ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძე აცხადებს, რომ სოფელ ფშავში, მისი და მისი პარტნიორების ქარხანა, რომელიც ხე-ტყეს აწარმოებს, შვიდი წელია გაჩერებულია. დეპუტატის ცნობით, ქარხანას მასალა ექსპორტზე იტალიასა და იაპონიაში გაჰქონდა, ათ პროცენტს საქართველოში ტოვებდა და 125 ადამიანი დასაქმებული ჰყავდა. კანონმდებელი გარემოს დაცვის სამინისტროს მოუწოდებს ქარხანას მუშაობის უფლება მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თოფაძე აქციებს აანონსებს.
„ვიღაცამ ხე-ტყე ჩინეთში უნდა წაიღოს და საქართველოში პარკეტი ჩინეთიდან უნდა შემოვიტანოთ? - ესაა ეკონომიკა“, - დასძენს პარლამენტის წევრი.
თუ რა ვითარებაა საქართველოში ხე-ტყის მოპოვებასთან დაკავშირებით, ამის გარკვევას for.ge გოგი თოფაძესთან შეეცადა.
გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრეთ, რომ ხე-ტყის წარმოებაზე პრობლემები იქმნება. რას გულისხმობდით, უფრო ვრცლად, რომ გვითხრათ?
- 2003-2004 წელს, ხე-ტყის ინსტიტუტთან ქარხნის მშენებლობა შევათანხმეთ და იმას მივაღწიეთ, რომ საქართველოდან მორები არ გასულიყო, რადგან დამუშავებული მორი ფიცრად რომ აქციო, შვიდჯერ მეტ მოგებას ტოვებს და თუ მას პარკეტად აქცევ, კიდევ უფრო მეტი შემოსავალი მოაქვს. სოფელ ფშავში, მე და ჩემმა პარტიორებმა ძალიან თანამედროვე ქარხანა ავაშენეთ, რომლიც მშენებლობაც დაახლოებით 3 მილიონი ევრო დაგვიჯდა. მსგავსი ქარხანა საქართველოში არ არის, იქ როგორც ავეჯის ნაწილები, ასევე ფიცარი და პარკეტი კეთდება. ქარხანამ ფუნქციონირება 2006 წელს დაიწყო და დაახლოებით ცხრა თვე იმუშავა. მაშინ, კანონით, ყოველ წელს, ტყე-კაფს ვყიდულობდით და წელიწადში 10-15 ათასი კუბა მეტრი გვჭირდებოდა, რომელსაც ვამუშავებდით. ეს მასალა ექსპორტზე გადიოდა როგორც იტალიაში, ასევე იაპონიაში. ათი პროცენტი კი, საქართველოში რჩებოდა. ცხრა თვის მანძილზე, ჩვენმა ქარხანამ სახელმწიფო ბიუჯეტში მილიონ ლარზე მეტი შეიტანა.
ცხრა თვის შემდეგ, ქარხანამ მუშაობა რატომ შეწყვიტა?
- 2006-2007 წლებში, ხე-ტყის ბიზნესი საკმაოდ შემოსავლიანი იყო და არავის აწყობდა, რომ ეს ბიზნესი დამოუკიდებელი ყოფილიყო. ცხრა თვის შემდეგ, კანონი შეცვალეს და ის ტყე-კაფი, რომელიც ჩვენთვის იყო გამოყოფილი, ჩინელებს 20 წლით ისე მიჰყიდეს, რომ ტენდერში მონაწილეობაც კი ვერ მივიღეთ. წელიწადი ისე დამთავრდა, რომ მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, ტყე კი, ჩინელების გახდა და ქარხანა გაჩერდა, სადაც 125 ადამიანი მუშაობდა. დრო გავიდა და ვიფიქრეთ, რომ რაღაც სხვა ტყე მოინახებოდა, მაგრამ მაშინ, პირდაპირი ზეწოლა იყო, რომ ჩვენ არ გვემუშავა, რადგან მათ გეგმებში რაღაც დისონანსი შეგვქონდა.
ანუ, თქვენ ვარაუდობთ, რომ თქვენმა ბიზნესმა ვიღაცის ბიზნესი გადაკვეთა და პრობლემებიც ამიტომ შეიქმნა?
- რა თქმა უნდა, გადავეღობეთ.
ვის ბიზნესინტერესებს გადაეღობეთ?
- ვისი იყო ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ვერ ვასახელებ, რადგან მომთხოვენ, რომ დაამტკიცეო - იმ ხელისუფლების იყო. ერთი წელი ველოდებოდით, რომ რაღაცას გამოგვიყოფდნენ, მაგრამ არაფერი გამოყვეს და ჩინელებს ქარხანა მივაქირევეთ, რადგან ხალხი უმუშევარი რჩებოდა. ჩინელებმა ერთი წელი იმუშავეს და შემდეგ საკუთარი ქარხანა ააშენეს.
ქუთაისში არსებულ ჩინურ ინდუსტრიულ ზონაში ხე-ტყე კახეთიდან მოაქვთ?
