შექმნილი ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში მასობრივ დაბრუნებას არ აპირებენ. თუმცა, უკვე დაფიქსირდა ერთეული შემთხვევები, საბერძნეთიდან ქართველების თურქეთში გადასვლის შესახებ. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ერთეულებმა გამოხატეს სურვილი ესპანეთსა და იტალიაში შესაძლო გადავლის შესახებ, თუმცა ასეთია ერთეული შემთხვევები და საქართველოს მოქალაქეების მასობრივ მოძრაობას ადგილი არ აქვს.
ეკონომიკური კრიზისის ფონზე რამდენი პროცენტი დარჩა უმუშევარი, რომელ ქვეყანაში გადადიან ქართველი ემიგრანტები სამუშაოდ და გეგმავენ თუ არა მასიურად სამშობლოში დაბრუნებას? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge გელა დუმბაძეს ესაუბრა.
საბერძნეთში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი შეეხო საქართველოს მოქალაქეებსაც, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველები მასიურად გეგმავენ საბერძნეთიდან ქვეყანაში დაბრუნებას. ბატონო გელა, თქვენი ინფორმაციით, რამდენად დიდია ციფრი ემიგრანტებისა, რომლებიც აპირებენ საქართველოში დაბრუნებას?
- საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში მასობრივ დაბრუნებას არ აპირებენ. მოგეხსენებათ, რომ გასულ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო საბერძნეთში სიტუაციის გასარკვევად. ასევე, მე მოვიწვიე სპეციალური სხდომა, რომელზეც გადაწყდა, რომ მომავალ კვირას ჩემი პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი გაემგზავრება ათენსა და სალონიკში, სადაც ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან კიდევ ერთხელ გაივლის იმ პრობლემატიკას, რაც მათ წინაშეა. ჩვენ მოვიწვიეთ ასევე საბერძნეთის საელჩოს მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, რომელთანაც ხანგრძლივი საუბარი გვქონდა.
ამ საინფორმაციო წყაროზე დაყრდნობით გვაქვს სრული ხედვა იმისა, რომ შექმნილი ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად არავითარი მასიური განწყობები ქვეყნის დატოვებისა, არ არსებობს. სამწუხაროდ, საბერძნეთში ხშირად არის ხოლმე მსგავსი ტიპის ეკონომიკური გართულებები. დიდი ალბათობით, ეს ხალხი დაელოდება მოვლენათა განვითარებას, გადახედავენ სიტუაციას.
თქვენ ამბობთ, რომ მასობრივი დაბრუნება არ იგეგმება, თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ ქართველები საბერძნეთიდან სხვა ქალაქებში გადადიან სამუშაოს საძიებლად...
- სოციალური ქსელის საშუალებით რამდენიმე ჩვენმა ემიგრანტმა გამოხატა სურვილი ესპანეთსა და იტალიაში შესაძლო გადავლის შესახებ, თუმცა იყო ერთეული შემთხვევები მსჯელობის დონეზე. ანუ, გამოკვეთილი სურათი, რომ საბერძნეთიდან ქართველების მასიური მიგრაცია იწყება, არ არსებობს. ძალიან განვიცდი, რომ ამ პროცესის ხელოვნურად აჟიტირება ხდება.
ვის ინტერესში შედის, ამ პროცესის ხელოვნურად გართულება?
- ოპოზიციური წრეების წარმომადგენლებისთვის ეს არის სპეკულაციის თემა. ვიცით, რომ საქართველოდან საბერძნეთში ქართველების ძირითი ნაწილი წავიდა შევარდნაძის და სააკაშვილის დროს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში წავიდა ძალიან მცირე მასა. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც დაბრუნდნენ საქართველოში. ეს დინამიური პროცესია.
ემიგრანტების მასიური დაბრუნების შემთხვევაში რას გააკეთებს მთავრობა?
- რა თქმა უნდა, ვმუშაობთ, მაგრამ, ჩვენ ვამბობთ, რომ არავითარი მასიური დაბრუნების ფონი არ არსებობს. თუკი იქნება დაბრუნების მცდელობა, ჩვენს ხელისუფლებას მობილიზების საკამოდ მაღალი ხარისი აქვს, მოხდება ამ ადამიანების დაკვალიანება, ფსიქოლოგიური დახმარება, ექნებათ ხელშეწყობა. ვერ ვიტყვი, რომ ყველა მათგანი იქნება დასაქმებული და ყველაფრით უზრუნველყოფილი. ეს არ არის აშშ-ი და ისრაელი, ეს არის საქართველო, რომელსაც უამრავი უმუშევარი ჰყავს ადგილზე. ეს არის კაპიტალისტური სამყაროსთვის დამახასიათებელი პროცესი, ადამიანები მიდიან, წვალობენ და ასე ინახავენ 3-4 ოჯახს.
საბერძნეთში მცხოვრები ყველა ადამიანი, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები, ელოდებიან შეთანხმებას, რომელიც ბრიუსელში უნდა შედგეს. ისინი იმედოვნებენ, რომ შეთანხმება მოხდება, ბანკები გაიხსნება და ჩვეულებრივ გააგრძელებენ მუშაობას და ცხოვრებას საბერძნეთში...
