პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ არჩევნებმდე თუნდაც ერთი წელი რომ იყოს დარჩენილი, საარჩევნო რეფორმის კუთხით, რადიკალური ცვლილების გატარება გამართლებული არ არის. მისი მოსაზრებით, არასაპარლამენტო ოპოზიციამ არასწორი გზა აირჩია, რადგან აზრი ამომრჩეველსაც უნდა ჰკითხონ, მათ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება სურთ თუ არა.
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, for.ge მანანა კობახიძეს ესაუბრა:
არასაპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო რეფორმაზე კონსულტაციების გამართვას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლების მუშაობის პარალიზებით იმუქრება. ამ საკითხზე რამდენად მოსალოდნელია, მოლაპარაკებების გამართვა?
- ვფიქრობ, მათ არასწორი გზა აირჩიეს. მათი წუხილები მესმის, მაგრამ მთავარია ის, ქვეყნისთვის რა სჯობს. არავის უთქვამს, რომ მაჟორიტარული სისტემა არ ვარგა და ის გასაუქმებელია, ასეთი რამ საკონსტიტუციო სასამართლოს არ უთქვამს. მსოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყანაა, სადაც ეს სისტემა მუშაობს. ამომრჩეველსაც უნდა ვკითხოთ, მათ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება სურთ თუ არა. რადგან, პოლიტიკურმა პარტიებმა ასე გადაწყვიტეს, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მათ პოზიციას მთელი საზოგადოება იზიარებს?! არჩევნებში, შეიძლება ესა თუ ის პირი პარტიული ადამიანი არ იყოს, თუმცა, მას როგორც პროფესიონალსა და ღირსეულ ადამიანს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერდეს. ისე გამოდის, რომ აზრი მხოლოდ პარტიებს უნდა ვკითხოთ და საზოგადოების პოზიცია არ უნდა გვაინტერესებდეს. მათ პრეტენზია რატომ აქვთ, რომ თავად რასაც ამბობენ, ის სრულიად საქართველოს აზრი და სურვილია? - ეს ასე ნამდვილად არ არის. თუკი საზოგადოებრივი აზრის გაგება გვინდა, მაშინ გამოკითხვა ჩავატაროთ.
ამ საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს?
- მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება რეფერენდუმი, კენჭისყრა თუ პლებისციტი. კოალიციას საარჩევნო რეფორმის განხორციელება საარჩევნო პროგრამაში გვეწერა და ეს უნდა განგვეხორციელებია. „საარჩევნო კოდექსში“ ათეულობით ნორმა შევცვალეთ და საარჩევნო გარემო უფრო სამართლიანი გახდა, ვიდრე ეს მანამდე იყო. თვითმართველობის არჩევნები 50 პროცენტიანი ბარიერის პირობებში ჩატარდა და ყველა ქალაქის გამგებელი და მერი ავირჩიეთ. ეს რეფორმა ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა. ხელისუფლებამ ეტაპობრივად სერიოზული ცვლილებები განახორციელა და ამ პროცესს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც დაემთხვა, რაც უნდა აღვასრულოთ.
საარჩევნო რეფორმაზე აპელირებთ და რა სისტემის შემოღებას გეგმავთ?
- პირველ რიგში, ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობა უნდა გავათანაბროთ, რათა დისბალანსი არ იყოს, რაც არაკონსიტუციური და არასწორია. წინა ხელისუფლება ამ ნორმას ეგუებოდა, ჩვენ კი, ამ გზით სვლას არ ვაპირებთ და ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში, მახინჯი სისტემა უნდა შევცვალოთ, რომელიც ამომრჩეველთა რაოდენობას ეხება. 2016 წლის შემდეგ ჩატარებული არჩევნები იქნება პროპორციული, რაც გამოძახილი იქნება იმ მოცულობის, რაც არის.
თქვენი პოზიცია როგორია, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს?
- მაჟორიტარული სისტემა ცუდი არ არის და არ შეიძლება, რომ ამ სისტემის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გვქონდეს. ჩვენ ერთპალატიანი პარლამენტი გვაქვს და რთულია ოლქები იდენტურ ნაწილებად დაჰყო.
ოპოზიცია ამბობს, რომ მაჟორიტარულ სისტემას იმის გამო არ აუქმებთ, რომ გეშინიათ, 2016 წელს, პროპორციულ სისტემაზე გადასვლით ხელისუფლება არ დაკარგოთ...
