ტელესივრცეში ახალი გადათამაშება დაიწყო

ტელესივრცეში ახალი გადათამაშება დაიწყო

კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ “ბი სი ჯი რესერჩს” მედია-კვლევის ჩატარება დაუკვეთა. ამ კვლევის შედეგების მიხედვით, კომისიამ ის პრიორიტეტები უნდა განსაზღვროს, რომლითაც უახლოესი ორი წლის მანძილზე სატელევიზიო ლიცენზიებს გასცემს. მუსიკალური, გასართობი, საბავშვო და სპორტული გადაცემები, ასევე ტელესერიალებია ის პრიორიტეტები, რომელიც ამ კვლევის შედეგად, გამოკითხულთა უმრავლესობამ დაასახელა. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თოქ-შოუებს კი გამოკითხულთა მხოლოდ 10% მიიჩნევს პრიორიტეტად. რამდენიმე დღის წინ გამართულ მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე, ამ კვლევის შედეგები კომისიის მხოლოდ ერთმა წევრმა გააპროტესტა, მაგრამ - უშედეგოდ. კომისია ორ კვირაში კიდევ ერთხელ შეიკრიბება და გადაწყვეტილებას მიიღებს. არ არის გამორიცხული, რომ მედია-ბაზარზე ახალი გადათამაშების მომსწრეები გავხდეთ. ჩანს, ტელე-ბაზარზე სივრცეს სრულიად ახალ მოთამაშეს უთავისუფლებენ.   

 

უცნაური კვლევის შედეგები

აღნიშნული კვლევა, 2008-2010 წლებში, ორ ეტაპად ჩატარდა საქართველოს მთელი ტერიტორიის მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. პირველ ეტაპზე 6 500, ხოლო მეორეზე - 3 000, 18 წლის ასაკის ზემოთ რესპოდენტი გამოიკითხა. გამოვლინდა, რომ არსებული საინფორმაციო გადაცემებების მიმართ, რესპოდენტებს სტაბილური ინტერესი აქვთ. ამავდროულად, ქართულ ეთერში, დამატებით საინფორმაციო გადაცემების მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებელი მოკრძალებულია.

 

რესპონდენტებს ეთერში უფრო მეტად გასართობი გადაცემების - მხატვრული ფილმის, იუმორისტული და სპორტული გადაცემების ხილვა სურთ. მეტიც, მიიჩნევენ, რომ დღეს სატელევიზიო სივრცე, ამ მხრივ, დეფიციტსაც განიცდის. აღსანიშნავია, რომ ქართული მხატვრული ფილმების ჩვენება რესპონდენტებმა შეთავაზებული ჩამონათვალის გარდა, დამატებით მოითხოვეს.

 

ჩვეულებრივ, საინფორმაციო გადაცემებს, ყველაზე ნაკლებ პრიორიტეტულად  ახალგაზრდები მიიჩნევენ. ისინი არჩევანს სპორტულ, გასართობ, მუსიკალურ, იუმორისტულ, საბავშვო გადაცემებისა და მხატვრული ფილმების სასარგებლოდ  აკეთებენ და ტელეარხებს, ძირითადად, შემეცნებითი გადაცემების სიმწირის გამო საყვედურობენ. მეტიც, გამოკითხულთა აზრით, საგანმანათლებლო და სპორტული გადაცემები კვირაში 5-6 დღე უნდა გადიოდეს.

 

რეგიონში გამოკითხულთა 65% არ მიიჩნევს აუცილებლად რეგიონული სატელევიზო არხების არსებობას. საწინააღმდეგოს ამტკიცებს 24%, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ცენტრალურ არხებზე რეგიონის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა. გამოკითხულთა 11%-ს კი ამ საკითხთან დაკავშირებით, არ აქვს ჩამოყალიბებული აზრი.

