„ფაქტობრივად, დააჩოქეს საბერძნეთი - ამის შემდეგ ყველა კანონს, რომელსაც მიიღებს, ევროპა გააკონტროლებს“

„ფაქტობრივად, დააჩოქეს საბერძნეთი - ამის შემდეგ ყველა კანონს, რომელსაც მიიღებს, ევროპა გააკონტროლებს“

BBC-ის ცნობით, ბრიუსელში მიღწეული შეთანხმების თანახმად, ევროზონა თანახმაა მოლაპარაკებები დაიწყოს საბერძნეთის ახალი ფინანსური დახმარების პაკეტზე, რომლის ოდენობაც 82-86 მილიარდი ევრო იქნება. ასევე შეიქმნება სპეციალური ფონდი, რომელსაც საბერძნეთის ხელისუფლება მართავს. ფონდში 50 მილიარდი ევროს ბერძნული აქტივები იქნება. ამ თანხის ნახევარი ბერძნული ბანკების რეკაპიტალიზაციისთვის იქნება მიმართული.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელის შეთანხმებით უკმაყოფილო არიან ალექსის ციპრასის ხელისუფლების წევრები. ისიც ითქვა, რომ ციპრასს რამდენიმე მინისტრის გათავისუფლებაც მოუწევს.

„გეგმა, რომელიც საბერძნეთის პარლამენტს წარედგინა, ქვეყნის ეკონომიკას არ დაეხმარება. აბსოლუტურად ცხადია, რომ ჩვენ მევალეთა კოლონია ვხდებით“, - განაცხადა საბერძნეთის ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

საბერძნეთის პარლამენტმა ბრიუსელში მიღწეული შეთანხმების შედეგად მიღებული რეფორმების პაკეტის რატიფიცირება ოთხშაბათამდე (15 ივლისამდე) უნდა მოახდინოს. რეფორმები გულისხმობს საპენსიო სისტემის გამარტივებას, შრომითი ბაზრის ლიბერალიზაციას, მაღაზიების სამუშაო საათების გაზრდას.

რას ნიშნავს ვალებში ჩაძირული საბერძნეთისთვის 90-მილიარდ ევრომდე დახმარების გაწევა და ევროზონის წევრად დატოვება? იდგა თუ არა დასავლეთი ევროკავშირის დაშლის საფრთხის წინაშე? - ამ თემაზე პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გვესაუბრება.

სოსო ცინცაძე: - მოხდა ის, რომ ევროპას უკან არ დაუხევია და არ წასულა კაპიტულაციაზე. თუ შეიძლება კაპიტულაციასა და უკანდახევაზე საუბარი, რასაკვირველია, ეს პირველ რიგში, საბერძნეთს შეეხება. ალექსის ციპრასი იძულებული გახდა, მიეღო ის მოთხოვნები, რომელსაც ტრადიციულად აყენებდა ევროპული სამეული - ევროკავშირი, ევროპის ცენტრალური ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ეს მოთხოვნები საბერძნეთის მხრიდან პრაქტიკულად, სრულად იქნა მიღებული.

ამას მოჰყვება ციპრასისათვის არც თუ სასურველი რეაგირება თვითონ საბერძნეთში, უკვე არის მონაცემები, რომ მისი ეკლექტიკური კოალიცია, შესაძლოა, დაშლის პირამდეც კი მივიდეს. ყოველ შემთხვევაში, მისი მომხრეების რაოდენობა უკვე საგრძნობლად არის შემცირებული და ეს ციპრასის პირველი და საბოლოო მმართველობა იქნება.

საბერძნეთმა ძალზე ძნელი რეფორმები უნდა გაატაროს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ციპრასმა ვერ მიაღწია თავის მთავარ მოთხოვნას - ვალების ჩამოწერას. ის ითხოვდა ვალის 30%-ის ჩამოწერას და ეს თანხა 100 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს. მას უარი უთხრეს - მხოლოდ რესტრუქტურუზაციაზე შეიძლება იყოს საუბარი.

მაგრამ ის რეფორმები რასაც ევროპა ითხოვდა, უნდა გატარდეს. კერძოდ, ეს ეხება სანაოსნო კომპანიების პრივატიზაციას. ალბათ, ყველაზე მტკივნეული ციპრასისა და მისი ელექტორატისთვის იქნება საპენსიო რეფორმა - კაცობრიობის ისტორიაში, მას შემდეგ რაც პენსიები გამოიგონეს, ასეთი რამ არ მომხდარა, რაც საბერძნეთში ხდებოდა - გარდაცვლილი ადამიანის მემკვიდრე იღებდა პენსიას. მოკლედ, საბერძნეთი იძულებული ხდება, იცხოვროს იმ შემოსავლით, რომელიც მას რეალურად ექნება.

