„2008 წლის ნოემბერში(!) „დესერტად“, მოსკოვში საქართველოს კულტურის დეკადის ჩატარებას სთავაზობდნენ...“

„2008 წლის ნოემბერში(!) „დესერტად“, მოსკოვში საქართველოს კულტურის დეკადის ჩატარებას სთავაზობდნენ...“

ორჭოსნის სიახლოვეს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება იქნება ერთ-ერთი საკითხი, რაზეც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ისაუბრებს. ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა 15 ივლისს პრაღაში გაიმართება. როგორც აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, პრაღაში უმწვავესი საუბარი იქნება.

რას უკავშირდება რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება და რა გზა რჩება საქართველოს? ამ საკითხებზე for.ge ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.

ბატონო ზურაბ, რას უკავშირებთ სოფელ ორჭოსნის სიახლოვეს .. საზღვარი 300 მეტრით გადმოწევას, რუსეთის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი, შეიძლება შეფასდეს როგორც პროვოკაცია?

- ძალიან სახიფათო პროვოკაციაა. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო პრობლემურ რეგიონში ვცხოვრობთ, უამრავი სირთულეებით და მოუგვარებელი კონფლიქტებით. ამ ვითარებაში კიდევ ასეთი პროვოკაცია ძალიან სახიფათოა. ამას შეიძლება მოჰყვეს ვითარების გამწვავება, დესტაბილიზაცია რეგიონში. ამ თვალსაზრისითაც ეს ფაქტი ძალიან სახიფათო ნაბიჯია. ამან შეიძლება ისეთი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, რომ სიტუაცია უკონტროლო გახდეს. ადგილობრივი მოსახლეობა შესაძლო ზარალის გამო უაღრესად შეწუხებული და შეშფოთებულია.

მიუხედავად იმისა, რომ ფორმატი არ ითვალისწინებს, კარასითან შეხვედრის თემა იქნება თუ არა ორჭოსნის სიახლოვეს დე ფაქტო რესპუბლიკის .. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დამონტაჟება და რა შედეგს შეიძლება ველოდოთ?

- ძალიან რთულია რამე მოლოდინების შექმნა. ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს. მართალია, ამ შეხვედრის ფორმატი არ ითვალისწინებს ასეთ ფაქტებზე მსჯელობას, თუმცა სწორედ ამაზე ჩემი მხრიდან პრაღაში უმწვავესი საუბარი იქნება. ეს არის არა მარტო საერთაშორისო სამართლის, არამედ ელემენტარული ადამიანური ნორმების დარღვევა, რისი შეგუება ქართული მხარისთვის მიუღებელია.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატი ამ მიმართულებით სამუშაოდ შეიძლება არ გამოდგეს და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სხვა ფორმატი იმისთვის, რომ პოლიტიკური მიმართულებით ურთიერთობების დალაგება მოხ. იმ ფონზე, როდესაც საუბარია ჟენევის ფორმატის წარუმატებლობაზე, შესაძლებელია, რომ დამატებით ახალი ფორმატი შეიქმნას?

- ვერ ვიტყვი, რომ ჟენევის ფორმატი უშედეგოა. შეიქმნა მექანიზმი, რომელიც მოქმედებს, იგივე კონფლიქტების პრევენციის კუთხით. ამაში ჩართულია ჩვენი დასავლელი პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები. თავისთავად, ძალიან ღირებული ფორმატია. რაც შეეხება პრაღის ფორმატს, რაც ჩვენ დავისახეთ მიზნად, სავაჭრო და სატრანსპორტო ურთიერთობების აღდგენა, გარკვეული ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარება, ეს კონკრეტული საკითხები მეტ-ნაკლებად გვარდება.

რაც შეეხება ახალ ფორმატს, ეს კარგად მოსაფიქრებელია და მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული. უპირველესად უნდა განისაზღვროს რეალისტური ამოცანა და მისი გადაჭრის გზები. ამის შემდეგ შეიძლება უფრო მეტად დაკონკრეტება და ახალ ფორმატზე საუბარი.

ფიქრობთ, რომ დარჩენილია რამე რეზერვი?