კვლევის ძირითად ნაწილში, ყველაზე საინტერესოა რეიტინგი, რომლითაც დგინდება, თუ რომელი არხია მეტად ყურებადი და რომელ არხს აქვს ქვეყნის მასშტაბით, მიღების ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი. რეიტინგის ლიდერები ნაციონალური მაუწყებლები არიან. პირველ სამეულში “რუსთავი 2” (98,2%), “იმედი” (97,9%) და “საზოგადოებრივი მაუწყებელია” (97,3%). ამის შემდეგ, ხმები ასე გადანაწილდა: “მზე” - 93,3%, “კავკასია” - 90,6%, “საქართველო” - 90,5%, “მაესტრო” - 71,6%, “მეორე არხი” - 88,5%, “პირველი სტერეო” - 88,3%, “ალანია” - 87,2%, “ერთსულოვნება” - 86,1%, “მუზ-ბოქსი” - 81,1%, რუსული არხები - 70,1%, სხვა უცხოური არხები - 59,7%, აზერბაიჯანული არხები - 39,1%, სომხური არხები - 38,9%.

 

რაც შეეხება უპირატესობებს ტიპის მიხედვით, გადაცემათა რეიტინგი ასეთია: მუსიკალური გადაცემები - 35,5%, გასართობი თოქ-შოუები - 29,0%, სერიალები - 20,0%, მხატვრული ფილმები - 16, 2%, იუმორისტული გადაცემები - 15,7%, ქართული მხატვრული ფილმები - 14,6%, სპორტული გადაცემები - 13,6%, სატელევიზიო თამაშები - 12,7%, საბავშვო გადაცემები - 11,9%, საინფორმაციო - 10,6%, დოკუმენტური ფილმები - 10,5%, შემეცნებითი გადაცემები - 6,6%, ანალიტიკური გადაცემები - 3,9%, სხვა - 25,4%, არ ვიცი - 3,9%.

 

ამ კვლევის მიხედვით, ყველაზე საინტერესოა უფრო მეტად ყურებადი გადაცემების რეიტინგი. საინტერესოა იმიტომ, რომ ჩამონათვალში ისეთებსაც შეხვდებით, რომლებიც უკვე აღარ გადის: “ჯეოსტარი” - 59,76%, სერიალი “შუა ქალაქში” - 57,92%, “პროფილი” - 55,22%, “ნანუკას შოუ” - 43,63%, სერიალი “ჩვენი ოფისი” - 39,61%, “კურიერი 21 საათზე” - 39,28%, “ვა ბანკი” - 38, 62%, “ვანოს შოუ” - 38,39%, სერიალი “ჟამი ყვავილობისა” - 37,45%, სერიალი “ანხელის საიდუმლო” - 35,89%, “პოსტ სკრიპტუმი” - 35,66%, “სიმართლის დრო” - 34,77%, “სიცილის ზონა” - 34,07%, “ყველაზე ჭკვიანი” - 32,26%, სერიალი “განრისხებული ანგელოზი” - 31,13%, “კომედი შოუ” - 31, 08%, “ქრონიკა 20 საათზე” - 29,20%, “რა, სად, როდის” - 27,56%, “კლაბ შოუ” - 24,39%.

 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილი მხატვრული ფილმების ჟანრებიდან უპირატესობას კომედიას, სათავგადასავლო, დეტექტივს და მელოდრამას ანიჭებს. რაც შეეხება სერიალებს, გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ სატელევიზიო ეთერში ქართული სერიალები უნდა გადიოდეს. ამის შემდეგ მოთხოვნაა ლათინო-ამერიკულ, ამერიკულ და ევროპულ სერიალებზე. გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ სპორტული გადაცემები უნდა ეძღვნებოდეს, პირველ რიგში, ფეხბურთს, შემდეგ კალათბურთს, ჩოგბურთს, რაგბისა და ჭიდაობას. რაც შეეხება მუსიკალურ ჟანრებს, რესპოდენტთა დიდი ნაწილის აზრით, პრიორიტეტულია პოპ-მუსიკა, რასაც ფოლკლორი მოსდევს, შემდეგ კლასიკა, როკი და ჯაზი.

