კომპრომატები, რომლებიც პარლამენტარებს დაუდეს!!!

კომპრომატები, რომლებიც პარლამენტარებს დაუდეს!!!

რომელი დეპუტატები ვეღარ მოხვდებიან მომავალ პარლამენტში 

წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან. ,,შუშის სასახლეში” კი დეპუტატები უკვე თითებზე დასათვლელია. მართალია, ხალხის რჩეულნი ბიძინა ივანიშვილის სადღეგრძელოს ქუთაისის რესტორნებში ყანწებით სვამენ, მაგრამ დითირამბებად დაღვრილთა უმრავლესობას მომავალ პარლამენტში ვეღარ ვიხილავთ. პოლიტიკური ექსპერტების მიერ უნიათოდ შეფასებული საკანონმდებლო ორგანო ერთი მთქნარებამორეული საფიხვნოა, სადაც არც გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერები ჰყავთ, ინტელექტის სერიოზული დეფიციტია და ცოდვა გამხელილი სჯობს, უმრავლესობა დღემდე ელემენტარულ საკანონმდებლო პროცედურებშიც კი ვერ ერკვევა.  

ის, რომ პარლამენტში დღეს არსებული გუნდი თავად ბიძინა ივანიშვილსაც აღიზიანებს, აღარავისთვისაა უცხო. სახელისუფლებო გუნდის შიგნით დისციპლინა რომ არ არსებობს, ფაქტია. როგორც იტყვიან, ვისი ვიოლინო ვის როიალშია, ვერ გაიგებ. გუნდურობის არქონა რომ ,,ოცნების’‘ აქილევსის ქუსლია, ამას თავად უმრავლესობის დეპუტატებიც არ მალავენ. შიდაფრონტები რამდენ ხაზზეა გაშლილი, თავადაც არ დაუთვლიათ. თუ ქუცნაშვილის მამა და კახი კალაძე ჰესებში იყოფენ ლუკმას, სამაგიეროდ, ქუცნაშვილი საგანელიძეზეა ნაწყენი და თანაპარტიელებს იმ ცნობილი ,,დონ კარლეონესავით’‘ დამშვენებული ხელჯოხით ემუქრება. სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე თავისივე გუნდიდან უარყოფილი კანდიდატის გაღიზიანება რა გასაკვირია?! ამორფულ სტრუქტურადქცეულ ,,ქართულ ოცნებაში’‘, ერთი შეხედვით, ყველაფერი დალაგებულ- დავარცხნილია, თუმცა ,,თმადაუვარცხნელად’‘ წოდებული ახალი იდეოლოგიური მდივანი ძველებს არ მოსწონთ. მამამისი გია კობახიძე პოლიტიკაში ძველი და გამოცდილი კადრია, მაგრამ ირაკლის ფაქტორმა მაინც გააღიზიანა ძველი ,,ოცნებელები’‘. ამას ახლახან გაჟღერებული ამბავიც დაერთო, რომ პარტიის სახეებად მოაზროვნეები მოჰყავთ. საპარლამენტო უმრავლესობაში ამან ბზარი გააჩინა, ჩვენ ვისზე ნაკლებად ვაზროვნებთო და პოლიტსაბჭოს ბოლო სხდომაზე, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი უძღვებოდა, დიდი გარჩევა ყოფილა - ივანიშვილის მესიჯი, ინტელექტუალები გვინდა პარლამენტში, როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძემ პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო, ადგა და მთელი ,,რა, სად, როდის’‘ დაპატიჟა პარტიაშიო... თანაც ამ მოაზროვნეთაგან ბევრი ნაციონალებისადმი სიმპათიებშიცაა შემჩნეულიო.… ...მოკლედ, არსებული პარლამენტარებიდან სახელისუფლებო პარტიის ნახევარზე მეტს ,,ოცნების’‘ სიაში აღარ ჩასვამენ, რამაც ივანიშვილის პარტიის შიგნით უკმაყოფილება გაზარდა. ამბობენ, მათ წინააღმდეგ სერიოზული კომპრომატებია ბიზნესში წილების, ნათესაური კლანებისა და სხვა მაქინაციებში მონაწილეობის შესახებ. მართალია, ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ ვადამდელი არჩევნები მხოლოდ ნინო ანზოროვნასა და პატრიოტთა ალიანსს აწყობს და ყველაფერი კონსტიტუციურ ჩარჩოებში ჩაჯდება, მთელი ეს ფაცი- ფუცი კი, მხოლოდ პარტიის გამოცოცხლება- გაჯანსაღებისთვის კეთდებაო, მაგრამ რეგიონებში საწინააღმდეგო სურათს ვხედავთ. ის, რომ თავად კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე მომავალ სიაში აღარ იქნება, ესეც ცნობილია, აქ მხოლოდ სიძის, დავით კირვალიძის სოფლის მეურნეობისდროინდელი სკანდალები არაფერ შუაშია, ხმალაძის სახელი კანონიერ ქურდებთან დაკავშირებულ უსიამოვნო კონტექსტში რამდენჯერმე გაჟღერდა და კულუარებში იმასაც ამბობენ, ზედმეტად ინიციატივიანიაო. ივანე კიღურაძეც ინტელექტუალია, მაგრამ სიაში ვეღარც ის მოხვდება, რადგან მოთხოვნა ახალგაზრდა სახეებზე გაკეთდება. