“პირადად მე მივიღებ რადიაციის მაღალ დოზას, მაგრამ ერთ კვირაში სრულიად ჯანმრთელი ვიქნები”

“პირადად მე მივიღებ რადიაციის მაღალ დოზას, მაგრამ ერთ კვირაში სრულიად ჯანმრთელი ვიქნები”

ფუკუსიმას ატომური რეაქტორის ავარიამ იაპონიასთან ერთად მთელ დედამიწას შეუქმნა რადიაციული საფრთხე. იმედია, იაპონელები მაინც მოახერხებენ ბირთვული აფეთქების თავიდან აცილებას და უფრო დიდი ტრაგედია არ დატრიალდება. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ შემთხვევაშიც კიდევ ბევრი დრო დასჭირდება რადიაციული საშიშროების ლიკვიდაციას. საინტერესოა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ქართველი მეცნიერები იაპონიის ხელისუფლებას დახმარებას სთავაზობენ. შეგახსენებთ, რომ “ვერსიაში” უკვე გამოქვეყნდა ინტერვიუ გამომგონებელ დავით ჩაჩანიძესთან, რომელმაც ცუნამის დამანგრეველი ძალის შესუსტების მექნიზმზე გააკეთა განცხადება. “ვერსიის” ინტერვიუს მყისიერად მოჰყვა გამოხმაურება: მეცნიერს რამდენიმე ქვეყნიდან დაუკავშირდნენ და დახმარება სთხოვეს. თავის მხრივ, ქართველმა გამომგონებლებმა დახმარებისთვის მიმართეს თბილისში განთავსებულ იაპონიის საელჩოს. უფრო კონკრეტულად კი ამ საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერვიუს დავით ჩაჩანიძესთან.

 

- იაპონიის ელჩს მივმართეთ ოფიციალური წერილით. ავუხსენით, რა სახის დახმარებას გთავაზობთ. საუბარი არ არის მხოლოდ იმაზე, რომ რეალურად შესაძლებელია ცუნამის ორი მესამედი ძალის განეიტრალება. ცუნამის გარეშეც დიდი პრობლემებია მოსალოდნელი. მთელი მსოფლიო იწამლება რადიაქტიული ნაწილაკებით და დღეს ამის ლიკვიდაცია არის ყველაზე აქტიური.

 

იაპონიის საელჩოსგან რამე პასუხი მიიღეთ?

- ჯერ-ჯერობით არა. ჩვენ მათ ვთავაზობთ შემდეგს: დღეს არსებობს რამდენიმე მეთოდი, რითაც რადიაციული მტვრის შეგროვებაა შესაძლებელი. ყველა ეს მეთოდი დაკავშირებულია უზარმაზარ ხარჯთან. იაპონიის ხელისუფლებას ვთავაზობთ ბევრად იაფ და რაც მთავარია, ბევრად ეფექტურ მეთოდს, რითაც რადიაციული ღრუბლების შეჩერებაა შესაძლებელი. ამასთანავე, დღეს იაპონიაში რადიაციული დასხივება მიიღო ათასობით ადამიანმა, რომლებიც მთელი სიცოცხლის მანძილზე დაიტანჯებიან. ჩვენ ადრეც გვქონია შეხება ასეთ ადამიანებთან და იაპონელებს ვეუბნებით: თუ გინდათ, ჩამოვალთ. პირადად მე დავისხივებ თავს და მივიღებ რადიაციის მაღალ დოზას, მაგრამ ერთ კვირაში ისე ვიქნები, რომ დასხივების ნიშან-წყალიც აღარ მექნება.

 

ანუ თქვენ ამბობთ, რომ დასხივებული ადამიანების სრული გამოჯანმრთელებაცაა შესაძლებელი?

- ჩვენს ჯგუფში არიან ქიმიკოსებიც და ექიმებიც. მათ აქვთ გამოცდილი მეთოდი, როგორ უმკურნალონ ასპროცენტიანი შედეგით ასეთ ადამიანებს. ყველაფერი ახნილია იაპონიის ელჩისადმი მიწერილ წერილში.

 

მაგრამ დღემდე პასუხი არ მიგიღიათ. იაპონელები ინტერესიანი ხალხია და ასეთი დუმილი უჩვეულოა.

- ეტყობა, რაღაც პრობლემები აქვთ, დაიბნენ და არ იციან, რა ქნან. ახლა ფუკუსიმას რეაქტორზე აკეთებენ 120-მეტრიან ფოლადის კედელს, რათა რადიაციული წყლის გაჟონვა შეაჩერონ. ეს არასაკმარისია, რადგან ზიარ-ჭურჭლის პრინციით, ეს წყალი მაინც სადღაც გავა. ერთი სიტყვით, ასეთი ძველი მეთოდები კარგ შედეგს არ იძლევა. ამიტომ ვამბობ, რომ დაბნეულად მოქმედებენ. ეტყობა, ჰქონდათ ისეთი სისუსტეები, რომელიც მიწისძვრამდე არ ჩანდა და ახლა გამომჟღავნდა. პირველივე დღესვე სთხოვეს გერმანელებს, რობოტები გამოეგზავნათ. არადა, რობოტების ბუმი მანამდე იაპონიაში იყო. მოკლედ, რადიაციული მტვრის შეკავება იქნება, დასხივებულთა განკურნება თუ მომავალი მიწისძვრის პროგნოზირება... იაპონიის ხელისუფლებას ეფექტურ წინადადებებვს ვთავაზობთ. ცხადია, საგაზეთო სტატიაში მექნიზმებს ვერ ავხსნით, მაგრამ ნებისმიერ ლაბორატორიაში ვაჩვენებთ, როგორ ხდება ცუნამის ძალის განეიტრალება, დასხივებულ ადამიანებზე კი უკვე მოგახსენეთ.

 

დამანგრეველი მიწისძვრა კიდევ არის მოსალოდნელი?

- პატარ-პატარა ბიძგები ამ წუთშიც მიმდინარეობს. ჩვენი გამოთვლებით, უფრო სერიოზულად დაარტყამს შემოდგომისთვის. სულ რამდენიმე ჯგუფია მსოფლიოში, რომელსაც ზუსტად შეუძლია ამის პროგნოზირება. მათ შორის ვართ ჩვენც. დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ მოკლედ აგიხსნით: სანამ მიწისძვრა მოხდება, ცნობილია, რომ ცხოველები იწყებენ პანიკას. ისინი ადამიანებზე უკეთ გრძნობენ ინფრადაბალი სიხშირის ბგერებს. მიწისძვრების პროგნოზირების აპარატურასაც ეს მომენტი უდევს საფუძვლად, მაგრამ არავინ დაფიქრებულა, რომ უფრო მაღალ ეფექტს მივიღებთ, თუკი გამოვიყენებთ ულტრამაღალი სიხშირის ბგერებს. ეს იმდენად ძლიერი სიხშირეა, რომ ტექნიკური აპარატურით მისი მიღება არ ხდება, სამაგიეროდ გაცილებით გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთების შანსს იძლევა. ამ ყველაფერს ვთავაზობთ იაპონელებს. სხვათაშოორის, მიკვირს, სად არიან მსოფლიო ელოკოგები და მწვანეები? რატომ არიან ჩუმად? ისევ გრანტებს ელოდებიან? მსოფლიო იღუპება, რადგან რადიაცია ამერიკასა და ევროპის დასავლეთ სანაპიროს მოედება. ჩვენამდეც მოაღწევს, გაჯერებული სახით, მაგრამ მაინც მოვა. ასე რომ, რაც დღეს იაპონიაში ხდება, ეს მხოლოდ მათი ტრაგედია არ არის.