„რუსეთი პროვოკაციული ნაბიჯით ცდილობს, ოლიმპიადის წინ საქართველოში ვითარება დაძაბოს“

„რუსეთი პროვოკაციული ნაბიჯით ცდილობს, ოლიმპიადის წინ საქართველოში ვითარება დაძაბოს“

რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ბოლო დღეებში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების გადმოწევით რუსული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე 52 ჰექტარი მიწის ფართობი მოექცა, რის შედეგად 97 ოჯახი დაზარალდა. ჯერჯერობით უცნობია, მისცემენ თუ არა საოკუპაციო ძალები ადგილობრივებს ქერისა და ხორბლის მოსავლის აღების საშუალებას. ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელის ხოხ გაგლოითის მტკიცებით, არცერთი სასაზღვრო ნიშანი, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის პერიმეტრზეა განთავსებული, არ მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე.

„საქართველოს წარმომადგენლების გაბერილი საინფორმაციო ისტერიკა შეუძლებელია არ შეფასდეს, როგორც ვულგარული პროვოკაცია. ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება. BP-ის ოპერატორ კომპანიას შეუძლია დამოუკიდებლად მიმართოს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას და ეჭვგარეშეა, რომ ყველაფერი გაკეთდება მისი სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის“, - აცხადებს ხოხ გაგლოითი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ყველა ეს მოქმედებები ჯდება იმ კანონის ფარგლებში, რაც მიღებული იყო წინა ხელსუფლების მხრიდან.

„ახლა პირველად დაფიქსირდა ხაზის გამოწევა, ჩვენ ვლაპარაკობთ გადმოწევაზე და ყოველთვის ვაპელირებდით, ხაზის გავლებაზე, მაგრამ ახლა მართლა გადმოწევას აქვს ადგილი. ანუ, აშკარად ბანერი იყო ერთ ადგილზე და მოხდა მისი გადმოწევა გარკვეული მანძილით უფრო წინ. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ეს მოქმედებები ჯდება იმ კანონის ფარგლებში, რაც მიღებული იყო წინა ხელისუფლების მხრიდან.

სამწუხაროდ, ერთადერთი, რაც შეიძლება ამას დავუპირისპიროთ, არის საერთაშორისო ძალა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ - ვაჩვენებთ მსოფლიოს, რამდენად აგრესიულია რუსეთის ძალა და ვცდილობთ ამის განეიტრალებას ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკით, ან მეორე ძალაა - შეიარაღებული დაპირისპირება, რასაც ყველამ ვნახეთ, რა შედეგები მოაქვს“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს კანონი, რომელიც ამართლებს მეზობელი სახელმწიფოს ასეთ საქციელს. მისივე თქმით, რუსეთი ამგვარ ქმედებას გააგრძელებს მანამდე, სანამ ხელისუფლება სერიოზულად არ დაიწყებს დანაპირების შესრულებას, კერძოდ, ურთიერთობის დარეგულირებას და ნორმალიზაციას.

„ზაქარეიშვილის განცხადებაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება დროის კარგვა არის. ზაქარეიშვილი კარგი იყო სამოქალაქო სექტორში, მაგრამ ზაქარეიშვილი ჩინოვნიკი არარაობად იქცა. ვერც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში ვერ ნახავთ ისეთ კანონს, რომელიც ამართლებდეს მეზობელი სახელმწიფოს ასეთ საქციელს, ათეულობით ოჯახს გაუუარესდეს მდგომარება და ჩინოვნიკი ამბობდეს, რომ არაფერი საშინელება არ ხდება ეს ყველაფერი კანონის ფარგლებშიაო. ეს უკვე სასაცილოა. აბა, დაზარალებულებს ჰკითხეთ თუ ასეა. ეს ხომ არც დასაწყისია და არც დასასრული. რუსეთი ამას გააგრძელებს მანამდე, სანამ ეს ხელისუფლება სერიოზულად არ დაიწყებს თავისი დანაპირების შესრულებას. იმ დანაპირების, რომელიც მან მისცა ამომრჩევლებს და პირდაპირ თუ არაპირდაპირ, თვითონ რუსეთის ხელისუფლებასაც, მხედველობაში მაქვს ურთიერთობის დარეგულირება და ნორმალიზაცია. ეს მცოცავი ანექცია ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მხტომარედ გადაიქცეს. ეს არის დიპლომატიური გზავნილი რუსეთის მხრიდან“, - აცხდებს სოსო ცინცაძე.