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ირაკლი სესიაშვილის კანდიდატურაც სასწორზე დევს, რადგან თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს უნისონი ალასანიასთან უფრო ჰქონდა, ვიდრე მინდია ჯანელიძესთანო. სიაში ვერც ნანა ყეენიშვილი მოხვდება, რომელსაც ,,მოსიარულე კომპრომატს’‘ ეძახიან, თუმცა მას მოგვიანებით მივუბრუნდებით. კომპრომატები არსებობს ე,წ, შუაშისტურ ფრაქციაზეც: ეს ,,ნაცების’‘ განაყარი ნაწილია, მარიკა ვერულაშვილის თავმჯდომარეობით, რომელთა უმრავლესობას პარლამენტში ვეღარ ვიხილავთ. მაჟორიტარების ამ ნაკადზე ბიძინას უთქვამს, ინდულგენციები უკვე გაცემული მაქვსო. კონკრეტულად, რაზეა საუბარი, აღნიშნული კომპრომატები ,,ვერსიას’‘ უკვე მოაწოდეს და უფრო დეტალურად მკითხველს ახლო მომავალში შევთავაზებთ. ,,ვერსიას’‘ კომპეტენტური სახელისუფლებო წყაროები უამბობენ, რომ ჯაჭვლიანი, კურტანიძითურთ, ნინო ბურჯანაძის ალიანსში დაბრუნდება და ასევე საპარლამენტო ტატამს დაემშვიდობებიან ხაბარელი და ხაბელოვი. კუნთმაგარ დეპუტატებს სხვა მიმართულებით დააპორტირებენ, რადგან ამჯერად, მოთხოვნა ინტელექტზეა. პარლამენტს, სავარაუდოდ, დაემშვიდობება ზურაბ ზვიადაურიც, რომელსაც, გარდა რეგიონული ნეპოტიზმისა, რამდენიმე სერიოზული სკანდალიც უკავშირდება ისევე, როგორც ვიქტორ ჯაფარიძეს, რომელზეც იმდენი კომპრომატია, თავზე თმა აღარ აქვს იმდენი - დაწყებული რაიონში ბიძაშვილების, რძლის, დისშვილისა და სხვა ახლო ნათესავები დასაქმებით, ასევე კრიმინალურ ავტორიტეტებთან მისი ახლო მეგობრობით დამთავრებულიო. ოპონენტები ცნობილი კრიმავტორიტეტის ,,მუნჯოს’‘ ძმის ქელეხისა და გამგეობის დარბაზში გაშლილი სუფრის ამბავსაც იხსენებენ. სიაში არ იქნება არც ,,თოვლის პაპა’‘ ჯაფარიძე და მით უმეტეს, არც თედო ჯაფარიძე, რომლის კომენტარები ზურაბ აბაშიძეს ისე აღიზიანებდა, სიბერის ნიშნებზე დაიწყო საუბარი. უნდა წავიდეს არენიდან კარლო კოპალიანი, გოგი ქავთარაძე და აგრესიულ ულტრანაციონალად ცნობილი ზაზა პაპუაშვილიც. გუგული მაღრაძემაც ბოლო დროს ძალიან გაშალა ფრთები პარტიაშიო. ის, რომ დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე დიპკორპუსში მაღალ პოსტზე გადავა, თითქმის გადაწყვეტილია. ისიც გადაწყვეტილია, რომ ტყიბულის მაჟორიტარი აღარ იქნება ელისო ჩაფიძე, რომელსაც ბოლო დროს პარტიაში სიტუაცია დაეძაბა. გარდა იმისა, რომ მას ირაკლი ტრიპოლსკისთან ჰქონდა კონფლიქტი, კიდევ ერთი პარტიული ,,ფეისი’‘, ტრიპოლსკის მეგობარი ნუგზარ ყიფიანი დაუპირისპირდა, რომელსაც ასევე დიდი გავლენა აქვს. ამბობენ, ელისო ჩაფიძე არც ირაკლი კობახიძის გემოვნებაში ჯდება, რომელსაც კახი კალაძისგან სრული კარტბლანში აქვს, კალაძეს კი ივანიშვილი და მისი ოჯახი ენდობა. დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე ,,ვერსიასთან’‘ საუბარში აღიარებს, რომ ,,ქართული ოცნების’‘ პოლიტსაბჭოს ბოლო სხდომაზე მისი მისამართით საყვედურები გამოუთქვამთ, თუმცა კონკრეტულად, ვის, ჯერჯერობით ამას არ აკონკრეტებს და ვითარების გარკვევას მოგვიანებით აპირებს: 

