„თუკი ოკუპაციის არეალში უნდა მოვხვდეთ და სისხლი უნდა დაიღვაროს, რუსეთთან მოლაპარაკება უკიდურესი საშუალება იქნება“

„თუკი ოკუპაციის არეალში უნდა მოვხვდეთ და სისხლი უნდა დაიღვაროს, რუსეთთან მოლაპარაკება უკიდურესი საშუალება იქნება“

ოკუპირებულ სოფლებში - დისევსა და კულდითში ა.წ. 14 ივლისს ქართველების სახლები დაიწვა. წინასწარი ვარაუდით, ცეცხლი თივიდან გაჩნდა. თუმცა ამ ვერსიის ადგილობრივებს არ სჯერათ და ამბობენ, რომ ცეცხლი ოსებმა და რუსებმა წაუკიდეს, რომ ქართული მიწა გადაწვან.

სამაჩაბლოში შექმნილი სიტუაცია თანდათან აგვისტოს ომის წინა პერიოდს ემსგავსება. ოკუპირებული ტერიტორიის გაზრდას ნაციონალი გივი თარგამაძე ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი ხელისუფლების პირად პასუხისმგებლობად მიიჩნევს, ოკუპაციის წინააღმდეგ ხელისუფლებისა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევით არც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილია აღფრთოვანებული. ანი მიროტაძე რუსეთის შესაჩერებლად საქართველოს ხელისუფლების და საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედებას არასაკმარისად მიიჩნევს.

რატომ შეგვახსენა რუსეთმა კიდევ ერთხელ თავი აგრესიული ქმედებით და რატომ გადმოწია საოკუპაციო ხაზი ორჭოსანში? For.ge-ს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ესაუბრება.

სამაჩაბლოში შექმნილი სიტუაცია აგვისტოს ომის წინა პერიოდს ხომ არ გაგონებთ?

- რა თქმა უნდა, პარალელები არის აგვისტოს ომის წინა პერიოდთან მიმართებით, რასაც დიდი სიამოვნებით წამოეგო ნაციონალური ხელისუფლება. როგორც ჩანს, აგვისტოს ომის წინა პერიოდში რუსეთის ინტერესში იყო სამხედრო კომუნიკაციაში შესვლა მეორე მხარესთან, პროვოკაციაზე მისი წამოგება, ქართული სპეცნაზისთვის ცეცხლის გახსნა და თავდასხმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე. მოგვიანებით, უკვე, ამან ინტენსიური ხასიათი მიიღო და ქართული მხარე იძულებული გახდა, გაეხსნა საპასუხო ცეცხლი. მაშინდელი ხელისუფლება მზად იყო, კონფლიქტი სამხედრო გზით დაესრულებინა, ანუ მოქმედი ინტერესების თანხვედრა მოხდა სააკაშვილისა და კოკოითის რეჟიმებს შორის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ომის პროვოცირება მოახდინა კოკოითის რეჟიმმა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

ახლა სიტუაცია კარდინალურად იცვლება, რადგან, თუ იმ პერიოდში საქართველოს ინტერესშიც შედიოდა კონფლიქტის აგრევაცია და ქართულმა მხარემ მაშინ კონფლიქტი არ დაიწყო, მაგრამ პროვოკაციაზე წამოეგო, ახლა ქართული მხარის ინტერესში ნამდვილად არ შედის კონფლიქტის აგრევაცია. პირიქით, ეს რუსული მხარის ინტერესშია, რომ კონფლიქტმა ინტენსიური სახე მიიღოს და გადაიზარდოს სამხედრო ოპერაციაში, სამხედრო მოქმედებების დონემდე ავიდეს. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ რუსეთმა დაარღვია მინსკის ხელშეკრულება, გააფთრებული შეტევა განახორციელა დონეცკის მიმართულებით, რუსებმა გააძლიერეს თავიანთი სამხედრო წარმომადგენელი რუსეთ-უკრაინის საზღვართან, ანუ გადასროლილია რუსეთის უპრეცედენტო რაოდენობის სამხედროები და, ფაქტობრივად, უკვე დაიწყო საბრძოლო ოპერაციები. როგორც ჩანს, რუსები აპირებენ ანალოგიური სცენარი გადმოიტანონ საქართველოს ტერიტორიაზეც.