- დიახ. ქუთაისიდან ხე-ტყე კი, ფოთის პორტის გავლით ჩინეთში მიაქვთ. ჩვენი ქარხანა კი, მეშვიდე წელია გაჩერებულია. ამ საკითხის თაობაზე ხათუნა გოგალაძეს ვეჩხუბე, შემდეგ, ხოკრიშვილს პრემიერ-მინისტრმა ორჯერ დაურეკა. რომელ ეკონომიკაზე საუბრობენ, როცა საღსალამათი ქარხანა გაჩერებულია?!
პრემიერ-მინისტრმა ხოკრიშვილს რომ დაურეკა, რა უთხრა და რა პასუხი მიიღო?
- პრემიერს ვუთხარი, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოდიოდა და მინისტრს დაურეკა, მან კი უპასუხა, რომ რეფორმას ვაკეთებთო. რა რეფორმას აკეთებენ, სამი წელია ველოდები. ამ ქარხანაში სამი სოფლის მოსახლეობა იყო დასაქმებული და დაახლოებით 200 ადამიანი გარემოს დაცვის სამინისტროს წინ მისვლას აპირებს. მათ რით გააჩერებენ? ჩინელების ქარხანა პირდაპი ტყეში დგას, იქედან ხე-ტყე გადის და ეს ადამიანები ამას უყურებენ. გარემოს დაცვის სამინისტროში ხე-ტყეს ვინც კურირებდა, მოხსნეს და მის გვარს აღარ დავასახელებ. პრემიერს ხოკრიშვილთან მეორედ დავარეკინე, მასთან მივედი და ჩხუბი დავუწყე - ნორმაში ხართ, რას აკეთებ-თქო?! ვუთხარი - ეს ყველაფერი რომ გახმაურდეს, ჩვენი ოპონენტები არ გეტყვიან, რა ეკონომიკაზეა საუბარი, როცა მილიონიანი ქარხანა გაჩერებულია-თქო?!
თქვენ საქმეში პრემიერის ჩარევა რატომ დაგჭირდათ, მაშინ, როდესაც ამ ქარხნის საშუალებით ადამიანების დასაქმებას და ბიუჯეტში სახსრების შეტანას აპირებთ? ხელისუფლება ბიზნესს ხელოვნურ პრობლემებს უქმნის?
- ტყის მაფია ძალიან ცუდია. წინა ხელისუფლების პირობებში, ამ ქარხნის დირექტორი და ფშაველი ლუკა რამაზაშვილი დაიჭირეს და შვიდი წლით ციხეში მოგონილი ბრალდებით ჩასვეს. იმდენი ვიჩხუბეთ, რომ ეს ნაომარი კაცი ციხეში ჩასვეს. ეს საქმე ყველამ იცის. სამინისტროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა იცით, რა მითხრა, რომელსაც პროფესიონალი ჰქვია? - ექვს კომპანიას ხე-ტყეზე ლიცენზია 2010 წელს აქვს მიცემული და მათ მასალა ქუთაისში მიაქვთო. ეს რატომ ხდება, ეს სხვა საკითხია კიდევ.
რატომ ხდება, რას გულისხმობთ?
- ამ საკითხზე საუბარი არ მსურს. სამინისტროს ამ წარმომადგენელმა მითხრა, რომ ხე-ტყე შენ რაჭიდან წამოიღე და ესენი კახეთიდან წაიღებენო. ხელმძღვანელი იყო, დარგი ებარა და ვკითხე - ეკონომიკა თუ იცი, ხე-ტყე რაჭიდან რომ წამოვიღო, რა დამიჯდება-მეთქი? მან კი მიპასუხა - ამათ ლიცენზია აქვთო. მერე, ეს ვინ დაავალათ? მაინც და მაინც ჩინელებს უნდა მიჰყიდონ?
თუკი ჩინურ კომპანიას ხე-ტყის წარმოებაზე ლიცენზია კანონის შესაბამისად აქვს, სახელმწიფო მათ ლიცენზიას ხომ ვერ ჩამოართმევს, ან რატომ უნდა ჩამოართვას?
- იმათ დოკუმენტი აქვთ, მაგრამ რა ხარვეზებია, ეს უკვე სხვა საქმეა.
რა ხარვეზებზე საუბრობთ?
- ამ საკითხზე თქვენს ერთ-ერთ კოლეგას წავიყვან და ვითარებას გადავაღებინებ. ვინმე აძალებთ, რომ ხე-ტყე მაინცდამაინც ჩინელებს წაუღონ? მეტს იგებენ? გზაზე რამდენი სჭირდებათ? კახეთში აქვე ვარ და მანქანით აქ უნდა გაიარონ, დატოვონ და ადგილზე ვიყიდი. როცა სამინისტრო და მართვა არსებობს, ეს საკითხები უნდა გადაწყვიტოს. არ მსურდა, რომ ეს საკითხი გახმაურებულიყო, მაგრამ მაინც ვთქვი. მესამე წელია ხელისუფლებაში ვართ და ეს ქარხნები გაჩერებული რატომ არის? ვიღაცამ ხე-ტყე ჩინეთში უნდა წაიღოს და საქართველოში პარკეტი ჩინეთიდან უნდა შემოვიტანოთ? ესაა ეკონომიკა?
