„გადამწყვეტი იქნება გერმანიის პოზიცია“

„გადამწყვეტი იქნება გერმანიის პოზიცია“

2016 წლის 9 ივლისს, ვარშავაში ნატოს სამიტი იმართება. სამიტამდე ერთი წლით ადრე ოფიციალური თბილისის მოლოდინი საკმაოდ დიდია. თბილისში ნატო-ს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენციის მიმდინარეობისას, რომელშიც ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნები და ექსპერტები მონაწილეობენ, სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა საქართველოსთვის ვარშავის სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც თინა ხიდაშელი ამბობს, ეს არის იმედისა და მოლოდინის სამიტი. მინისტრის განცხადებით, მისი მოლოდინები ვარშავის სამიტის შედეგებში აისახება. საქართველოს „ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი“ დირექტორი, გიორგი მუჩაიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი პირდაპირ იქნა დაყენებული.

რა შემთხვევაში შეიძლება მიიღოს საქართველომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა და მიიღებს თუ არა ქვეყანა გერმანიის მხარდაჭერას ვარშავის სამიტზე? ამ საკითხებთან დაკვაშირებით for.ge გიორგი მუჩაიძეს ესაუბრა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მისი მოლოდინები ვარშავის სამიტის შედეგებში აისახება. თქვენი მოლოდინი როგორია, მიიღებს საქართველო ვარშავის სამიტზე MAP-?

- მივესალმები ასეთ შემართებას, რომ MAP-ის საკითხი ასე პირდაპირ იქნა დაყენებული. ადრე იყო საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება MAP-ის გარეშეც მოხდებოდა. კარგია, რომ დღეს რეალურ თემაზე მოხდა კონცენტრირება და პრინციპულ საკითხად დააყენა თავდაცვის სამინისტრომ ნატოს პარტნიორების წინაშე ეს საკითხი, მაგრამ საკითხის დაყენება არ არის საკმარისი, რადგან ერთია საკითხის დაყენება, მეორეა იმ საშინაო დავალების შესრულება, რომელიც წინ წაწევს MAP-ის მინიჭების საკითხის დადებითად გადაწყვეტას.

ქვეყანა, რომელიც იმედებს ამყარებს ვარშავის სამიტზე, რა ნაბიჯები უნდა გადადგას იმისათვის, რომ ეს მოლოდინები გამართლდეს და გადავიდეს ნატოსთან ურთიერთობის თვისობრივად ახალ ეტაპზე? ანალიტიკოსები ხაზგასმით აცხადებენ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მზად არის იმისათვის, რომ მიიღოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა...

- ნამდვილად, თავდაცვის სამინისტრო შედარებით წინ არის წასული. პრობლები არის სხვა მიმართულებით, მათ შორის დემოკრატული რეფორმის კუთხით, როგორიც არის შსს-ს, პროკურატურის და სასამართლოს რეფორმა. ბატონმა ვერშბოუმ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ძალიან ცალსახად თქვა, რომ ნატო თვალყურს ადევნებს ამ სფეროებში რეფორმირებას. ის, რაც დღეს-დღეობით ხდება, იგივე უშიშროების სამინისტროს გამოყოფასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს არანაირად არ არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ტექნიკური მექანიკური გაყოფა არ ჩაითვლება პროგრესად.

გარდა ამისა, იგივე საგარეო ურთიერთობის კუთხით საჭიროა მეტი აქტიურობა სკეპტიკურ ქვეყნებთან. მათ შორის ევროპის ლიდრეთან - გერმანიასთან. ასევე, - ურთიერთობა ჩვენს მომხრე მხარდამჭერ ქვეყნებთან, მეტი აქტიურობა და მობილიზაცია, რომ ხელი შევუწყოთ მათ მიერ ჩვენს ადვოკატირებას. აუცილებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიურობის გაზრდა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შედეგზე ფიქრი და გვქონდეს MAP-ის მოლოდინი ვარშავის სამიტზე.

რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ ეს საკითხი პირდაპირ დადგა და არ ვეფარებით იმ ილუზიებს, რომ MAP-ის გარეშეც შეიძლება ნატოში გაწევრიანება. კი ბატონო, გაწევრიანების გადაწყვეტილება მიღებულია ბუქარესტის სამიტზე, მაგრამ MAP არის ის სავალდებულო ინსტრუმენტი, რომლის გავლაც აუცილებელია ჩვენი ნატოში გაწვერიანებისთვის.

როგორც ცნობილია, ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების ინიციატვით გამოვიდა თურქეთი. თუ გავითვალისწინებთ გერმანია-რუსეთის ურთიერთობას, შესაძლებელია, რომ თურქეთის მსგავსად გერმანიაც გამოვიდეს საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების ინიციატივით?

- კარგია, რომ თუქრეთმა ეს საკითხი კიდევ უფრო აქტიურად წამოწია. რაც შეეხება გერმანიას, ეს ძალიან მძიმეწონოსანი ქვეყანა როგორც პოლიტიკაში, ასევე დიპლომატიაში წარმოადგენს ევროპის ლიდერ ქვეყანას. შესაბამისად, მისი პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანი გავლენის მომხდენი იქნება საქართველოს მხარდაჭერის დინამიკაზე. რაც შეეხება გერმანიის მხარდაჭერის შანსებს, დღეს გერმანიაში სიტუაცია შეცვლილია რუსეთთან მიმართებაში. უკვე ძალიან ცალსახად ფიქსირდება, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული ნაბიჯები, აშკარად ურტყამს მსოფლიო უსაფრთხოებას და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

ჩვენ ამას წინათ გვქონდა გერმანულ-ქართული სტრატეგიული წლიური შეხვედრა, სადაც გერმანელმა კოლეგებმა ცალსახად დააფიქსირეს, რომ რუსეთთან მიმართებაში რადიკალურად შეცვლილია სიტუაცია. მეტი აღქმაა იმისა, რომ რუსეთისგან მოდის საფრთხე, იქმნება იმის გარემო, რომ ჩვენი აქტიურობით შეიძლება წინსვლას მივაღწიოთ მხარდაჭერის კუთხით. დღეს ამისთვის უფრო პოზიტიური გარემო და ვითარებაა, ვიდრე იყო ერთი წლის წინ. ეს ცალსახად დაგვიდასტურეს ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა.

ანუ, პირველ რიგში სამუშაო არის ბერლინში, რადგან ბერლინის პოზიციას აქვს ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ვარშავის სამიტზე, მიიღებს თუ არა საქართველო MAP-?

- დიახ ასეა. ჩემი აზრით გადამწყვეტი იქნება გერმანიის პოზიცია. გერმანია ყოველთვის იყო ლიდერი სახელმწიფო, მის პოზიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა - უმრავლეს შემთხვევაში მისი პოზიცია გადიოდა. დიახ, მე ასე ვფიქრობ, რომ გერმანიის მიერ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, MAP-ის მიღების შანსები საგრძნობლად გაიზრდება.

დღევანდელი გადასახედიდან შესაძლებელია ითქვას, რომ საქართველო მიიღებს გერმანიის მხარდაჭერას?

- ჩვენი აქტიური მუშაობის შემთხვევაში მხარდაჭერა იქნება, მაგრამ ასეთი ნაკლები ინტენსივობით, როგორც დღეს მიდის მუშაობა ამ მიმართულებით, ამის ძალიან ნაკლები იმედი მაქვს.