„წითელ ხიდთან, რიგებში ეს ადამიანები ერთმანეთს ასწრებდნენ და ახლა, ომზე მესაუბრებიან?“

„წითელ ხიდთან, რიგებში ეს ადამიანები ერთმანეთს ასწრებდნენ და ახლა, ომზე მესაუბრებიან?“

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას მიაჩნია, რომ პარლამენტში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაზე დიდი დარტყმა ამნისტიის გამოცხადებით მიიღო, რადგან თავისუფლების მანიფესტაციით წინა ხელისუფლების ფასადური დემოკრატიის დამარხვა მოხდა. დეპუტატი თვლის, რომ ნაციონალების „ლეგენდები“ აღარ მუშაობს და მათი დამახასიათებელი ნიშანი ყალბი პატრიოტიზმი და ფარისევლური გულმოწყალება გახდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების პოლიტიკურ განცხადებებთან დაკავშირებით, for.ge ეკა ბესელიას ესაუბრა:

რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნუგზარ წიკლაურმა ხელისუფლება მკაცრად გააკრტიკა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი რუსეთის საპატიმროებში მყოფ იმ ქართველებზე არ ზრუნავს, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით არიან ბრალდებულნი. ამ საკითხზე რუსულ მხარესთან აწარმოებთ თუ არა მოლაპარაკებებს?

- წინა ხელისუფლებას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები როგორც ქართულ ციხეებში ჰყავდა გამომწყვდეული და სასიკვდილოდ გამეტებული, ასევე იყო რუსეთის ციხეებშიც. რუსეთის ციხეებში მყოფ პირებზე არც წიკლაურს და არც რომელიმე მის თანაგუნდელს არ უზრუნია, როდესაც მათ ამის სამართლებრივი და პოლიტიკური ვალდებულებები ჰქონდათ. ეს ადამიანები ღვთის ანაბარა იყვნენ მიტოვებულნი. მეამაყება, რომ თავისუფლების მანიფესტით, ქართული ციხეებიდან ადამიანები პატიმრობიდან გავათავისუფლეთ, რომლებიც თარგამაძისა და მისი მეგობრების „სულის ამოხდისგან“ გადავარჩინეთ.

ახალი ხელისუფლების პირობებში, აბაშიძე-კარასინის ფორმატში, რუსეთში დატყვევებული მოქალაქეების გადმოცემისთვის შესაბამისი პროცედურები დავიწყეთ. მოლაპარაკებების შედეგად, ქართულ მხარეს სამი ადამიანი გადმოეცა და დანარჩენ პირებთან დაკავშირებით, კონსულტაციები კვლავ გრძელდება.

რუსეთის ციხეებში ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული სულ რამდენი პირი იმყოფება?

- პატიმრობაში ათზე მეტი პირი იმყოფება, რომელთა ვინაობა არ სახელდება, რადგან მათი პერსონალური მონაცემების გასაიდუმლოება ხდება. ეს თემა დახურული არ არის და იმედია, რომ კიდევ რამდენიმე ადამიანის გადმოცემა მოხდება. რაც შეეხება ეთნიკური ნიშნით გვარების ხსენებას, წიკლაურს ვეტყვი, რომ შკილნიკოვი გვარად სკილნიკოვია, რომელიც თავდაპირველად, საქართველოს მოქალაქე იყო და შემდეგ, მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. ეს ე.წ. ენვერის საქმეა, რომელიც გახმაურებული იყო და საზოგადოებას ნანა ლეჟავას გამოძიება ახსოვს, სადაც აღმოჩნდა, რომ „ფლეშკაზე“ მხოლოდ მუსიკალური ნოტები იყო ჩაწერილი. ბოდვითი ბრალდებებით ხუთი მფრინავი გაასამართლეს, რომლებიც „აგვისტოს ომში“ მონაწილეობდნენ. ეს ადამიანები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ, ისინი კი ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს და თითქოს, მათ „ფლეშკები“ უპოვეს. სასამართლო პროცესი დახურული იყო, რომ საზოგადოებას სააკაშვილისა და მერებიშვილის ლეგენდები არ გაეგო, თითქოს, ისინი ჯაშუშების წინააღმდეგ იბრძოდნენ. რეალურად, მათ ამ ადამიანებისგან იმ ინფორმაციის გაუვნებელყოფა სჭირდებოდათ, რომელიც მათ „აგვისტოს ომთან“ დაკავშირებით ჰქონდათ.

