პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავს, რომ დედაქალაქისთვის მიყენებული ზარალის გამომწვევი მიზეზებით პროკურატურა დაინტერესდეს. ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის სამსახურებს ზარალის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაავალა. ამ დრომდე ვერ ხერხდება ზარალის ზუსტი ოდენობის დათვლა, რადგან მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. პრემიერ ვარაუდობს, რომ სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა, შესაძლოა, 100 მილიონ ლარს მიაღწიოს.
„დღეს ბევრი ექსპერტი საუბრობს იმაზე, რომ გვირაბებმა და ახალმა გზამ ვერეს ხეობაში, მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის, რაც მოხდა. არ ვიცი, ეს არის ემოციური შეფასება, თუ სიმართლე. ვავალებ შესაბამის სამსახურებს, დაიწყონ ამაზე მუშაობა, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და ამის შემდეგ არ გამოვრიცხავ, ამ საქმით პროკურატურაც დაინტერესდეს. მსგავს ფაქტებზე რეაგირება ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის მაგალითი მოჰყავს, სადაც არაკეთილსინდისიერად გაცემული ნებართვების გამო, რომელმაც გარემოს დაზიანება გამოიწვია, პასუხისმგებელი პირები დაისაჯნენ. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, მოსახლეობას განუმარტოს, რატომ მიადგა ამხელა ზიანი დედაქალაქს.
„ვინც არ უნდა იყოს, უნდა მიეცეს პასუხისგებაში, არც ეს არის გამორიცხული. ჩვენ არ ვფიქრობთ მხოლოდ ამა თუ იმ პირის პასუხისგებაზე. საჭიროა, დადგინდეს რეალური მიზეზები, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ის, რაც მოხდა. გარანტია იმისა, რომ, რაც მოხდა, აღარ განმეორდება, არ არსებობს. ჩვენ ვალდებული ვართ, შევისწავლოთ და მოვახდინოთ შესაბამისი პრევენცია“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სტიქიამ ბოლო მონაცემებით 16 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ექსპეტრების განცხადებით, უნდა დაიწყოს გამოძიება და უნდა დაისვას იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება ესტაკადის მშენებლობაზე ისე, რომ არ იყო დაცული გარემოს ზემოქმედების შეფასების პროცედურა. გამოძიების დაწყებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, ესტაკადის მშენელობას ჰყავს დამპროექტებლები, რომლებიც ყველა კითხვას გასცემენ პასუხს.
„მერი აშენებს. არიან არქიტექტორები, მშენებლები და ისინი გასცემენ ამ ყველაფერს პასუხს. სასაცილოა უგულავას პასუხისმგებლობაზე საუბარი. არანაირი პრობლემა არ არის გამოძიება, მაგრამ წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციაა ის, რა განცხადებასაც პრემიერი აკეთებს, - „მე კი არ ვამბობ, მაგრამ ასე ამბობენ“.
ცოტა სასაცილოა ასეთი ტონალობით საუბარი და ხელის გაშვერვა „ნაცინალური მოძრაობისკენ“. კი, ბატონო, გამოიძიონ, მაგრამ სვანიძის ქუჩაზე სადაც პირველი ტრაგედია მოხდა, იქ რამე სამუშაოები მიმდინარეობდა? იგივე გმირთა მოედნის ქვეშ საბჭოთა კავშირის დროს აშენებულმა გვირაბმა რომ წყალი ვერ გაატარა, ესეც ნაციონალების ბრალია? ეს არის ჩვეულებრივი დემაგოგია და სპეკულაცია, რომელსაც ჩვენ არ ავყვებით. კი, ბატონო, გამოიძიონ რაც უნდათ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი ვაშაძე.
დღესვე, ჟურნალისტებთან საუბრისას კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა დაადასტურა, რომ მომხდარი სტიქიის მასშტაბებთან დაკავშირებით რომელიმე სუბიექტის ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში, შესაბამისი ზომები გატარდება. მინდია ჯანელიძე აუცილებლად მიიჩნევს სტიქიის მასშტაბების მიზეზების დადგენას.
„აუცილებლად მოხდება იმ მიზეზების შესწავლა, რის გამოც სტიქიის ამხელა მასშტაბი დაფიქსირდა. პირველ რიგში, იმის გამო, რომ მსგავსი სტიქია არ განმეორდეს და ამ პროცესში თუ იქნება გამოკვეთილი ვინმეს, რომელიმე სუბიექტის ბრალეულობა, მაშინ შესაბამისი ზომები იქნება მიღებული“, - განუცხადა ჟურნალისტებს მინდია ჯანელიძემ.
პარალამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შემთხვევები, უნდა იქნას შესწავლილი გამომწვევი მიზეზები.
„ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი და ეს პასუხისმგებლობა აქვს დღევანდელ ხელისუფლებას, ამიტომ, მაქსიმალურად უნდა შევისწავლოთ გამომწვევი მიზეზები. ძალიან მარტივია - 21-ე საუკუნეში ადამიანები წვიმისგან არ უნდა იღუპებობდნენ. პოლიტიკური ქვეტექსტები, რომ ვიღაცას მოუნდა „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით ანგარისწორება, ან თურმე ამას პოლიტიკური მიზნებისთვის ვიყენებთ, არასერიოზულია.
არსებობს ლეგიტიმური კითხვა, იყო თუ არა დაპროექტების დროს შეცდომა დაშვებული, რამდენად იყო მშენებლობის დროს გათვალისწინებული რისკები. ბუნებრივია, ეს უნდა გამოიძიონ. ადამიანების სიცოცხლე შეეწირა და როგორ შეიძლება ამის იგნორირება და ყველაფრის წვიმისთვის დაბრალება?! კი, ბატონო, წვიმა იყო, მაგრამ წვიმისგან ადამიანები არ უნდა იღუპებოდნენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მანანა კობახიძემ.