რუსთავის ციხეში პროვოკაცია მზადდება?!

რუსთავის ციხეში პროვოკაცია მზადდება?!

რა ინფორმაციას ფლობს სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე - ინტერვიუ კახი კახიშვილთან   

მართავენ თუ არა ციხეებს ისევ ნაციონალები, რატომ ელიან პროვოკაციებს #6 დაწესებულებაში, ვინ გეგმავს საბოტაჟს, როგორ ვაჭრობენ პატიმრები საკუთარი ჯანმრთელობით ციხის ადმინისტრაციასთან და რატომ დატოვა სისტემა 10 ციხის უფროსმა? - ციხეებში გასატარებელ 41-კანონიან რეფორმაზე ,,ვერსიას' ექსკლუზიურად სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე კახი კახიშვილი ესაუბრება, რომელიც, გარკვეულწილად, პოლიტიკურ დუმილისაც არღვევს და აცხადებს, რომ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობა არ დგას.

- ბატონო კახა, რეფორმის ფარგლებში საკადრო წმენდა დაანონსებული არ ყოფილა, თუმცა მინისტრმა განაცხადა, ახალი სისხლი გვჭირდებაო და ციხეების უფროსები გაუშვით. ამას როგორ ხსნით? 
- კანონპროექტი საკადრო წმენდას არ ისახავს. ამის სურვილი რომ გვქონოდა, არაერთი ხერხი არსებობს და 41 კანონში ცვლილების შეტანა და ამდენთვიანი შრომა არ დაგვჭირდებოდა. ამ პაკეტის მიღების შემთხვევაში, ციხის თანამშრომლები სამსახურში ქუჩიდან არ მოხვდებიან, სპეციალურ სწავლებას გაივლიან და ხელფასიც მათ საგამოცდო ქულაზე იქნება დამოკიდებული. შესაძლოა, ეს ბევრ თანამშრომელს არ მოეწონოს, რადგან, თუკი გამოცდას ვერ ჩააბარებს, სისტემა ვიღაცას დაემშვიდობება. როცა საუბარი ახალ სისხლზეა, სამსახურში, სისტემის რებრენდინგის შედეგად, ახალგაზრდების მიღება იგულისხმება. 9-წლიანმა პერიოდმა ამ სისტემის იმიჯი ისე შელახა, დღეს ახალგაზრდებს აქ მუშაობის სურვილი აღარ აქვთ, ამიტომ მეორე ეტაპი უწყების რებრენდინგი, ყველაფრის - სიმბოლიკიდან დაწყებული, ფორმებით დასრულებული - შეცვლა და გათანამედროვებაა. 
- გასაგებია, მაგრამ ციხეების უფროსების გაშვებაზე გკითხეთ: თუ რამეს აშავებდნენ, კი არ უნდა გაგეშვათ, უნდა დაგეჭირათ. 
- ჯერ ერთი, ნაწილი საკუთარი განცხადებით წავიდა, რაც ჩვეულებრივი პროცესია. ხანდახან ადამიანს ჰგონია, დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს, თუმცა, როცა ციხეში რეალურად მოხვდება, ხვდება, კონკრეტული ამოცანები მის ძალას აღემატება. მათგან ერთის შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. დანარჩენები კი თავად წავიდნენ. შებოჭილი არავინ არაფერშია. ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც უფლებამოსილებას გადააჭარბებს, კანონით დადგენილი წესით დაისჯება, თუმცა პატიმრებმაც უნდა იცოდნენ: რა პრინციპული მიდგომაც თანამშრომლებისადმი გვაქვს, სამინისტრო შესაბამისი რეჟიმის პირობების შესრულებას მათგანაც ასეთივე პრინციპულობით ითხოვს. 