ამ ადამიანებსაგვისტოს ომზერა ინფორმაცია ჰქონდათ?

- საკმაოდ ბევრი ინფორმაცია ჰქონდათ, რომელიც ომს უკავშირდებოდა. აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოში გამოძიება მიმდინარეობს, ჰააგის სასამართლოში კი, სისხლის სამართლის პროცედურების წარმოება ხდება. მფრინავებისა და ჯარისკაცების გარდა, მაშინდელმა ხელისუფლებამ ქონების წართმევის გამო, ჯაშუშობა ბიზნესმენებსაც დააბრალა. მათ შორის გალოგრეს. დღემდე კითხვები არსებობს და იმედი მაქვს, რომ სასამართლოს მეტი დამოუკიდებლობის პირობებში, ამ საქმეებზე განაჩენების გამოტანა ხელახლა მოხდება და მეტი დეტალი გამოაშკარავდება.

წიკლაურს, რომელიც პატრიოტულ ნოტაზე საუბრობს, არ სრცხვენია, რომ იმ ჯარისკაცებსა და მფრინავებზე საუბრობს, რომლებიც სიცოცხლის ფასად ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ? არ მახსოვს, რომ წიკლაური ომის დღეებში მოქალაქეობრივ ფუნქციას ასრულებდა. წითელ ხიდთან, რიგებში ეს ადამიანები ერთმანეთს ასწრებდნენ და ახლა, ომზე მესაუბრებიან? რამდენჯერაც ამ ომს ახსენებენ, იმდენჯერ მწარე პასუხს მიიღებენ. მათ ყოველთვის შევახსენებ იმას, გორსა და ცხინვალში ჩვენი ჯარისკაცები უპატრონოდ როგორ ეყარნენ. ის კადრები არასოდეს დამავიწყდება, როდესაც 12 აგვისტოს გამართული ტაშ-ფანდურის ფონზე, ჩვენი პატრიარქი საშიშ ზონაში შებრძანდა და ცხედრები გამოიტანა. 21-ე საუკუნეში ამდენი უსახელო და უცნობი ჯარისკაცი რომ გვყავს, რატომ გვყავს? წინა ხელისუფლებამ ის მეომრები არ იცოდა, რომლებიც გმირულად იბრძოდნენ და დაიღუპნენ?

თქვენ ნაციონალებს საკუთარ შეცდომებზე მიუთითებთ, ისინი კი პატრიოტიზმზე მიგითითებენ...

- მათ თითის გაშვერას არ მივიღებ და ეს ის თემაა, რომელზეც მათ ხმის ამოღების უფლება არ აქვთ. მათ კონსტიტუციაც კი დაარღვიეს, როდესაც საომარი მოქმედებები ისე გამოცხადდა, რომ პარლამენტს გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა. კონსტიტუცია და პარლამენტი რომ არსებობს, მოგვიანებით გაახსენდათ და გადაწყვეტილებაც მერე მიიღეს. ჩვენი მოსახლეობა თავდამსხმელს შეატოვეს. ისინი ამ თემაზე ხმის ამოღებას ვერ უნდა ბედავდნენ და რადგან მათ უტიფრობას საზღვარი არ აქვს, ისინი ჩემგან პასუხს ყოველთვის მიიღებენ.

აგვისტოს ომზე გამოძიება უკვე სამი წელია მიმდინარეობს, დასკვნა რატომ არ იდება?

- გამოძიება მიმდინარეობს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოქტომბრის რეზოლუცია არსებობს, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ, ევროსაბჭომ მიიღო. დოკუმენტის მეშვიდე-მერვე პუნქტში საკმაოდ მძიმე ჩანაწერი გაკეთდა და ამას ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციამ მისცა. ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით მძიმე პუნქტებია, რომელიც შეუძლიათ, ნაციონალებმა კარგად წაიკითხონ. ისინი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობენ, მაგრამ თავდაცვიდან თავდასხმაში გადასვლა არ გამოუვათ, რადგან მათ მიმართ პოლიტიკურ-მორალური პასუხისმგებლობის კითხვებს ყოველთვის დავსვამთ.