ერთი მხრივ, ხე-ტყის პრობლემაზე საუბრობთ, ხოლო მეორე მხრივ, თქვენს ბიზნესს იცავთ. საზოგადოებას შთაბეჭდილება დარჩება, რომ საკუთარ ბიზნესინტერესებს ლობირებთ?
- რას ვლობირებ, პირიქით, ვამწვავებ. ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ვიყავი მისული, სადაც ჩართვა ხოკრიშვილს ჰქონდა, რომელიც გერმანიიდან თავს იმართლებს.
გარემოს დაცვის სამინისტროს პერმანენტულად აკრიტიკებთ.
- მათთან ურთიერთობა მაქვს. ვერც ერთი მინისტრი იქამდე ვერ მიდის, რომ ქარხანა ამუშავდეს. ამბავი რომ ავტეხო, ქარხანა გაჩერებულია-თქო და აქ 125 ადამიანი დასაქმებული იყო-თქო, ამ საკითხს ჩვენი ოპონენტები კარგად გამოიყენებენ. კახეთში ცხვირწინ მოჭრილი ხე-ტყე ქუთაისში მიაქვთ, მე კი, სამინისტროში წამყვანი რომ ჰქვია, მთავაზობს, რომ მასალა აჭარიდან წამოვიღო, ესაა ეკონომიკა?
ამ საკითხის გარკვევას ახალ მინისტრ გიგლა აგულაშვილთან შეეცადეთ?
- აგულაშვილი ჩვენი კოლეგა იყო, მასთან არაფერი მილაპარაკია. ჯერ ვაცდი, რადგან ბევრი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი. დრო გავა და ყველგან წავალ. მომგებიანი ქარხანა უფუნქციოდ რატომ უნდა იყოს? თუკი წინა ხელისუფლებას სხვა ინტერესები ჰქონდა, ახლა რა ხდება? ის ხალხი აქ ჩამოვა და დიდ მიტინგს მოაწყობს.
თქვენ დეპუტატი ხართ, გარკვეული გავლენა და სტატუსი გაქვთ და თუკი ამ ბიუროკრატიულ ლაბირინთებს თავს თქვენ ვერ ართმევთ, წარმოგიდგენიათ, სხვა ბიზნესმენებს რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ?
- დღეს, ბიზნესს არ აყაჩაღებენ.
„დაყაჩაღებას“ არ ვგულისმობ, ეკონომიკის ხელშეწყობას და წახალის ვგულიხმობ...
- თქვენ გსურთ, რომ სხვა თემაზე გადავიდე. ჩვენი საუბრის ლაიტმოტივია ის, რომ ქარხანა არსებობს, რომელიც გაჩერებულია.
რაც შეეხება გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს, სურსათის უვნებლობის სააგენტო ირწმუნება, რომ ორი წელია, ამ სახის პროდუქტის თაობაზე სავაჭრო ქსელებს ამოწმებენ და მათ გმო პროდუქტი ვერ აღმოაჩინეს...
- ლაპარაკი იმაზეა, კანონს რატომ არღვევენ, რადგან ეტიკეტზე მკაფიოდ გამოსახული უნდა იყოს, რომ ესა თუ ის პროდუქტი გმო-ა. რომელიმე მარკეტში წაგიყვანთ და ლუპით უნდა დააკვირდეთ, რომ ნახოთ, სად რა აწერია.
კანონში გაწერილია სანქციები ისეთ შემთხვევებზე, როცა პროდუქტს ეტიკეტზე გმო არ აწერია და ამ რეგულაციებს რატომ არ იყენებენ?
- ამ საკითხზე მსჯელობა იქნება და მოწვეული სტუმრები დაინტერესდებიან, კანონს რატომ არღვევენ?! ეს პროდუქტები აზერბაიჯანმა სულ აკრძალა და იქ შეტანაზე ციხეა. თურმე, 800 ტონა გენმოდიფიცირებული თესლი სალაბორატორიო ექსპერიმენტისთვის შემოვიტანეთ. სამივე ლაბორატორიას 10 ტონა ეყოფა და ცხადია, რასაც აკეთებენ. ხოკრიშვილმა კანონი დაარღვია, რომელსაც ჩვენი მოსახლეობისთვის სავალალო შედეგი შეიძლება მოჰყვეს და ამაზე პროკურატურამ, სამართალდამცავებმა იზრუნონ, ჩვენ კი ჩვენი დავაფიქსირეთ.
თუკი გენმოდიფიცირებული თესლის საქართველოში შემოტანასთან დაკავშიებით, ბრძანების გამოცემით ხოკრიშვილმა კანონი დაარღვია, ამით საგამოძიებო ორგანოები რატომ არ ინტერესდებიან?
- ეს უკვე მათ უნდა ჰკითხოთ. ეს თემა წამოვწიეთ, ხალხს დავანახეთ და ახლა სხვამ იზრუნოს.