პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პროკურატურისა და შსს-ს რეფორმასთან დაკავშირებით მსჯელობისას, შეიძლება ითქვას, ერთიან პოზიციაზე შეჯერდნენ, რომლის თანახმადაც, წარმოდგენილი კანონპროექტი პროკურატურის შესახებ, ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკურად ნეიტრალური, დამოუკიდებელი, პროკურატურის მიღებას.
რაც შეეხება შსს-ს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციაა, რომ საჭირო იყო იმ პრობლემატიკის კარგად გააზრება, რაც დღესდღეობითაა და ამის შემდეგ უნდა გასაზღვრულიყო სტრატეგია და მიზანი, თუ რის მიღწევა გვინდა გაყოფით.
არასამთავრობოები კი თვლიან, რომ უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფით მხოლოდ ორი სტრუქტურის გამიჯვნა ხდება.
პასუხობს თუ არა ქართული რეფორმები საერთაშორისი სტანდარტებს, ამ თემაზე სამართალმცოდნე, დავით ჯანდიერი გვესაუბრება.
ბატონო დავით თქვენ თუ გიჩნდებათ კითხვები პროკურატურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით?
- ცვლილებებით შემოთავაზებული საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესი არ მოხსნის პროკურატურის დამოკუდებლობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს, იმის გამო, რომ პროექტის მიხედვით, საბჭოს შემადგენლობაში ერთი მხრივ, მაღალი თანამდებობის მქონე პოლიტიკოსები არიან წარმოდგენილი - მინისტრთა კაბინეტის წევრი, იუსტიციის მინისტრი და პარლამენტის წევრები ანუ მმართველ პარტიასთან ასოცირებული პირები. მეორე მხრივ კი, ცვლილებებით გათვალისწინებული არ არის რომ პარლამენტის მიერ უბრალო უმრავლესობით საპროკურორო საბჭოს შემადგენლობში ასარჩევი სხვა წევრები პოლიტიკური ლოიალობის გათვალისწინებით არ აირჩევიან.
ამ ცვლილებებით გათვალისწინებულია 9 წევრის არსებობა, მას ხელმძღვანელობს იუსტიცის მინისტრი, პლუს ორი დეპუტატი, ასევე პარლამენტის სიითი უმრავლესობით არჩეული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ანუ უმეტესობა საპროკურორო საბჭოში მმართველი პარტიისთვის სასურველი პირები არიან. რაც შეეხება 4 პროკურორს, რომლებიც საპროკურორო საბჭოში შევლენ, წარმოდგენილი ცვლილელებით, პროკურორთა კონფერენციას საპროკურორო საბჭოში ასარჩევად, კანდიდატურებს წარუდგენენ თბილისის, საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურები. ამდენად, კანდიდატის თავისუფლად დასახელების უფლება საბჭოს წევრად ასარჩევად, შეზღუდულია, რაც გამოიწვევს სასურველი პროკურორი კანდიდატებით საბჭოს დაკომპლექტებას. მოკლედ, არ არსებობს არავითარი გარანტია იმისა, რომ ის პირები იქნებიან არჩეული, რომლებიც ხელისუფლებისათვის მისაღები და სასურველი არ იქნება.
თუკი რეფორმის შემდეგ პროკურატურის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესახებ კვლავ დარჩება კითხვები, ეს ნიშნავს, რომ კანონპროექტში სერიოზული ხარვეზები არსებობს. შესაძლებელია საპარლამენტო მოსმენების დროს მისი გამოსწორება?
- პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ეს არის ცვლილებების ძალიან მცირე ნაწილი, რაზეც ამ ეტაპზე ვსაუბრობთ. გარდა ამისა, საყურადღებოა ერთი მომენტი - საპროკურორო საბჭოს ინსტიტუტი, რომელიც არსებობს ევროპულ ქვეყნებში, იმისათვისაა საჭირო, რომ მან უკეთ უზრუნველყოს პროკურატურის მართვა, მაგრამ ის არ არსებობს მთავარი პროკურორის შერჩევისთვის.
არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს ასეთი პრაქტიკა. ვენეციის კომისიის პრინციპებშიც აღნიშნულია, რომ მთავარი პროკურორის შერჩევისთვის უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, ყოველ ჯერზე, როდესაც მთავარი პროკურორია ასარჩევი. ეს იმიტომ, რომ ამ წევრებს არ ჰქონდეთ შეხმატკბილებული ურთიერთობა ერთმანეთთან, რაც თავისთავად, ვერ უზრუნველყოფს ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას.