- არა მარტო ქართველები, ბერძნებიც ელოდებიან რა შეთანხმება შედგება ბრიუსელში. ბოლომდე თვითონ ევროკავშირმა და საბერძნეთმა არ იცის, რა იქნება საბერძნეთის ვერდიქტი. დიდი გეოპოლიტიკური პროცესები მიმდინარებს, მათ შორის წყდება ევროპის ბედი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთი გადაწყვეტილება, რომ საბერძნეთში არ არის კარგი ცხოვრება და აბა ჩქარა დავბრუნდეთ, ასეთი რამ არ ხდება.
თუმცა, არის შემთხვევა, როდესაც საბერძნეთიდან თურქეთში გადავიდნენ სამუშაოდ ქართველები და ეს მოხდა ამ კრიზისის ფონზე. თქვენი ინფორმაციით, ეს ხდება მასიურად, თუ მხოლოდ ერთეული შემთხვევაა?
- დიდი მაჩვენებელი არ არის. ჩვენ კავშირი გვაქვს ჩვენს საელჩოსთან და არავითარ მასიურ მოძრაობას ადგილი არ აქვს. ადამიანები თურქეთში, ესპანეთში, იტალიაში წინა პერიოდშიც გადადიოდნენ. ეს ბუნებრივი მიგრაციის პროცესია. ამაში ტრაგიზმი არ არის. ყველამ მინდა იცოდეს, რომ სოზარ სუბარის უწყებასთან არსებობს რეინტეგრაციის დეპარტამენტი, სადაც ემიგრანტებისთვის მოქმედებს სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარების პროგრმა, რისთვისაც გარკვეული თანხებიც გამოიყო.
ემიგრანტები რომლებიც დაბრუნდნენ ქვეყანაში, ამბობენ, რომ ისინი უყურადღებოდ არიან მიტოვებული ხელისუფლების მიერ. თუკი არსებობს ასეთი პროგრამები, მაშინ რას ეფუძნება მათი კრიტიკა?
- არასწორია ეს შეფასება. მოდით ასე ვთქვათ, ვიღაცა რატომ ფიქრობს, რომ მას, როგორც ემიგრანტს უნდა ჰქონდეს დამატებითი პრივილეგიები, ვიდრე იმ ადამიანს რომელიც წლებია უმუშევარია და უამრავი სოციალური პრობლემები გააჩნია? ისიც ხომ სახელმწიფო ზრუნვის საგანია?! იმის გამო, რომ მე სადღაც ვიყავი, ახლა დავბრუნდი და პრივილეგია მეკუთვნის, ეს არის არასწორი მიდგომა. კანონის წინაშე ყველა თანაბარია. თუ არის პრეტენზია ხელისუფლების მიმართ, რომ რაღაცის გაკეთება შეიძლება და არ ვაკეთებთ, კი ბატონო, მაშინ ამ პრობლემის მოგვარების მექანიზმი და ფორმულა შემოგვთავაზონ. თითის გაშვერაზე ადვილი არაფერი არ არის.
ბატონო გელა, თუ არსებობს სტატისტიკური მონაცემები, შექმნილი ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე ქართველების რამდენი პროცენტი დარჩა უმუშევარი?
- სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილი დასაქმებული არ არის მაღალი კლასის სახელმწიფო უწყებებში. ძირითადად, მომსახურე პერსონალები არიან, დიდი რაოდენობა კი, არალეგალია, რომელიც არ აფიქსირებს თავის სამუშაო ადგილს. ამ ვითარებაში როგორ შეიძლება ვინმეს გააჩნდეს ზუსტი ინფორმაცია, რამდენი დარჩა უმუშევარი. ზუსტი სტატისტიკა ამ თემაზე ვერ იარსებებს.
ოფიციალურად დაფიქსირებული მონაცემებით, საბერძნეთში საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს რამდენიმე ათეულ ათასი მოქალაქე იმყოფება. გადაუმოწმებელი ინფორმაციით კი, დაახლოებით 200 ათასი მოქალაქე იმყოფება. დაახლოებით 11 400 ადამიანი იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე ათენში, 8012 ადამიანი კი სალონიკში.
კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ მიუხედავად კრიზისული სიტუაციისა, მასიური დაბურნების მცდელობებს ადგილი არ აქვს. ჩვენი ემიგრანტები, ჩვენი სამშობლოს ღირსეული შვილები არიან. წელიწადში დაახლოებით მილიარდ ნახევარ დოლარს შეადგენს მათ მიერ განხორციელებული გადმორიცხვები. აქიდან 12-14% სწორედ საბერძნეთიდან მოდიოდა, ამ ხალხს სჭირდება დაფასება, რადგან ისინი საქართველოს მშენებლობის პროცესის თანამონაწილეები არიან. ჩვენ მზად ვართ, უწყვეტ რეჟიმში გავაგრძელოთ მათთან ინტენსიური დიალოგი და თანამშრომლობა.