რუსეთი 2016 წლის არჩევნებს უმიზნებს

რუსეთი 2016 წლის არჩევნებს უმიზნებს

„საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის და, ბუნებრივია, ჩემთვის, მიუღებელია სუვერენულ ქართულ მიწაზე გამყოფი ზოლის ყოველი ახალი მეტრი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი გამყოფი ხაზი გადის სტრატეგიული ობიექტების მახლობლად. მაგრამ, მინდა ყველას შევახსენო, რომ ურთულეს ვითრებაში, საქართველოს ყველა ხელისუფლება ახერხებდა, პარტნიორებთან ახლო კოორდინაციის გზით, დაეძლია ეს სირთულეები და ასე იქნება მომავალშიც“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრისას.

შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს რუსულმა საჯარისო დანაყოფმა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟა, რომლის შედეგადაც ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენის გარკვეული მონაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

რუსული საფრთხისა და შესაძლო გეგმების შესახებ ექსპერტი, კახა გოგოლაშვილი გვესაუბრება.

ბატონო კახა, რას ნიშნავს რუსეთის მიერ საზღვრის მორიგად გადმოწევის ფაქტი, რაღაც ახალი კონტექსტიეიძლება ვეძებოთ? - მოგეხსენებათ, ამჯერად, ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი საქართველოს მიერ ვეღარ გაკონტროლდება. შეიძლება, ეს უკვე ღიად გამოხატულ აგრესიად შეფასდეს?

- ერთი და იგივე ხდება უკვე დიდი ხანია, რა თქმა უნდა, აშკარა გამოწვევაა, რუსეთი გვიწვევს, პროვოცირება უნდა - როგორც ჩანს, ასე ემზადება საქართველოში 2016 წლის არჩევნებისთვის. ვფიქრობ, მოსახლეობის შეშინება სურს, რომ თუ არ მისცემს პრო-რუსულ ძალებს ხმას, წაიღებს ნახევარ საქართველოს - ალბათ, ამას უნდა ნიშნავდეს, სხვა რა დატვირთვა აქვს რუსეთისთვის ამ პატარ-პატარა ნაწილებს ტერიტორიისა, რომელსაც იტაცებს ბოლო ხანებში, არ ვიცი.

შესაძლოა, ჰქონდეს სტრატეგიული მნიშვნელობაც - სურდეს მაქსიმალურად მიახლოება დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ტრასასთან, მაგრამ ეს სტრატეგიული მიზნებიც საბოლოოდ პოლიტიკური ზეწოლის ჭრილში გადადის - ეძლევა მეტი საშუალება ზეწოლა განახორციელოს საქართველოზე, მის მოსახლეობაზე; მეტად დაემუქროს მის უსაფრთხოებას და ამით რაღაცნაირად, მოახდინოს მანიპულაცია შიდა პოლიტიკური ვითარებისა - ვიტყოდი, ძალების შიდა პოლიტიკური გადანაწილებაზე გავლენის მოხდენას ცდილობს.

სხვა მნიშვნელობა რუსეთისთვის ამ ყველაფერს არ აქვს - ამ ეტაპზე, საქართველოს დაპყრობას რუსეთი არ აპირებს, მაგრამ ფაქტია, რომ სტრატეგიული უპირატესობის მოპოვება პოლიტიკურად აძლევს მეტ შანსებს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში პრორუსული ძალები მოიყვანოს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებით თუ ვისმჯელებთ, საერთო განწყობა არის, რომ საქმის კურსში ჩააყენებენ დასავლეთს. ასეთ შემთხვევაში დასავლეთს თუ შუძლია იმ ტიპის ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რომ საქართველოს მოსახლეობაში საფრთხის შეგრძნება, რომელიც გაჩნდა ჩვენი მილსადენის საოკუპაციო ზოლში მოხვედრით, რაღაცნაირად, განეიტრალდეს?

- დასავლეთი იბრძვის იმისთვის, რომ ყირიმი დააბრუნოს რუსეთმა, დონბასი არ დათმოს უკრაინამ და რუსეთმა ჯარები გაიყვანოს. ანუ საქართველოსთან შედარებით იმდენად მსხვილმასშტაბიან აქციებს ახორციელებს რუსეთი, რომ დასავლეთსაც გაუჭირდება ცალკე საქართველოს საკითხის წამოწევა და რუსეთთან ჭიდაობა.

