რა კვალს ტოვებს საქართველოზე პოსტსაბჭოთა სივრცის ორ ქვეყანას - რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი? - ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ ეკონომიკური პრობლემები, რაც ლარის კრიზისით, გამოიხატა, შიდა პოლიტიკური პროცესების შედეგი კი არა, უფრო გარე ზეწოლის შედეგია. შექმნილი ეკონომიკური სირთულეების დაძლევის ერთ-ერთ გზად მთავრობა პრივატიზაციას თვლის - ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ,,საქართველოს რკინიგზის” 25%-ს გასხვისებას არ გამორიცხავს... “ნაცმოძრაობის” ოდიოზური ფიგურა გივი თარგამაძე რკინიგზის სავარაუდო გაყიდვის უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესს ხედავს. თარგამაძის თქმითვე, ამ შემოსავლიანი უწყების ხელში ჩასაგდებად თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილიც იბრძოდა... ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ,,ქართული სიტყვა” ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.
- ქალბატონო ხათუნა, საქართველოში ურთულესი პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციები ერთმანეთში ისეა გადახლართული, რომ ძნელად გასარკვევია, სად არის პრობლემის თავი და ბოლო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი უბედურების სათავე ქვეყნის შიგნით მოუწესრიგებელი პროცესებია?
- ის, რაც საქართველოში ხდება, შიდა პოლიტიკური პროცესების ბრალი ყველაზე ნაკლებადაა. ეს გარე ზეწოლის გამოძახილია.
- რა ზეწოლას გულისხმობთ?
- ღმერთმა ქნას, ვცდებოდე - ჩემი პროგნოზის სიმცდარე ასე ძლიერ არასოდეს მინატრია, მაგრამ დღევანდელ სიტუაციას ასე ვაფასებ: რუსეთს საქართველო ასე ხავერდოვნად არასოდეს დაუპყრია!
- ამ საშინელ პროგნოზს რითი ამყარებთ, ქალბატონო ხათუნა?
- ,,საქართველოს რკინიგზის” 25%-იანი წილის გაყიდვასა და, ამავდროულად, რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენაზე საუბრით.
- რკინიგზის გაყიდვას პრივატიზაციის პროცესის აუცილებლობით ხსნიან.
- ამ პროცესების ცალსახად დადებითად, ან უარყოფითად შეფასება შეუძლებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, პროცესები რუსეთის ინტერესშია და ეს ორი ამბავი ერთი ჯაჭვის ორი რგოლია.
- ანუ, ერთი პროცესია?
- რა თქმა უნდა, ერთი პროცესია. ექსპერტების ,,ჩარეცხვის” მოსურნეებმა რაც უნდა ამტკიცონ, რომ ეს მსჯელობა მცდარია, აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა, უპირველესად, რუსეთის ინტერესშია, თუ რუსეთი არა, სხვა ვინ შეიძლება ყიდულობდეს ,,საქართველოს რკინიგზის” 25-პროცენტიან წილს?
- წინა ხელისუფლებამ რუსეთზე ძალიან ბევრი სტრატეგიული ობიექტი გაასხვისა, თუმცა აწ განსვენებული კახა ბენდუქიძე ტერმინს - ,,სტრატეგიული ობიექტი” არ სცნობდა...
- ამ ფაქტს ვერავინ გაექცევა: რუსეთზე ბევრი ობიექტია გასხვისებული. თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ ,,საქართველოს რკინიგზის” 25-პროცენტს რუსეთი კი არა, დასავლეთის რომელიმე სახელმწიფო ყიდულობს და, ამავე დროს, რუსეთს უფლება ეძლევა, აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე დიალოგი აწარმოოს, გამოდის, რომ საქართველოში მსოფლიო წესრიგი დამყარებულა და ესაა, რაც ერთმანეთს აბსოლუტურად აცდენილი ინტერესია... ორივე ზემოხსენებული იდეის ავტორი რუსეთია.
