პარლამენტის წევრ ბიზნესმენ დეპუტატებს კუთვნილი ხელფასების დანაკლისით აღება ემუქრებათ. იმ შემთხვევაში თუკი, „ურჩი დეპუტატები“ პლენარული სხდომების გაცდენებს ისევ გააგრძელებენ, ისინი რეგლამენტში არსებული „ოჯახური მდგომარეობის“ ჩანაწერით ვეღარ ისარგებელებენ და ყოველთვიურ გასამრჯელოს ათ პროცენტიანი დანაკლისით აიღებენ.
ბიზნესმენი დეპუტატების ჯიბეეზე ხელფასის დანაკლისით აღება რა გავლენას იქონიებს, ამაზე მსჯელობა კომიკურია, მაგრამ ფაქტია, რომ პარლამენტში ბიზნესიდან მოსულმა დეპუტატებმა პრობლემები იურისტ, ეკონომისტ, მსახიობ, სპორტსმენ, ბიოლოგ თუ ფიზიკოსს კოლეგებს შეუქმნეს.
დავით ბეჟუაშვილის, გოგი ლიპარტელიანის, რამაზ ნიკოლაიშვილის, კობა ნაყოფიას, გოდერძი ბუკიას, ემზერ მკოიანის, გიორგი ვაშაძის, აზერ სულეიმანოვის, ემზერ მკოიანის, ზაზა კედელაშვილისა და როლანდ ახალაიას გაცდენების შედეგებმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იმდენად გააღიზიანა, რომ მან რეგლამენტის კორექტირების გადაწყვეტილება მიიღო.
სპიკერის დავალებით რეგლამენტში მომზადებულ ცვლილებებზე დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, კანონმდებლებმა სამი საათის განმავლობაში, ცხარე კამათის ფონზე იმსჯელეს. რეგლამენტიდან მანიპულაციის საგნად ქცეული „ოჯახური მდგომარეობის“ ამოღება ოპოზიციამ გააპროტესტა, ხოლო უმრავლესობამ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრება მოითხოვა.
ცვლილებების წარდგენისას, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი კახიანს განმარტებების გაკეთება იმ საკითხებზე მოუწია, რასაც დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, for.ge დავით უსუფაშვილს უხსნიდა და აუწყებდა, რომ უწყებაში კომიტეტის სხდომებსა და პლენარულ სხდომებზე დასწრების კუთხით არაჯანსაღი ვითარება იყო.
კახიანის მტკიცებით, რეგლამენტის გამკაცრება კვორუმის პრობლემის გამო არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ „ოჯახური მდგომარეობის“ ჩანაწერის გამოყენებამ აბსურდული სახე მიიღო.
დეპუტატი ცნობით, „ოჯახური მდგომარეობის“ გამოყენება უმცირესობის მიერ პერმანენტულად ხდება.
„არსებული ნორმების გამკაცრება, პარტიულ საქმიანობასთან რა შუაშია? რეგლამენტი გაცდენებთან დაკავშირებით ზედმეტად ლიბერალურია და ნორმების უფრო მეტად გამკაცრებაზე უნდა ვიფიქროთ. იმ არაჯანსაღი მდგომარეობის სრულყოფა და დახვეწა ხდება, რომელიც პარლამენტში გვაქვს. მსგავსი ჩანაწერი ვერცერთი სახელმწიფოს კანონმდებლობაში ვერ ვნახე. საპატიოდ პირველი გაცდენაც ითვლება და ვფიქრობ, რომ რეგლამენტში ესეც არ უნდა იყოს“, - განაცხადა დეპუტატმა.
კახიანი განმარტავს, რომ მომავალში, დეპუტატები სხდომებს გარდა იმისა, რომ „ოჯახური მდგომარეობის“ მოტივით ვეღარ გააცდენენ, ავადმყოფობის მიზეზით სხდომის გაცდენის დროს, ე.წ. ბიულეტენის წარდგენაც მოუწევთ.
„პარლამენტის წევრის მიერ ავადმყოფობის მიზეზით სხდომების გაცდენა, საავადმყოფო ფურცლით უნდა დადასტურდეს. ამასთანავე, დეპუტატის სამსახურეობრივ მივლინებაში ყოფნის ფაქტი უფლებამოსილი პირის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უნდა დადასტურდეს. დღეს, ეს ყველაფერი სავალდებულო რეგლამენტით არ არის“, - დასძენს კახიანი, რომლისგან განსხვავებით, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი შალვა შავგულიძე ფიქრობს, რომ ამ ინიციატივის მომზადების მიზეზია ის, რომ უმრავლესობა კვორუმის შევსებას ვერ უზრუნველყოფს.
შავგულიძეს მიაჩნია, რომ რეგლამენტიდან „ოჯახური მდგომარეობის“ ჩანაწერი არ უნდა ამოვიდეს.
