„ნინოწმინდას ენზელ მკოიანის კლანი მართავს, რომელზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული“,-აცხადებს მოძრაობა „ახალი რეალობისთვის" დამფუძნებელი მერაბ შათირიშვილი For.ge-სთან საუბარში.
მისი თქმით, ნინოწმინდის ადგილობრივი ხელისუფლება დაკომპლექტებულია ნაციონალებისგან, რომლებიც მაღალ პოსტზებზე 2012 წლამდეც იყვნენ და მოგვიანებით უკვე „ქართული ოცნების“ გამარჯვება და მონაპოვარი გადაიბარეს. ამის საპირისპიროდ, „ქართული ოცნების“ არცერთი აქტივისტი თუ მებრძლი, რომლებსაც ეს ადამიანები დასდევდნენ, ცემდნენ, ავიწროებდნენ, არ არის ადგილობრივ ხელისუფლებაში დასაქმებული.
„ვინ ათამამებს ამათ? სახელმწიფო უშიშროება ამას უნდა ხედავდეს. პრინციპში, ეს არის კლანური სისტემა, ყოფილი ნაცმოძრაობის მთელი ვერტიკალი, „ქართული ოცნების“ ქურქში გადაცმულები. საუბარია ნინოწმინდის გამგებელზე, საკრებულოს თავმჯდომარეზე, ასევე, ენზელ მკოიანზე, რომელიც შევარდნაძის დროსაც იყო დეპუტატი, მერე სააკაშვილის დროსაც გახდა ორგზის დეპუტატი, 2012 წელს კი გაიტაცა „ქართული ოცნების“ აქტივისტი, რაზეც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. იარაღის ტარით ცემა, დაშინება, მუქარა - ეს ყველაფერი დაფიქსირებულია, თუმცა არცერთი საქმე არ იძვრის და ეს ხალხი როგორც თავის დროზე ხრავდა ნინოწმინდას, დღესაც აგრძელებს იქაურობის გამხრას. ამ ფონზე ცენტრალურ ხელისუფლებას რატომღაც არწმუნებენ, თითქოს ეს ენზელი ქართველებსა და სომხებს შორის დაპირისპირების განმმუხტველი, მშვიდობის მებაირახტრეა. სინამდვილეში, ნინოწმინდელ ქართველ და სომეხ მოსახლეობას შორის ეთნიკური პრობლემები არ არსებობს. ქართველებსა და სომხებს შორის დაძაბულობა პროვოცირებულია. ნინოწმინდის ქუჩებში დავდიოდი და თვითონ სომეხი მოსახლეობა გაგიჟებას ვერ ფარავდა, ნუთუ „ქართულმა ოცნებამ“ იმისთვის გაიმარჯვა, რომ ეს ხალხი ისევ თავზე დაგესვათო?! სომეხ მოსახლეობას უნდა მიწა, მეტი არაფერი, მიწები კი ამათ დაისაკუთრეს. წარმოიდგინეთ, ყოფილმა ნაციონალებმა 2007 წლამდე არსებული ძველი ბეჭდითა და ქაღალდებით გადაიფორმეს მიწები, დაარეგისტრირეს და დაისაკუთრეს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან უნდა გამოდიოდეს, რატომღაც ითმენს ამ კლანის პარპაშს, ტენდერების მითვისებას, ყველა ტენდერი მიბმულია მკოიანზე. რაც შეეხება ნინოწმინდის გამგებელს, მასზე სისხლის სამართლის 8 თუ 9 საქმეა აღძრული, მაგას ფინანსური ხასიათის სხვადასხვა დანაშაული აქვს ჩადენილი“, - აღნიშნა მერაბ შათირიშვილმა.
მანვე განმარტა, რომ, როგორც წესი, ასეთ რეგიონებში, სამთავრობო პარტიები იმარჯვებენ არჩევნებში და ეს მკოიანის დამსახურება სულაც არ იქნება. უფრო მეტიც, მერაბ შათირიშვილი თვლის, რომ ჩვენს ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს შიში „ასეთი ენზელების და ასეთი კლანების“ მიმართ, არამედ ხელისუფლებამ ენზელების გამო ადგილობრივი მოსახლეობის ნდობა არ უნდა დაკარგოს, რადგან რაიონის მოსახლეობის 80% უკმაყოფილოა.
