ვაზიანში მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2015 ოფიციალურად გაიხსნა.
ნატო-ს სამხედრო სწავლება, რომელშიც პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელები მონაწილეობენ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება. უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ, საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს სწავლებების ჩატარება წარმოადგენს.
სამხედრო სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში აშშ-ის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლიტვისა და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეები ჩამოვიდნენ. საქართველოს მხრიდან წვრთნაში მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონი ჩაერთო. წვრთნებში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსი 220-მდე სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი. დანარჩენი ქვეყნები სწავლებაში ოცეულის დონის ქვედანაყოფებით მონაწილეობენ.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2015 საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს. სწავლება 22 ივლისამდე გაგრძელდება და მის ფარგლებში ძირთადად ქართველი სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული მრავალეროვნული ბრიგადის შტაბი ჩამოყალიბდა. საშტაბო და საველე წვრთნების მიზანს კონვენციური ოპერაციების დროს ურთიერთქმედებების დახვეწა და სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ტაქტიკის გაცნობა წარმოადგენს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის ინფორმაციით, ნატო-საქართველოს სასწავლო ცენტრი, როგორც ვაზიანის, ისე კრწანისის ეროვნულ ცენტრს მოიცავს. წინასწარი ინფორმაციით, ცენტრი, სავარაუდოდ საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტის ფარგლებში გაიხსნება, რომელიც ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2015-ის დახურვის ცერემონიალზე ჩამოდის.
„ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ლოკაცია, ერთი შენობა. ეს იქნება სასწავლო ცენტრი, რომელიც შეიცავს რამდენიმე სიმულაციურ და სასწავლო-ტაქტიკურ რაიონებს, რომლებშიც მოხვდება როგორც კრწანისის ეროვნული ცენტრი, ასევე ვაზიანის ტაქტიკური ველი და სასროლეთი“, - ამბობს ვახტანგ კაპანაძე.
ანალიტიკოსების განცხადებით, იმ მოცემულობაში, როდესაც რუსეთი ღიად ემუქრება საქართველოს სახელმწიფოებრობას, ასეთი პიტის წვრთნები მნიშვნელოვანია.
საქართველოში ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო სწავლების დაწყების პარალელურად ცნობილი ხდება, რომ 10 ივლისს რუსეთის სახელმწიფო დუმისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება მრგვალი მაგიდა სახელწოდებით - „მსოფლიოსა და რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები 21 საუკუნე“. რუსეთის სახელმწიფო დუმისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში საქართველოდან მონაწილეობას „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიღებს, რომელიც რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, სერგეი ნარიშკინის მიწვევით მოსკოვში მიემგზავრება. ბურჯანაძე შეხვედრებს გამართავს ფედერაციის საბჭოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, რუსეთი ასეთ ღონისძიებას აწყობს იმიტომ, რომ მას თავისი სტრატეგიული ინტერესები აქვს ამ რეგიონში და ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შელახვა.
„გასაგებია, რომ ეს კონფერენცია არის გამოწვევა და ზოგადად, რუსეთის ქმედებები მიმართული არის საქართველოს და ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ. ნინო ბურჯანაძის მონაწილება არ მიკვირს, რადგან ის დეკლალირებულად არის პრორუსული პოლიტიკური ძალა, რომელსაც საბედნიეროდ მხოლოდ მარგინალური მხარდაჭერა აქვს საქართველოში და არანაიარი პოტენციალი ხელისუფლებაში მოსვლის არ გააჩნია“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ იმ ფორნზე, როდესაც საქართველოში ოფიციალურად დაიწყო ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება, საინტერესოა რას იტყვის ქართველი პოლიტიკოსი რუსეთის სახელმწიფო დუმისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე.
„ვიცით, რომ რუსეთს როგორ აღიზიანებს ნებისმიერი თანამშრომლობა ამერიკასთან და მითუმეტეს, თუ მას რაღაცა დოზით საერთაშორისო მნიშვნელობა მიეცა. უნდა ველოდოთ, რომ რუსეთი საპასუხოდ უფრო მძიმე პასუხს მოძებნის, ვიდრე ეს კონფერენციაა. რუსეთი ურეაქციოდ არ დატოვებს იმ წვრთნებს, რომელიც ახლა მიმდინარებს.
ამჟამად დასკვნის გაკეთება ნაადრევია, მაგრამ მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ ამ წვრთნებს რუსეთის მხრიდან რაღაცა ნაბიჯები მოყვება. ველოდები, რომ მათი მხრიდან ჩატარდება ანალოგიური ტიპის სამხედრო წვრთნები იმ რეგიონებში, რომელიც გამოიწვეს ამერიკული მხარის აღშფოთებას“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.
„ის, რომ საქართველოდან მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის ლიდერი იქნება წარმოდგენილი, პრაქტიკულად, ეს ნიშნავს, რომ საქართველო არ მონაწილეობს ამ ღონისძიებაში“, - აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, თუკი ვინმესთვის არის საფრთხის შემცველი ეს კონფერენცია, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ნინო ბურჯანაძე. მისივე თქმით, სულაც მდუმარედ რომ დატოვოს ეს თავყრილობა, მის მიმართ ნეგატიურად განწყობილი პოლიტიკოსები მის რუსეთში ვიზიტს გამოიყენებენ როგორც ანტიქართულ ქმედებას.
„ჩემი აზრით, პირიქით კმაყოფილნი უნდა ვიყოთ, რადგან ვინმეს მაინც ექნება საშუალება გარკვეული განწყობები გადმოგვცეს იმ თავყრილობიდან, რომელიც შორს არის საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვისგან. არავინ საკუთარ აზრს არ შეიცვლის. ვისაც მიაჩნდა, რომ ნატო ჩვენი თავშესაფარი უნდა იყოს, ასეთივე აზრის დარჩება.
ჩვენ ვცდილობთ გავხდეთ ნატოს წევრი, ვხსნით სასწავლო ცენტრსაც, რაც უფრო მეტი იქნება თვალსაჩინო კომუნიკაცია ამ სტრუქტურებთან, მით უფრო კარგი იქნება ქვეყნისთვის. რასაკვირველია, რუსეთი კომენტარების გარეშე არ დატოვებს ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო სწავლებას, მაგრამ მიუხედავად უწყლობისა, იმედი მაქვს, საკუთარ სტეპებში რამდენიმე ჭიქა ცივ წყალს მოიძიებს, რომ დაიოკოს ბოროტი ვნება საქართველოს მიმართ“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.