თქვენ ამნისტიას დადებით მოვლენად აფასებთ, თქვენი ოპონენტები კი, წამოძახების ფორმით ამნისტიას შიგა და შიგ გახსენებენ და თქვენს სახელს ცუდი რაკურსით წარმოაჩენენ. რის მიღწევას ცდილობენ?

- ეს არ მიკვრის, რადგან პარლამენტში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაზე დიდი დარტყმა ამნისტიის გამოცხადებით მიიღო. ეს მათი ფასადური დემოკრატიის დამარხვა იყო. როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ სააკაშვილის რეჟიმს 215 პოლიტპატიმარი ჰყავდა, ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან „დემოკრატიის შუქურის“ მითი გაქარწყლდა. ნაციონალების თავდასხმის ობიექტი რომ ვხდები, ეს არ მიკვირს. ამნისტიის ერთ-ერთი ავტორი მე ვიყავი და ამით სულ ვიამაყებ. ნაციონალებისთვის ის სულ სამარცხვინო იქნება, რომ ამნისტიას ვეტო დაადეს და ადამიანების პატიმრობიდან გათავისუფლებას ხმა არ მისცეს. სხვათა შორის, ამნისტიის სიკეთით მერაბიშვილმა და ახალაიამ კარგად ისარგებლეს. ჩვენს შორის მორალური წყალგამყოფია და ისინი ავად რომ მახსენებენ, ეს კარგია. მათი თავდასხმის ობიექტი რომ ვხდები, ეს საერთოდ არ მაღელვებს.

თქვენ თქვით, რომ ნაციონალები მწარე პასუხებს ყოველთვის მიიღებენ, მაგრამ ამ მხრივ, უმრავლესობის წევრები თავს დიდად არ წარმოაჩენენ და მათთან კამათი ზოგჯერ მარტოს გიწევთ...

- სამწუხაროდ, მათ პასუხები უფრო მეტად უნდა მიიღონ და კარგი იქნება თუკი, ისინი პასუხს ყველასგან მიიღებენ.

სხდომებზე გამოსვლისას ნაციონალები რადიკალურ განცხადებებს ხშირად აკეთებენ, თუმცა, მიმდინარე კვირას უფრო გააქტიურდნენ. ეს ოდესაში, სააკაშვილთან გამართულ შეხვედრას ხომ არ უკავშირდება?

- უკრაინაში მათი ყოველი ვიზიტი კომკავშირული დავალებებით გამოირჩევა ხოლმე. ისინი „კმარას“ ცნობილ მეთოდებს იყენებენ. მათი დამახასიათებელი ნიშანი ყალბი პატრიოტიზმი და ფარისევლური გულმოწყალება გახდა. კარგად ჩანს, რომ ეს ყველაფერი ფარსია. ის დავალებები კარგად ჩანს, რომელსაც სააკაშვილი იძლევა. პარტიაში საკმაოდ დიდი აურზაური და ქაოსი აქვთ. ბოლო პერიოდში ვერ შეთანხმდნენ, პარტიის აღმარულებელი მდივანი ვაშაძე უნდა ყოფილიყო თუ რატიანი. მათი დაპირისპირებები ნაკლებად მაინტერესებს. როცა სასაცილო კანდელაკი ეროვნულობაზე საუბრობს, მას ავიწყდება, რომ თავად ყველაზე ანტიეროვნული და ანტისახელწიფოებრივები იყვნენ. კანდელაკი იმდენად არასერიოზული და სასაცილო პიროვნებაა, რომ მასზე ვერ ვბრაზდები.

კანდელაკმა კი გაგაკრიტიკათ და თქვა, რომქართული ოცნებამტრებს ემსახურება, რადგან მთავრობის მხრიდან პრორუსული მედია საშუალებები ფინანსდებიან, რაც საკუთარი განცხადების დასტურად მოყავს...

- ყველაფერი რასაც კომიკური კანდელაკი ამბობს, უკუღმა უნდა გადმოვატრიალოთ და მოვლენებს საწინააღმდეგოდ შევხედოთ. მისი განცხადებების სერიოზულად აღქმა არ შემიძლია. გვახსოვს, სააკაშვილი რუსულ ინტერესებს როგორ მოემსახურა, როდესაც საქართველოს სტრატეგიული ობიექტები რუსეთის ხელში აღმოჩნდა. რუსეთს ვინ მოემსახურა, ეს ფაქტებით ჩანს და მათი ლეგენდები აღარ მუშაობს.