გარდა ამისა, მთავარი პროკურორის არჩევისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კვალიფიკაცია და პროფესიული მოთხოვნები. ამ კანონპროექტში პროფესიული მოთხოვნები განსაზღვრული არ არის. რაც შეეხება საპროკურორო საბჭოს, მასში უნდა შედიოდნენ მხოლოდ იურიდიული პროფესიის მქონე წარმომადგენლები, პროკურორები, ადვოკატები და იურიდიული დარგის მეცნიერები.
ძალიან დიდ გაკვირვევას იწვევს ის საკითხი, რომ საპროკურორო საბჭოს პირველ პირს, რომელსაც უნდა უხელმძღვანელოს იუსტიციის მინისტრმა, იურიდიული განათლება რატომ არ უნდა მოეთხოვებოდეს.
კანონპროექტში სხვა საკითხებიცაა გაურკვეველი, რომელიც უკავშირდება, მაგალითად, იმას, რომ არ არის დაცული პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის უშუალო ჩარევისაგან თავიდაც აცილების მექანიზმი. მთავარი პროკურორის გათავისუფლების წესიც ასევე ბუნდოვანია.
ცვლილებების მიხედვით, მთავარი პროკურორის გათავისუფლების საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარლამენტმა, ხოლო ცვლილებები ითვალისწინებს მოდელს, რომლის მიხედვითაც, ჯერ, საპროკურორო საბჭომ უნდა დაამტკიცოს მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, შემდეგ გადაუგზავნოს მთავრობას. მთავრობა უფლებამოსილია, მსვლელობა არ მისცეს ამ საკითხს - ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია, მთავარი პროკურორის გათავისუფლების უფლებამოსილ ორგანომდე, ანუ პარლამენტამდე, ვერც კი მიაღწიოს მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტმა.
მთლიანობაში ეს კანონპროექტი იმდენ შეკითხვას და იმდენ შეუსაბამო მომენტს შეიცავს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თავიდან დასაწერია.
ეს არაკომპეტენტურობის წყალობით მოხდა, თუ შეგნებულად ჩაიდო კანონპროექტში ისეთი პუნქტები, რომელიც მმართველი უმრავლესობის მიერ პროკურატურის გაკონტროლების შესაძლებლობას იძლევა?
- ვერ გეტყვით, ამ ორ მიზეზთაგან რომელია ან ორივეა თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგში, ასევე ვიზა-ლიბერალიზაციის ანგარიშში თუ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებში, მუდმივად პრობლემურად მოიაზრებოდა მთავარი პროკურორის შერჩევის საკითხი და პროცედურა ძალზე ნეგატიურად იყო შეფასებული. ამიტომ, ეს ცვლილება, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, თავიდან ბოლომდე ფასადურია, ევროპული სტანდარტების საწინააღმდეგო, ეს არ იქნება ისთი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც სჭირდება ისეთი პროკუტარურის შექმნას, რომელიც არ იქნება ერთი კონკრეტული ჯგუფის ინტერესზე მორგებული, რომელიც ხანგრძლივ პერსპექტივაში შექმნის გარანტიას, რომ ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ქვეყანას ექნება დამოუკიდებელი და ევროპული ხარისხის პროკურატურა.
თუ გაქვთ ინფორმაცია როდის გახდება ცნობილი ვენეციის კომისიის პოზიცია ამ კანონპროექტის მიმართ?
- ჩემი ინფორმაციით, ივლისის ბოლოს უკვე გამოქვეყნდება ვენეციის კომისიის დასკვნა.
არასამთავრობოები ასევე მიიჩნევენ, რომ არც შს სამინისტროს რეფორმაა სრულყოფილი და უშიშროებისა და პოლიციის მხოლოდ მექანიკური გაყოფა ხდება...
- შს სამინისტროს ხელში არის ცენტრალიზებული ძალიან დიდი ძალაუფლება, რომელიც, რა თქმა უნდა, საჭიროებს გაყოფას, ეს იყო „ქართული ოცნების“ დაპირება და მისასალმებელია, რომ ცალკე ჩამოყალიბდეს შს სამინისტრო სამოქალაქო უწყებად, უნდა მოხდეს არა მხოლოდ მექანიკური გაყოფა, არამედ უნდა გახდეს შესაძლებელი რეალური, სამოქალაქო კონტროლის დაწესების საშუალება ამ უწყებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ ორ უწყებას შორის აღმოიფხვრას ფუქციათა დუბლირება და მხოლოდ შსს-ს დარჩეს პოლიციური ფუნქციების განხორციელება.
არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის სხვადასხვა ექსპერტები არაერთხელ უსვამდნენ ხაზს იმის აუცილებლობას, რომ თვითონ რეფორმა უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ ორ უწყებად დაყოფის კუთხით, არამედ შიგნით, ძირეულად უნდა განხორციელდეს ცვლილებები. ამგვარი რეფორმების განხორციელების შესაძლებლობა იმ ცვლილებებს მიხედვით, რომელიც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, არ ჩანს.
როდესაც სამართალდამცავ სისტემაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის არაპროფესიონალიზმი. რეფორმები თუ იძლევა იმის საშუალებას რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს?
- იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებებში ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე - როგორც ვთქვი, დასავლეთის ქვეყნებში საპროკურორო საბჭოები სწორედ იმისთვის არსებობს, რომ პროკურორთა კვალიფიკაცია ოყოს მაღალი და პროკურატურა უფრო უკეთესი გახდეს.
რაც შეეხება შს სამნისტროს რეფორმას, მართალია დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ იმ ტენდენციების მიხედვით, რომელიც ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის, არც მასშია გაკეთებული აქცენტი პოლიციელთა პროფესიონალიზმის ამაღლებაზე. თუმცა ცნობილია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, შს სამინისტროში განხორციელდა ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავდა პოლიციელთა პროფესიული დონის ამაღლებას.
როდესაც შს სამინისტროზე ვსაუბრობთ, მოსმენების თემა კვლავ აქტუალური ხომ არ გახდება? ითქვა, რომ გასაღები ახლადშექმნილი უსაფრთხოების სამსახურის ხელში გადავა...
- მოსმენების თემა აქტუალური იქნება მანამ, სანამ არ შეიქმნება ისეთი სისტემა, რომ გამორიცხოს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა. საკონსტიტუციო სასამართლოში არის ეს საკითხი გასაჩივრებული, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან.
უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ, ის სისტემა, რომელიც საქართველოში არსებობს, არ იძლევა შესაძლებლობას, რომ პირი დაცული იყოს თვითნებური მოსმნისაგან, ისე როგორც ამას მოითხოვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.
ერთ-ერთი საქმე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არის შესული ევროპულ სასამართლოში, უკავშირდება სწორედ ისეთივე სისტემას რომელიც საქართველოშია და უკავშირდება ე.წ. შავი ყუთების არსებობას, ანუ სისტემას, რომელიც არ უზრუნველყოფს ასეთი შესაძლებლობის თავიდან აცილებას.
ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საქართველოს შესასრულებელი აქვს გარკვეული ვალდებულებები, მათ შორის ერთ-ერთია სამართალსდამცავი სისტემის რეფორმირება. რეფორმების პროცესი ფაქტობრივად, დაწყებულია, გაქვთ მოლოდინი, რომ საბოლოოდ, მართლაც ევროპული სტანდარტის შესაბამისს სისტემა გვექნება?
- პირველ რიგში, მთავარია, რეფორმირება რა მიმართულებით ხდება - პოზიტიური თუ ნეგატიური. პრობლემას სისტემურად მიდგომა სჭირდება. სისტემური ხედვის გარეშე ცალკეული ცვლილებები, რა თქმა უნდა, ამინდს ვერ შექმნის.
მათ შორის მთავარია პროკუტარურის რეფორმირება - მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი, გამომძიებელთა კვალიფიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები, შს სამინისტროს რეფორმირება ისე, რომ უწყება გამჭვირვალე იყოს, ასევე - მოსმენებთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც მოითხოვს გადაწყვეტას და რაც მთავარია, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი ორგანოს შექმნა, რომლის შესახებაც არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ექსპერტი საუბრობს.
ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ასევე გადასაწყვეტია, არის სასჯელაღსრულების სამინისტროს თემა - მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა ვენესუელისა და საქართველოს გარდა, სადაც არსებობს ციხეების სამინისტრო.
რა თქმა უნდა, ამ პროცესში ცვლილებებს არავითარი აზრი არ ექნება თუ რეალური და მყარი სასამართლო სისტემა არ იქნება, ხოლო რეფორმები ორიენტირებული არ იქნება იმაზე, რომ დამოუკიდებელი მიუკერძოებელი მაღალი ხარისხის მართლმსაჯულება გვქონდეს.