ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენი საოკუპაციო ზოლში მოექცა

ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენი საოკუპაციო ზოლში მოექცა

რუსმა ოკუპანტებმა თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს. კერძოდ კი, წითელუბნის და ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე. სწორედ, ამ სოფლის სიახლოვეს მდებარეობს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული მონაკვეთი. რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებების შედეგად, სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების 300 მერტით გადმოწევას რეგიონში დესტაბილიზაციის მცდელობისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა ენუქიძე.

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაური განცხადებით კი, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები სხვადასხვა სოფლებშიც დგას და, რაც გორის რაიონში გააკეთეს, ეს არ არის პირველი და უცხო. რაც შეეხება ბაქო-სუფსის მილსადენს, გომელაურის განცხადებით, მილსადენს 7 წელია არავინ შეხებია და იმედოვნებს, რომ მილსადენს პრობლემა არც ამჟამად შეექმნება.

„არ არის მანდ პრობლემა, ძალიან ახლოს გადის. აქამდე შვიდი წელი გავიდა და არავინ შეხებია ამ მილსადენს და არც ახლა მგონია დაზიანდეს, რადგან მიწაშია, ძალიან ღრმად. თუ ეს მოხდება, შესაძლებელი იქნება იმ კილომეტრნახევარის მოქცევა და აქეთ მხარეს გადმოწევა, რა თქმა უნდა, ეს თანხები დაჯდება“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ აღნიშნული ინცინდენტი არ უკავშირდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას, არამედ მას საკმაოდ დიდი უარყოფითი გავლენა შემოაქვს მთელ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ვითარებაზე. როგორც თენგიზ ფხალაძე აცხადებს, შექმნილ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად მოვახერხოთ საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ ორ გარემოებას გავუსვათ ხაზი. პირველი - ეს ინციდენტი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას განხილული როგორც ცალკე აღებული ერთეული პროვოკაცია. ჩვენ უნდა ვისაუბროთ პროცესზე, რომელიც, სამწუხაროდ, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ხორციელდება საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

მეორე - როდესაც ვსაუბრობთ ამ პროცესზე, ძალიან მნიშვნელოვანია დავინახოთ და სწორად გავიაზროთ, რატომ ხდება მსგავსი ინციდენტები სწორედ ქართულ-რუსული შეხვედრების მორიგი რაუნდის წინ - როცა რომელიმე მხარეს სურს რაღაც საკითხის მოგვარება, რთულად დასაშვებია, რომ ასეთ დროს ხორციელდებოდეს იმ ტიპის ქმედებები, რომელიც საკმაოდ ძაბავს სიტუაციას არა მხოლოდ ორ სახელმწიფოს შორის, არამედ ახდენს ვითარების ესკალაციას მთელ რეგიონში. ხაზს ვუსვამ, რომ ეს ინცინდენტი არ უკავშირდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას, მას საკმაოდ დიდი უარყოფითი გავლენა შემოაქვს მთელ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ვითარებაზე“, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

ოფიციალური თბილისი მოითხოვს, რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს ეს უკანონო ქმედება და მოვიდეს საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობაში. ქართული მხარე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის ამ ქმედებას, რომელიც მშვიდობის წინააღმდეგ არის მიმართული და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. ოფიციალური თბილისი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ეს პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩება და სათანადო რეაგირება მოჰყვება.

თავდაცვის მინისტრის შეფასებით, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა გუშინ, იმიტომ რომ ეს მცოცავი ანექსია სახეზეა 2008 წლიდან მოყოლებული. თინა ხიდაშელის განცხადებით, ქვეყნის 20% ოკუპირებულია და 2 კილომეტრით მეტს გადმოწევენ საზღვარს თუ 20 მეტრით, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ იმავე ხაზის გაგრძელებაა, რაც ქვეყანაში დიდი ხანია ხდება.

„ეს არის ის, რაზეც ამდენი ხანია ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომაც გვინდა გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. ჩვენი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, სწორედ ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ოკუპაციის, ძალმომრეობის, ძალადობისაგან თავის დაღწევის.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ამ 20 მეტრს ან 2 კილომეტრს კი არა, იმ 20%-ს დაიბრუნებს და რუსებს საკუთარი ხელით მოუწევთ ტრანსფარანტების თუ ტრაფარეტების, რასაც დგამენ ჩვენს მიწაზე, უკან, ოფიციალური, საბჭოთა კავშირის დროინდელი საზღვრისკენ გადაწევა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

„თავისუფალი დემოკრატები“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, დროულად აამოქმედოს ყველა საერთაშორისო ბერკეტი, გამოიყენოს ყველა ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატი, რათა დროულად მოხდეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის აღმართვასთან დაკავშირებით რეაქცია.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხდებით რუსეთის ფედერაციის ქმედება კონფლიქტის რეგიონში არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების კიდევ ერთი უხეში დარღვევა და მიმართულია რეგიონში სიტუაციის გასამწვავებლად, ასევე ქმნის დაძაბულ ვითარებას აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრის წინ, რომელიც 15 ივლისს უნდა გაიმათოს პრაღაში.