- ვირუსი მქონდა და, სამწუხაროდ, ამ სხდომაზე ვერ მივედი. თუმცა ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ჩემი მისამართით გაჟღერებულა საყვედურები. გავარკვევ, სადაც საჭიროა. რა იყო და როგორ. 
- ბატონო ომარ, ახალ საპარლამენტო სიაში, შესაძლოა, ვეღარ გიხილოთ? 
- არა მგონია, უკვე დაზუსტებული იყოს ეს სია. მე პირადად მაქსიმალურად ვიმუშავე. უკმაყოფილო ამომრჩეველი არ მყავს, თუმცა გუნდი გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს და ვინ არა. ჩვენი გუნდის ლიდერად მე მაინც ბატონ ბიძინა ივანიშვილს მივიჩნევ და კონსულტაციებში ისიც მიიღებს მონაწილეობას, ბუნებრივია.
 
- ბატონო ომარ, ჩემთვის ცნობილია, რომ ძალიან ბევრი დღევანდელი შემადგენლობიდან ახალ სიაში ვეღარ მოხვდებით: თქვენზეც იყო საუბარი, ელისო ჩაფიძე, ლორთქიფანიძე და .. 
- რატომ? ეს ხალხი ძალიან აქტიურადაა ჩაბმული საპარლამენტო მუშაობაში და რახან გუნდის შიგნით ხანდახან თვითკრიტიკულები ვართ, ამიტომ ხომ არ შეიძლება, ამ ხალხზე უარი ითქვას?! ჩვენი მიზანი პირადი გამორჩენა კი არა, გუნდური მუშაობის პრინციპის გაძლიერებაა. მე წინააღმდეგი ვიქნები, თუ ის ხალხი, ვინც იმუშავა სახელისუფლებო გუნდის წარმოჩენაზე, მთლიანად ჩაირეცხება და მხოლოდ ახლებს მოიყვანენ. ვფიქრობ, ბირთვი შენარჩუნდეს და ახალი სახეებით განახლდეს. 