ჩვენი მთვრობაც დაბნეულია, როგორც ვხედავ, ვერ ხვდებიან რა გადაწყვეტილებები მიიღონ, ჩაკეტონ რუსეთთან ყველა არხი თუ გააგრძელონ ურთიერთობა, ვითომ არაფერია და თვალი დახუჭონ? - მოკლედ, როგორც ჩანს, სხვადასხვა სახის ინფორმაციები მოდის სხვადასხვა მხრიდან, მთავრობასაც როგორც ჩანს, სხვადასხვა სახის რჩევები მოსდის და ვერ გარკვეულან, როგორ მოიქცნენ.

მაინც მგონია, რომ საბოლოოდ, აუცილებლად უნდა მოხერხდეს, რომ საქართველოს საკითხი უკრაინის საკითხთან ერთად დადგეს დღის წესრიგში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია, ცალკე საქართველოს გულისთვის, ასეთი მცირე აქციებისთვის დასავლეთის მხრიდან რუსეთზე ზეწოლა განხოციელდეს.

რუსეთიც საკმაოდ ეშმაკურად იქცევა, ის არ ახდენს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციას, არამედ თითქოს ტექნიკურად ხდება იმ ზოლის დაზუსტება, რომელზეც უნდა გავიდეს გამყოფი ხაზი. ასეთი მანიპულაციებით გადმოდის საქართველოს დარჩენილი ტერიტორიის სიღრმეში.

ვფიქრობ, ჩვენი დიპლომატიის მაქსიმალური ამოცანაა უკრაინისთან დაკავშირებულ პაკეტში გავიდეს საქართელოს საკითხიც - ერთნაირად უნდა განიხილებოდეს, რომ რუსეთმა შეწყვიტოს აგრესია უკრაინისა და საქართველოს მიმართ.

მაგრამ აქ დგება მეორე მნიშვნელოვანი საკითხი - ვინარჩუნებთ თუ არა პოზიტიურ დღის წესრიგს რუსეთთან, მეგობრობის რეჟიმს და მთლიანობაში ვაჟღერებთ თუ არა ამ აგრესიასთან დაპირისპირების სურვილს, მაგალითად, როგორც ამას აკეთებს უკრაინა. უკრაინაში არ მიდის საუბრები, რომ კი, ოკუპანტია, მაგრამ მაინც ჩვენი მეზობელია. ანუ, მოგვიწევს ჩვენც შევწყვიტოთ ასეთი საუბრები და შევეცადოთ, რომ უკრაინასთან ერთად განიხილებოდეს საქართველოს წართმეული ტერიტორიების დაბრუნების საკითხიც, რადგან მხოლოდ კომპლექსურად შეიძლება ზეწოლის განხორციელება რუსეთზე.

ცალკე, რომ აი, რუსეთმა 200 ან 300 მეტრით გადმოწია საზღვარი და სანქციები დაუწესეთ, საკითხი ასე ვერ დადგება, მითუმეტს, რომ ჩვენ თვითონ პირიქით, შეხვედრებს ვმართავთ და ახალ გეგმებს ვსახავთ - ხან რკინიგზების გაყვანაზეა ლაპარაკი და ხან საზღვრის გამშვებ პუნქტებზე და ურთიერთობის სხვადსხვა ფორმებზე. ასეთ ფონზე, როგორ უნდა მოვთხოვოთ დასავლეთს, რომ აბა, ახლა ქმედითი ზომები მიიღეთ რუსეთის წინააღმდეგ? - ამ თვალსაზრისით პირველ მაგალითს შენ უნდა უჩვენებდე, რომ მერე ვიღაცამ შენი გულისთვის მსხვერპლი გაიღოს...

რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას დასავლეთი არ გვთხოვდა?

- რა თქმა უნდა, დასავლეთს აწყობს, რომ რუსეთთან კარგ ურთიერთობაში იყო და არც ისაა მისთვის ტრაგედია, რომ 200 მეტრი წაგვართვეს - ეს ჩვენი ტრაგდიაა. ამიტომ იმას კი არ უნდა ვუყუროთ, დასავლეთი რას გვთხოვდა ამ კონტექსტში, არამედ, უნდა დავალაგოთ იმდენად, რამდენადაც ჩვენ გვაწყობს.