საოკუპაციო ხაზთან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვას პროვოკაციას უწოდებს პრემიერ-მინისტრი და აცხადებს, რომ მთავრობამ იცის, რა უნდა გააკეთოს და პანიკა საჭირო არ არის. პრემიერი საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

„საჭირო არ არის ზედმეტი აჟიოტაჟი და პანიკა. მთავრობამ იცის, რა უნდა გააკეთოს. მთავრობამ იცოდა, რას აკეთებდა და ჩვენ მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენს გზას. ჩვენ მშვიდად, მაგრამ პრინციპულად და მტკიცედ უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ბერკეტი. ის ფაქტი, რომ ეს ტერიტორია მოქცეული იყო, ასე ვთქვათ, ოკუპანტების გავლენის ქვეშ და ეს ტერიტორია არ იყო ჩვენი კონტროლის ქვეშ, მგონი, ყველასთვის ცნობილია.

ბანერების დადგმა შეიძლება შეფასდეს როგორც პროვოკაცია და აბსოლუტურად გაუმართლებელი, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ განვაცხადეთ და სამი წლის განმავლობაში ჩვენი ქმედებით დავამტკიცეთ, რომ ნამდვილად გვსურს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება და დიალოგის გზით, მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით ურთიერთობების დარეგულირება და დეოკუპაციის პროცესის დაწყება, მაგრამ საპასუხოდ ვხედავთ ასეთ პროვოკაციას, რომელიც აბსოლუტურად გაუმართლებელია“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქართული მხარის ინიციატივით, 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის რაიონის სოფელ წითელუბანსა და ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე, დავით დონდუა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს ესაუბრა. დონდუას თქმით, მსგავსი ქმედებები არ უწყობს ხელს კონსტრუქციულ დიალოგს ჟენევაში, სადაც დისკუსიები ისედაც რთულად და დიდი ძალისხმევის შედეგად მიმდინარეობს.

„მე ჩემი პროტესტი გამოვთქვი. თავის მხრივ, კარასინმა აღნიშნა, რომ ეს ბანერი არ არის ახალი, ადრე იყო დადგმული და შემდეგ ვიღაცეებმა ის მოხსნეს და ახლა თავიდან დაამონტაჟესო, რაზეც ვუთხარი, რომ ჩვენი ინფორმაციით ეს ბანერი იყო გაცილებით უფრო სიღრმეში, ახალი ბანერი 300 მეტრით წინ წამოწეული აღმოჩნდა და ოკუპირებულ ზონაში აღმოჩნდა მილსადენი“, - განაცხადა დავით დონდუამ.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიის აღმნიშვნელი ბანერი - „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა“ მიწიდან ამოიღეს მედიის წარმომადგენლებმა, რომლებმაც
სოფელ ხურვალეთში საპროტესტო აქცია „არა ოკუპაციას“ გაიმართა. ბანერზე დატანილი ინფორმაცია გადაშალეს და ბანერი ნაგავში გადააგდეს.

ჟურნალისტების მიერ დღეს, საოკუპაციო ხაზთან გამართული აქციის გამოეხმაურა პაატა ზაქარეიშვილი, რომლის განცხადებით, ნუ გვგონია, რომ ბანერის მოცილებით შეიძლება, ომი მოვიგოთ. მისი თქმით, რუსეთი პროვოკაციული ნაბიჯით ცდილობს, ოლიმპიადის წინ საქართველოში ვითარება დაძაბოს და ამაში გამოიყენოს საზოგადოების მიამიტი წარმომადგენლები, რომლებიც სწორედ რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს.

„ჩვენ სამი ომი გადავიტანეთ. ნუ გავუთამამდებით რუსეთის აგრესიას და ნუ გვგონია, რომ ბანერის მოცილებით შეიძლება, ომი მოიგო. ახალგაზრდები არიან, არ იციან ომი რა არის. არც სააკაშვილმა იცოდა ომი და მიიღო 2008 წელი, ამიტომ ძალიან სიფრთხილეა საჭირო. მადლობა ღმერთს, დღეს შედარებით მშვიდად ჩაიარა ამ მოვლენებმა, მაგრამ მე მაინც მოვუწოდებ ყველას, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები გაითვალისწინონ, იმიტომ, რომ ესენი მიდიან და ბრუნდებიან და ადგილობრივები რჩებიან იქ.

მშვიდობიანი აქციები მისასალმებელია, საჭირო და აუცილებელია, მაგრამ თუ ჩვენ გავთვლით კარგად, მოქმედებებმა რა შეიძლება მოიტანოს, მაშინ სჯობს, რუსეთის წისქვილს წყალი არ დავასხათ. რუსეთს სჭრიდება სწორედ ასეთი რეაქცია და იმის ჩვენება მსოფლიოსთვის, როგორ ხდება კონფლიქტის ესკალაცია“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.