- ეს, როგორც ამბობთ, რუსეთის მიერ საქართველოს ,,ხავერდოვანი” დაპყრობის პირველი ნიშანია?
- არა, თუ ბოლო დროს რუსეთის მხრიდან საქართველოში განხორციელებულ აქტივობებს თვალს გადავავლებთ, მივხვდებით, რომ ეს ბოლო ნიშანია.
- აქტივობებში რა იგულისხმება?
-Kვგულისხმობ კომუნიკაციების გასხვისების სქემას - აშკარად იკვეთება რუსეთის ინტერესი საზღვაო მისადგომების, კერძოდ, ფოთის პორტის მიმართ. ახლა კი, რკინიგზის საკითხი გამოიკვეთა, პარალელურად, რუსეთი ახალ სატრანსპორტო მაგისტრალებზე ფიქრობს - იგულისხმება ავარო-კახეთის გზატკეცილი. მთლიანობაში, ყველაფერი ეს იმის მომასწავებელია, რომ რუსეთი საქართველოს საკომუნიკაციო ტერიტორიებზე კონტროლს იბრუნებს, იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი მაგისტრალიდან რამდენიმე კილომეტრში რუსული ჯარი დგას. ჩვენი ქვეყნის რეალობას ამიტომ ვუწოდებ რუსეთის სივრცეში ,,ხავერდოვან დაბრუნებას”.
- რუსეთს ეს მაგისტრალები რისთვის სჭირდება?
- საქართველოზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად - საჭირო შემთხვევაში, ყველა მაგისტრალი გადაიკეტება და საქართველო რუსეთის არმიის შენაერთების მიერ ძალიან მარტივად დაქუცმაცდება.
- ფიქრობთ, რომ პრორუსული ძალები სწორედ ამიტომ გააქტიურდნენ? სხვათა შორის, საქართველოში რუსულნომრიანი სამხედრო მანქანებიც გამოჩნდა...
- პრორუსული ძალები, რა თქმა უნდა, ამიტომ გააქტიურდნენ, მაგრამ იმაზე, რაც საქართველოში ხდება, პასუხისმგებლობა თანაბრად ეკუთვნის როგორც რუსეთს, ასევე, დასავლეთს.
- პრორუსული ძალების გააქტიურებაზე დასავლეთი პასუხისმგებელი რატომაა, ქალბატონო ხათუნა?
- ოცი წელია, დასავლეთი მოსახლეობას იმედით აცხოვრებს, გადამწყვეტ მომენტში კი აღმოჩნდა, რომ მზადაა, საქართველო რუსების ხელში მიატოვოს.
- იმის თქმა გინდათ, რომ ეს მიტოვება აშკარად 2008 წელს გამოჩნდა?
- მაშინ სამხედრო აგრესია იყო. ახლა კი, რუსეთის ქმედებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა გაცილებით იოლია.
- აგვისტოს ომის დროს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას თვალს მთელი მსოფლიო ადევნებდა. ამჟამად, ეს დაკვირვება ფარულია?
- ფარული რატომაა? ამ პროცესებზე რომ ვმსჯელობთ, ეს დასავლეთისთვის, განა, ცნობილი არაა? ის სირაქლემას პოზაშია. დასავლეთმა საქართველო დროებით, პრაქტიკულად, რუსეთს მიუგდო.
- იქით უკრაინა მიუგდო, აქეთ – საქართველო,Aანუ პოსტსაბჭოთა სივრცე რუსეთს დაუთმო?
- ვფიქრობ, ეს დროებითია. საქართველოში რუსეთის გავლენის დაბრუნება ისეთი ხანგრძლივი პროცესი არ იქნება, რომ ათწლეულები და საუკუნეები გაგრძელდეს. წინა საუკუნეებისგან განსხვავებით, ევრაზიის სივრცეში ისეთი ძალები ჩნდებიან, რომლებიც რუსეთის ხანგრძლივ ბატონობას არ შეეგუებიან.
- რომელ ძალებზე მიანიშნებთ?