- ცვლილებათა პაკეტიდან ყველაზე მეტს .. უდო- კომისიის გაუქმებაზე საუბრობენ. ვიცით, რომ პატიმრების ვადამდე გათავისუფლებაზე 5 ადგილობრივი საბჭო იმუშავებს და აქამდეც ასე იყო, თუმცა არსებობდა ეჭვი, რომ უდო- კომისია მხოლოდ ,,ელიტური პატიმრების' საქმეებს განიხილავდა. რატომ არ შეიძლება, ეს საბჭოებიც იგივენაირად მოიქცნენ, დაცვის მექანიზმი არსებობს? 
- ე.წ. უდო-ს კომისია ჯერ არ გაუქმებულა. ჩვენი აზრით, ის უკანონო ორგანოა, რომლის გადაწყვეტილებები ხშირად სასამართლოს ეწინააღმდეგება, რაც იურიდიული ნონსენსია. საბჭოები ვალდებულნი არიან, ყველა იმ პატიმრის საქმე განიხილონ, ვისაც ვადამდე გათავისუფლება კანონით უწევს. ე.წ. უდო-ს კომისია თავად წყვეტდა, რომელი საქმე განეხილა და რომელი არა. საბჭოების საქმიანობას დებულება არეგულირებს. ასე რომ, სხვაობა დიდია, თუმცა მუშაობის მექანიზმი საბჭოებშიც დასახვეწია. ევროკავშირის ექსპერტებთან სწორედ ამიტომ ვმუშაობთ, რათა სხვა ქვეყნების გამოცდილებაც ვნახოთ და შევაფასოთ, საქართველოს რეალობას რომელი მექანიზმი უფრო მოერგება. შესაძლოა, ახალ მოდელში, საბჭოებთან ერთად, სასამართლოც ჩაერთოს... მთავარია, მსჯავრდებულს სამართლიანობის განცდა ჰქონდეს და იცოდეს, მისი გათავისუფლება იმაზე არაა დამოკიდებული, ვინ დარეკავს და ჩაერევა, თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ საბჭოების მექანიზმი გასამართია და ყველა სტანდარტს არ აკმაყოფილებს. 

- ამჟამინდელ საბჭოებს რას უწუნებთ? 
- თუნდაც იმას, რომ საკუთარი საქმის განხილვას ანუ ზეპირ მოსმენას ყველა მსჯავრდებული ვერ ესწრება; არც ის მომწონს, რომ საბჭოს წევრებს, უდიდესი დატვირთვის მიუხედავად, ანაზღაურება არ აქვთ. ისიც ცუდია, რომ საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების სრულყოფილი მექანიზმები არ არსებობს. ამიტომაც შევთანხმდით, რომ ეს მოდელი დასახვეწია და კვლევაში ევროკავშირი ჩავრთეთ. ახალი მოდელის პრეზენტაცია მალე გაიმართება და მეორე ეტაპზე - ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხების დახვეწაზე გადავალთ.
- ციხეში უკონტროლო ვიდეოგადაღება დღემდე მიდის, არც ამ მასალების შენახვის ვადა არსებობს. ეს საკითხი როგორ დაარეგულირეთ? 
- კამერების საკითხი საერთოდ ჰაერში იყო, ვიღაცამ ჩათვალა, რომ კამერები უნდა იდგეს, მაგრამ ამისთვის სამართლებრივი საფუძვლები არ მოამზადა. უკვე მომზადებულია მინისტრის ბრძანების პროექტი და ეს თემა სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა. გაწერილია მასალების შენახვის დრო - მინიმუმ, 12 საათი, ამის მერე კი, ჩანაწერი იმდენ ხანს შეინახება, რის საშუალებასაც ტექნიკა მოგვცემს; შემდეგ ახალი მასალა გადაეწერება და ძველი ჩანაწერი ავტომატურად წაიშლება. 

