2 000 სამხედრო მოსამსახურე და 500-ზე მეტი ერთეული საბრძოლო ტექნიკა მონაწილეობს რუსეთის საჰაერო თავდაცვითი ძალების მასშტაბურ სწავლებაში, რომელიც ერთბაშად 12 პოლიგონზე მიმდინარეობს და მოიცავს ვრცელ ტერიტორიას - ყირიმის ანექსირებული ნახევარკუნძულიდან დაწყებული, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით. საველე მეცადინეობები 10 აპრილამდე გაგრძელდება და, როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, მანევრების დასკვნით ეტაპზე საბრძოლო გათვლები უკვე სწავლების ტაქტიკურ ფაზაზე გადავა და „პირობითი მოწინააღმდეგის“ ტაქტიკური ავიაციისა და უპილოტო თვითმფრინავების იერიშებს მოიგერიებენ.
ამ მიზნისათვის კი რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთი დაჯგუფება გამოიყენებს როგორც გადასატან საზენიტო კომპლექს „იგლას“, ისე „ტუნგუსკის“ კლასის საზენიტო-სარაკეტო ქვემეხებსა და „ს-300“-ისა და „ოსას“ ტიპის ტაქტიკურ საზენიტო კომპლექსებს. მოსკოვი აცხადებს, რომ სწავლება გეგმიურია და მას არანაირი კავშირი არა აქვს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტთან.
„ჩვენ რაც შეგვეხება, ჩვენი ჯარები ჩვეულებრივი რუტინული სამხედრო საქმიანობით არიან დაკავებული და უცხოელ მეთვალყურეებს არ აღურიცხავთ რაიმე არაჩვეულებრივი საქმიანობა ან ძალთა უჩვეულო თავშეყრა რომელიმე რაიონში“, განაცხადა 5 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი ანტონოვმა, რომელიც ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების სარდლის განცხადებასაც გამოეხმაურა.
ამერიკელმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა 3 მარტს განაცხადა, რომ, ამერიკის შეფასებით, უკრაინაში 12 ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურე უნდა იმყოფებოდეს.
„რაც შეეხება ვიქტორია ნულანდისა და თქვენ მიერ ხსენებული გენერლის განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ვითომდა ათასობით სამხედრო იმყოფება, ასე რატომ წვრილმანდებიან და რატომ ამბობენ მხოლოდ 12 ათასს? რატომ არ თქვეს, მაგალითად, ოცი ან ოცდახუთი? პასუხად მათ ხომ მაინც ვერავინ ვერაფერს ეუბნება?!“
ანატოლი ანტონოვის განცხადების ფონზე, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ძალების მასშტაბურ კონცენტრაციაზე ჰელსინკიში მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც ილაპარაკა. საქმე ეხება ათას ერთეულზე მეტ მძიმე შეიარაღებას, ჯავშანტექნიკას, საარტილერიო და საზენიტო სისტემებს. „ასეთი ტექნიკა სეპარატისტებს მხოლოდ რუსეთისგან შეიძლება მიეღოთ“, - დასძინა 5 მარტს ჰელსინკიში მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა.