არჩევნების მოახლოების პროპორციულად, საარჩევნო წესით გამოწვეული პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის მატების პროგნოზი უკვე არსებობს - საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო წესი მხოლოდ 2020 წლისთვის შეიცვლება. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არსებული, შერეული წესით ჩატარდება. ოპოზიცია კი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვს - უკვე ჩანს ნიშნები, რომ ოპოზიცია ამ თემას პოლტიკური ქულების დასაგროვებლად სულ უფრო აქტიურად გამოიყენებს.
პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“ ხელმძღვანელი ზურაბ ხარატიშვილი თვლის, რომ ხელისუფლებას ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო.
„ძალიან დიდი პრობლემაა, როდესაც საარჩევნო თემატიკის შესახებ ასე ცალმხრივად იღებენ გადაწყვეტილებას. ხელისუფლებამ, არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომელიც ინტერფრაქციული ჯგუფისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან კეთდებოდა, თემის სრული იგნორირება მოახდინა. ამას ხაზს რატომ ვუსვამ - არსებობს ქვეყანში საკითხები, რომელზეც აუცილებელია კონსენსუსი და ასეთია საარჩევნო თემები. ვიღაც რომ საარჩევნო კოდექსს სკუთარ თავზე ირგებს, ეს ეტაპი უკვე გავიარეთ და როგორც დამთავრდა, ვიცით“,- აცხადებს ხარატიშვილი.
იმ ვარიანტის მიხედვით, რაც ინტერფრაქციულმა ჯგუფმა შემოგვთავაზა, საკონსტიტუციო ცვლილებების გზით საარჩევნო კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა განხორციელდეს. ეს ეხება 150-კაციან პარლამემნტში 75 დეპუტატის არჩევას ერთიანი პროპორციული სიით, ხოლო დანარჩენი 75 დეპუტატის - რეგიონულ-სამხარეო პროპორციული სიებით.
მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე თვლის, რომ ამ წესს ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს და ყველა მისი მომხრე მიიჩნევს, რომ ის არის უფრო დემოკრატიული და სამართლიანი.
„თუმცა, ყველა პოლიტკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოდის, რატომღაც თვლის, რომ დღეს არსებული მოდელი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის უფრო მომგებიანია“,- მიიჩნევს ფიქრია ჩიხრაძე.
ექპერტი, რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ამ შემთხვევში ოპოზიცია არა ქვეყნის, არამედ საკუთარ ინტერესებზე უფრო ფიქრობს.
„მე საერთოდ არ მომწონს პროპორციული საარჩევნო სისტემა და ვეთანხმები ამერიკელებს -პროპორციული საარჩევო სისტემა უფრო ევროპაშია გავრცელებული. შემთხვევითი არ არის, რომ ამერიკაში მთლიანად მაჟორიტარული სისტემაა, რადგან მათ მიაჩნიათ - ერთი კაცის ზურგს ამოფარებული ადამიანები რომ მოხვდებიან საკანონმდებლო ორგანოში, ისინი კონკრეტული ამომრჩევლის წინაშე არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ. ეს კი არ არის ადეკვატური დემოკრატიისთვის“,- აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის ურყევი არგუმენტია, რომ თავის დროზე, ოპოზიციში ყოფნისას ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აპროტესტებდა, სწორედ საარჩევო სისტემა იყო და სხვა დაპირებებთან ერთად, ძალაუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სწორედ საარჩევნო სისტემის შეცვლას გეგმავდა.
„ამ წესს ემხრობა 14 ოპოზიციური პარტია, 8 სამოქალაქო მოძრაობა, საერთაშორისო საზოგადოება, ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც ამის შესახებ პარლამენტში გამოსვლის დროს აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც საკუთარი ხელმოწერით აქვს დადასტურებული ამ ინიციატივის უპირატესობა, ყველა სხვა მოდელთან შედარებით და ის ადამიანები, რომლებიც დღეს კოალიციაში არიან, სწორედ ამ ფორმულისთვის იბრძოდნენ სხვადასხვა ეტაპზე. არ მესმის რა უდგას წინ ამ ცვლილების განხორციელებას თუკი ამისი პოლიტიკური ნება არსებობს? - გარდა ერთისა, ხელისუფლება მიხვდა, რომ რეიტინგი აღარ ყოფნის უმრავლესობის შესანარჩუნებლად და არსებული სისტემით სურს არჩევნების მოგება“, - მიიჩნევს ფიქრია ჩიხრაძე.
ზურაბ ხარატიშვილი: „სინამდვილეში ძალიან მარტივად არის საქმე, მაჟორიტარების ორმა, თორმეტკაციანიმა ფრაქციამ, რომელმაც თავის დროზე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა იხსნა დაშლისაგან, სავარაუდოდ, შანტაჟის გზა გამოიყენა - თუ საარჩევნო სისტემა შეიცვლება, ისინი გავლენ უმრავლესობიდან და უმრავლესობა დაიშლება - რეალური მიზეზი ეს არის, მაგრამ ქვეყანამ რა დააშავა?
თუ სხვა გზით ვერ ახერხებს „ქართული ოცნება“ უმრავლესობის შენარჩუნებას, ადგეს და გადავიდეს უმცირესობაში. ეს არ არის ამომრჩევლის პრობლემა. იმისათვის, რომ „ოცნებას“ უმრავლესობა არ დაეშალოს, უსამართლო სისტემა არ უნდა დავტოვოთ კიდევ 5 წელი და არ უნდა ვიყუროთ ამ უნიათო ხალხს, რომელიც რაღაცას ვერ ახერხებს შიდა სამზარეულოში“.
ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, 2012 წლისთვის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიღო ვალდებულება, რომ 2016 წლისთვის საარჩევნო სისტემა შეიცვლებოდა და ამას ოპოზიციაც ეთანხმებოდა.
„ახლა ფირფიტის გადაბრუნება პოლიტიკური უგუნურებაა, მითუმეტეს, რომ ხელისუფლებში ისეთი ხალხია, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით თავის დროზე შიმშილობდა კიდეც. ახლა რომ ამბობენ, 2020 წლისთვის შევცვალოთო, კეთილი ინებონ და იმის განმარტება მაინც გააკეთონ, რატომ 2016 წლისთვის არა?- არ მჯერა, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე გვეუბნება, შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის დრო აღარ არის დარჩენილი. საოცარია, როდესაც ხელისუფლებაში მოსულებს დიამეტრალურად ეცვლებათ აზროვნება“, - აცხადებს ხარატიშვილი.
რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ საარჩევნო წესი შესაცვლელია, მაგრამ ის უნდა გავაუმჯობესოთ და არა - გავაუარესოთ.
„მართლაც, რამდენი ხანია, ვხედავთ, რომ პროპორციული სიტემა (და დავარქვით კიდეც ე.წ. პარავოზი), აჩენს ამ „პარავოზზე“ ჩამოკიდებულ სახეებს, რომლებიც არც ვიცით ვინ არიან, არც დადიან პარლამენტში და ა.შ. გამოდის, რომ ეს ვარიანტი უკეთესია, მარტო იმისთვის, რომ პარტიები იყვნენ კმაყოფილები“? - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ოპოზიციის კიდევ ერთი არგუმენტი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებაა, რომელიც გულისხმობს, რომ დღეს არსებული საკონსტიტუციო სისტემა ვერ უზრუნველყოფს ხმათა და მანდატის თანაბრობას.
როგორც ცნობილია, 2016 წლის არჩევნებისთვის გათვალისწინებული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - გამსხვილდება საარჩევო ოლქები, ხოლო მაჟორიტარებს 50%-იანი ბარიერი ექნებათ დასაძლევი.
ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ 50-იანი ბარიერი ამ შემთხვევაში არაფერს არ ცვლის, მისი შეფასებით, ერთი მხრივ, პრობლემურია, რომ ამომრჩეველთა ოდენობის მიხედვით არ არის განაწილებული მანდატები.
„როდესაც ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქზეა ლაპარაკი, მაშინ წარმოუდგენელია, რომ 80-ათასიანი ამომრჩეველი ერთი დეპუტატით იყოს პარლამენტში წარმოდგენილი და 3-4-ათასიანი ამომრჩეველიც ერთი მანდატით იყოს წარმოდგენილი. ეს ნიშნავს მანდატის წონის არათანაბრობას, ამის თაობაზე წლების განმავლობაში უამრავი საერთაშორისო რეკომენდაცია იყო მიცემული საქართველოსთვის.
