„ივანიშვილი მაჟორიტარების სისტემის მოსახსნელად იბრძოდა, თუმცა, იმ არჩევნების ბედი უნდა გადაწყვიტო, რომელშიც მონაწილეობ“

„ივანიშვილი მაჟორიტარების სისტემის მოსახსნელად იბრძოდა, თუმცა, იმ არჩევნების ბედი უნდა გადაწყვიტო, რომელშიც მონაწილეობ“

მმართველი გუნდი ახალი საარჩევნო სისტემის მხარდაჭერის სანაცვლოდ, მაღალმთიანი რეგიონების ოლქების მაჟორიტარ დეპუტატებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონპროექტის მიღებას სთავაზობს. for.ge-ს ინფორმაციით, კანონმდებლების მიმართ აღნიშნული შეთავაზება კოალიცია „ქართული ოცნების“ დახურულ სხდომაზე გაკეთდა, რომელსაც გასულ კვირას, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

პარლამენტში ე.წ. მთის კანონპროექტის ინიცირება 8 ივნისს მოხდა და მასზე მსჯელობა უახლოეს მომავალში დაიწყება, საარჩევნო კოდექსზე მუშაობა კი, ისევ მიმდინარეობს, რომლის თაობაზეც პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობაა.

ოპოზიცია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებენ, რომ 2016 წელს, არჩევნები შერეული წესით ჩატარდება, მაჟორიტარი დეპუტატები პროპორციული სისტემის წინააღმდეგ გამოდიან და მოსალოდნელ პრობლემებზე საუბრობენ, „ქართული ოცნების“ წევრები კი ამტკიცებენ, რომ საქართველოში კონსტიტუციური არჩევნები ჩატარდება და ბევრად უფრო მოწესრიგებული საარჩევნო სისტემა იქნება, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

როგორც for.ge-ს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა, ქვეყნის საარჩევნო ტექნოლოგია იმის საფუძველსა და შესაძლებლობას იძლევა, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, კონსტიტუციური ცვლილებები ადრეულ გაზაფხულზე განხორციელდეს.

მისი შეფასებით, ახალი საარჩევნო სისტემა რევოლუციური და კარდინალური ცვლილება არ არის.

„ეს თემა ქართველი პოლიტიკოსებისთვის და სამოქალაქო სექტორისთვის უცხო არ არის. ორი ათეული წელია, რაც ქართულ პოლიტიკურ არენაზე საუბარი იმაზე მიდის, რომ მაჟორიტარული სისტემა პროპორციული სისტემით უნდა ჩანაცვლდეს. ამ საკითხზე უმრავლესობის წევრებს თავიანთი პოზიცია დაფიქსირებული აქვთ“, - აცხადებს კვერენჩხილაძე.

ახალ საარჩევნო სისტემას ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანიც აკრიტიკებს და იმ მიზეზებზეც საუბრობს, რის გამოც, მისი მოსაზრებით, უმრავლესობა მაჟორიტარულ სისტემას სრულად არ აუქმებს.

for.ge-სთან საუბარში ჩიქოვანი აცხადებს, რომ სახეზეა „ქართული ოცნების“ „გაჯიქება“, რომელმაც იცის, რომ მას პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ბოლოს მოუღებს და უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს.

„ოცნება“ იმ ხრიკებსა და მეთოდებს ინარჩუნებს, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ არაერთხელ გამოუყენებია. სამწუხაროა, რომ ისინი ნელ-ნელა ნაციონალებს ემსგავსებიან. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ქვეყანას სამართლებრივად გამართული საარჩევნო სისტემა სჭირდება, რომელიც სამხარეო პროპორციულის ვერსიაა. ღია კარის მტვრევა საჭირო არ არის და საქართველოს მარტივი გადაწყვეტილების მიღება სჭირდება, რომ ერთხელ და სამუდამოდ ნორმალური სისტემა შექმნას“, - აცხადებს ჩიქოვანი.

კანონმდებელი მიიჩნევს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, ქვეყანას არჩევნების ჩატარება ნაკლები დაუჯდება და შუალედური არჩევნები ფაქტიურად გამოირიცხება.

„წახალისებული იქნება პარტიული პოლიტიკა და არა ადგილობრივი ოლიგარქიული წარმომადგენლები, რომლებიც ოლქებში ფეოდალებად არიან“, - დასძენს ჩიქოვანი, რომლის მსგავსად, მმართველ გუნდს კიცხავს ნაციონალი ლევან ბეჟაშვილი.