- აშშ-ზე, თურქეთზე, ირანსა და ჩინეთზე.
- აშშ-ზე აქცენტს ირანის ფაქტორის გამო აკეთებთ?
- არა მარტო. ირანში, რუსეთსა და თურქეთში სხვადასხვა რელიგიის, მაგრამ სახელმწიფოებრივი მართვის ერთი მოდელის მოტრფიალე ხელისუფლებები არიან, რომლებიც, თავიანთი არსით, დასავლური განვითარების გზას უარყოფენ, რაც დასავლური სამყაროსთვის სერიოზულ გამოწვევას ნიშნავს. ამიტომაც შემხვედრი შეკითხვა მექნება: დასავლეთი საბჭოეთის დანგრევიდან 20 წლის შემდეგ, გავლენის სფეროების დაკარგვას რატომ უნდა შეეგუოს?
- შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო დღეს დასავლეთის ინტერესების სფეროა?
- დასავლეთმა დღეს პაუზა აიღო.
- საბჭოეთის დანგრევისთანავე დასავლეთს ბალტიისპირეთი შეუერთდა. ჩვენც დასავლური ღირებულებებისკენ მივილტვით. მართალია, ამ პროცესს ზოგიერთისგან რუსული იმპერიული წყობის ნოსტალგია სდევს, მაგრამ დასავლეთის ინტერესში გუშინ და გუშინწინ მაინც ვიყავით?
- საბჭოეთის დაშლის მერე, აშშ-მ სხვა მიზანი დაისახა.
- რა მიზანი?
- ეს, სულ მცირე, საზღვრებში რუსეთის შეკავება იყო. ალბათ, გახსოვთ, ბუფერული ზონების შექმნის თეორია - პროდასავლური სახელმწიფოების საზღვრების გარშემო მყოფ სახელმწიფოებს, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, დასავლური სამყაროს წევრებად და თანასწორუფლებიანად კი არა, ბუფერულ ზონებად აღიქვამდნენ და მხოლოდ რამდენიმე წლის მერე გადაწყვიტეს, რომ ბუფერები საკმარისი არაა. ამიტომაც დასვეს შეკითხვა: სახელმწიფოები გაურკვეველი ბუფერული ნეიტრალური სტატუსის ვითარებაში რატომ დავტოვოთ? - ჯობია, პროდასავლური კურსის გეზაღებულ ქვეყნებად ვაქციოთო. ეს კი, პერსპექტივაში, ევროატლანტიკური კურსის ქვეყნებად ქცევას ნიშნავდა, თუმცა ვადა არავის დაუთქვამს, ეს როდის მოხდება - ნატო-სა და ევროკავშირის ფარგლებში ერთ ვიზიტსაც ვერ დავასახელებ, როცა საქართველოს არამცთუ გაწევრიანების, არამედ, წევრობის კანდიდატობის თუნდაც მიახლოებითი ვადა თქმულა. ეს თემა სივრცეში განფენილი უსასრულობაა, საქართველოს მოსახლეობის კი, იმედით კვება. ილუზია იყო თუ რეალობა, ნებისმიერ შემთხვევაში, დასავლეთი ცდილობდა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მეტი პროდასავლური პერსპექტივა დაენახვებინა.
- დასავლეთმა პაუზა რატომ აიღო, რუსეთის შეეშინდა?
- შესაძლოა, აშშ-მ უკრაინაში იანუკოვიჩის ჩამოგდებასა და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე რუსეთის შესაძლო რეაქცია ვერ გათვალა.
- რატომ ვერ გათვალა?
- ერთი ვერსიით, ეს აშშ-ის მიერ რუსეთის შემდგომი დაქსაქსვისკენ ჩატარებული სრულიად მიზანმიმართული ოპერაცია იყო. თუკი ეს ვერსია სიმართლესთან ახლოსაა, ჩვენ რუსეთის, როგორც იმპერიის, ნგრევის მეორე ეტაპის მომსწრენი ვართ. ამავდროულად, აშშ-ს მიზნად აქვს, ერთ მუშტად შეკრას ,,ცივი ომის” მერე ბრინჯის მარცვლებივით დაფანტული, კომფორტის ნირვანაში ჩაძირული ევროპა, სადაც რუსეთის გავლენა სულ უფრო მზარდია. ჰიბრიდული ომი, რომელზეც ბოლო დროს ლაპარაკობენ, სწორედ ამ ნიშნებს ატარებს.