- გავრცელდა ხმა, რომ თქვენ და რამდენიმე დეპუტატმა ამის თაობაზე დაიჩივლეთ ივანიშვილთან.. 
- არა, ბოლო პერიოდში ჩვენ აღარ შევხვედრილვართ ბატონ ბიძინას. 

- ბატონო ომარ, ,,რესპუბლიკელები’‘ თქვენს კოალიციაში პარტიული სიით აღარ იქნებიან წარმოდგენილნი? 
- ვადას დაასრულებენ, თუმცა შემდგომ ალბათ აღარ იქნებიან ჩვენთან ერთად. 

- თუ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, 2 წლით ადრე რატომ დაიწყო კადრებზე აქტიური მუშაობა. არ გაგიჩნდათ კითხვა გუნდის შიგნით, თუ ჩვენ არ გვანაცვლებთ, რატომაა ასეთი ხაზგასმული აქცენტი: თქვენ არ ხართ ინტელექტუალები, ჩვენ ვეძებთ მოაზროვნეებს? 
- არავისზე ნაკლები ინტელექტუალები არ ვართ. ჩვენ გვაკლდა ის, რომ თავის დროზე, ფუნქციები ზუსტად ვერ გადანაწილდა. ვერ წარმოვჩინდით ისე, როგორც საჭირო იყო, თორემ არც არავისზე ნაკლები წიგნი გვაქვს წაკითხული თუ ჩვენზე უკეთესებიც არიან, მოვიდნენ, კი ბატონო, ჩვენ არ გამოვეკიდებით არაფერს. მთავარია, ეს ხალხი იყოს საქმის ერთგული, რასაც ჩვენ თავის დროზე ჩავუყარეთ საფუძველი ბატონი ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით. 

- ბატონო ომარ, თქვენ ის დეპუტატი ხართ, რომელიც პარტიული წმენდის პროცესს ტრაგიკულად არ აღიქვამთ და გუნდის შიგნით არსებულ პრობლემებზე საუბრობთ. როგორ მოგწონთ ის, რაც ხდება თბილისის მერიაში, იგივე ვიცე- მერის მარსაგიშვილის საკითხი ანდა ის, რომ ქალაქის მერი ,,შავი გასასვლელით’‘ ეპარება ჟურნალისტებს? 
- ზოგადად, ჩვენს გუნდურობაში რომ პრობლემაა, ცხადია. თუმცა ეს დამანგრეველი ფაქტორი არ არის. წინააღმდეგობრივი დინებები არსებობს, რადგან კოალიცია ვართ და ჩვენი გაერთიანება მოხდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ახლა უკვე დადგა დრო, იდეური თანხვედრით მოხდეს დაკომპლექტება. ვფიქრობ, რესპუბლიკელები, ალასანიას გუნდი და გიორგი მარგველაშვილი არჩევნებზე ერთად გამოვლენ. ნაციონალები ცალკე დარჩებიან, ბურჯანაძე და პატრიოტთა ალიანსიც იქნება მომავალ პარლამენტში წარმოდგენილი. ასე ვვარაუდობ და, ბუნებრივია, ,,ქართული ოცნება’‘ სერიოზული სახეებით იქნება დაკომპლექტებული. მოკლედ, პარლამენტში შიდადუღილია, ,,ოცნების’‘ ნაწილს მიაჩნია, რომ ვადამდელ არჩევნებამდე თავი არ ამოუწურავს, ნაციონალებს შიდაპარტიული პრობლემები აქვთ, რაზეც მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ. პარტიული კასტინგი დაწყებულია!