- ქართულ–რუსულ ურთიერთობებში უამრავი მოუგვარებელი პრობლემაა. ყოველთვის უნდა ვიფიქროთ გამოსავალზე და არა ჩვენი ოპონენტების მიდგომაზე. გავაუქმოთ, დავხუროთ, აღარ ველაპარაკოთ, აღარ გავიხედოთ და ა.შ. ეს აბსოლუტურად ჩიხური მიდგომაა.

თუმცა, ანალიტიკოსები თვლიან, რომ შედეგიანი იყო ის აგრესიული პოლიტიკა, რომელიც ყოფილ ხელისუფლებას ჰქონდა დასავლეთთან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან მიმართებაში...

- რა შედეგებზე საუბრობენ? წინა ხელისუფლების აგრესიულმა და ვითომ რუსეთისადმი კრიტიკულმა პოლიტიკამ შედეგად მოიტანა ის, რომ ხუთიანზე შეასრულეს რუსეთის ყველა ამოცანა. ჩვენი ტერიტორიების 20% გადაუფორმეს რუსეთს, იმედი მაქვს დროებით. დიდის წვალებითა და მონდომებით საქართველოდან გაყვანილი რუსეთის სამხედრო ბაზები უკან შემოატრიალეს და 2008 წლის შემდეგ, რუსი სამხედროები აგერ, თბილისიდან 25 კილომეტრში დგნან. რაც კი სტრატეგიული ობიექტი იყო დარჩენილი, ყველაფერი რუსულ კომპანიებს მიყიდეს. „დესერტად“ 2008 წლის ნოემბერში(!), წინა ხელისუფლება რუსეთის მხარეს მოსკოვში საქართველოს კულტურის დეკადის ჩატარებას სთავაზობდა. ამდენი დამატებითი ლტოლვილი, გამწვავებული ურთიერთობა აფხაზებთან და ოსებთან, რომელ წარმატებაზე საუბრობენ? რანაირად შეიძლება წარმატებაზე ისაუბრო იმ კატასტროფის შემდეგ, რაც მოხდა 2008 წელს? რუსეთთან ერთიერთობებში ერთი წარმატებული ნაბიჯი დაასახელონ გარდა იმისა, რომ იყო პატარა მუშტების ქნევა და ისტერიკა. უმძიმესი მემკვიდრეობა დაგვიტოვეს.

თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფართობი კიდევ გაიზარდა - რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ბაქო-სუფსის მილსადენის მონაკვეთიც მოექცა...

- კი არ ფართოვდება, გაფართოვდა 2008 წელს. რაც ახლა ხდება, ეს არის შედეგი იმისა, რომ რუსეთმა აღიარა აფხაზეთის და ცხვინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა. შესაბამისად, ახლა რუსეთი თვლის, რომ უფლება აქვს ამ ორ ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებს შეუქმნას სასაზღვრო ინფრასტრუქტურა და დაუკანონოს საზღვრები. აი, ეს არის ტრაგიკული შედეგი იმისა, რაც მოხდა 2008 წელს. ჩვენ რუსებს ის ტერიტორიებიც „გადავუფორმეთ“, რომლებსაც სრულად ვაკონტროლებდით. მხედველობაში მაქვს ახალგორის რაიონი და კოდორის ხეობა.

კარასინის ფორმატში მოხდება .. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დამონტაჟების საკითხზე მსჯელობა, მაგრამ ეს არ იქნება შედეგზე ორიენტირებული, გარდა აღშოფოთებისა, რა გზა რჩება საქართველოს, რომ შეაჩეროს რუსეთის ეს ქმედება?

- ჩვენ ხელთ გვაქვს საერთაშორისო ბერკეტები. მაქსიმალურად უნდა მოხდეს ამ მექანიზმების გამოყენება, რაც კეთდება ამ დღეებში, მაგრამ, ამავე დროს, მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ვეძებოთ ამ ჩიხიდან გამოსავალი, რაც ძალიან რთული იქნება. რუსეთთან ურთერთობა ყველას უჭირს. ნახეთ, რა ხდება უკრაინაში, რუსეთსა და დასავლეთთან ურთიერთობებში, რა ხდება სხვა მეზობელ ქვეყნებში, მარტო ჩვენ არ ვართ ამ ვითარებაში. რუსეთი ძალიან რთული პარტიორი, მაგრამ ძალიან ანგარიშგასაწევია. ამ სირთულეების გამარტივება არ შეიძლება.