დაკარგული დრო

დაკარგული დრო

2006 წელს ქართველების მასობრივი დეპორტაციის საქმეზე, მოსკოვს კომპენსაციის შესახებ ქართული მხარისგან არანაირი მოთხოვნა არ მიუღია. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის 6 ივლისის მდგომარეობით, რუსეთის მისამართით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კომპენსაციების გადახდის შესახებ მოთხოვნა არ შესულა. უწყების განცხადებით, რუსეთის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ მას შემდეგ გახმოვანდება, როცა სტრასბურგის სასამართლო მოსკოვს ოფიციალურად გააცნობს ქართული მხარის წინადადებებს.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტის თანახმად, მხარეები ერთმანეთთან პროცედურის ამ ეტაპზე არ ურთიერთობენ და ეს ურთიერთობა ხდება მხოლოდ სასამართლოს გავლით.

„სასამართლო ადგენს ვადას, რა ვადაშიც მან უნდა მიიღოს დოკუმენტაცია. ამ ვადაში საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს გაუგზავნა თავისი მოთხოვნა. მოთხოვნა შეეხება რუსეთის მხრიდან 70 მილიონ 320 000 ევროს მოთხოვნას. სტრასბურგის სასამართლო, როგორც შეგვატყობინეს, ამ კვირაში და არა უფრო ადრე, გადააგზავნის ჩვენს წარდგენილ პოზიციას რუსეთის იუსტიციის სამინისტროში და მას მოსთხოვს კონტრარგუმენტებს ჩვენს მიერ წარდგენილ პოზიციაზე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც ცნობილია, სტრასბურგის სასამართლომ 2014 წლის 3 ივლისს საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა ვერდიქტი სახელმწიფოთაშორის დავაზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივ გაძევებას უკავშირდებოდა. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 2006 წელს დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი. შესაბამისად, რუსეთს აქვს სამართლებრივი ვალდებულება, კომპენსაცია გადაუხადოს საქართველოს მისი მოქალაქეების უფლებების დარღვევისთვის.

კომპენსაციის ოდენობაზე შესათანხმებლად საქართველოს და რუსეთის იუსტიციის სამინისტროებს 12 თვიანი ვადა მიეცათ, რომელიც 2015 წლის 3 ივლისს ამოიწურა. ამ დროის განმავლობაში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება და შეთანხმება ვერ მოხერხდა, რადგან იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქართველოს არ აქვს რუსეთთან ოფიციალური ურთიერთობები.

შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ორი თვის შემდეგ, ქართულმა მხარემ მიმართა უშუალოდ სტრასბურგის სასამართლოს და შესთავაზა შუამავლობა აღნიშნულ საკითხში, რაზეც სტრასბურგის სასამართლოს პასუხი იყო, რომ სანამ კონსულტაციები გაიმართებოდა, კარგი იქნებოდა თუ მხარეები წარადგენდნენ თავიანთ პოზიციებს.

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ინა ბურჯალიანი ამბობს, რომ რუსეთისგან თანხის მიღებაზე ან მექანიზმე თანხმობის მიღება შეუძლებელი იყო 12 თვის წინაც და დღესაც.

„ჩემთვის სამწუხაროა ის, რომ პირდაპირი კომუნიკაციის მცდელობა საქართველოდან არ იყო და იუსტიციის სამინისტრო დაელოდა 12 თვის ამოწურვას. ამის საჭიროება არ არსებობდა. დიპლომატიური ურთიერთობების არქონა არ ნიშნავს, რომ მხარეებს შორის კომუნიკაცია შეუძლებელია. ოფიციალური შუამავალი ქვეყნებს შორის არის შვეიცარიის საელჩო. იმაზე ლაპარაკი, რომ დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს და ვერ დაველაპარაკეთო, წარმოუდგენელია, რადგან ყველაფერზე ელეპარაკებიან რაზეც მათ უნდათ“, - აცხადებს თინა ბურჯალიანი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ამბობს, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ არაკომპეტენტურობის გამო ჰააგის სასამართლოში დაიკარგა შესაძლებლობა ცხინვალის რეგიონში ეთნიკური წმენდა დაგვედასტურებინა, რაზეც მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების მხრიდან განმარტებები ამ დრომდე არ გაკეთებულა.