მაგრამ რუსებს ერთდროულად ორი ფრონტი აწყობთ? რუსეთის ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალი ამის შესაძლებლობას იძლევა? მათ ხომ წლების განმავლობაში სამაჩაბლოს და აფხაზეთის შენახვა მძიმე ტვირთად აწევთ, რასაც რუსეთის ბიუჯეტი ვერ უძლებს.

- ეს ჩადებულია რუსეთის სამხედრო დოქტრინაში, რომელიც 2004 წელს იყო მიღებული. სამწუხაროდ, ჩვენ წესიერად არ ვიცნობთ მტრის სტრატეგიულ დოკუმენტებს. ეს არის ჩვენი დიდი მინუსი. ჩვენ არ ვიცით ამ დოკუმენტების შინაარსი, იმ დოკუმენტებისა, სადაც ნათლად წერია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები მზად არიან, აწარმოონ საომარი მოქმედებები ერთდროულად ორი შეიარაღებული კონფლიქტის ფორმატში. გეთანხმებით, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის შენახვა რუსებს ძვირი უჯდებათ, მაგრამ რუსეთის სამხედრო რესურსებს და სამხედრო ბიუჯეტს ეს არ დატყობია. პირიქით, რუსეთმა უკვე ერთნახევარჯერ გაზარდა სამხედრო ბიუჯეტი. 200 მილიარდი დოლარია გამოყოფილი სამხედრო შეიარაღებისა და სამხედრო პროგრამების განხორციელებაზე. ფაქტობრივად, რუსეთმა რეალიზაციაში მოიყვანა 50 სტრატეგიული დანიშნულების ბალისტიკური რაკეტა. ანუ რუსეთი მზად არის, დასავლეთთან განახორციელოს სამხედრო კონფრონტაცია.

თქვენ იცით, რომ რუსეთის მხრიდან საშიში პროვოკაციები ხორციელდება ამერიკის, დასავლეთ ევროპის მიმართულებით, რუსებს ნატოსთან აქვთ რთული ურთიერთობა და, პირიქით, რუსები აძლიერებენ თავიანთ სამხედრო კურსს დასავლეთის მიმართულებით. ამ დროს უკრაინა და საქართველო ჩნდება იმ კონტექსტში, რომ არ დაუშვან აქ დასავლეთის შესაბამისი ძალების გაძლიერება. ანუ, რუსეთისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეული სტრატეგიული ობიექტების გაკონტროლება, რადგან არ დაგავიწყდეთ, სიტუაცია სირიაში უკიდურესად დაძაბულია, დღე-დღეზე შეიძლება დაემხოს ასადის რეჟიმი, რაც რუსეთის გეოსტრატეგიულ ინტერესში არ შედის. მორიგი ქართული ტერიტორიების მითვისება დაკავშირებულია სირიაში არსებული სიტუაციის გაუარესებასთან. არადა, რუსეთსა და ირანს ამ რეგიონში გააჩნიათ გეოსტრატეგიული ინტერესები, რუსეთს განსაკუთრებით გააჩნია ეს ინტერესი.

სანამ ისლამისტები გააქტიურდებოდნენ, მანამდეც იყო საუბარი, რომ რუსეთი მარტო უკრაინით არ დაკმაყოფილდებოდა და შემდეგი ჯერი საქართველოზე მიდგებოდა. ამას მოგვიანებით მიემატა ისლამური საფრთხე და თქვენც ამბობდით, რომ რუსეთი შეეცდებოდა, ისლამური საფრთხე სათავისოდ გამოეყენებინა რეგიონში პოზიციების განსამტკიცებლად. პარალელურად, აქტუალურია მოსაზრება, რომ საზღვრის გადმოწევა ნავთობსადენს უკავშირდება. უფრო მეტად რეალობა საითკენ იხრება - ისლამური საფრთხე თუ ნავთობსადენი?