ბეჟაშვილი „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო დაპირებებს ახსენებს და for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ კოალიციამ ამომრჩეველი მოტყუებული ამ საკითხშიც დატოვა.

„წლების განმავლობაში, ამ ინიციატივით ის პარტიები გამოდიოდნენ, რომლებიც ამჟამად, ვიწრო პარტიული მოსაზრებებიდან გამომდინარე დაპირების შესრულებაზე უარს ამბობენ. პარტიების 90 პროცენტი ამ სისტემის გაუქმებას ითხოვს, ხელისუფლება კი იმედოვნებს, რომ საარჩევნო სისტემითა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით 50 პროცენტზე მეტი ხმის მოგროვებას და ამით საპარლამნეტო უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს“, - აცხადებს ბეჟაშვილი.

კანონმდებელის პროგნოზით, თუკი 2016 წელს, არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარება, დიაგნოზის დასმა დღესვე შეიძლება, რომ ხელისუფლება არჩევნებს წააგებს.

„ხელისუფლებას მაჟორიტარული სისტემის სახით ფორა სჭირდება, რადგან იმდენად უუნაროა, რომ გამარჯვების იმედი არ აქვს“, - აღნიშნავს ბეჟაშვილი.

ოპოზიციისგან განსხვავებით, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას სკეპტიკურად უმრავლესობის ნაწილი უყურებს. for.ge-სთან საუბარში ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძე ამბობს, რომ ყაზბეგის რეგიონი წარმომადგენელის გარეშე არ უნდა დარჩეს, რადგან ის საზღვრისპირა მხარეა.

თოფაძის განცხადებით, ხუთ ათასიან და ასი ათასიან ოლქში ერთი ადამიანი არ უნდა იყოს წარმოდგენილი, რადგან გათვალისწინებული სასაზღვრო რაიონები უნდა იყოს.

„ყაზბეგი კავკასიის ქედს მიჰყვება და მისი წარმომადგენელის გარეშე დატოვება, არასწორი იქნება. იქ ძალიან ბევრი პრობლემაა, მთა იცლება და ბევრი საქმე გასაკეთებელია და მათ წარმომადგენელი უნდა ჰყავდეთ. ალბათ, კომპრომისი მოინახება. მთის კანონი მომზადდა, მაგრამ რეგიონი წარმომადგენელის გარეშე მაინც არ უნდა დარჩეს“, - დასძენს თოფაძე, რომლის თანაგუნდელიც ზაქარია ქუცნაშვილი ახალი სისტემის მოსალოდნელ საფრთხეებზე აპელირებს.

for.ge-სთან საუბარში ქუცნაშვილი ინტერესდება, თუკი მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება, ამ შემთხვევაში, ქართული მხარე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოსეთში რა გზავნილს გაუშვებს?

ქუცნაშვილის მოსაზრებით, ახალი სისტემის შემოღებით, კითხვები ჩნდება, რომელიც დასაბუთებულ პასუხს მოითხოვს.

„მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შემთხვევაში, აფხაზებსა და ოსებს რას ვუშვებით და მათთან რა მესიჯს ვაგზავნით? ისინი აფხაზეთში რეგიონალურ პარტიას შექმნიან და საქართველოს გაერთიანების შემდეგ, არჩევნებში მონაწილეობას ასე მიიღებენ, იმ ფონზე, როცა კონსტიტუციაში წერია, რომ რეგიონალური პარტიის შექმნა დაუშვებელია? მოწინაღმდეგეები გვეუბნებიან, რომ კონსტიტუციაში ეს მუხლი დავტოვოთ და როცა ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ, რაც ორპალატიანი პარლამენტის არჩევას ითვალისწინებს, სისტემა მაშინ ამოქმედდეს. ორპალატიანი სისტემის დატოვებით აფხაზებს ვეუბნებოდით, რომ საქართველოში ყოფნის შემთხვევაში, მათ პარლამენტში მაჟორიტარების სახით საკუთარი წარმომადგენელი ეყოლებოდათ. მათ პროპორციული სისტემით კი, რას ვთავაზობთ? ვის სიაში უნდა ჩაეწერონ? ეს კითხვა დასაბუთებულ პასუხს მოითხოვს. ტერიტორიულ მთლიანობას რომ აღვადგენთ და პარლამენტი რომ აირჩევა, ისევ მაჟორიტარულ არჩევნებს შემოვიღებთ? სახელმწიფო ინსტიტუტების საქმეში ასე უნდა ვიხტუნაოთ?“, - ინტერესდება ქუცნაშვილი.