- მაინც, რა ნიშნებზეა ლაპარაკი?
- ჰიბრიდული ომის ნიშნებს მიეკუთვნება საინფორმაციო გავლენები, ამა თუ იმ სახელწიფოს ბიზნეს-ელიტების მოსყიდვა, რასაც რუსეთი ევროპაში წარმატებით ანხორციელებს.
- ისე, დასავლური სანქციების მიუხედავად, რუსეთი შეშინებულს სულაც არ ჰგავს.
- ეს ორ ზესახელმწიფოს შორის ჩვეულებრივი ომია, რომელიც სამხედრო, საინფორმაციო, ეკონომიკურ დაპირისპირებებს მოიცავს. ომი ჯერჯერობით ლოკალურია და ღმერთმა ნუ ჰქნას, ამ ფარგლებს გასცდეს. მართალია, ასეთი პროცესები, ისტორიულად, პროგნოზებს არ ექვემდებარება, მაგრამ აშშ ამ ომში დიდწილად გამარჯვებულია, რადგან მისი ეკონომიკა საოცარი ტემპით იზრდება - ყველა სხვა ვალუტის კრიზისის ფონზე, ამერიკული დოლარი არნახულად მყარდება. შერკინების მოკლევადიან პერიოდში, აშშ გამარჯვებულია!
- აშშ-ს რა უნდა?
- რა და, - იდეის გარშემო ევროპა გააერთიანოს და რუსეთი იმ კონდიციამდე მიიყვანოს, რომ იმპერიული ზრახვები აღარასოდეს გაუჩნდეს.
საერთოდ, მსოფლიოს, თავისი არსებობის განმავლობაში, მრავალი იმპერია “გადაუხარშავს”, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები ჯერ არ ჩანს, მაგრამ რაღაც გარემოებები პუტინის მმართველობის კრიზისზე მიუთითებენ.
- სახელდობრ?
- ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლის ფონზე, რუსეთი იძულებულია, დაუახლოვდეს და ჩინეთთან ისეთ დათმობებზე წავიდეს, როგორზეც არასოდეს წასულა. მაგალითად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ციმბირის ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის მოპოვება-დამუშავების 50% ჩინეთს შესთავაზა.
- რუსეთი მსოფლიოს სწორედ ნავთობით და გაზით აშანტაჟებდა - გაყინული ევროპაც გვახსოვს და კავკასიონზე აფეთქებული გაზსადენებიც. ნუთუ, რუსეთი ხალხთა დამონების ასეთ იარაღს ხელიდან გაუშვებს?
- ჩინეთთან მსგავსი გარიგება სერიოზული მარცხია. რუსეთმა, მსოფლიოს ქვეყნების გასაგონად, რამდენიმეჯერ გამოაცხადა, რომ ნავთობის ფასების დაწევის გამო, საკვლევაძიებო სამუშაოებს ატარებს, რომ სანქციები და ფასები არ აშინებს. ეს დიდი გაჭირვებით მიღებული გადაწყვეტილებაა, რადგან რუსეთისთვის არანაკლებ საშიშროებას წარმოადგენს ჩინეთი, რომელსაც არასოდეს დავიწყებია რუსეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები. ციმბირში ზუსტად ისეთი სიტუაციაა, როგორიც ჩვენთან - რუსეთის სასაზღვრო ტერიტორიებზე ჩინეთი საკუთარ გავლენას იბრუნებს, რაც ძალიან მძიმე პერსპექტივაა. როგორც ჩანს, რუსები დღევანდელი დღით ცხოვრობენ.