- რუსეთი რომ მარტო უკრაინით არ დაკმაყოფილდებოდა, ამას ვამბობდი ჯერ კიდევ 31 იანვარს. რა თქმა უნდა, მათი აგრესია ნავთობსადენის თემასაც უკავშირდება, რადგან ეკონომიკური სანქციების ფონზე რუსეთს არ უნდა, დაკარგოს ეს ტერიტორია. ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელი ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ახლა რუსეთმა დაიკავა, ანუ ორჭოსანის გზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გზა, რუსეთის ინტერესშია. ამით რუსეთი დასავლეთს ეკონომიკურ სანქციას უცხადებს. ბაქო-თბილისი-სუფსას მიმართულებაც ამავე ტერიტორიაზე გადის. მეორეც, რუსეთი ყველანაირად შეეცდება, ხელში ჩაიგდოს თბილისი-გორის ცენტრალური მაგისტრალი. არ გამოვრიცხავ, რომ მათ იქ ელემენტარულად ბლოკპოსტი დააყენონ. ვთქვათ, მე რომ წავალ გორში, იქ გამაჩერონ და მომთხოვონ პირადობის მოწმობა.

ანუ შემდგომი ნაბიჯი უკვე თბილისი იქნება?

- ეს არის ბრძოლისა და შანტაჟის საუკეთესო გზა. რუსეთი ამით აპირებს დასავლეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციის გაგრძელებას. რუსეთი დასავლეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების კიდევ უფრო გაძლიერებაზე გადავიდა. დასავლეთმა ხომ უკვე გააძლიერა სანქციები, ახლა კი რუსეთი დგამს ადეკვატურ ნაბიჯს, ოღონდ დასავლეთის მიმართულებით. პირველ რიგში, ეს ეხება დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, რადგან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობი უშუალოდ ამ მიმართულებით მიდის. ანუ, ჩვენ მოვყებით რუსეთისა და ამერიკის ცივი ომის ეპიცენტრში. მეორეც, რუსეთი, როგორც ჩანს, ცდილობს, დაასწროს მოვლენებს, პრევენციული დარტყმა მიაყენოს ისლამური ხალიფატის შემადგენლობას და არ მისცეს საშუალება ისლამური ხალიფატის კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფ დაჯგუფებას, საქართველოს მეშვეობით მიიღოს ცოცხალი ძალა, დაფინანსება და შეიარაღება. ეს უკვე აგრესიაა რუსეთის მხრიდან, ეს უკვე აღარ არის მცოცავი ანექსია. თქვენ ფაქტი მოიყვანეთ, რომ უკვე დაიწყო ქართული სახლების გადაწვა.

ასეთი ვერსიაცაა, რომ რუსეთის მორიგი ნაბიჯი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის გზის გადაკეტვა იქნება.

- რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებისგან არაფერი გამიკვირდება. რუსეთისთვის დღეს აუცილებელია თბილისი-გორის მაგისტრალის გადაკეტვა, კონტროლის აღება და ეკონომიკურ-სტრატეგიული ობიექტების - ბაქო-თბილისი-სუფსას და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მაგისტრალებზე უშუალო კონტროლის დაწესება. ეს ორი ამოცანაა დღეს ფედერაციის წინაშე, რომელსაც, ჩვენდა სამწუხაროდ, საკმაოდ წარმატებით ასრულებს. როგორ განვითარდება მოვლენები და მოვლენ თუ არა თბილისამდე, ამას დრო აჩვენებს. სხვათა შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში რუსეთს თბილისის აღების და თბილისის დროებით ოკუპაციის გეგმა ჰქონდა დამტკიცებული და ხელმოწერილი. ნიკოლა სარკოზის აქტიურობა რომ არა, თბილისი დიდი ხანია, ოკუპირებული იქნებოდა. პირველ რიგში, ნიკოლა სარკოზის დამსახურებაა, რომ ჩვენ მაშინ გადავრჩით სრულ ოკუპაციას.

