მთავრობა კალაძის იდეის წინააღმდეგ

მთავრობა კალაძის იდეის წინააღმდეგ

აბაშიძე-კარასინის ფორმატი, შესაძლოა, მთავრობის წევრებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდეს. აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები არ იზიარებენ ვიცე-პრემიერის პოზიციას, ფორმატის შეცვლაზე. კახი კალაძის განცხადებით, პოლიტიკური მიმართულებით რუსეთთან მძიმე ურთიერთობა გვაქვს და საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

„აბაშიძე-კარასინის ფორმატი ამ მიმართულებით სამუშაოდ შეიძლება არ გამოდგეს და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოვიფიქროთ სხვა რაიმე ფორმატი იმისთვის, რომ პოლიტიკური მიმართულებით, ურთიერთობების დალაგება მოვახერხოთ. ახალი ფორმატის შექმნაზე საუბარი სახელისუფლებო გუნდში აუცილებლად იქნება“, - აღნიშნა კახი კალაძემ. 

ვიცე-პრემიერის განცხადების მიუხედავად, საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის ახალი ფორმატის შექმნა არ იგეგმება. საგარეო უწყებაში აცხადებენ, ერთადერთი პოლიტიკური ფორმატი, რომელიც რუსეთთან გვაქვს, ეს არის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები. რაც შეეხება, პარალელურ, აბაშიძე-კარასინის ფორმატს, ის მხოლოდ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით დონდუა არ ფლობს ინფორმაციას, თუ რა ახალ პოლიტიკურ ფორმატზე საუბრობდა ვიცე-პრემიერი კახა კალაძე.

„რუსეთთან ერთადერთი პოლიტიკური ფორმატი არის - ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, სადაც განვიხილავთ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებს. გარდა ამისა, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პერიოდში, ამ მთავრობამ გადაწყვიტა შექმნას დამატებითი არაფორმალური ფორმატი ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რომელიც მუშაობს და შემდეგი შეხვედრაც ჩანიშნულია.

ახალი ფორმატების შექმნის აუცილებლობა თუ დადგება დღის წესრიგში, ვნახოთ, შეიძლება ამაზე საუბარი, თუმცა დღესდღეობით არის ერთადერთი ფორმატი, რომელზეც პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხები განიხილება და ეს არის ჟენევის მოალაპარაკებები“, - განაცხადა დავით დონდუამ.

აბაშიძე-კარასინის ფორმატის გადახედვის აუცილებლობას ვერ ხედავს თავდაცვის მინისტრი.

„საერთოდ, ყველაფერი შეიძლება გადაიხედოს. ბუნებაში არაფერი არ არის ბიბლია და შეგვიძლია ნებისმიერ ფორმატს გადავხედოთ და შეგვიძლია მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. არც აბაშიძე-კარასინი და არც რაიმე სხვა არ არის იმ ტიპის მოცემულობა, რომელზეც ვიტყვით, რომ მორჩა, დავიფიცეთ და ამის იქეთ აღარ მივდივართ.

ამ წუთას მე აბაშიძე-კარასინის ფორმატის გადახედვის აუცილებლობას ვერ ვხედავ. იმას თავისი მანდატი აქვს, თავისი საქმე და თავისი კონკრეტული თემატიკა აქვს. არხი უნდა შევინარჩუნოთ, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რადგან გაბუტულ მდგომარეობაში არ დგანან პასუხისმგებელი სახელმწიფოები, მაგრამ ამასობაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხმა მუდმივად, ძალიან ხმამაღლა ისმოდეს ყველა შემთხვევაში, როდესაც რაიმე ასეთი ხდება და რაზეც აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიპყრობა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმების აუცილებლობაზე საუბრობს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მთავრობაში არ არის კოორდინაცია, საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ იცის, თუ როგორ უნდა გააგრძელოს რუსეთთან ურთიერთობები.

„მთავრობაში არ არის კომუნიკაცია და კოორდინაცია. ერთი უწყება ერთს ამბობს, მეორე მეორეს. საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის საქმის კურსში და არ აქვთ გეგმა თუ როგორ უნდა განვითარდეს ურთიერთობები რუსეთთან. აბაშიძე-კარასინის ფორმატი არის წმინდა ეკონომიკურ-კულტურულ-სავაჭრო საკითხებზე მომუშავე ფორმატი, ის არ უნდა შეიცვალოს, ის უნდა გაუქმდეს და ვფიქრობ, რომ ახლა არის სწორედ ეს მომენტი“, - აცხადებს მაია ფანჯიკიძე.

ა-რ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ საბჭოს თავმჯდომარის, ელენე ხოშტარიას განცხდებით, შეუძლებელია რუსეთთან ცალმხრივად ურთიერთობების დალაგება. „რუსეთთან ნებისმიერი ორმხრივი ფორმატი არის ნაწილი და არა პრობლემის გადაჭრა. ამისთვის ჩვენ 2 წელიწადზე მეტი გვქონდა და უნდა დაგვენახა, რომ ნორმალიზაცია ორმაგი ფორმატით არათუ არ გამოდის, უფრო ჩიხში შევყავართ. დაიწყო მავთულხლართების ინტენსიფიკაცია, დავიწყეთ სუბარი, რომ არ უშველის ამას კარასინი-აბაშიძე, მაგრამ მაინც გავაგრძელეთ იგივე პოლიტიკა. საუბარი არ არის კონკრეტულად კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებათა ფორმატის გამოუსადეგარობაზე, საუბარია იმაზე, რამდენად შეგვიძილია გვქონდეს ილუზია რუსეთთან ურთიერთობის დალაგების“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

დამოუკიდებელი ექსპერტის ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, თუკი შენ ამბობ, რომ შესაცვლელია ფორმატი, მაშინ ისიც უნდა თქვა, რას გულისხმობ ამ ცვლილებაში და რა ფორმატზე გინდა გადახვიდე.

„როდესაც პოლიტიკოსი ამბობს ა-ს, მან უნდა თქვას ბ-ეც. თუკი შენ ამბობ, რომ შესაცლელია ფორმატი, მაშინ ისიც უნდა დააყალო რას გულისხმობ ამ ცვლილებაში, რა გინდა, რომ შეცვალო და რა ფორმატზე გინდა გადახვიდე. გასაგებია, რომ ეს ფორმატი ბევრისთვის არ არის მისაღები, მაგრამ ეს არის ის ფორმატი, რისთვისაც შეიქმნა და ამის იქით ის ვერ წავა“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.