- გამოდის, რომ დღეს რუსეთი თავს გადაირჩენს, ხვალ კი, ჩინეთის მსხვერპლი გახდება, არა?
- გრძელვადიან პერსპექტივაში, გამორიცხული არაა, რომ ეს სივრცე აშშ-მ და ჩინეთმა გაიყონ. რუსეთისთვის იდეალური გამოსავალი იყო, იმპერიიდან ცივილურ სახელმწიფომდე ტრანსფორმაცია განეცადა და პოსტსაბჭოთა სამყაროსთვის ეკონომიკურად მიმზიდველი ცენტრი გამხდარიყო. ისტორიულად, რუსეთი დასავლური დემოკრატიული წყობის სახელმწიფო მოდელისგან შორსაა, მაგრამ დასავლეთის ქვეყნების მსგავსი ხავერდოვანი პატრონი და მომხიბლველი ეკონომიკური პარტნიორი რომ გამხდარიყო, საქართველოს, აზერბაიჯანს, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებს სურვილი აღარ ექნებოდათ, რუსეთისთვის გვერდი აევლოთ, არც ჩვენ დავიწყებდით ოკეანის გაღმა მაშველის საძებნად სირბილს.
მართალია, 2008 წლის ომის მერე, აშშ ოთხ მილიარდიანმა გრანტმა საქართველოს საფინანსო-საბანკო სისტემა იხსნა. დასავლეთი საქართველოს პარტნიორია, მაგრამ ასეთივე პარტნიორი შეიძლებოდა, რუსეთიც ყოფილიყო.
- გამოდის, რომ დასავლეთისგან რეალურ დახმარებას ვერ ვიღებთ და ხელთ შეგვრჩა არადემოკრატიული, ეკონომიკურად დასუსტებული რუსეთი?
- ამ ეტაპზე ასეა.
- რა გველოდება?
- დღეს ნულოვანი პერსპექტივაა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ, ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. თუ აშშ-მ მიზანს მიაღწია და რუსეთის ეკონომიკა იმდენად დაანგრია, რომ იძულებული გახადა, საზღვრებში ჩაიკეტოს და მისი ამბიციები ამ საზღვრებს მიღმა აღარ გავრცელდეს, მაშინ ჩვენც გვეშველება.
- ლაკმუსი უკრაინის მოვლენებია?
- ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება უკრაინის კონფლიქტი. თუ საქმე იმ სცენართან გვაქვს, რომ აშშ-ს რუსეთის დასუსტება უნდა, გაყინულ კონფლიქტს კარგა ხანს ვერ მივიღებთ.
- ანუ, აშშ იარაღს მიაწოდებს უკრაინას?
- დიახ, მიაწოდებს.
- ამით რას მიაღწევს, მასშტაბურ ომს? ეს ხომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ომის დაწყების ტოლფასი იქნება, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გაიშლება?
- დიახ, ეს იმის, რაც უკრაინაში ხდება, ზუსტი ფორმულირებაა!
- ამ ომით უკრაინა, როგორც სახელმწიფო, დაიშლება. ეს ვისი ინტერესია?
- ამაზე პასუხი არა მაქვს. შეიძლება, ორი სცენარი არსებობდეს: თუ აშშ-მ რუსეთის შესაძლო რეაქცია ვერ გათვალა, მაშინ რუსული სცენარი იქნება, ან, უბრალოდ, რუსეთმა აშშ-ს პროვოცირება გაუკეთა - ამ შემთხვევაში, რუსეთი დნესტრისპირეთში გავა და მოლდოვას მისწვდება. მეორე ვერსია - ამერიკული მხარე, რუსეთის დაქსაქსვის მიზნით, უკრაინელების ხარჯზე, რუსეთის პროვოცირებას ახდენს. ეს უკანასკნელი იარაღია, რომელიც ხან ერთის ხელშია, ხან - მეორის.