„ენზელი და სხვები ქართული სახელმწიფოებრიობის მტრები არიან. თუკი ხელისუფლება სახელმწიფოს მტრებს არ სჯის კანონის ძალით, ეს შეიძლება მომავალში ძალზე ცუდად დაგვირგვინდეს ჩვენი ქვეყნისთვის. ერთ-ერთ შეკრებაზე, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფებოდა, ენზელ მკოიანის ერთ-ერთი მომხრე, სომეხი ეროვნების ადამიანი ადგა და ასეთი ფრაზა უთხრა მინისტრს - ქალბატონო თეა, რუსეთს აქვს ენერგორესურსები, რუსეთს აქვს ოქრო, აზერბაიჯანს აქვს ნავთობი, ჩვენ კი გვყავს ენზელი. სინამდვილეში, სომხებისა და ქართველების უმეტესობას საერთოდ არ უნდა ეს მედროვე, რომელიც წამომჯდარია სამცხე-ჯავახეთს. სხვათა შორის, ენზელი ნინოწმინდელიც არ არის, ახალქალაქელია. თითქოს მისი ღვაწლია, რომ გამოვიდა ამნისტია და ვიღაც გაათავისუფლეს. მიუხედავად 270 000-იანი ტენდერისა, ნინოწმინდის კანალიზაცია და მიწისქვეშა კომუნიკაციები განადგურებულია. ასეთი უამრავი ტენდერია. არაჯეროვნად ჩატარებულ ტენდერებს არავინ ამოწმებს, არავინ ისჯება და არ ირკვევა, სად მიდის ეს თანხები. ხალხი აღშფოთებული და გაგიჟებულია“.
მერაბ შათირიშვილის პათოსს იზიარებენ "ვეტერანთა და ძალოვან გაერთიანებათა" ხელმძღვანელი გია ბერძენიძე და საზოგადოებრივი ორგანიზაცია "დედაქალაქელები ყველა უბანში" ხელმძღვანელი ზაზა აგლაძე. ისინი აცხადებენ, რომ სულ რაღაც 3-4 დღის წინ იმყოფებოდნენ ნინოწმინდის რაიონში, სადაც დარწმუნდნენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არ არსებობს. არის განუკითხაობა, ტენდერების უხარისხოდ გაკეთების ფაქტები, მითვისებები და ნინოწმინდაში „ანტისანიტარიის ბუდეა", რაც ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და მომავლისთვის საფრთხის შემცველია. რეგიონში ეპიდემიის საშიშროება არსებობს.
სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ენზელ მკოიანის პერსონით შესაბამისი სამსახურების დაინტერესებას ითხოვენ. უფრო ადრე, მერაბ შათირიშვილმა ნინოწმინდაში კლანური ინტერესების გამო დაინტერესებისკენ მოუწოდა შსს მინისტრ ვახტანგ გომელაურს.
მანამდე კი ამ პრობლემით შეწუხებულმა „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმაც აიმაღლეს ხმა. კერძოდ, ახალქალაქში "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" საპარლამენტო არჩევნების შტაბის აქტივისტების ნაწილი სწორედ იმ მოტივით გაემიჯნა "ქართულ ოცნებას", რომ ახალქალაქში, ფაქტობრივად, არაფერი არ იყო შეცვლილი. ის ადამიანები, რომლებიც ძალოვან უწყებებში მუშაობდნენ, ხალხს ნერვებს უშლიდნენ და აწამებდნენ, დღემდე იმავე თანამდებობებზე რჩებოდნენ. გარდა ამისა, "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო შტაბში დაინიშნენ ის ადამიანები, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ "ქართული ოცნების" აქტივისტების წინააღმდეგ მუშაობდნენ.
„უბრალოდ, ნომრები შეიცვალა: 5 ნომერი - 41 ნომრით. ადამიანი (ენზელ მკოიანი), რომლის მითითებითაც 2012 წელს "ქართული ოცნების" შტაბის წევრი გაიტაცეს და სომხეთში გადაიყვანეს და ამის შესახებ საქმის კურსში იყო ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია თუ მსოფლიო თანამეგობრობა, დღეს "ქართული ოცნების" მხარდამჭერია. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, იყოს მხარდამჭერი ამა თუ იმ ორგანიზაციის, მაგრამ თვითონ პოლიტიკა, რომელიც ტარდება ახალქალაქში, აბსოლუტურად მიუღებელია საზოგადოებისთვის", – განაცხადა 2013 წელს ბეჟან გუნავამ, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ჯავახეთში დეპუტატ გოგლა ჟვანიას ეხმარებოდა.