ბოლო დღეებში კითხვები ისმის, რა მისიით წავიდა ნინო ბურჯანაძე მოსკოვში? თავად სამაჩაბლოელები გაკვირვებას გამოთქვამენ, საეჭვოდ რატომ დაემთხვა ბურჯანაძის ვიზიტი რუსეთის შურისძიებას?! ასეთი შეფასებებიც გაჩნდა - ბურჯანაძის პიარსვლითმოთვინიერებულირუსეთი. ამავდროულად, ნინო ბურჯანაძე მზადაა, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მოსკოვიდან ჩამოტანილი გზავნილები გააცნოს. თუკი რუსეთი ცდილობს, საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნოს, რატომ დაამთხვია ასეთ არახელსაყრელ დროს საზღვრის გადმოწევა? ანუ პუტინისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ასეთ ვიზიტებს?

- ბურჯანაძეს ოპოზიციური ნიშა აქვს და ამ ეტაპზე მას არავითარი ბერკეტები არ გააჩნია. რამდენად ეფექტური იქნება ბურჯანაძის მისია რუსეთში, ეს ცალკე თემაა. მე ვთვლი, რომ ეფექტურობა ნულია, მაგრამ მცოცავი ოკუპაცია იმ პროცესების განვითარებაა, რაც საზღვარგარეთ ხდება. საუბარია სიტუაციის გართულებაზე სირიაში, სიტუაციის დაძაბვაზე უკრაინაში, ამერიკა-რუსეთის გამწვავებულ ურთიერთობებზე, რაც უკვე სამხედრო პროვოკაციებში გადადის და რუსეთის მიერ დასავლეთის მიმართულებით ეკონომიკური სანქციების გამკაცრებაზე. ამ ოთხი ფაქტორის გამო შეიძლება ჩვენ განვიხილოთ ეს აგრესია და, პლუს კიდევ, ირიბად ჩნდება მეხუთე ფაქტორიც- ისლამური ხალიფატის წინააღმდეგ ერთგვარი პრევენციული ზომების გატარება. ლოგიკურად, ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის დროს, რუსეთის ხელისუფლებას, წესით, თავი უნდა შეეკავებინა ამგვარი ქმედებისგან. მიმაჩნია, რომ რუსეთთან ამ ტიპის მოლაპარაკება ამ ეტაპზე არაფრით არ შეიძლება, რადგან ჩვენ, ფაქტობრივად, საომარ ვითარებაში ვიმყოფებით. ამიტომ საომარ ვითარებაში მყოფი სახელმწიფოს ლეგიტიმური ხელისუფლების (და არა ბურჯანაძის) უფლებაა, აწარმოოს მოლაპარაკებები რუსეთთან.

კახა კალაძე ამბობს, რომ მმართველ გუნდში რუსეთთან ურთიერთობის ახალ ფორმატზე იქნება მსჯელობა, რადგან აბაშიძე-კარასინის ფორმატი გამოუსადეგარია. არაერთი რესურსი სცადა ქართულმა მხარემ, მაგრამ ამაოდ. დარჩა კიდევ რუსეთთან ურთიერთობის რაიმე რესურსი?

- არანაირი რესურსი არ დარჩა, თუ არ მოხდა პირდაპირ კავშირზე გასვლა კრემლთან და პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება. სხვა გამოსავალი არ არის. ახლა დასავლეთს რესურსი ამოწურული აქვს. დასავლეთის პოზიცია რუსეთმა ერთ ყურში შეუშვა და მეორეში გაუშვა. ეს ურთიერთობა აბსოლუტურად ნულია. ნორმალური ურთიერთობა რომ იყოს დასავლეთსა და რუსეთს შორის, თუნდაც ისეთი, როგორიც 2010-2012 წლებში არსებობდა (ანუ როცა დაიწყო გადატვირთვის პოლიტიკა), კიდევ შეიძლებოდა, გამოგვეყენებინა დასავლეთის გავლენა და დასავლეთის ბერკეტები, რომ რუსეთზე გავლენა მოგვეხდინა. დღეს რუსეთსა და დასავლეთს შორის, ფაქტობრივად, უკვე ცივი ომის კი არა, ცხელი ომის რეციდივებიც არსებობს. ამიტომ დასავლეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები რუსეთს კიდევ უფრო გააღიზიანებს, ანუ რუსეთისთვის დასავლეთის ნაბიჯები არაფერს არ წარმოადგენს. ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ. სხვა რესურსებზე რა გითხრათ, ან ჩვენ უნდა მოვახერხოთ რუსეთისგან წამოსული აგრესიის შეკავება, ჩვენივე საკუთარი ძალებით, ან დასავლეთის ცივ ომში ჩავებათ, ან პირდაპირ გავიდეთ მოლაპარაკებების რაიმე ფორმატზე კრემლის ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლებთან.