ეს არის ნამდვილი ქამრების მოჭერა და არა ის, რასაც საქართველოში აკეთებენ - რბილი ავეჯის შეძენასა და დღეში 300-400 ლიტრ საწვავზე რომ ამბობენ უარს მინისრტები და ხელფასს, პრემიას და სახელფასო დანამატს ერთი ლარითაც არ იმცირებენ.

საბერძნეთი რომ ღარიბი ქვეყანა იყო, ეს დასავლეთმა შესანიშნავად იცოდა, თუმცა უპრობლემოდგადაყლაპაის არასწორი ინფორმაცია ბერძნული ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ, რომელსაც საბერძნეთის მთავრობა აწვდიდა, როგორ ფიქრობთ, დასავლეთმა აქამდე რატომ მიიყვანა საქმე?

- როდესაც ევროკავშირის ოქროს წლები იყო, 1-2 მილიარდი ევრო პრაქტიკულად, დიდ თანხას არ წარმოადგენდა მისთვის. თანაც, საბერძნეთს თავისი შარმი ჰქონდა. მართალია, ახლა ეს შარმი პრაქტიკულად ნულამდე დავიდა, მაგრამ მაინც... მრავალსაუკუნოვანი ქვეყანა, თანამედროვე დემოკრატიის აკვანი და ა.შ. ამან თავისი როლი შეასრულა. ვიდრე ევროპისთვის მსუყე წლები იყო, ბერძნებს ეს გასდიოდათ, მაგრამ ყველაფერს აქვს ბოლო.

მთავარი ის არის, რომ ევროკავშირი, თუ საბერძნეთის მოვლენებამდე, ზომაზე მეტად მიმნდობი იყო, ვშიშობ, ამის შემდეგ, შესაძლოა, მეორე უკიდურესობაში გადავიდეს და ზომაზე მეტად მომთხოვნი გახდეს ახალი პრეტენდენტების მიმართ - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა ეს ის ქვეყნებია, რომლებსაც სუსტი ეკონომიკა აქვთ და ევროკავშირი თავისი ფასეულობებით კი არა, მუქთად ცხოვრების შესაძლებლობით უფრო იზიდავს. თუნდაც საქართველოსთვის, მაინც და მაინც ეროკავშირში შესვლაა საჭირო, რომ ქვეყანაში ნეპოტიზმი გააქრო?!

ყველაფრის მიუხედავად, საბერძნეთს მაინც დაეხმარებიან დაახლოებით, 90 მიალიადი ევროთი. ეს იმისთვის გახდა საჭირო, რომ ევროკავშირის ერთიანობის იდეა იყოს შენარჩუნებული და რუსული ევრაზიული კავშირის მასტიმულირებელი არ აღმოჩნდეს ევროზონიდან საბერძნეთის გაძევება?

- ეს არის პრეცენდენტის ფაქტორი - რომის სამართლის საპრეცენდენტო ფენომენი დამოკლეს მახვილივით კიდია ევროპულ საზოგადოებრივ აზრზე. აქამდე ევროკავშირი იზრდებოდა, იყო წარმატებული. საბერძნეთი არ არის საქართველო, სომხეთი ან მოლდოვა, საბერძნეთი ნებისმიერ შემთხვევაში საბერძნეთია. მისი ევროზონიდან გასვლა არ ნიშნავს რუსეთთან დაახლოებას. როდესაც მსგავსი მოსაზრებები ტრიალებდა, ეს უფრო სატელევიზიო პროპაგანდა იყო.

ევროპაშიც მშვენივრად ესმით და ათენშიც, რომ ეს მითია. რუსეთს, რომელიც თვითონაც შავ დღეშია, რესურსი არ ეყოფა. პროპაგანდის ინტერესებიდან გამომდინარე, პუტინსაც შეუძლია ხელის ჯიბეში ჩაყოფა, მაგრამ როდესაც 90 მილიარდ ევროზეა ლაპარაკი, პუტინი არც მეფე კრეზია და არც ალი-ბაბას გამოქვაბულია მისი ბიუჯეტი. თვითონ ბერძნებიც არსად წამსვლელები არ არიან. ეს შანტაჟის მცდელობა იყო, სხვათა შორის, ძალზე პრიმიტული შანტაჟის.

ბერძნებმა ღირსების საქმეში, როგორც ჩანს, მოიკოჭლეს, მიეჩვივნენ სხვის ხარჯზე ცხოვრებას - მთლიანობაში საბერძნეთის ვალი ლამის ნახევარ ტრილიონამდე ადის.

