რატომ არის თანახმა ქართული პარტია ბურჯანაძის პარტიის წყენა დაივიწყოს

რატომ არის თანახმა ქართული პარტია ბურჯანაძის პარტიის წყენა დაივიწყოს

არის თუ არა მზად “ქართული პარტია” რევოლუციისთვის და აპირებს თუ არა სახალხო კრებასთან გაერთიანებას? “ვერსიამ” ამ კითხვებით ქართული პარტიის გენერალურ მდივანს, კოკა გუნცაძეს მიმართა. 

 

უკვე არაერთხელ განაცხადე, უსისხლო რევოლუციისთვის მზად ვართო. რა გაძლევთ მსგავსი განცხადებების საფუძველს?

- ქართულმა პარტიამ რევოლუციისთვის მზადყოფნა გამოაცხადა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მოახდენს ამის პროვოცირებას და სხვა გზას არ დაუტოვებს ხალხს. როცა საზოგადოება მიხვდება, რომ რევოლუციის გარდა, გამოსავალი აღარ არსებობს ხელისუფლების შესაცვლელად, ქართული პარტია, ცხადია, ამ პროცესს არ გაემიჯნება, ხალხის გვერდით დავდგებით და ავიღებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. უნდა თუ არა რევოლუცია, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.

 

ანუ, ინიციატივას თქვენ არ გამოიჩენთ?

- ინიციატივა ხალხისგან უნდა წამოვიდეს. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ხალხი მზად არის ხელისუფლების შესაცვლელად. ცვლილებების განსახორციელებლად არსებობს ორი გზა: არჩევნები, ან რევოლუცია. თუ სამართლიანი არჩევანის საშუალება არ ექნება საზოგადოებას, მაშინ იძულებულები იქნებიან რევოლუცია მოახდინონ. ვიმეორებ, თუ ხალხი მზად იქნება რევოლუციისთვის, ქართული პარტია, მეგობარ პოლიტიკოსებთან ერთად, მათ გვერდით იქნება. პოლიტიკაში იგივე კანონები მოქმედებს, რაც ეკონომიკაში. მოთხოვნა მიწოდების პრინციპზეა დამყარებული. თუ არის მოთხოვნა, მიმწოდებელიც ყოველთვის მოიძებნება.

 

ამ ეტაპზე საზოგადოება არ არის მზად რევოლუციისთვის

- რევოლუციისთვის მზადყოფნის შემოწმების ძალიან ბევრი საშუალება და ხერხი არსებობს. ჩვენც ამ საზოგადოების ნაწილი ვართ და, შესაბამისად, გვაქვს ვითარების შეფასების უნარი. ამ ეტაპზე, ხელისუფლება ჩვენს მოქალაქეებს გზას არ უტოვებს და რევოლუციისკენ მიჰყავს. ქვეყანაში გამეფებულია ძალადობა, უსამართლობა, შეურაცხყოფისა და უპერსპექტივობის   განცდა. ადამიანები დამცირებულები არიან. რეჟიმი თუ უფრო მკაცრი გახდება, სწორედ მაშინ შეიქმნება რევოლუციური ფონი. ამ შემთხვევაში ხალხმა უნდა გამოიყენოს ბუნებრივად მინიჭებული - აჯანყების უფლება. რევოლუცია არის პროცესი, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება. თუმცა მანამდე ხალხმა ყველა შესაძლებლობა უნდა ამოწუროს. ჩვენ ვხედავთ, რომ პირველ პირებს კიდევ დიდხანს სურთ ხელისუფლებაში ყოფნა, რასაც დარწმუნებული ვარ, ხალხი არ დაუშვებს.

 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული პარტია 20 აპრილისთვის გეგმავს საპროტესტო აქციების დაწყებას.

- 20 აპრილისთვის არაფერია დაგეგმილი. თუმცა ქართული პარტია რევოლუციისთვის ემზადება. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, საქართველოში არსებული ყველა ოპოზიციური ძალა უნდა გაერთიანდეს. ყველანი უნდა შევთანხმდეთ და ვაღიაროთ, რომ უსამართლო რეჟიმია ჩვენს ქვეყანაში და ეს პრობლემა ერთიანი ძალებით უნდა გადავჭრათ, ერთ, საერთო პოზიციაზე შევთანხმდეთ. აუცილებელია, სამოქალაქო და პოლიტიკური თანხმობის პრინციპი, რომელზეც უნდა დადგეს ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალები.

 

მზად ხართ სახალხო კრებასთანაც გაერთიანდეთ?

- ადამიანური წყენა ორივე პარტიამ უნდა დავივიწყოთ, თუ ჩვენ ხელისუფლების დასამარცხებლად ვიბრძვით და საერთო ინტერესები გვაქვს.

 

ალბათ, ბევრს არარეალურად მოეჩვენება ქართული პარტიისა და სახალხო კრების გაერთიანება მას შემდეგ, რაც ბურჯანაძე-ბიწაძე-გაჩეჩილაძეს შორის მოხდა.

- მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ერთი პოლიტიკური მომავალი გვაქვს, მაგრამ  რეჟიმთან საბრძოლველად ერთად ყოფნა გვჭირდება. არავის აქვს ძალა, მარტომ მოახდინოს რევოლუცია. ფუჭი დაპირებების დრო კი უკვე აღარ არის. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, სანამ გადამწყვეტ მოქმედებებზე გადავა და აქციებს დაიწყებს, საჭიროა, რეალური ძალის შექმნა. მარტო არც ჩვენ ავიღებთ რევოლუციაზე პასუხისმგებლობას, რადგან პროცესის ბოლომდე მიყვანა გაგვიჭირდება. არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ უნდა დაუშვას, რომ ხალხს კიდევ ერთხელ გაუცრუოს იმედები და სააკაშვილის რეჟიმი გააძლიეროს.

 

თქვენსა და სახალხო კრებას შორის მოლაპარაკებები უკვე დაიწყო?

- ჩვენ ხელი გავუწოდეთ მათ, მიუხედავად ყველანაირი პირადი წყენისა. კულუარებში ჩვენს შორის მიდის თუ არა მოლაპარაკებები, არ არის არსებითი. როცა პროცესი დასრულდება, ყველაფერს მერე შეიტყობთ. საერთოა ჩვენი ინტერესი და საჭიროა თანხმობა, შემდეგ კი დიდი, ერთიანი ფრონტის შექმნა.

 

ლევან გაჩეჩილაძე ეთანხმება თქვენს ამ მოსაზრებას?

- რა თქმა უნდა. როგორც კი ეს თანხმობა შეიქმნება, სწორედ მაშინ დაიწყება რევოლუციური ფორმირება.  


თქვენს ძალასთან დაკავშირებით ბოლო დროს რამდენიმე ვერსია გაჩნდა. ელისო კილაძის ვერსიით, ქართული პარტია ხელისუფლების პროექტია, რომელიც მალე აგრესიული აქციების დაწყებას გეგმავს, რაც გამოიწვევს მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას...

- ეს კითხვა ჩემი მისამართით არ უნდა დაგესვათ. უნდა ჰკითხოთ ფსიქო- თერაპევტს, რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. შიზოფრენიაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. საკმარისია! ექიმს გაესინჯოს ყველა. საერთოდ, არ ვიცი, ვინ არის ელისო კილაძე და, მით უმეტეს, მის ბოდვაზე ქართული პარტია კომენტარს არ გააკეთებს.

 

არის მეორე, ვალერი გელბახიანის ვერსია, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება უახლოეს მომავალში გეგმავს ქართული პარტიის ლიდერების დაპატიმრებას.

- არ არის საინტერესო, ვინ რას ჭორაობს. ხალხს ჩვენი სჯერა და ცვლილებების იმედი აქვს. რადიკალური ცვლილებებისკენ და პროგრესისაკენ თუ გვინდა წასვლა, მხოლოდ ქართული პარტია არ უნდა ფიქრობდეს ასე. ქართული პარტიის გარეშე არანაირი პოლიტიკური პროცესი არ იქნება.

 

ასევე გაჩნდა ეჭვი, რომ კახა კუკავა, რომელსაც საკმაოდ ახლო ურთიერთობები აქვს თქვენს პარტიასთან, ერთგვარ ხიდად იქცა თქვენსა და ებრალიძეს შორის.

- კახა კუკავასთან ჩვენ გვაქვს ძალიან ახლო ურთიერთობები. პირადად ჩემი,  ძალიან ახლო მეგობარი და თანამოაზრეა. ჯერჯერობით, ორგანიზაციულ დონეზე ქართულ პარტიასთან არ გაერთიანებულა, მაგრამ ბევრ საკითხს იდენტურად ვუყურებთ. დარწმუნებული ვარ, ერთად ვიქნებით ამ ხელისუფლების დასრულების ყველაზე მძიმე ეტაპზეც.

 

რაც შეეხება ებრალიძეს და მის დაფინანსებას, ხომ გითხარით, ჭორებზე ვერაფერს ვიტყვი. მართალია, უყვარს მკითხველს ჭორები, მაგრამ მინდა ვთქვა, ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფია ეს ყველაფერი.

 

ჩვენ გვაქვს ჩვენი სამოქმედო გეგმა, გავდივართ რეგიონებში, ვესაუბრებით  ხალხს და ვიცით, რომ მსგავსი ჭორებით საზოგადოებასთან ვერ დაგვაშორებენ. ხელისუფლების შესაცვლელად ყველაზე მოკლე და ეფექტურ გზას ვეძებთ. კლიშეები არ გვაქვს, რევოლუციით მივაღწიოთ ამას, თუ არჩევნებით. ჩვენთვის მთავარია შედეგი. ძალიან ბევრი მოქმედების გეგმა გვაქვს გაწერილი სხვადასხვა ვითარებისათვის. რასაც ხელისუფლება შემოგვთავაზებს, შესაბამისად ვიმოქმედებთ. თუ ხელისუფლებას ეყოფა ჭკუა, დათმოს, შეიზღუდოს უფლებები და შექმნას ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების პირობები, მაშინ ქართული პარტია ამაში მიიღებს მონაწილეობას. რაც შეეხება რევოლუციას... მაინც ვერ მათქმევინებთ იმას, რისი გაგონებაც ჩემგან გინდათ. ერთს გეტყვით მხოლოდ, ის ვითარება რასაც დღეს ქმნის ხელისუფლება, აუცილებლად მიგვიყვანს რევოლუციამდე.