კანონმდებელი ზემოთ აღნიშნული საკითხის გარდა, ყურადღებას პროპორციული სისტემის ნაკლოვანებებზეც ამახვილებს და ამბობს, რომ მოქალაქეებს პროპორციული სისტემით პირდაპირი არჩევანის გაკეთების საშუალება არ ეძლევათ.

„ამ სისტემის არსებობის შემთხვევაში, პარტიის ლიდერების ნებაზეა დამოკიდებული პარტიულ სიაში შერჩეული კანდიდატების რიგითობა. მათ შეუძლიათ, სიაში პირველიც დაგწერონ და მეასეც. პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი რომც მომწონდეს, შეიძლება, სასურველი პირი სიაში მეოცე აღმოჩნდეს, ჩემი კანდიდატი ვერ გავიდეს და ხმა სხვას მივცე. პროპორციული სისტემის მომხრეები ამბობენ, რომ მოქალაქემ ხმა პროგრამას უნდა მისცეს, მაგრამ მაჟორიტარული არჩევნების მიზანია, რომ ხალხი საკუთარ წარმომადგენელს პირდაპირი გზით ირჩევს და მას საშუალება აქვს პროგრამა და პიროვნება ერთდროულად გაზომოს და ის დააზუსტოს, ამ პიროვნებას საპროგრამო პირობების შესრულება შეუძლია თუ არა“, - აცხადებს დეპუტატი.

ქუცნაშვილი თვლის, რომ არჩევნების მარტო პროპორციული სისტემით ჩატარება, პოლიტიკური საქმიანობის მონოპოლიზაციაა.

„კოალიციის შეხვედრაზე, რიტორიკული კითხვა დავსვი და პასუხი ვერავინ გამცა. ლოგიკური იქნება, რომ ბიზნესის კეთების უფლება კომპანიებს მივცეთ და მოქალაქეებს ჩამოვართვათ? ჟურნალისტიკაში საქმიანობის უფლება მხოლოდ ტელევიზიებს უნდა მივცეთ? ნებისმიერი სფეროს მონოპოლიზირების წინააღმდეგი ვარ. პარლამენტის წევრი პროპორციული სისტემითაც ვიყავი და ვერც მე და ვერც ამომრჩეველი ვერ ვგრძნობდით, ანგარიშვალდებული ვის წინაშე ვიყავით. მაჟორიტარულმა არჩევნებმა ამომრჩეველს მიახვედრა, მათი წარმომადგენელი ვინ არის და ვინ არის ჩემი ამომრჩეველი. ჩვენს შორის ორმხრივი საქმიანი ურთიერთობა შედგა“, - დასძინა ქუცნაშვილმა.

კოლეგისგან განსხვავებითმ საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი მანანა კობახიძე ახალ საარჩევნო სისტემაში პრობლემას ვერ ხედავს და პირიქით, მიიჩნევს, რომ პროგრესის დანახვა აუცილებელია.

კობახიძის განცხადებით, საარჩევნო სისტემაში რადიკალური ცვლილებების განხორციელება ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა და მაჟორიტარული სისტემა, რომელიც დისბალანსს იწვევს, არაკონსტიტუციურია.

„ქართული ოცნება“ საკუთარი გადაწყვეტილებებით თანხვედრაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე, დისბალანსის გამოსწორება უნდა მოხდეს. არავინ არ საუბრობს, რომ მაჟორიტარული სისტემა არ ვარგა, რადგან ეს სისტემა ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, მაგრამ მთავარია, რომ ამომრჩევლის ხმები თანაზომი იყოს და ჩვენ ამას გავაკეთებთ. პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მოვახერხებთ და კონსტიტუციაში ის ჩაიწერება, რაც აქამდე არ ჩაწერილა და ამ პროგრესის დანახვა აუცილებელია“, - აცხადებს კობახიძე.

დეპუტატი პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ შეიძლება, პრეზიდენტს თავისი აზრი ჰქონდეს, მაგრამ ამავდროულად, შეიძლება, პრეზიდენტისა და „ქართული ოცნების“ აზრი ერთმანეთს არ ემთხვეოდეს, რაც პრობლემა არ არის.