საქართველოს გაკვეთილად გამოადგება, რომ ხალხი, რომელიც საარჩევნო დაპირებებს ბრმად ენდობა, საბოლოოდ, თავისი ყოფითა და ცხოვრების დონით აგებს პასუხს საკუთარი გულუბრყვილობის გამო.

რა შეიძლება იყოს ევროპის მიზანი, იმ ნახევარტრილიონიანი ვალის ამოღება თუ ევროკავშირის დაშლის ილუზიის განეიტრალება?

- ევროკავშირის დაშლის არავის არ ეშინია, როგორც მოგახსენეთ, იყო მხოლოდ პრეცენდენტის ფაქტორი. გაიხსენეთ, როგორი იყო გერმანიის გეგმა - 5 წლით საბერძნეთი გაერიცხათ ევროზონიდან. მართალია, საბერძნეთი იმუქრებოდა, ევროზონიდან გავალო, მაგრამ როდესაც მერკელმა საკუთარი პოზიცია გააჟღერა, ხომ ნახეთ რაც მოხდა?! - საბერძნეთი დათანხმდა ევროპის პირობებს. ევროპული პრესაც არ ერიდება საბერძნეთის დამამცირებელი სტატიების გამოქვეყნებას და ისინი საბერძნეთის მოვლენებს პირადად, ციპრასის წარუმატებლობად თვლიან.

ყველაზე დამამცირებელი ის არის საბერძნეთისათვის, რომ ამის შემდეგ ყველა კანონს, რომელსაც მიიღებს, ევროპა გააკონტროლებს - სად არის სუვერენიტეტი? ფაქტობრივად, დააჩოქეს საბერძნეთი.

პრინციპში ეს ბიზნესის მთავარი მოთხოვნაა - შენს შეცდომებზე პასუხიც უნდა აგო. ყველაზე დიდი, რაც დაკარგა საბერძნეთმა, ეს არის მისი სუვერენიტეტი. როდესაც პარლამენტს უცხოელი რევიზორები დაადგებიან თავზე, ამაზე უარესი რა გინდა? იმ 90 მიალიარდსაც ერთიანად კი არ მისცემენ, არამედ „კოვზით“ - შეასრულებენ პირობას მისცემენ ცოტას, რეფორმა თუ შეყოვნდება, ტრანშიც დააგვიანებს და ა.შ.

ანუ საბერძნეთს ისე მოექცევიან როგორც ჩვენ გვექცევიან? ვგულისხმობ პრეტენდენტ ქვეყნებს...

- ჩვენთან სულ სხვა სიტუაციაა. იმის ღირსადაც კი არ გვთვლიან, რომ საბერძნეთივით მოგვექცნენ. საბერძნეთს ეუბნებიან, რომ გაგაკონტროლებ, მაგრამ მოგცემ. ჩვენ გვეუბნებიან გაგაკონტროლებთო, მაგრამ მოგვცემენ თუ არა რამეს, ამაზე ხმას არ იღებენ. ამაში არის განსხვავება.

ანუ, ჩვენ არ ვჭირდებით ევროპას?

- სამწუხაროდ, ისე არ ვჭირდებით, როგორც საბერძნეთი. შესაძლოა, ბევრი ევროპული სახელმწიფო „იდაყვებს იკბენს“ იმის გამო, რომ ევროკავშირის გაფართოება ასე დაუფიქრებლად მოხდა. მარტო საბერძნეთი კი არ არის პრობლემა - ხომ იცით, ცუდი მაგალითი გადამდებია - შიშობენ, საბერძნეთს არ აჰყვეს პოტუგალია, ბულგარეთი, რუმინეთი.

ამიტომ არის, საბერძნეთს თან დაეხმარებიან, მაგრამ ისეთ მკაცრ ქანჩში მოაქცევენ, რომ სხვისთვის გაკვეთილი იყოს. საკმარისია საბერძნეთს ეს 90 მილიარდი ერთიანად მისცენ, უარესს იზამს ბულგარეთი, პორტუგალია ან რუმინეთი. არც ესპანეთშია უკეთესი მდგომარეობა და არც იტალიის ეკონომიკა დგას აღმავლობის გზაზე.

ასე რომ, ახალი წევრების მიღების საკითხს ევროკავშირი გაასკეცებული ყურადღებით დააკვირდება - ევროკავშირი წინასწარ უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ახალი წევრი იქნება ეკონომიკურად სიცოცხლიუნარიანი და ტვირთად არ ჩამოეკიდება გერმანიის ეკონომიკას - რატომაა რომ მერკელია დღეს ევროპის მთავარი დირიჟორი? გერმანიის ეკონომიკაა ევროკავშირის ეკონომიკის ლოკომოტოვი და მთელი ევროკავშირი გერმანიის ეკონომიკაზეა ჩამოკიდებული.