იმას, რომ მხოლოდ პატარა რეგიონები გავაერთიანოთ, მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ დუშეთს, ყაზბეგს, თიანეთს ერთი მაჟორიტარი მივცეთ, ასეთ კოსმეტიკურ ჩარევებს, უმჯობესია, გადავიდეთ იმ სისტემაზე, რომლის უპირატესობასაც თვითონ ხელისუფლებაც არ უარყოფს. ცუდი რომ იყოს, ხომ არ იტყოდნენ, 2020-ში გადავიდეთ ამ უკეთეს სისტემაზეო?!“,- აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.
კიდევ ერთი პრობლემა, რაც ოპოზიციას აწუხებს, არის ხმების სამართლიანად მიღების თემა.
ფიქრია ჩიხრაძის განმარტებით, აქ საუბარია იმაზე, რომ პარტიას, რომელიც დღევანდელი კანონმდებლობით იღებს 50%-ს, მაჟორიტარების წყალობით, რეალურად, მანდატების 70% მაქვს.
„ამ ორ რიცხვს შორის ხომ არის სხვაობა? ის სისტემა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, იძლევა გარანტიას, რომ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მიიღებს 50%-ს, ეყოლება 50%-ის ტოლფასი წარმომადგენლობა პარლამენტში. ხმები კი არ დაიკარგება ან სხვების მიერ არ იქნება მიტაცებული, არამედ რეალური მრავალპარტიულობის გარანტი იქნება. რეალური კოალიციის შექმნის მოთხოვნა გაჩნდება“, - მიიჩნევს ჩიხრაძე.
იმავე მოსაზრებას ითვალისწინებს ზურაბ ხარარტიშვილიც - რეალურად რომ მოიგოს კიდეც, არ უნდა იყოს ისე, როგორც მოხდა 2012 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას, როდესაც 44%-იანი პროპორციული სიით გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ და შედეგად 76 ადგილი აიღო.
„ეს რომ საპარლამენტო არჩევნების დროს მომხდარიყო, გამოვიდოდა, რომ 44%-ით საკონსტიტუციო უმრავლსობას მიიღებდა. როდესაც ასეთი რამ ხდება, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს საარჩევნო სისტემის გაუმართაობაზე“,- აცხადებს ზურაბ ხარატიშვილი.
თუმცა, რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ იმ პოლიტიკური კულტურისა და იმ პოლიტიკური რესურსების ადეკვატური, რაც დღეს საქართველოში არსებობს, იქნებოდა მთლიანად მაჟორიტარული სისტემით მუშაობა - „დანარჩენი არის ე.წ. წვრილი პარტიების ინტერესები“.
ფიქრია ჩიხრაძის განმარტებით, ბევრ ქვეყანში არსებობს ასეთი სისტემა, სადაც არ არსებობს ორპალატანი პარლამენტები, წლების განმავლობაში შესწავლილი გვაქვს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებები და ავიღეთ ის მოდელი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უფრო სასარგებლოა.
„ეს არის სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნის მცდელობა, სადაც ხალხის მხარდაჭერას ვინ როგორ მიიღებს, ეს უკვე ცალკეულ პოლიტიკურ ძალებზე იქნება დამოკიდებული და ვერავინ ვეღარავის ვეღარ დააბრალებს ხმების მოპარვას“,- მიიჩნევს ჩიხრაძე.
რამაზ საყვარელიძისთვის არც მრავალპარტიული პარლამენტის იდეაა სათანადოდ არგუმენტირებული.
„რაც შეეხება მრავალპარტიულ პარლამენტს, არ მესმის, რატომ გვაქვს ასეთი იდეაფიქსი, რადგან პარტიები არ გვაქვს მრავალი. რეალურად რამდენი პარტიაა საქართველოში, ხალხის მხარდაჭერით ვინც სარგებლობს? გვიჭირს დასახელება? - გამოდის, რომ ხელოვნურად მრავალპარტიული პარლამენტი გვექნება“, - მიიჩნევს საყვარელიძე.
