საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა სებ-ზე მიტანილი შტურმი მოიგერიეს

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა სებ-ზე მიტანილი შტურმი მოიგერიეს

„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტის ავტორები ნოდარ ებანოიძე და თამაზ მეჭიაური ცვლილებების მიღებისთვის ემზადებიან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები კი, ინიციატივის კორექტირებას ისევ ითხოვენ.

for.ge-ს ინფორმაციით, 8-9 ივლისს, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, ევროპისა და აზიის განვითარების ბანკების წარმომადგენლებთან საფინანსო საზედამხედველო სააგენტოს თაობაზე კონსულტაციები გამართა, სადაც აღნიშნულმა ინსტიტუტებმა სპიკერს ცვლილებების ჩასწორების რეკომენდაცია მისცეს.

სწორედ ამ მოლაპარაკებების გამო, პარლამენტში 10 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვა გადაიდო, რომელიც მიმდინარე კვირისთვის ჩაინიშნა.

პირადი კონსულტაციების თაობაზე არაფერი სმენია ნოდარ ებანოიძეს, რომელიც for.ge-ს არწმუნებს, რომ ეროვნული ბანკიდან ამ სააგენტოს გამოყოფა არ ხდება და რაღაც ნაწილის ფუნქციის გაძლიერება იგეგმება.

მისი ცნობით, პროექტში ძალიან ბევრი მუხლი კიდევ უფრო დაზუსტდა და შენიშვნები გათვალისწინებული იქნა.

„პირადი კონსულტაციების შესახებ არაფერი ვიცი. მთავარი საკითხი იყო, რომ კონსულტაციები გამართულიყო. იმ ვარიანტამდე მივედით, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება. უცებ, მეორე მოსმენის ვარიანტი არ დავარიგეთ და ჩავთვალეთ, რომ პროექტი კიდევ უფრო კარგად დავხვეწოთ. პროექტის მონახაზი გვაქვს, თუ როგორი ცვლილება იქნება“, - აცხადებს ებანოიძე.

კანონმდებელი საკითხზე საუბრისას ხაზს უსვამს იმას, რომ ბოლო ცვლილებებით, ეროვნული ბანკი ერთიანია და მისი უწყებიდან სააგენტოს გამოყოფა არ ხდება.

„ბევრი მიმართულება დავაზუსტეთ და საბჭოს წევრების მოთხოვნები მაღლა ავწიეთ. ვფიქრობ, რომ ამ პროექტზე კონსესუსი მიღწეული იქნება. პრეზიდენტი და აბაშიშვილიც კი, ნაკლებად საუბრობდნენ იმაზე, რომ ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო თუ არა. ისინი ხაზს კონსულტაციების საჭიროებას უსვამდნენ. ამ კუთხით, გაუგებრობა ამოივსო“, - აღნიშნავს ებანოიძე, რომელიც პროგნოზირებს, რომ პრეზიდენტი დაპირების მიუხედავად, კანონპროექტს ვეტოს არ დაადებს, რადგან საფუძველი აღარ ექნება.

ებანოიძისგან განსხვავებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური გიორგი მარგველაშვილის ვეტოს ელოდება და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ცვლილებები ისევ განხორციელდება, მაგრამ არა იმ საკითხებზე, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

მეჭიაური საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან კონსულტაციების წარმოებას ადასტურებს და ამბობს, რომ მოლაპარაკებები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

„როგორც ვიცი, ორგანიზაციებს სურთ, კანონპროექტის ბოლო ვერსია ნახონ, რათა მას უკეთესად გაეცნონ. პრეზიდენტი რას იზამს, არ ვიცი, მაგრამ ის პირველი მოსმენით მიღებულ გადაწყვეტილებას პრინციპულად არ ეთანხმება და საკითხს ვეტოს დაადებს. მას ის მოდელი აწყობს, როდესაც ზედამხედველობის სააგენტო უშუალოდ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს ექვემდებარება. ჩვენი მოდელით გადაწყვეტილება მიღებულია, როცა სააგენტო ცალკე იქნება, მაგრამ ბანკის დაქვემდებარების ქვეშ“, - დასძენს მეჭიაური, რომლისგან განსხვავებით, დამოუკიდებელი დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ სააგენტომ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში უნდა გააგრძელოს.