„ამგვარი ნაბიჯები ხელს უწყობს ვითარების მხოლოდ გამწვავებას და არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესებას ადგილზე, რაც საფრთხეს უქმნის მთლიანად რეგიონულ უსაფრთხოებას. ჯერჯერობით, არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ან ცალკეული ქვეყნის მიერ არ გაკეთებულა შესაბამისი განცხადება, რაც მიუთითებს საქართველოს ხელისუფლებს არასათანადო მუშაობაზე.

ამისათვის საჭიროა, უამაღლეს დონეზე დაუყოვნებლივ, პირდაპირი კომუნიკაცია მსოფლიოს ლიდერებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, რათა მოხდეს რუსეთის ამ კონკრეტული ქმედების მკაცრი დაგმობა და შესაძლო სამომავლო პროვოკაციების პრევენცია. ასევე, მჭიდროდ ითანამშრომლოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რომელსაც ჯერჯერობით არ გაუკეთებია ვითარების შეფასება“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელს ყოფილი პრემიერისკენ იშვერს. გივი თარგამაძე აცხადებს, რომ მცოცავი ოკუპაცია ბიძინა ივანიშვილის და მისი მართული ხელისუფლების პირადი პასუხისმგებლობის საკითხია.

„ჩვენ გვსაყვედურობდნენ, რომ ომის და იმ მართლაც დიდი წინააღმდეგობის შედეგად დამატებით ტერიტორია დაიკარგა და სრულიად მშვიდობიან გარემოში, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, თითქმის იმდენივე ტერიტორია დაიკარგა სამი წლის განმავლობაში და ამაზე უნდათ წარმოაჩინონ, რომ პასუხისმგებლები თვითონ არ არიან. რა თქმა უნდა, არიან. ეს არის ამ ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის, მისი მართული ხელისუფლების პირადი პასუხისმგებლობის საკითხი“, - აცხადებს გივი თარგამაძე.

დამოუკიდებელი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ საზოგადოებამ უფრო მეტი უნდა იცოდეს იმის თაობაზე, რის საფუძველზე ხდება საზღვრის პერმანენტული გადმოწვევა ქვეყნის შიგნით. მისივე თქმით, თუ ეს ხდება კონკრეტული რუკების საფუძველზე, რომელიც თითქოსდა აქვთ, მაშინ ეს რუკები ქართულ მხარეს უნდა ჰქონდეს. როგორც ანჯაფარიძე აცხადებს, ალბათ, შესაძლებელია, საუბარი ამ თემაზე, რომ დადგინდეს მართლა გადიოდა თუ არა იმ ტერიტორაზე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვარი.

„იქნებ, ეს არის უბრალოდ პროვოკაციული ქმედება, რომელიც ემსახურება ერთ რამეს - რომ როგორმე ქართული მხარე გამოიწვიონ საპასუხო ნაბიჯზე, რომ მოხდეს რეგიონში დესტაბილიზაცია და შემდეგ სათავისოდ გამოიყენონ. არის მეორე პრობლემა, რომელზედაც სამწუხაროდ საჯაროდ არ საუბრობენ. ბორდერიზაციის პროცესის პარალელურად, რუსული მხარე მოლაპარაკების დროს ქართულ მხარეს ეუბნება, რომ ვისაუბროთ საზღვრის დემარკაციის საკითხზე, რომ ეს ბორდერიზაციის პროცესი დავარეგულიროთო. როგორც კი ქართული მხარე ამ არაღიარებული რესპუბლიკის წამყვან პირებთან დაჯდება სასაუბროდ, ეს უკვე ნიშნავს, რომ ამ არაღიარებულ რეგიონს აღიარებენ. ბუნებრივია, რომ ქართულ მხარეს ამაზე წასვალა არანაირად არ შეუძლია და არც უნდა წავიდეს“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, რუსეთი ამ ვითარებას იყენებს იმისათვის, რომ ერთი მხრივ საქართველოს შიგნით გამოიწვიოს დაძაბულობა, მუდმივი წნეხის ქვეშ ამყოფოს საქართველოს ხელისუფლება.

„შესაძლოა, ეს წნეხი სჭირდება იმისათვის, რომ დაიყოლიოს დამატებით დათმობებზე, ან იმისათვის, რომ კონფლიქტის ზონაში მოახდინოს დესტაბილიზაცია და მერე გადააბრალოს ქართულ მხარეს. სიტუაცია მართლაც დაძაბულია და როგორც ბატონმა აბაშიძემ განაცხადა მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილების მუხტი არის მაღალი და არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს იარაღის გამოყენება. კონფლიქტის ზონაში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დესტაბილიზაცია აწყობს მხოლოდ რუსეთს“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.