 

რას ფიქრობენ ექსპერტები?

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, ირაკლი მოსეშვილმა “ბი სი ჯი რესერჩის” მიერ ჩატარებულ კვლევას მოძველებული უწოდა და მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე შუამდგომლობა დააყენა, რომ ამ კვლევის შედგები არ მიეღოთ. მეტიც, მან მოითხოვა, რომ შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარებულიყო დამატებითი კვლევა, რომელსაც კომისია რეკომენდაციის სახით მიიღებდა, რაზედაც უარი მიიღო. “ვერსია” ირაკლი მოსეშვილს დაუკავშირდა:

 

- ეს კველევა მოძველებულია, რადგან 2008-2010 წლებში ჩატარდა და რიგ შემთხვევებში, ისეთ არხებსა და გადაცემებს მოიცავდა, რომლებიც უკვე აღარ არსებობს. უცნაურია, რომ გამოკითხულთაგან არავინ დაინტერესდა ისეთი თემით, როგორიცაა საგამოძიებო ჟურნალისტიკა. არადა, სწორედ საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარებაში, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოში საკმაოდ დიდ თანხებს დებენ. უცნაურია, რომ ამ კვლევაში მე-10 პოზიციაზეა საინფორმაციო ინტერესი მაშინ, როცა 2012 წელს საპარლამენტო, ხოლო 2013 წელს - საპრეზიდენტო არჩევნებია.  კვლევის შედეგებს ეჭვქვეშ ვაყენებ, რადგან მიმაჩნია, რომ იგი დროში იყო გაწელილი, რეალობას არ შეეფერება და რაც მთავარია, არაადექვატური შედეგი მოგვცეს.

 

როგორ გგონიათ, ტელეკომპანიაიმედიიმსახურებს ცენტრალური მაუწყებლის ლიცენზიას იმ გადაცემის გამო, რომელიც ხუთშაბათობით, ამ არხის ეთერში, შუაღამისას გადის?

- ვიღაცას შეიძლება, რომელიმე გადაცემა არ მოსწონდეს, მაგრამ იმ ტელეკომპანიას, სადაც 2008 წლამდე ვმუშაობდი, ეს ლიცენზია აღებული აქვს 2013 წლამდე. თუ ვიღაცას არ მოსწონს, შეუძლია, ეს ყველაფერი ლეგალურად გამოხატოს და კანონიერი გზით მიაღწიოს სამართალს, რაც, მაგალითად, გააკეთა სტუდია “მონიტორმა”. ამ სტუდიამ შარშან შემოიტანა სარჩელი “იმედისა” და “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ, რადგან ისინი არღვევდნენ კანონს მაუწყებლობის შესახებ რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით და კომისიამ გასული წლის დეკემბერშივე “იმედი” და “რუსთავი 2” გააფრთხილა. სტუდია “მონიტორმა” წელს, მარტშიც შემოიტანა განმეორებითი საჩივარი ისევ ამ ფაქტთან დაკავშირებით და ისევ “იმედისა” და “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ, შესაბამისად, 26 აპრილს კომისია იმსჯელებს და თუ დაადგენს, რომ ეს ტელეკომპანიები ისევ არღვევდნენ კანონს, აუცილებლად დააჯარიმებს. თუ ვინმეს აქვს პრეტენზია კონკრეტული გადაცემების მიმართ, შეუძლიათ სავსებით ლეგალურად შემოიტანონ საჩივარი. კომისია იმსჯელებს და ამ გადაცემას ან მოხსნის, ან კონკრეტული ტელეკომპანიის მიმართ გარკვეულ სანქციებს გაატარებს.

 

“ვერსია” მედია-ექსპერტს, ზვიად ქორიძესაც დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ “ბი სი ჯი რესერჩის” კვლევა არაობიექტური და ნაკლებად სარწმუნოა:

 

ბატონო ზვიად, მედია-ბაზარზე ახალი კომპანია ხომ არ უნდა შემოვიდეს და დამკვიდრდეს? როგორ გგონიათ, ეს კველავა ამიტომ ჩატარდა?