ასე, დასავლეთს შეიძლება აწყობდეს კიდეც, რომ უკრაინამ ყირიმი და დონბასი დათმოს - კონფლიქტიც მოგვარდება და შემდგომი პრობლემებიც აღარ ექნება, არც დასავლეთს და არც უკრაინას რუსეთთან, მაგრამ საქმე იმაშია, რომ აქ არ არის ლაპარაკი მარტო დასავლეთის ინტერესებზე. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ შენ ხარ ქვეყანა, სახელმწიფო და გაქვს შენი ინტერესები.

რა თქმა უნდა, უნდა გაითვალისწინო დასავლეთის ინტერესები და დასავლეთთან ერთად უნდა ეცადო, გადაწყვეტილება მიიღო. მარტო არ უნდა იმოქმედო, მაგრამ ჩვენი დიპლომატიის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ჩვენ ჩვენი ინტერესები გავატაროთ, მათ შორის, დასავლეთან, იმიტომ, რომ რუსეთთან ჩვენი ინტერესების გატარება დიპლომატიის შესაძლებლობებს სცილდება - ის დიპლომატიური რესურსი არ გაგვაჩნია, რომ რუსეთთან რაიმე ჩვენი გადაწყვეტილება გავიტანოთ. მოდის ტანკი და შენ არ გაქვს არანაირი შესაძლებლობა, ამას რაიმე დიპლომატიური ხერხებით დაუპირისპირდე. ვერაფერს შესთავაზებ რუსეთს ისეთს, რომ ის ამითი დაკმაყოფილდეს. ყოველ შემთხვევაში, ისეთ რამეებს ითხოვს, რასაც შენ ვერ დაუთმობ.

თქვენ ახსენეთ პრორუსული ძალები და 2016 წლის მოახლოებული არჩევნები. ცნობლია დღეს რა ფონიც გვაქვს - რუსული ტელეარხები საქართველოს პროპაგანდით არიან დაკავებული, პარალელურად, ქართულმა პოლიტიკურმა ძალებმაც დაიწყეს რუსეთში ვიზიტები. ფაქტობრივად, გააქტიურებულია .. რბილი ძალის პოლიტიკა. რამდენად არის შესაძლებელი საქართველოში პრორუსული პოლიტიკური პარტიების გაძლიერება იმდენად, რომ მათ არჩევნების შედეგებზე გავლენა მოხდინონ? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი რუსული პოლიტიკის ნაწილი გახდნენ თუ მხოლოდ საკუთარი ამბიცია ამოძრავებთ - რამენაირად ხელისუფლებაში მოხვედრა?

- შეიძლება ამ მომენტში ასეთი ძალები არ იყოს ძლიერი, მაგრამ ზოგჯერ სიტუაცია ყველაფერს ცვლის. საკმარისია მოხდეს იმ ნაწილის აპათიაში მოქცევა, რომელიც არ არის პრორუსული, ხოლო მეორე ნაწილი შეიარაღდეს ოპტიმიზმით და შესაძლოა, გაიმარჯვოს კიდევაც. მაგალითად, თავის დროზე უკრაინაში ასე მოხდა, როდესც იანუკოვიჩმა გაიმარჯვა - განა მეტი რუსი ცხოვრობდა იმ მომენტში ვიდრე უკრაინელი? განა მეტი იყო იმის მოსურნე, რომ უკრაინა რუსეთის ფრთის ქვეშ ეხილა და არა დასავლეთის?! მაგრამ, იმის გამო, რომ მოხდა გარკვეული ეროზია იმ ხელისუფლების, რომელიც იყო პროდასავლური, უბრალოდ, მისი ამომრჩეველი გახდა პასიური. ისინი არ წავიდნენ არჩევნებზე, ზოგიც შეცდომაში შევიდა.

რა თქმა უნდა, რუსეთს ასეთი სიტუაციის იმედი აქვს. ის ფიქრობს, რომ პროდასავლური ვექტორის მომხრე ამომრჩეველს ინტერესი დაეკარგოს არჩევნებისადმი, ხოლო მეორე ნაწილი, რომელიც რუსეთს ემხრობა, იყოს მაქსიმალურად მოტივირებული.