როგორც for.ge-ს ჯაფარიძემ განუცხადა, ცვლილებების განხილვის გადადება იმას ადასტურებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან გარკვეული კონსულტაციები მიმდინარეობს.

მისი შეფასებით, ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში როგორც მუშაობდა, ისევ უნდა დარჩეს, რადგან იქ შესაცვლელი არაფერი არ არის.

„თითქოს ამ კანონპროექტის ინიცირება ეროვნული ვალუტის ცვალებადობის გამო მოხდა, მაგრამ ამას ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. თუკი ვალუტის სტაბილურობა გვინდა, ამისთვის სხვა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. მათ შორის, ჩვენი ინიციატივით, ლარი ერთადერთი საგადამხდელო საშუალება აღარ უნდა იყოს და ამით ეროვნული ვალუტა სტაბილური იქნება“, - ამბობს ჯაფარიძე, რომლის მსგავსად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი თვლის, რომ პარლამენტმა ცვლილებები ამ სახით არ უნდა მიიღოს.

for.ge-სთან საუბარში ონოფრიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების აქტივობაზე აპელირებს და აცხადებს, რომ მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპისა და აზიის განვითარების ბანკები ცვლილებების პრინციპულად წინააღმდეგები არიან.

მისი მოსაზრებით, ეს „ექსპერიმენტი“ სარისკოა, რადგან შეიძლება, მან ფინანსურ სექტორს სერიოზული პრობლემები შეუქმნას. დეპუტატის განმარტების, ასოცირების ხელშეკრულების გარკვეული პუნქტების დარღვევა ხდება, სადაც ნახსენებია, რომ საქართველო მჭიდროდ ითანამშრომლებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და საბანკო ზედამხედველობის საკითხები.

„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სრული იგნორირება ხდება. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ეს პროცესი გვიან, მაგრამ მაინც იგრძნო, რადგან სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება მოვისმინეთ, რომელიც რეალობას ასახავდა, რომ ცვლილებები ურთიერთგაგების გარეშე არ მიიღება. ამ პროცესში საჭიროა ექსპერტების ჩართვა, რომელთაც უფრო მეტი იციან, ვიდრე რომელიმე პარლამენტარმა. მეორე მოსმენით განხილვა იმიტომ გადაიდო, რომ ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციების მოსმენა დაიწყო“, - აცხადებს ონოფრიშვილი.

რაც შეეხება ცვლილებებს, კანონპროექტის მიხედვით, 1-ელი აგვისტოდან საფინანსო სექტორზე ზედამხედველობის მიზნით, სააგენტო იქმნება, რომელიც ანგარიშვალდებული სააგენტოს საბჭოს წინაშე იქნება. პროექტით, საბჭო შვიდი წევრით დაკომპლექტდება, რომელთაგან ერთი ეროვნული ბანკის პრეზიდენტია, ერთი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ხოლო ჩასწორებული ვერსიით, დანარჩენ წევრებს მთავრობის წარდგინებით პარლამენტი ირჩევს. თავდაპირველ ვერსიაში, დანარჩენ წევრებს მხოლოდ საკანონმდებლო ორგანო ამტკიცებდა.

ამასთანავე, for.ge-მ მეორე მოსმენისთვის მომზადებული პროექტი მოიპოვა, სადაც საბჭოს წევრების მოთხოვნები იზრდება. კერძოდ, თავდაპირველი ვერსიიდან განსხვავებით, საბჭოს წევრობის კანდიდატს საბანკო ან საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ შვიდი წლის სტაჟი უნდა ჰქონდეს. ასევე კანდიდატმა პარლამენტს ფინანსური ვალდებულებებისა და საფინანსო სექტორში სამართლებრივი და საქმიანი ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია უნდა წარუდგინოს.

იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი პროექტს მეორე მოსმენით მიმდინარე კვირას განიხილავს, არ არის გამორიცხული, კანონპროექტი მესამე მოსმენით ამ კვირაშივე დაამტკიცონ. რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ის პროექტს დაადებს თუ არა ვეტოს, ეს ამ დროისთვის უცნობია, მაგრამ გიორგი მარგველაშვილი ვეტოს გამოყენებით ცოტა ხნის წინ იმუქრებოდა.