- ახალი კომპანია, ალბათ, შეიქმნება, ისევე, როგორც შესაძლოა, რამდენიმე ძველი კომპანია დაიხუროს. ეს სავსებით ლოგიკური პროცესია. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რისთვის სჭირდება ეს კვლევა კომუნიკაციების კომისიას. მან უნდა გამოაცხადოს თავისი პრიორიტეტები ტელე-რადიო მაუწყებლობის სფეროში და თქვას, თუ რა ტიპის ლიცენზიების გაცემას მიანიჭებს უპირატესობას უახლოესი ორი წლის განმავლობაში. თუ კომისიამ ამ კვლევის შედეგები უპირობოდ აიღო და გადაიტანა საბაზისოდ საკუთარი პრიორიტეტების განსაზღვრისას, ჩვენ გვექნება ტელევიზიები, რომლებიც სპეციალიზებულ, ანუ გასართობ და სპორტულ ლიცენზიებს მიიღებენ. შესაბამისად, ნაკლებად გვექნება საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუებით, დისკუსიებითა და საინფორმაციო გადაცემებით მდიდარი მაუწყებლობა.

 

კვლევის შედეგები სარეკომენდაციოდ უნდა იყოს არა კომისიისთვის, არამედ - მაუწყებლებისთვის. თუ მაუწყებლები ენდობიან კვლევას და იტყვიან, რომ მოსახლეობის 60-65%-ს მართლაც სჭირდება მხოლოდ მუსიკალური და გასართობი პროგრამები, ისინი გააკეთებენ მუსიკალურ პროგრამებს. შესაბამისად, თვითონ იქნებიან პასუხისმგებლები საკუთარ წარმატებაზე - ან გაკოტრდებიან, ან დარჩებიან ბაზარზე, როგორც ძლიერი მოთამაშეები. საზოგადოება ინფორმაციის გარეშე რომ არ დარჩეს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაღალი ხარისხის საინფორმაციო პროგრამები უნდა შექმნას. თუ კერძო არხს არ უნდა, ჰქონდეს საინფორმაციო პროგრამა, მისი ნებაა, მაგრამ ეს არ არის კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადასაწყვეტი. შესაბამისად, კომისიამ არ უნდა განსაზღვროს, რა ტიპის გადაცემა უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ ტელეკომპანიას.

 

მედია-ბაზარზე ახალი მოთამაშე - “გლობალ მედია გრუპიშემოდის?

თუ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია “ბი სი ჯი რესერჩის” ჩატარებული მედია-კვლევის შედეგების მიხედვით, ახალ პრიორიტეტებს განსაზღვრავს, გამოდის, რომ მაუწყებლობის ლიცენზიების მქონე ტელეკომპანიებს ან უნდა ჩამოართვან ეს ლიცენზიები, ან ახალი პრიორიტეტების მიხედვით უნდა გადაუკეთონ. შედეგად მივიღებთ მუსიკალურ, გასართობ და საბავშვო არხებად ტრანსფორმირებულ “იმედს”, “რუსთავი 2”-სა და “კავკასიას”.

თუმცა, უფრო ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ამ კვლევის მიხედვით, მედია-ბაზარზე ახალი გადათამაშება დაიწყება. მარეგულირებელ კომისიაში მაუწყებლობის ლიცენზიების რიგში, ამჯერად “რეალ ტი ვი”, “აი ტი ვი”, “პალიტრა” და “პრესა გე ტი ვი” დგანან, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ ბაზარზე სრულიად ახალი მოთამაშე გამოჩნდეს.