„საუბარი იყო, რომ თითქოს, საქართველო და იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არაფერს აკეთებს. იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს შესაბამის ნაბიჯებს. მიმართა უკვე სასამართლოს, რომ რუსეთის მხარემ გადაიხადოს 70 320 000 ევრო საქართველოს მოქალაქეებისთვის. რუსეთის მხარისგან სასამართლო ელოდება შემდგომ პროცედურებს. ეს პროცესი რომ არ ხვდება აბაშიძე-კარასინის ფორმატში, ამდენი უნდა იცოდნენ პარლამენტის წევრებმა, რომლებიც ასეთ უგუნურ განცხადებებს აკეთებენ“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ. 

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, დავით ჯანდიერის განცხადებით, ერთწლიანი ინფორმაციული ვაკუუმის შემდეგ ნათელი გახდა, რომ იუსტიციის სამინისტროს მცდელობაც არ ჰქონია იმ გადაწყვეტილების აღსრულებისთვის შეეწყო ხელი, რომელიც საქართველოს და მისი 4 600-ზე მეტი მოქალაქის სასარგებლოდ იქნა გამოტანილი.

„არგუმენტაცია და მითითება, რომ ვინაიდან საქართველოს და რუსეთის ფედერაციას დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს და აქედან გამომდინარე, შეუძლებელი იყო მოლაპარაკება, ეს არის არასწორი და შემიძლია ვთქვა, რომ უცოდინარობაც. რადგან, საერთაშორისო სამართლის არც ერთი ნორმა არ ითხოვს დიპლომატიური ურთიერთობის არსებობას, როგორც წინაპირობას იმისათვის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნეს აღსრულებული.

სტრასტურგის სასამართლო თავად არის საერთაშორისო სასამართლო და ბუნებრივია, სასამართლომ ძალიან კარგად იცის არის თუ არა ამგვარი რამ შესაძლებელი და სწორედ ამიტომ განუსაზღვა შესაძლებლობა მხარეებს, რომ მოლაპარაკებულიყვნენ თანხის ოდენობაზე. იუსტიციის სამინისტრომ დაკარგა ერთწლიანი დრო.

მიუხდავად იმისა, რომ არავითარი ილუზია არ მაქვს რუსეთის მხარე შეიძლებოდა დათანხმებოდა ქართული მხარის შეთავაზებას თანხის ოდენობასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო რაც შეიძლება სწრაფად უნდა ყოფილიყო ჩაყენებული საქმის კურსში მოლაპარაკების უშედეგობასთან დაკავშირებით, რომ დრო არ დაკარგულიყო“, - აცხადებს დავით ჯანდიერი, რომლის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ აბსოლუტურად მართებულად უარი უთხრა ქართულ მხარეს შუამავლობაზე, სასამართლოს შენობაში მოლაპარაკებისთვის ფართის გამოყოფაზე, რადგან სტრასბურგის სასამართლო არაიურიდიულ პროცედურაში ვერ ჩაერევა.

საქართველო-რუსეთს შორის, რომ ოფიციალური ურთიერთობა არ არსებობდა, ეს ჩვენი ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო მაშინაც, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ როდესაც ერთწლიანი ვადა განსაზღვრა. შესაბამისად, იურისტი, ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ საზოაგდოებისთვის უცნობია ამ ერთი წლის განმავლობაში რას აკეთებდა იუსტიციის სამინისტრო.

„როდესაც ვიცი, რომ რაღაცა მოცემულობა არ შემეცვლება რუსეთთან მიმართებაში, ბუნებრივია, იქვე უნდა წარმოვიდგინო რაღაცა ვარიანტები და ვცადო პრობლემის მოგვარება. იქნება ეს არაოფიციალური კომუნიკაცია, თუ სხვადასხვა მრავალმხრივი ფორმატი, იგივე ევროპული ინსტიტუტების გამოყენებით, რის საშუალებასაც საერთაშორისო სამართალი იძლევა.

მაგრამ, სცადა თუ არა ჩვენმა ხელისუფლებამ კომუნიკაცია, ეს ჩვენ არ ვიცით. ვერ ვიტყოდი, რომ ეს რამეს დააზიანებს, იმიტომ, რომ შედეგი დამდგარია. გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ და აღსრულდება კიდეც, მაგრამ როდის აღსრულდება, ეს უკვე სხვა საკითხია“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.