„გაცდენების საწინააღმდეგოდ რაღაც გასაკეთებელია, მაგრამ ეს კანონპროექტი ეფექტური ვერ იქნება. რეგლამენტიდან „ოჯახური მდგომარეობის“ ამოღება სწორი არ არის, რადგან შეიძლება, ოჯახის წევრი გარდაგეცვალოს, ან მას ოპერაცია უკეთდებოდეს და პარლამენტის წევრმა რა ქნას, ყალბი ცნობა წარმოადგინოს, რომ ვითომ სიცხე ჰქონდა?! „ოჯახური მდგომარეობის“ ჩანაწერში რა შემთხვევები უნდა იყოს, ეს უნდა განისაზღვროს და შესაბამისი დოკუმენტის ვალდებულება უნდა დადგინდეს. ისე გამოგვივა, რომ თუ ადამიანს 37 სიცხე აქვს, ეს საპატიოა, ხოლო თუკი მას ოჯახის წევრი მოუკვდება, ეს უპატიებელია“, - დასძინა შავგულიძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გამოსვლები კი, ძირითადად იმით იყო გაჯერებული, რომ დეპუტატი ანგარიშვალდებულია ამომრჩევლის წინაშე და მათ პოლიტიკური აქტივობისთვის დრო სჭირდებათ.
ლევან თარხნიშვილი თვლის, რომ უმრავლესობას პარლამენტში დეპუტატების მოყვანის პრობლემა აქვს, თუმცა, კანონმდებელის საქმიანობა მხოლოდ პარლამენტით არ შემოიფარგლება და ეს შეიძლება, პარტიულიც იყოს.
თარხნიშვილი ამბობს, რომ მათ შეიძლება შეხვედრები ამომრჩელებთან ჰქონდეთ, რომელთა წუხილი უნდა მოისმინონ.
თარხნიშვილი ახალბედა დეპუტატია და მას შეიძლება ის დრო არ ახსოვს, როცა წინა მოწვევის პარლამენტში კვორუმს მისი თანაგუნდელები პულტების მანიპულირებით ებრძოდნენ, მაგრამ ზურაბ მელიქიშვილი წინა მოწვევის პარლამენტში ამ ფაქტების მომსწრე თავად იყო, რომელიც ამჟამად, კვორუმის პრობლემაზე აპელირებს.
„ამ ცვლილებების იდეა იქედან გაჩნდა, როცა კვორუმის პრობლემა იყო. ძალზედ ხშირია მოთხოვნა, რომ ამა თუ იმ სოფლისა და რაიონის მოსახლეობას შევხვდეთ. მათ ვერ ავუხსნით, რომ იქ ვერ ჩავალთ. ჩვენ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე ვართ პასუხისმგებელნი, თქვენ თქვენი“, - მიმართა უმრავლესობას მელიქიშვილმა, რომლის თანაგუნდელმა, სერგო რატიანმა პარლამენტის წევრისა და ბიზნესკომპანიის თანამშრომლის ვალდებულებების განსხვავებულობაზე ისაუბრა.
რატიანის თქმით, უმრავლესობა ისე იქცევა, თითქოს, ერთი კაცის ბიზნესკომპანიაში მუშაობენ, რომეთაც გაცდენებისთვის ხელფასები ექვითებათ.
უმცირესობისგან განსხვავებით, უმრავლესობა რეგლამენტის გამკაცრებას მიესალმება და თუკი ლუკა კურტანიძემ სანქციების დაწესება ისეთ შემთხვევებზე მოითხოვა, როცა დეპუტატი დარბაზშია და რეგისტრაციას არ გადის, ნუკრი ქანთარია სხდომის გაცდენისთვის ხელფასიდან 10 პროცენტის ნაცვლად, 20 პროცენტის დაქვეთის იდეით გამოვიდა.
კურტანიძის განცხადებით, მას როგორც დეპუტატს სრცხვენია, რომ ვითარება იმ ეტაპამდე მივიდა, რომ რეგლამენტი მკაცრდება.
„ლამის სკოლის მოსწავლეებს დავემსგავსეთ, რომელსაც მასწავლებელი სასჯელს უდგენს. ადამიანები, რომლებიც პარლამენტში იმყოფებიან და საბოტაჟს ეწევიან, მათთვის თვიური ანაზღაურება სულ უნდა აიკრძალოს“, - განაცხადა კურტანიძემ, რომლის პათოსი გაიზიარა შოთა ხაბარელმა, რომელმაც მიიჩნია, რომ დეპუტატები სასაცილო მდგომარეობაში არიან.
დეპუტატის შეფასებით, დისციპლინა ნებისმიერი საქმის კეთებას სჭირდება, მათ შორის პარლამენტს.
ცვლილებებს ეჭვისქვეშ დემურ ბაშალეიშვილი აყენებს, თუმცა, ის სანქციების გამკაცრების მომხრე არის.
„დეპუტატებს უფლებას ვართმევთ ღირსეული ადამიანები, მეუღლეები, შვილები და მამები იყვნენ. ჩვენ ადამიანები ვიყავით, სანამ პარლამენტის წევრები გავხდებოდით და „ოჯახური მდგომარეობა“ ჩვენი ცხოვრების თანმდევია. წინა პრეზიდენტმა ერთ-ერთ მინისტრს საქმიანობა დაუწუნა და იმის ნაცვლად, რომ მას მინისტრი მოეხსნა, სამინისტრო გაუუქმა. ჩვენც ასე ნუ დაგვემართება“, - მიმართა კოლეგებს ბაშალეიშვილმა, რომლის მსგავსად, სხდომების გაცდენის გამო დეპუტატები გააკრიტიკა ეკა ბესელიამ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, სათაკილოა ის, რომ პარლამენტის სხდომები ვერ ტარდება. მისი თქმით, რეგლამენტის ნორმების შესრულება თანაბრად ეხება როგორც უმრავლესობას, ასევე უმცირესობას.