 

“ვერსია” “ქრისტიან-დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ლევან ვეფხვაძეს დაუკავშირდა:  

 

- მაინტერესებს, ამ კვლევის მიხედვით, პორნოგრაფიული გადაცემები რომ ყოფილიყო პირველ ადგილზე, რა მოხდებოდა, მარეგულირებელი კომისია პორნოგრაფიული ტიპის არხს შექმნიდა საქართველოში? მხოლოდ ერთი კვლევა არ გამოგვადგება იმისთვის, გარკვეული პრიორიტეტები დავადგინოთ. ამას კომპლექსური შესწავლა სჭირდება. ამიტომ, შედეგი ასეთი იქნება, თუ მარეგულირებელი კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას და პირდაპირ ასახავს ამ კვლევას თავის გადაწყვეტილებაში, მაშინ “რუსთავი 2”-ს, “იმედს” და “კავკასიას” საერთო მაუწყებლობის ლიცენზიას ჩამოართმევს და მისცემს საბავშვო, გასართობი, მუსიკალური არხების ლიცენზიებს. შესაბამისად, აქუბარდიას მოუწევს, საბავშვო გადაცემა გააკეთოს და სტუდიაში პატარა ბავშვები მიიყვანოს, ზალიკო უდუმაშვილს და დიანა ჯოჯუას კი საკუთარი ვოკალური მონაცემების წარმოჩენა მოუწევთ... ამ საფრთხეებს ავირიდებთ, თუ კომისია მიხვდება, რომ მხოლოდ შიშველი კვლევა, ჩაღრმავებული, ანუ ხარისხობრივი ანალიზის გარეშე, არასერიოზულია.

 

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ამ კვლევის შედეგად, ტელევიზიებს ლიცენზიებს ჩამოართმევს? არ გეჩვენებათ, რომ ტელე-ბაზარზე სრულიად ახალი მოთამაშე უნდა გამოჩნდეს?

- დიახ, საფრთხეები არსებობს, მაუწყებლობის შესახებ კანონის 45-ე მუხლით, კომისიამ ლიცენზიის მოდიფიცირება მოახდინოს იმის მიხედვით, რა სტანდარტები და პრიორიტეტები დადგინდება. სხვათა შორის, როცა ეს კითხვა პარლამენტის სხდომაზე დავსვი, აკო მინაშვილი გამომეხმაურა და სიტყვიერი გარანტია მომცა, რომ არავინ აპირებს ლიცენზიის მოდიფიცირებას. ანუ, ბატონი აკო მესაუბრება არა მარტო უმრავლესობის, არამედ კომისიის სახელითაც. გამოდის, კომისია დამოუკიდებელი არ არის? აკო მინაშვილს ეკითხება კომისია, სიხშირეების რა ტიპის მოდიფიცირებას მოახდენს, ან არ მოახდენს?

 

რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, არსებობს საკაბელო მაუწყებლობა “გლობალ მედია გრუპი” - GMG (ამ კომპანიის ოფიციალური დამფუძნებლები არიან ლევან ყუბანეიშვილი, გიორგი კოღუაშვილი, ზაზა შენგელია - მ.მ.),    საკაბელო მაუწყებლობაში ასეთი სიტუაციაა, მაუწყებლებს ოფიციალურად გამოუცხადეს, რომ ამ კომპანიის მხოლოდ ერთი არხის ტრანსლირებისას, 6 ლარი უნდა გადაიხადონ. GMG ოფიციალურად 6 არხს ფლობს, მათგან ზოგი გასართობია, ზოგი - სპორტული და ზოგიც - მხატვრულ ფილმებს უჩვენებს. თბილისში სულ მცირე 200 000 ოჯახია, რომელიც საკაბელო მაუწყებლობაში ფულს იხდის. ეს გადავამრავლოთ თვეში 6 ლარზე და მივიღებთ 1 200 000-ს. ეს ციფრი 12 თვეზე რომ გავამრავლოთ, ჯამში 13 000 000 ლარამდეა, რაც სულაც არ არის პატარა ფული. აი, სწორედ GMG-ია ის კომპანია, რომელიც საკაბელო მაუწყებლობაში უკვე შეიჭრა და არაა გამორიცხული, რომ ამ კვლევების საფუძველზე, ლიცენზია სწორედ ამ მაუწყებლობას მიანიჭონ.