ახლახან ვკითხულობდი გენშერის მემუარებს, როგორ უხდიდა შევარდნაძეს მადლობას და პირდებოდა, რომ მის პატარა ქვეყანას არაფერი გაუჭირდებოდა - ეს 90-იან წლებში იყო. სად არის ახლა გერმანიის დაპირებები? დღეს გერმანია პირველია, რომელიც საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში შესვლის საკითხს ბლოკავს, მაშინ როცა გერმანიის გაერთიანების გამო შევარდნაძე მთელმა რუსეთმა შეიძულა - ესაა პოლიტიკა.

ხშირად ისმის-ხოლმე ექსპერტებისგან, რომ გერმანიასთან ურთიერთობის გაუმჯობესებაა საჭირო და ამაში პირადი კონტაქტებიც უნდა ჩავრთოთ...

- პოლიტიკაში პირად ურთიერთობებზე ლაპარაკი მხოლოდ დილეტანტიზმია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნიკოლოზი და ვილჰელმ II ალალი ბიძაშვილები იყვნენ, ინგლისის დედოფალი ვიქტორია კი ვილჰელმ II-ის ბებია, მაგრამ დაჭამეს ერთმანეთი და შედეგად, სამი იმპერია დაემხო.

ანუ, ერთი გზა რჩება, ჩვენი საჭიროება დავანახოთ დასავლეთს?

- რასაკვირველია, პოლიტიკში მთავარია პრაგმატიზმი და ჯანსაღი ეგოიზმი. ჩვენი სიბრიყვე იყო, როდესაც პირველი ნაკადი გავგზავნეთ ავღანეთში და დავკმაყოფილდით მხოლოდ იმით, რომ რიტორიკულ განცხადებებში მადლობას გვიხდიდნენ და ყველაფერი ამით ამოიწურა.

შეგვიძლია ამის სანაცვლოდ რაღაც მოვითხოვოთ?

- რატომაც არა? ბოლოს და ბოლოს, ძველი ერი ვართ, 20 საუკუნეა ვარსებობთ. ბელორუსია როგორც სახელმწიფო, 50 წელია ჩამოყალიბდა და მეურნეობის დირექტორი ლუკაშენკო რატომ უნდა იყოს ჩვენზე ჭკვიანი? შანტაჟით რუსეთისგანაც ყველაფერს ღებულობს და ევროპისკენაც გზა გახსნილი აქვს, ყველაფერი მის ნებაზეა დამოკიდებული - დღეს რომ წავიდეს ევროკავშირისკენ, სიხარულით მიიღებენ. უკრაინის საკითხშიც დამოუკიდებელი პოზიცია უკავია. ჩვენ ვერა და ვერ დავიკავეთ ასეთი პოზიცია.

გარდა ამისა, რატომ არ შეგვიძლია იგივე დასავლეთს დავანახოთ - ნუ დავანახებთ, იმიტომ რომ სხვებიც დაინახავენ - დიპლომატიურად ვაგრძნობინოთ, რომ ალტერნატივა გაგვაჩნია და არ ვართ მხოლოდ ნატოსა და ევროკავშირის იმედზე.

ან რატომ არ შეგვიძლია აქ დავიწყოთ ჩვენთვის ევროპული ფასეულობებისა და ღირებულებების დამკვიდრება? ინსტიტუტიც კი შეიქმნა ევროპული ფასეულობებისა და ღირებულებების, მაგრამ მაინტერესებს, რა კეთდება? - 2-წუთიანი ტელეგანცხადებები? ქუჩაში ხალხს შუქნიშანზე გადასვლა ვერ ასწავლეს და ავტომანქანის სადგომზე დაყენება - დაიწყონ ამით.

ის ვერ ასწავლეს, რომ ნეპოტიზმი არ შეიძლება - ეს ყველაფერი რომ არსებობდეს საქართველოში, მაინც და მაინც ნატოსა და ევროკავშირის წევრობაა ამისთვის საჭირო?

როგორც ჩანს, ჩვენ აღმოსავლეთი ვართ და დღითი-დღე გრძელდება ევროპისკენ მიმავალი გზა - თუ მხედველობში მივიღებთ, რაც ქართულ პოლიტიკში ხდება. კი, ცუდი პრეზიდენტიც გვყავდა, კარგიც, მაგრამ ასეთი ფორმალური მმართველობა არასოდეს გვქონია. გადადგომის შემდეგ ისევ ქვეყანას მართავდე, ევროპას ასეთი რამ მე-17- მე-18 საუკუნეშიც კი არ ახსოვს...