„ისეთი წესები უნდა იყოს, რომელიც პასუხისმგებლობას დაგვიწესებს. უფრო მაღალი სტანდარტების შემოღებას მხარს დავუჭერდით. მაგალითად ისეთ შემთხვევებზე, როცა დეპუტატები დარბაზში სხედან და კენჭისყრაში მონაწილეობას არ ღებულობენ. ეს მდაბიო ქმედებაა და ამომრჩეველის უპატივცემულობაა. თუ ვინმეს იმის ახსნა სჭირდება, რომ სესიაზე უნდა მოდიოდეს, მან საკუთარ პასუხისმგებლობის ხარისხს უნდა გადახედოს“, - დასძინა ბესელიამ.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის პოზიციას, დაახლოებით ორი წლის წინ, როდესაც მას for.ge-მ კვორუმის პრობლემასა და „ოჯახური მდგომარეობის“ გამოყენების მანიპულაციებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა, მან „რჩევა“ მოგვცა - კანონმდებლების „კვალდაკვალ“ გვევლო და გაგვერკვია, ვინ სად იყო.
„ევროპულ ქვეყნებში მედიისა და არასამთავროების პროექტი - პარლამენტის „კვალდაკვალ“ მინახავს. დანარჩენს თავად მიხვდით!“, - მოგვმართა უსუფაშვილმა, რომელმაც დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებს იმ „პოლიტიკური მჭერმეტყველების“ გამო უსაყვედურა, რომლითაც ისინი მასთან იმის გარკვევას ცდილობენ, წელიწადში 365 დღიდან 21 დღე სად იქნებიან.
უსუფაშვილის მოსაზრებით, პარლამენტი არ არის მოგონილი იმისთვის, რომ პარტიული საქმიანობა აკეთონ, არამედ პარტიები მოგონილია იმისთვის, რომ პარლამენტში მოხვდნენ და სახელმწიფოს ემსახურონ.
„თითოეული ჩვენთაგანი ვართ თუ არა ვალდებული, რომ წელიწადში 365 დღიდან 21 დღე ამ დარბაზში ვიყოთ და ვიმუშაოთ? თითოეულ თვეში ოთხი სხდომიდან ერთი სხდომის გაცდენა სანქციის გარეშე შეგვიძლია და 21 დღე რჩება. კოლეგები პოლიტიკურ მჭერმეტყველების დიდი ნიმუშით მესაუბრებიან იმაზე, რომ 365 დღიდან 21 დღე იქნებიან თუ არა აქ?! ეს მათი პირადი გადასაწყვეტი უნდა იყოს და ამით არაფერი დაშავდება. საქართველოს პარლამენტის წევრს სხდომებზე დასწრება მოქმედი კანონმდებლობით ევალება. მე რომ მკითხოთ, გაცილებით მეტი უნდა გვევალებოდეს, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არ არის. საუბარი იმაზეა, რომ უამრავი ჩვენი კოლეგა წელიწადში 21 დღიდანაც 20 დღე სხდომაზე არ დადის და წერს, „ოჯახური მდგომარეობის გამო“ სადღაც ვარო. ეს შესაცვლელია“, - განაცხადა უსუფაშვილმა, რომელმაც ყურადღება მივლინებებზეც გაამახვილა და საკუთარი „შეცდომაც“ აღიარა.
სპიკერის ცნობით, მივლინებებზე ყველაზე დიდი თანხა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს და პარლამენტის წევრებს სამივლინებო თანხები ამოეწურათ, თუმცა, ამ თანხების ანაზღაურება დელეგაციების ფონდებიდან ხდება.
„მივლინებაში რატომ მიდიხართ, რაიმე პოლიტიკურად გაინტერესებთ თუ არა, ამას არავინ გეკითხებათ. დღევანდელი გამოსვლები იმაზე მიმითითებს, რომ არასწორად ვიქცევი, როცა ფრაქციების ფონდის ამოწურვის შემდეგ დელეგაციების კვოტიდან მივლინებებში გაშვებას ვაგრძელებ. დღეს აი, ეს გაკვეთილი მივიღე, საკითხი დაიხურა და წერტილი დაისვა“, - დასძინა სპიკერმა.
ნათქვამია, „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო“. დავით უსუფაშვილს მერვე მოწვევის პარლამენტის შეკრებისთანავე, for.ge-ს რჩევა რომ გაეთვალესწინებინა, სამი წლის მანძილზე, „სირცხვილის დაფაზე“ ბევრი დეპუტატი იქნებოდა გამოკრული და ბევრსაც კუთვნილი ხელფასის აღება ათ პროცენტიანი დანაკლისით ხშირად მოუწევდა.