„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი, რომელის მეორე მოსმენით განხილვა შედგა პარლამენტში, განსაზღვრული არ არის ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებები. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ორაგნულ კანონში „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ არანაიარი ცვლილება არ განხორციელებულა, რაც ნიშნავს, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს ყველა ის ფუნქცია უნარჩუნდება რაც აქამდე ჰქონდა.
„თუ ვინმეს აქვს იმის განცდა, თუ რატომ არ არის ახალ კანონპროექტში განსაზღვრული უშიშროების საბჭოს ფუნქციები, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებას არეგულირებს ორგანული კანონი ეროვნული უშიროების საბჭოს შესახებ, რომელიც გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ჩვეულებრივი კანონი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, შორენა ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონპროექტში არა მხოლოდ უშიშროების საბჭოსთან მიმართებაში არ არის კოორდინაცია განსაზღვული, არამედ იგივე ვითარებაა როგორც კრიზისების მართვის საბჭოსთან, ასევე დაზვერვის სამსახურთან.
„აუცილებელია, რომ კანონში გაწერილი და განსაზღვრული იყოს ამ უწყებებთან კოორდინაცია. ის რაღაცა კომპეტენციები რაც არის ჩამოთვლილი, გადაფარვაში მოდის თითოეული ამ სააგენტოს მუშაობაში. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს, შეიძლება რაღაცა შიდა დოკუმენტით დარეგულირდეს უშიშროების საბჭოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს შორის ურთიერთობა.
ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციიდან გამომდინარე, საინტერესოა როგორი იქნება ამ სამსახურის რეაგირება შიდა და გარე საფრთხეებზე? ასე რომ, ძალიან ბევრი ხარვეზია, როგორც ამ კუთხით, ასევე უწყებებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას შორენა ლორთქიფანიძემ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით ბევრად უკეთესი კანონმდებლობა ექნება ქვეყანას, ვიდრე აქამდე იყო. რაც შეეხება ეროვნული უშიშროების საბჭოს, ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ მას აქვს თავისი ფუნქციები, რომელიც კონსტიტუციით არის გაწერილი და ეს არის ქვეყნის თავდაცვის ორგანიზება. თუმცა, მისივე თქმით, თავდაცვის გარდა ძალიან ბევრი თემაა, რომელიც უსაფრთხოებას უკავშირდება.
„თუნდაც ის, ონკანში რა წყალი მოდის და დაზღვეული ვიყოთ, რომ ამ წყალის გამოყენებით არ მოვიწამლოთ. ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც თავდაცვის სფეროს სცილდება, მაგრამ სახელმწიფოს ფუნქციაა, რომ ადამიანების უსაფრთხოება უზრუნველყოს. თუნდაც ის, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ისეთი პროდუქცია არ შემოვიტანოთ ქვეყანაში, რომელიც მასობრივად გამოიწვევს ადამიანების დაავადებას ან სიცოცხლის მოსპობას. ესეც უსაფრთხოების გარკვეული შემადგენელია. ყველაფერს ხომ უშიშროების საბჭოს ვერ დავაკისრებთ?!
ის, რომ ამ კანონში განსაზღვრული არ არის უშიშროების საბჭოს ფუნქციები, ეს არ ნიშნავს, რომ დაკნინებულია მისი ფუნქციები. როგორც გითხარით, უშიშროების საბჭოს ძალიან კონკრეტული ფუნქცია აქვს, მაგრამ თავდაცვის გარდა უსაფრთხოება მოიცავს ძალიან ბევრ თემას. მხოლოდ ომსა და მშვიდობაზე არ არის დამოკიდებული ქვეყნის უსაფრთხოება. უამრავი სხვა თემაა, რომელსაც ყოველდღიური რეჟიმში სჭირდება მოწესრიგება. შესაბამისი სამსახური ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არსებობს“, - აღნიშნა for.ge-სთან მანანა კობახიძემ.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი უკრაინული მოდელია, სადაც უსაფრთხოების სისტემა დაქვემდებარებულია პარლამენტს. შესაბამისად, ყველა იმ ღონისძიებაზე, რაც დაკავშირებულია უშიშროების სამსახურის თემასთან, პასუხისმგებელია პარლამენტი და მთავრობა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წესით დაექვემდებარება აღმასრულებელ ხელისუფლებას, ანუ პრემიერ-მინისტრს, მაგრამ კონტროლს გაუწევს პარლამენტი, რომელიც ნიშნავს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს და ფორმალურად ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. ამ კანონში გაწერილი არ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, კერძოდ - ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციები. იღებს თუ არა მონაწილეობას უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი უსაფრთხოების საბჭოს სხომებში.
ნათელია, რატომ არ არის განსაზღვრული და მიზეზი გახლავთ დაპირისპირება პრეზიდენტსა და პრემიერს შორის. ამიტომაც ეს საკითხი ღიად არის დატოვებული. საერთოდ, არ მესმის რა ფუნქცია აქვს ეროვნული უშიშროების საბჭოს, რაში გვჭირდება ჩვენ უშიშროების საბჭო, თუ მისი ფუნქციაა გარკვეული ჩინოვნიკების დასაქმება, მაშინ გასაგებია. დედაქალაქი უდიდესი კატასტროფის წინაშე დადგა, ამ დროს ეროვნული უშიშროების საბჭო ერთხელაც არ შეკრებილა. სამწუხაროდ, ამ სტრუქტურის არსებობას აზრი არ აქვს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.