თითქმის ყველა თანხმდება, რომ მაჟორიტარული სისტემა საქართველში მახინჯ ფორმად იქცა. როგორც ფიქრია ჩიხრაძე განმარტავს, მაჟორიტარული სისტემა ჩამოყალიბდა კლანური მმართველობის შემადგენელ ძალიან მახინჯ სისტემად.
„ვფიქრობ, რომ ამაზე ბევრი კამათიც არ ღირს და ამას ადასტურებს ყველა კვლევა. მაჟორიტარები მოწვევიდან მოწვევამდე დახარჯავენ გარკვეულ თანხას, ჩაიდებენ მანდატს ჯიბეში და საკუთარი ბიზნესინტერესების უზრუნველყოფას იწყებენ. მათ შორის მონოპოლისტური ინტერესების და სწორედ ამ მანდატის წყალობით. რაც მთავარია, ეს ადამიანები ცხვირსახოცებივით იცვლიან პარტიებს. რომელი პარტიაც მოვა ხელისუფლებაში, იმ პარტიის მომხრეები ხდებიან, ასე ინარჩუნებენ გავლენას და ქმნიან საკუთარ პოლიტიკურ ბიოგრაფიას“, - აცხადებს ჩიხრაძე.
ჩიხრაძე დარწმუნებულია, რომ მოიხსნება ეს პრობლემა სხვა საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში. სისტემა ადგილობრივი ფეოდალებისა, შეიცვლება და კონკრეტულად, რეგიონის მიხედვით ყველა პარტიას მოუწევს რამდენი მანდატიც იქნება რეგიონისათვის განკუთვნილი, იმდენი რეიტინგული ადამიანის დაყენება.
„რაც მთავარია, ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი ადამიანი არ იქნება გამარჯვებული. სავარაუდოდ, რეგიონულ სიაში თავს მოიყრის რამდენიმე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი. თავის მხრივ, პარტიებიც შეეცდებიან უფრო მეტი კონკურენცია იყოს ამომრჩეველთან მიმართებაში“, - ვარაუდობს ფიქრია ჩიხრაძე.
ფიქრია ჩიხრაძე: როგორც ჩანს, ხელისუფლებაში რაღაც სხვა ხდება და ეს რაღაც სხვა არის ამ გზით ძალაუფლების შენარჩუნება. ამისი კლასიკური მაგალითი უკვე სახეზე გვაქვს, როდესაც ნაციონალების მაჟორიტარები ისე გადაბარგდნენ ოცნებში, რომ სინდიდი ქენჯნა არ უგრძვნიათ, ხოლო თავის მხრივ ხელისუფლებამ ამ გზით უზრუნველყო უმრავლესობა“.
როგორი საარჩევნო წესიც არ უნდა მოქმედებდეს, დღევანდელი გადასახედით, სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ ყველაზე მაღალრეიტინგული პოლიტიკური ძალა კვლავ „ქართული ოცნებაა“ და 2016 წლისთვის ძალაუფლების მოპოვების ყველაზე მეტი შანსი სწორედ მას გააჩნია. თუმცა ზურაბ ხარატიშვილს სოციოლოგიური კვლევების აღარ სჯერა, რადგა მისი ღრმა რწმენით, 2012-მა წელმა დაგვანახა, რომ ქართველმა ამომრჩეველმა ისწავლა არაგულწრფელი პასუხების გაცემა.
დღეს არაგულწრფელი პასუხების გაცემის აუცილებლობა ნამდვილად აღარ დგას ქართველი ამომრჩევლის წინაშე და ვერც იმას ვიტყვით, რომ საქართველო განებივრებულია მაღალრეიტინგული ოპოზიციური პარტიებით, რომელთა გამარჯვებას მხოლოდ საარჩევნო სისტემა უშლის ხელს.