ნუ ვიფიქრებთ, რომ საქართველოს მთელი მოსახლეობა არის პოლიტიკურად აქტიური, კარგად ესმით, რას უჭერენ მხარს და რისთვის მიდიან არჩევნებზე. მოსახლეობის დიდი ნაწილი ემორჩილება პროპაგანდას. შეიძლება, მათი განწყობის შეცვლაც და ასეთი რამ მომხდარა სხვა ქვეყნებში, მათ შორის, უკრაინაშიც, როგორც ვნახეთ.

რა თქმა უნდა, რუსეთს აქვს იმედი, რომ ის პარტიები, რომლებიც თავიანთი მრწამსით პრორუსულები არიან გაჩენილი ფულით, უფრო მეტად დააინტერესოს, ასევე იმ ბერკეტების წყალობით, რომლითაც რუსეთი გაჩვენებს, რომ მის ხელში ხარ, დასავლეთი ვერ გიშველის და კიდევ ბევრი სხვა მეთოდით, რუსეთი შეეცდება შეცვალოს საქართველოში საარჩევნო ლანდშაფტი და მეტი მხარდამჭერი გაჩნდეს პრორუსული ძალებისა, ვიდრე პროდასავლურის.

ამერიკას შესაძლოა, იმაზე მეტი ინფორმაცია აქვს იმ პროცესების შესახებ, რაც ამ კონტექსტში ხდება, ვიდრე საქართველოს საზოგადოებას. ის არ არის დაინტერესებული, რომ აღნიშნული სცენარი არ განვითარდეს საქართველოში?

- საქმე იმაშია, რომ ამერიკაც და ევროპაც გეხმარებიან იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია. მათი დახმარებაც აშკარად ჩანს და ამ დახმარების ლიმიტებიც, ანუ საზღვრები - სადამდე გეხმარება და რის შემდეგ ვეღარ - როგორც ფინანსურად, ისე პოლიტიკურად.

რუსული პოლიტიკა ასეთ შემთხვევაში თითქმის შეუზღუდავია, ანუ რუსეთი მზადაა ერთიათად გაზარდოს რესურსი, რომელსაც ხარჯავს, თან ავტორიტარული ქვეყანაა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად უფრო ღარიბია ვიდრე დასავლეთი, მაგრამ ის მზად არის გადმოვიდეს და ომიც კი გააჩაღოს - ის არ დაიშურებს არანაირ რესურსს, რომ კავკასია ჩაიგდოს ხელში.

დასავლეთისთვის ასეთ პოლიტიკასთან დაპირისპირება ცოტა რთულია. იმ ვითარებაში, თუ საქართველოს ხელისუფლება იქნება მტკიცე და შურყეველი, მაშინ დასავლეთი დაგიჭერს მხარს. მაგრამ, თუ საქართველოში შიგნიდან დაიწყო სხვა მოძრაობები და სხვათა შორის, ასეთი შიშები მოლდოვაშიც არსებობს, თუ საქართველოს ან მოლდოვის მოსახლეობის 60% პრორუსულ ძალებს დაუჭერს მხარს, დასავლეთი არ არის რუსეთი, რომ მოვიდეს, ომი დაიწყოს და ამით თავისი გავლენა გაზარდოს.

ანუ შეიძლება ითქვას, რომ ნელ-ნელა ვექცევით რუსეთის მარწუხებში, საიდანაც შესაძლოა თავი ვეღარც კი დავაღწიოთ?

- ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლების უნარზე და მის მიერ გამოვლენილ შესაძლებლობებზე. თუ ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც დეკლარაციულად არის პროდასავლური, იქნება ქმედითი, ხოლო ადამიანები მთავრობით კმაყოფილი იქნებიან, მაშინ შედარებით ძნელი იქნება რუსეთისთვის საქართველოს ხელში ჩაგდება.

მაგრამ, თუ მოხდება არსებული ხელისუფლების დისკრედიტაცია (რომელიც ეკონომიკურ სირთულეებს შეიძლება მოყვეს), როდესაც ასევე დისკრედიტირებულია ოპოზიცია, რუსეთს არ ძინავს და ყველაფერს აკეთებს მოსახლეობას აჩვენოს, რომ თუ ჩემთან იქნებით, ყველა პრობლემა მოგეხსნებათ. ამიტომ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება მმართველ ძალაზე. თუ ის მოახერხებს სწორი პოლიტიკის განხორციელებას, კონსოლოდირებას, შესაძლებელი იქნება წარმატება, თუ არა და, ძალიან ძნელი იქნება ამ რუსულ შემოტევასთან დაპირისპირება.