„კონსტიტუციაში ძალიან ბევრი რაღაც გასასწორებელია და უმჯობესი იყო, რომ საკონსტიტუციო საკითხებზე მომუშავე კომისიას ცვლილებათა პაკეტი კომპლექსურად წარმოედგინა და ეს მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებული არ ყოფილიყო, თუმცა, გარწმუნებთ, რომ კონსტიტუციურ არჩევნებს ჩავატარებთ და საარჩევნო სისტემა ბევრად უფრო მოწესრიგებული იქნება, ვიდრე ეს ოდესმე რომელიმე ხელისუფლების პირობებში იყო. მხოლოდ პროგრესისკენ მივდივართ და პრეზიდენტს შეიძლება თავისი აზრი ჰქონდეს, მაგრამ შეიძლება პრეზიდენტისა და „ქართული ოცნების“ აზრი ერთმანეთს არ ემთხვეოდეს. ესეც არ არის პრობლემა“, - დასძენს კობახიძე, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი კი, კოალიციას შორის მიღწეულუ გადაწყვეტილებით კმაყოფილია და ამბობს, რომ მხარეთა შეთანხმება მარტივი არ იყო.

როგორც for.ge-ს ბერძენიშვილმა განუცხადა, თვითმართველობის ზრდადი როლი და მაჟორიტარი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიან.

„სხვა შეთავზება ვერ მოხერხდა, თორემ, კვერენჩხილაძეს ეს აზრი ბოლო ოცი წელია აქვს და მე ბოლო 40 წელია. „რესპუბლიკური პარტია“ რომ ჩამოყალიბდა, იმ დღიდან ვიცით, რომ პარტიები უნდა გაძლიერდნენ და არა მაჟორიტარი დეპუტატები. შეთანხმედება მოხდა იმაზე, რაზეც მოხერხდა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეთანხმება ადვილი იყო, ე.ი. მან რაღაც კარგად არ იცის. იოლი არ იყო შეთანხმება იმაზე, რომ 2020 წელს მაჟორიტარული სისტემა უქმდება. მაჟორიტარული სისტემა ცუდი არ არის, მაგრამ საქართველოში მაჟორიტარობა შეუძლებელი აღმოჩნდა. თვითმართველობის ზრდადი როლი და მაჟორიტარი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიან“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

კანონმდებელის მტკიცებით, რესპუბლიკელები დღესვე მზად არიან, რომ მაჟორუტარული სისტემა გაუქმდეს.

„წინააღმდეგობა მაჟორიტარებისგან იყო და მათ სერიოზული ბრძოლები აქვთ გადატანილი, რაც იოლი ამბავი არ იყო. ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე შეთანხმება ძალიან მყარია, რომელიც კანონად იქცევა. კარგია, რომ შეთანხმებაში ივანიშვილი მონაწილეობდა, რომელიც მაჟორიტარების სისტემის მოსახსნელად იბრძოდა, მას ზუსტად ის პოზიცია ჰქონდა, რაც ჩვენ. თუმცა, იმ არჩევნების ბედი უნდა გადაწყვიტო, რომელშიც მონაწილეობ“, - დასძენს ბერძენიშვილი.

საარჩევნო სისტემაზე 5 ივნისს, კოალიციის დახურულ სხდომაზე იმსჯელეს, სადაც for.ge-ს ინფორმაციით, მაჟორიტარი დეპუტატები გუგული მაღრაძეს დაუპირისპირდნენ, მიზეზი კი თავად მაღრაძის განცხადება იყო. წყაროს ცნობით, მაღრაძე იდეთ გამოვიდა, რომ „მაჟორიტარი სისტემა გაუქმდეს, რადგან ისინი არაფერს აკეთებენ“. თანაგუნდელის განცხადების პათოსი მაჟორიტარმა დეპუტატებმა გააპროტესტეს და მას მერვე მოწვევის პარლამენტში როგორც პროპორციული სიით გასულ დეპუტატს საკუთარი საქმიანობა შეახსენეს.

შეგახსენებთ, რომ კოალიციაში მიღებული გადაწყვეტილებით, მაჟორიტარულ არჩევნებში, შესაძლოა, ბარიერად 50% განისაზღვროს და მაჟორიტარული ოლქები ახლებურად გაიყოფა, რათა ხმების წონადობა დაცული იქნას.