რამაზ საყვარელიძე: „თუკი პარტიას აქვს ავტორიტეტი ხალხში, წარადგინოს ამ პარტიამ მაჟორიტარი კანდიდატები. ამერიკულ წესზე ვსაუბრობდი - იქ არჩევის წესია მაჟორიტარული, თორემ წარდგენით პარტიები წარადგენენ. წარადგინონ ერთმანდატიან ოლქებში კანდიდატები და ის კანდიდატი, იმ კონკრეტულ ოლქთან იქნება მიბმული - არ იქნება მიბმული და დაზარალდება პარტია. რა განსხვავებაა? ერთადერთი - ხალხს ეცოდინება, კანდიდატის სახელი და გვარი, ეცოდინება, ვის რა მოსთხოვოს. დღეს უკმაყოფილოები რომ არიან მაჟორიტარი კანდიდატებით, იმას მაინც ამბობენ, ეს არ გამოგვადგაო. პროპორციული სიით რას გაიგებენ, ვის მოსთხოვონ პასუხი?
ესენი იძახიან, მაჟორიტარები არიან ფულით დაინტერესებულიო, სიით გასულებში არავინ არის ფულით დაინტერესებული? აბა რატომაა პროპორციული სიები შემოსავლის წყარო რომ ხდება-ხოლმე ზოგიერთი ლიდერისთვის? - ახლა საქართველოზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ რუსეთში ვიცი რამდენიმე ლიდერი, სიაში ადგილებს რომ ყიდის.
რატომ არის ეს ადგილები ფასიანი? - ის კანდიდატი, ვინც შევა, მერე ფულის კეთებას დაიწყებს და რა განსხვავებაა პარტიული სიით შესული დაიწყებს ფულის კეთებას თუ სიის გარეშე“?
ზურაბ ხარატიშვილი იმედს არ კარგავს, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია საარჩევნო სისტემის შეცვლა.
„59 დპუტატს უკვე ხელი აქვს მოწერილი საკონსტიტუციო ცვლილებაზე. რომ დარეგისტრირდეს, სულ 76 ხმა სჭირდება. პირველი მოსმენით მიღებას 113 ხმა სჭირდება, მაგრამ თუ დარეგისტრირდა, უნდა ჩავთვალოთ, რომ პრაქტიკულად, მიღებულია“.
რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ახლა დაიწყება პოლიტიკური ბრძოლა და აღარავინ დაუკვირდება იმას, რა უფრო რაციონალურია.
„ის რაც ინტელექტმა უნდა გადაწყვიტოს, იმისი გადაწყვეტა მომხრეებით, სულ ხვა სურათს გაძლევს. უნდა არსებობდეს ჯგუფი, რომელიც შეასრულებდა ასეთ ინტელექტუალურ სამუშაოს, დააგროვებდა არგუმენტებს, გაზომავდა, ანალოგიებს მოაგროვებდა, ოღონდ პარტიული ინტერესის გარეშე. როგორც ამერიკული კონსტიტუციის მამები არ იყვნენ პოლიტიკაში ჩართულები. ანალოგიურ პირობებში უნდა შეიქმნას ჯგუფი და არა პოლიტიკოსებისგან, რომლებიც თავიანთი ინტერესის მიხედვით - ვინ უფრო ღონივრად გადაქაჩავს თოკს, - იმოქმეებენ.
ანუ თავიდანვე არასწორად ვაგებთ ძირითად საკანონმდებლო პროცესს - ვგულისხმობ საკონსტიტუციო ნორმებს. კონსტიტუციაშიც პოლიტიკური პარტიები გვყავს ჩართული და მერე ჭიდაობას ანდომებენ მთელ დროს. ასეა საარჩევნო საკითხშიც. რაც მთავარია, ყველა მოქმედებს იმ წელს, იმ დღეს გაჩენილი ინტერესებით. სწორად თქვა ბერძენიშვილმა, 2016 წელს ხომ არ მთავრდება ქვეყნის ცხოვრებაო, მაგრამ ამ პარტიებს კონკრეტულად ამ წელს აქვთ ინტერესი, რომ როგორმე შევიდნენ, რაც შეიძლება მეტი მანდატით პარლამენტში.
ამ პარტიების ინტერესი გასაგებია, მაგრამ როდესაც ძირითად კანონს ცალკეული, თანაც პოლიტიკური სუბიექტების ინტერესზე აგებ, რომელზეც მერე მთელმა ქვეყანამ უნდა იცხოვროს, ესაა მცდარი გზა, ჩემი აზრით და ამ შეცდომას ხელს უწყობს ხელისუფლება“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.