- არჩევნებამდე თუნდაც ერთი წელი რომ იყოს დარჩენილი, რადიკალური ცვლილების გატარება გამართლებული არ არის და ევროპულ ქვეყნებში უპირატესობას უფრო სტაბილურ და დინამიურ ცვლილებას ანიჭებენ. თუკი იქამდე მივდივართ, რომ ცვლილებებისთვის საზოგადოება მზად არის, პარტიები მოსახლეობის ტოლობას არ წამოადგენს. თუ პარტიულ დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, მაშინ, ამომრჩეველთან მუშაობაა საჭირო, რომ მათ მხარი პარტიებს დაუჭირონ. მნიშვნელოვანია ის, ამ ყველაფრის მიმართ ამომრჩევლის განწყობა როგორია. ეს მათ არ გაუზომავთ. როცა ხელისუფლებაში ხარ, ქვეყნის დინიმიურ და ნორმალურ განვითარებზე პასუხისმგებლობა გაქვს.
საზოგადოებრივ განწყობებზე აპელირებთ და გკითხავთ. კოალიციის გადაწყვეტილებით, ქვეყანა მრავალმანდატიან პროპროციულ სისტემაზე 2020 წელს გადავა და ამ შემთხვევაში, საზოგადოების განწყობა იცით, როგორია? მათი აზრი გამოიკითხეთ?
- ბუნებრივია, ამ საკითხზე ვიმუშავებთ. როცა მუშაობას საკონსტიტუციო ცვლილებებზე დავიწყებთ, კანონი გვავალდებულებს, რომ ცვლილებების თაობაზე საჯარო განხილვები ჩატარდეს და ამომრჩეველთან მუშაობაა საჭირო. ცვლილებები პირდაპირ რომ შემოიტანო, ამისთვის საზოგადოებაც მზად უნდა იყოს.
იმ შემთხვევაში თუკი, მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება, როგორ ფიქრობთ, ეს რა გზავნილი იქნება აფხაზებისთვის და ოსებისთვის, ვინაიდან ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს ჰპირდება, რომ მათ პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი ეყოლებათ...
- ჩვენდა სამწუხაროდ, ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და ქვეყანის 20 პროცენტი ოკუპირებულია. როცა იმის ბედნიერება გვექნება, რომ ეს ხალხი ჩვენთან ერთად იქნება და არჩევნებში მონაწილეობას ერთად მივიღებთ, ეს ყველაზე დიდი მონაპოვარი იქნება. კონსტიტუციაში ჩანაწერი არსებობს პარლამენტი ორპალატიანი როდის უნდა იყოს და ზედა და ქვედა პალატა, როდის უნდა დაკომპლექტდეს.
დეოკუპაციის შემდეგ, საარჩევნო სისტემა ისევ შეიცვლება?
- აფხაზები და ოსები დავიბრუნოთ და კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა პრობლემა არ იქნება. შემდგომი ცვლილებები მათი ჩართულობით უნდა განხორციელდეს და არა - მათ გარეშე.
გამორიცხავთ, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციამ აქციები დაიწყოს? საპარლამენტო ოპოზიციამ ბოიკოტს მიმართა, რეგისტრაცია არ გაიარეს და სხდომა ჩაიშალა...
- ძალიან ცუდია, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ ნაციონალებთან ერთად ვხედავ. ისინი ერთ სიბრტყეში წარმოჩნდნენ, რაც ძალიან ცუდია. მათ არ ვუსურვებდი, რომ ერთ ხმაში ისაუბრონ, მაგრამ ეს მათი უფლებაა. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ უმრავლესობას კვორუმის პრობლემა არ იყოს და იმის შემყურე არ ვიყოთ, სხდომაზე მოსვლა „თავისუფალ დემოკრატებს“ მოესურვებათ, თუ ნაციონალებს. რაც შეეხება აქციებს, საქართველოში დემოკრატიაა და თუკი ვინმეს საკუთარი აზრის მშვიდობიან ფორმებში გამოხატვა სურს, მათ შეუძლიათ ეს უფლება გამოიყენონ, მაგრამ თუკი ვინმე დესტრუქციულ ქმედებებს ჩაიდენს, იქ კანონი იმოქმედებს. დღეს ისეთი მოცემულობაა, როცა ადამიანებს საკუთარი აზრის გამოხატისთვის არავინ ერჩის. ნუ გვემუქრებიან!