რუსეთი მცოცავი ანექსიის პოლიტიკას აგრძელებს და საქართველოს საოკუპაციო ხაზს დღითიდღე აფართოებს, თბილისში კი, ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე ვერ თანხმდებიან.
ოპოზიცია პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტს მოუწოდებს გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვასთან დაკავშირებით, რეზოლუცია მიიღოს და დაუყოვნებლივ უშიშროებისა და უსაფრთხოების საბჭოს სხდომები გამართოს.
მმართველი გუნდი ოპოზიციისგან განსხვავებით, არ ჩქარობს და აცხადებს, რომ დოკუმენტის მიღებაზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყება, რაც პარლამენტი საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს მოუსმენს.
უმრავლესობის ამ დამოკიდებულებას უმცირესობა ხელისუფლების პასიურობად აფასებს. როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საზღვრის უკანონო გადმოწევა ყოველ დღე ხდება, სანაცვლოდ კი, საზოგადოება ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ხედავს.
„საგარეო უწყება მხოლოდ შემაშფოთებელ განცხადებას აკეთებს, რაც პროცესების არავითარ ძვრას არ ახდენს. ღარიბაშვილი საერთაშორისო პარტნიორებს უმტკიცებდა, რომ ქართული მხარე რუსეთთან ურთიერთობას ალაგებს და მაგალითად აბაშიძე-კარასინის ფორმატი მოჰყავდა, რის გამოც ამ მოლაპარაკებების პროცესიდან საერთაშორისო თანამეგობრობა გათიშულია და არანაირი ბერკეტი არ არსებობს იმისა, რომ საერთაშორისო დონეზე ამ საკითხების განხილვა ხდებოდეს“, - აცხადებს ბეჟაშვილი.
კანონმდებელის ცნობით, ორი წლის მანძილზე, ოკუპირებული ტერიტორიების გარშემო ბლოკ-პოსტები გაუქმებულია, სამხედრო ძალების რაოდენობა შემცირებულია და საოკუპაციო ზოლი დაუცველია.
„თუკი საქართველო ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს არ გააქტიურებს, სხვა თავს არ შეიწუხებს. უფრო მეტად აქტიური უნდა ვიყოთ, როგორც ცხრა წლის მანძილზე ვიყავით“, - დასძენს ბეჟაშვილი, რომლის მსგავსად, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი რეზოლუციის მიღებას მიესალმება.
for.ge-სთან საუბარში ჩიქოვანი აცხადებს, რომ ხელისუფლება მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს იმედად არ უნდა დარჩეს.
„გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია როგორც უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა, ასევე - უსაფრთხოების საბჭოსი. ყველამ უნდა დაინახოს, რომ საქართველო ამ დარღვევას სერიოზულად აღიქვამს და რუსეთისთვის სერიოზული პასუხის გაცემას აპირებს. ხელისუფლება საბჭოს სხდომების გამართვის თაობაზე ფეხს ითრევს, რაც დაკავშირებულია მათ უმოქმედებასთან“, - აღნიშნავს ჩიქოვანი.
უმრავლესობა ოპოზიციისგან განსხვავებით ფიქრობს, რომ ამ პროცესში არ უნდა იჩქაროს, რათა რეზოლუციის მიღებით რაიმე არ გააფუჭოს.
როგორც for.ge-ს უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ განუცხადა, ამ საკითხზე, დეპუტატებმა ყველა ინფორმაცია უნდა მიიღონ. მათ შორის საგარეო უწყებისა და ძალოვანი სამინისტროებისგან.
„აბაშიძე-კარასინის შეხვედრა გაიმართება და სჯობს, მას დაველოდოთ. რეზოლუციით რაიმე არ გავაფუჭოთ, თორე, რეზოლუციას წინ არაფერი უდგას. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს, მას თავისი ხელმძღვანელი ჰყავს და სხდომის მოწვევა მათი აპარატის პრეროგატივაა. სწორი არ იქნება, რომ დეპუტატი მათ დირექტივებს ვაძლევდე“, - აცხადებს საგანელიძე, რომლის მსგავსად, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ინფორმაციების მიღებაზე აპელირებს და ირწმუნება, რომ ოკუპაციის საკითხი ხელისუფლების ყოველდღიური წესრიგია.
„საგარეო და თავდაცვის კომიტეტები იმისათვის იმუშავებენ, რომ განიხლონ, საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის საპასუხოდ რას ვაკეთებთ. სანამ ამ საკითხს დღის წესრიგში ოპოზიცია დასვამდა, ჩვენ გავაჟღერეთ, რადგან ძალიან აქტიური დღის წესრიგი დაიგეგმა. იმ დოკუმენტს მივიღებთ, რაც საქმიანი იქნება და არა უბრალო დეკლარაციას, რომელიც შეიძლება არაფრისმომცემი იყოს“, - ამბობს კობახიძე.
საკითხზე საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი კი, ყურადღებას რუსეთის მუქარაზე ამახვილებს - რუსეთმა სამიზნეში ენერგომატარებლების, ტრანსპორტირების საშუალებები ამოიღო, რაზედაც 2006-2007 წლებში, ამერიკა და ევროკავშირი სააკაშვილს აფრთხილებდნენ, როდესაც სამშვიდობო პროცესის განვითარებაზე იყო საუბარი.
დეპუტატები რუსეთის ქმედებებს რეზოლუციით გააპროტესტებენ, თუ ინფორმაციების მოსმენით, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ მერვე მოწვევის პარლამენტმა უფრო მეტი რეზოლუცია უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიიღო, ვიდრე საქართველოს საოკუპაციო ხაზის გაფართოებაზე.
შეგახსენებთ, რომ ბანერი, რომელიც ორჭოსანშია დამონტაჟებული, თბილისი-გორის მაგისტრალიდან დაახლოებით 500 მეტრის დაშორებით მდებარეობს. ამავე სივრცეში გარკვეულ მონაკვეთზე მოქცეულია ბაქო-სუფსის ნავთობსადენიც.