თავის დროზე რუსეთის ლიდერის მხრიდან იყო გარკვეული მესიჯები საქართველოს ხელისუფლების მისამართით, მაგრამ ქართულმა მხარემ ამ მოლაპარაკებებისგან თავი შეიკავა იმ მოტივით, რომ ჯერ დავეკითხებით დასავლელ პარტნიორებსო. იმ პერიოდში რუსეთისკენ მაცქერალი ცალკეული პოლიტიკოსები ამბობდნენ, რომ პუტინის მესიჯი ქართულ მხარეს უნდა გაეგო და გამოეყენებინა კიდეც. ანუ, ჰქონდა ამ მოლაპარაკებებს აზრი ან მაშინ, ან ახლა?

- იარაღის ჟღარუნსა და დაპირისპირებას ყოველთვის სჯობს დიალოგი, თუკი არსებობს მოლაპარაკების რაიმე ფორმა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არის მტერი და ეს მან მყარად წარმოაჩინა, მიუხედავად იმისა, რომელი ტიპის რეჟიმი იქნება რუსეთში - დემოკრატიული, ავტორიტარული, ტოტალიტარული, რუსეთს თავისი ინტერესები ყოველთვის შეაწუხებს. მეორე მომენტია, რომ, თუკი საქართველოს ბედი წყდება და, თუკი პირდაპირ ოკუპაციის არეალში უნდა მოვხვდეთ და სისხლი უნდა დაიღვაროს, ცხადია, მოლაპარაკება უკიდურესი საშუალება იქნება და მას, ალბათ, გამართლება ექნება, რათა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე დავიცვათ.

და ბოლოს, თავდაცვის ახალი მინისტრის მიერ საფრანგეთში ხელმოწერილი დოკუმენტიც ხომ არ გახდა რუსეთ-საქართველოს შორის ესკალაციის ერთ-ერთი მიზეზი?

- შეიძლება, ესეც იყოს ერთგვარი კატალიზატორი, რადგან რუსეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოს მიერ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. ბუნებრივია, შეიარაღების კუთხით ხელმოწერილი ხელშეკრულება ნიშნავს იმას, რომ, თუ საქართველოს შეიარაღებული ძალები კიდევ ერთხელ გაძლიერდება, ეს რუსეთს შემდგომში დიდ პრობლემას შეუქმნის, თუკი რუსეთი ისევ იარაღით წამოვა ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რომ აგვისტოს ომის პირველ დღეებში საქართველოს საჰაერო თავდაცვამ მეტ-ნაკლებად ეფექტურად იმუშავა და საკმაოდ დიდი პრობლემები შეუქმნა რუსეთის სამხედრო ავიაციას. იმის გამო, რომ რუსებს არ ჰქონდათ სრული ინფორმაცია ჩვენს საჰაერო თავდაცვით საშუალებებზე, რუსეთის სამხედრო ავიაციამ პირველ ორ დღეში გამოიყენა 40%, ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, მერე გაზარდა ეს მაჩვენებელი 80%-მდე, როცა სრული მონოპოლია დაიწყო საჰაერო სივრცეზე. სხვათა შორის, ისლამურმა ხალიფატმა უკვე ოფიციალური მუქარა დააფიქსირა, რომ ის აპირებს ტერაქტების განხორციელებას და მინიშნებული აქვს ადგილიც, რუსეთის ფედერაციის ის ტერიტორია, სადაც ისლამურმა ხალიფატმა თავისი ვილაიათი ჩამოაყალიბა. ასე რომ, საქართველოში რუსეთის ბოლოდროინდელი გააქტიურება არა იმდენად ხიდაშელის მიერ დოკუმენტის ხელმოწერამ განაპირობა, არამედ იმ ფაქტორებმა, რაც მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და რასაც არ ვაქცევთ ყურადღებას.