებული არიან. გარდა ამისა, კარასინ-აბაშიძის შეხვედრის წინ, რუსეთი ასეთ რაღაცეებს ყოველთვის აკეთებს. არ არის გამორიცხული, რომ მათ საქართველოზე ძალიან სერიოზული შეტევა მოამზადონ. აგვისტო ახლოვდება და რუსეთს მომენტით სარგებლობა ყოველთვის შეუძლია.
ანუ, დესტაბლიზაციის საფრთხე არსებობს?
- რა თქმა უნდა, არსებობს. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰგონია, რომ საქართველოს რუსული მარიონეტული მთავრობა მართავს, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმ საფრთხეშია, რაშიც დიდი ხანია ვართ. რუსეთს საქართველოში როგორი მთავრობაა, არ ადარდებს და არ მიაჩნია, რომ ეს ხელისუფლება მისი მარიონეტია, თორემ, ასეთ რაღაცეებს არ გაგვიკეთებდნენ. უმცირესობა ამტკიცებს, რომ ეს მთავრობა რუსეთისაა, მაგრამ რატომღაც რუსეთი ამ მთავრობას ძირს უთხრის. „ჭკვიანური“ რაღაც თქვეს, რომ თურმე, თინა ხიდაშელი პუტინმა დაგვინიშნა. თურმე, კუკავას მოადგილეც ჰყოლია, რომელმაც ეს თქვა. მაპატიოს, მაგრამ მისი გვარი ვერ დავიმახსოვრე.
დესტაბილიზაციაზე საუბრობთ და დავაზუსტებ, რუსეთი პროვოკაციებს ახალი შეტევისთვის ამზადებს?
- რუსეთისგან ნებისმიერი მიმართულებით ფრონტის გახსნა გამორიცხული არ არის. ისინი ამბობენ, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს თავს არ დაესხმებიან, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველო ჯერჯერობით ნატოს წევრი არ არის და რუსეთისგან არანაირი გარანტიები არ გვაქვს. შესაბამისად, ყველა ასეთ შემთხვევაში ფრთხილად, მაგრამ მტკიცედ ვიქცევით. რუსეთს არავინ არაფერს დაუთმობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღესვე ისე ვიმოქმედოთ, როგორც გვკარნახობენ.
ოპოზიციას უნდა ესმოდეს, რომ ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლებას მოქმედებისთვის მეტი სივრცე უნდა ჰქონდეს. ეს ქულების ჩაწერის საქმე არ არის. „ნაციონალური მოძრაობა“ პატრიოტულ საკითხებზე ქულებს ვერ დაიწერს. ისინი პატრიოტული ძალა ვერ გახდებიან. დღეს დავინახე, რომ ერთმანეთს არ ესალმებიან. მაპატიონ, მაგრამ პრობლემები ჯერ სახლში გაარკვიონ.
ვინ ვის არ მიესალმა?
- ზოგიერთები ზოგიერთებს.
გამოწვევების წინაშე ხელისუფლება რამდენად ადეკვატურია?
- ოპოზიციას ომი და ხელისუფლებაში მოსვლა სურს, როცა ჩვენ ამ ომს წავაგებთ. მათი დამოკიდებულება გავიგეთ, მაგრამ ომი საქართველოს არ უნდა. საქართველომ რუსეთის ზეწოლის მიუხედავად, ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. რუსეთს რომ ვნებდებოდეთ, მაშინ რუსეთთან კავშირში შევიდოდით. ნაცმოძრაობამ ვიზების ლიბერალიზაციაზე რატომ არ იშრომა?
რატომ არ იშრომა?
- მათ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება ვერ გაბედეს. მოლდოვამ მიიღო და ვიზა-ლიბერალიზაციაც მიიღო. როცა ოპოზიციაში ხარ, ლაპარაკი ადვილია.
საქართველომ ეს კანონი მიიღო და რიგის სამიტზე, ვიზა-ლიბერალიზაცია რატომ არ მოგვცეს?
- ყველა პირობა ჯერ არ შეგვისრულებია.
კიდევ, რას ითხოვენ?
- პარლამენტში განსახილველი ათი კანონიდან ექვსი ვიზა-ლიბერალიზაციის ხაზისაა. მათ შორის „საჯარო სამსახურის შესახებ“ და ტრეფიკინგის შესახებ კანონებია. წლის ბოლოს გადაწყვეტილებას მიიღებენ და ამ პაკეტს მოგვცემენ.
თქვენ აპელირებთ, რომ მთავრობა გამოწვევების წინაშე ადეკვატურია, მაგრამ შს მინისტრის განცხადება მოგეწონათ, რომ მილი ღრმადაა და პრობლემების შემთხვევაში მას გადმოიტანენ... არ ფიქრობთ, რომ მინისტრებმა უფრო მეტად კომპეტენტური განცხადებები უნდა აკეთონ?
- ყველანი ადამიანები ვართ და ეს არის გამონათქვამები ცხელ გულზე. ერთი კაცი ხან მილის სიღრმეზე ილაპარაკებს და ხან სხვა რამეზე, რაც ჩვეულებრივი პროცესია. ეს შინაური საუბარია და საზოგადოებას არ უნდა ესმოდეს, რადგან მას ჰგონია, რომ კახი კალაძემ საქართველოს ინტერესები გაყიდა. ეს ის კაცია, რომელმაც თურმე, თავის კარში გოლი გაიტანა. თუ ვინმეს ფეხბურთი ესმის, მას საკუთარ კარში გოლის გატანა არ გაუკვირდება. კალაძეს ფეხბურთელობას ასწავლიან, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულია.
ამ შემთხვევაში, კალაძეს პოლიტიკოსობას ასწავლიან...
- მას პოლიტიკოსობას ტყუილად ასწავლიან, რადგან მან კონსტრუქციული აზრი თქვა, რადგან თუ საფრთხე იქნება, მილს დავიცავთ. ნაციონალებს შიგნით თავიანთი სატკივარი აქვთ და ახლა ამ პროლემის გარშემო გაერთიანებას ცდილობენ. ის ხალხი, რომელიც უცხოეთში კონსულტაციებისთვის სააკშვილთან დადის, პატრიოტიზმს ნუ გვასწავლის. პატრიოტებს უცხოელი ხელმძღვანელები არ ჰყავთ. ოპოზიციაში ჩვენც ვიყავით და გაცილებით უფრო მეტი ინტელექტუალური რესურსი გვქონდა, ვიდრე ახლა ნაციონალებს აქვთ, მაგრამ სანამ ივანიშვილი არ გამოჩნდა, სააკაშვილს ვერაფერი მოვუხერხეთ.