- ქალბატონო ხათუნა, ჩვენი ყოფილი მაღალჩინოსნები, რომელთაგანაც ზოგი თავის დროზე თავად ,,ნაციონალებმა” დაიწუნეს, უკრაინის მთავრობაში ამერიკული სცენარით სხედან?
- უდავოდ, თუმცა საპროტესტო განწყობა უკვე ჩანს - ყველა სამინისტროში უცხო ქვეყნის წარმომადგენელი რომელ ქვეყანას ესიამოვნება?! ეს იმას ნიშნავს, რომ შენ, როგორც სახელმწიფოს მაშენებელ ერს, არ გენდობიან. დღეს უკრაინა რუსეთს ებრძვის და მისი მთავრობა აშშ-სგანაა მხარდაჭერილი.
-,,ნაციონალების” ,,უკრაინული ელიტა” გვპირდება, რომ საქართველოში დაბრუნდება...
- გააჩნია, საქართველოში დასავლეთის პაუზა რამდენ ხანს გაგრძელდება. ყველაზე კოშმარული სცენარი ის იქნება, თუკი დასავლეთმა საქართველოში წინა ხელისუფლება დააბრუნა!
- უკრაინის მთავრობასთან როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს?
- ამის გარკვევა, ვიდრე რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობა არ გაირკვევა, არავის სჭირდება. რამდენიმე დღის წინ, თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნურლანდი ჩამოვიდა და საქართველოს მთავრობა მკაცრად გააფრთხილა, რომ უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ არ წავიდეს.
- ქალბატონო ხათუნა, რას ატყობთ, “ქართული ოცნება” იშლება?
- სად არის ,,ოცნება” - გინდა პირდაპირი, გინდა გადატანითი მნიშვნელობით?
- ვადამდელ არჩევნებზე რა აზრი გაქვთ?
- თუ რუსეთს მოუნდება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
- ეკონომიკური კოლაფსი, ანუ როგორც დღეს ამბობენ, სავალუტო კრიზისიც რუსეთის ბრალია?
- არა, რუსეთი იმას აკეთებს, რაც მისი სახელმწიფოს ინტერესებშია. მეზობელ ქვეყნებში სავალუტო რყევები ჩვენთან მიმდინარე პროცესებს ემთხვევა. თუ სოციალური და ეკონომიკური პრობლემები არ დასტაბილურდა, ეს საქართველოს რუსეთის საშოში დაბრუნებას გააიოლებს!
- რუსეთის ღატაკ საშოში დაბრუნება ვიღაცებს რატომ უნდათ?
- იმ გლეხს ჰკითხეთ, ვინც ყურძენი და მანდარინი რუსეთის ბაზარზე გაყიდა. საქართველოს ხელისუფლება არ უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებას იმის თაობაზე, თუ რა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა რუსეთში; რომ რუსეთის ბაზარი ის პანაცეა არაა, რომელმაც შეიძლება, საქართველოს ეკონომიკა იხსნას. პირიქით ხატავს - როგორც მიმზიდველს. ხვალ და ზეგ გლეხი აღმოაჩენს, რომ რუსული ბაზარი ის არ ყოფილა, რაც ეგონა, ამასობაში, საქართველოც ის აღარ იქნება, რაც ეგონა. უკვე რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნებული ქვეყანა ვიქნებით. ეკონომიკურ და სავაჭრო ბლოკადაში ვერ მოვექცევით, შემოსავლის მისაღებად ყველა ბაზარი უნდა გამოვიყენოთ, მათ შორის, რუსულიც, მაგრამ ეკონომიკური გაჭირვების გამო, ქვეყნის დამოუკიდებლობა უკანა პლანზე არ უნდა დააყენო. რამდენი საუბარი იყო ტურისტულ ბიზნესზე, ხელოვნურ თოვლსაც კი გვპირდებოდნენ, მაგრამ თოვლი ვის რად უნდა?! - ხალხი, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ ჩამოდის. ის, ვინც ამ პრობლემებით უნდა ინტერესდებოდეს, ანუ მთავრობა, კაბინეტის გარდა არსად ჩანს.