- ისე, ომბუდსმენის ინიციატივაზე, რაც ციხეებში ფოტო- ვიდეოგადაღების დაშვებას ეხება, თავიდან უარი განაცხადეთ. რატომ, რა საფრთხეს ხედავთ? 
- ამ თემაზე სამინისტროში სპეციალური სამუშაო ჯგუფია შექმნილი და ეს უარს არ ნიშნავს. არ დაგავიწყდეს, რომ ფოტო- ვიდეოგადაღებაზე გასაიდუმლოებულ დაწესებულებებში ვსაუბრობთ. ციხეებში ვინმე რამეს კი არ მალავს, უბრალოდ, რამდენიმე სერიოზული საფრთხეა: ჯერ ერთი, პატიმრების სახეების დაფიქსირება, მათი თანხმობის გარეშე; მეორე, ეს სარეჟიმო დაწესებულებებია, ობიექტების განლაგება, გუშაგები, დერეფნები, ღობეები... გასავლელებისა და ვიდეომონიტორინგის კამერების მდებარეობა არავინ უნდა იცოდეს. ცნობილი არ უნდა იყოს, რა მასალითაა აშენებული ესა თუ ის კედელი. შესაძლოა, ეს ობმუდსმენისთვის საინტერესო არ იყოს, მაგრამ საინტერესო იმისთვისაა, ვინც შესაძლოა, გაქცევა დაგეგმოს - თუკი ნახავს, რომ კორპუსის რომელიღაც კედელი აგურითაა ნაშენი, სწორედ იქიდან გაიქცევა, რადგან აგურის კედლის დაშლა ბეტონისაზე ბევრად იოლია. 

- კი, მაგრამ დაინტერესებულ პირს ეს მასალა ხელში როგორ ჩაუვარდება? 
- შესაძლოა, ვიღაცას არც აინტერესებს და არც ჩაუვარდეს, მაგრამ თუნდაც მცირე რისკი ხომ არსებობს? ჩვენი ვალია, ყველა ეს რისკი გავთვალოთ და 0,1%-იანი ალბათობაც არ დავუშვათ, ამიტომ მექანიზმი - ვინ, სად და რა ვითარებაში უნდა გადაიღოს, დასახვეწია. 

- იანვარ- თებერვალში რამდენიმე ტუსაღმა პირი ამოიკერა, ერთმა პატიმარმა თერმომეტრი გადაყლაპა, მე-7 დაწესებულებაში, სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მოთხოვნით, 6 მსჯავრდებული შიმშილობდა... ციხეებში დღეს რა ხდება, ვითარებას აკონტროლებთ? 
- ეს ჩვეულებრივი პროცესია. ხშირად პატიმრებს პრეტენზია ციხის ადმინისტრაციასთან კი არ აქვთ, თავიანთი საქმეების გადახედვას ითხოვენ. არის შემთხვევა, როცა უბრალოდ, ვაჭრობენ - მაგალითად, პირი, რომელიც ნახევრადღია დაწესებულებაში იმყოფებოდა და კრიმინალური მენტალიტეტის გამო დახურულ ციხეში მოხვდა, ამას აპროტესტებს; თერმომეტრის გადაყლაპვა კი იმ მიზანს ემსახურება, რომ პატიმარი სამკურნალო დაწესებულებაში მოხვდეს, თუმცა ისეთი ფაქტებიც გვქონია, როცა ადამიანი ოპერაციაზე უარს აცხადებს. ციხეში უამრავი პრობლემაა და ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. ცხადია, წესრიგის დამყარებას ნაციონალური მეთოდით არ ვაპირებთ, მაგრამ ვერც იმას დავუშვებთ, ციხეს პატიმრები მართავდნენ. ეს რთული პროცესია, ბევრ პროვოკაციასაც ველით, მაგრამ პრინციპულ მიდგომას არ გადავუხვევთ. 
- თქვენი არგუმენტები მესმის, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ პატიმრების ყველა პროტესტი არასწორია. დიდი ხანია, ციხეებში ხალხი ტუბერკულოზით აღარ იხოცება? 
- რას ამბობთ, ციხეებში ტუბერკულოზის მკურნალობა გაცილებით ეფექტურია, ვიდრე სამოქალაქო საავადმყოფოებში. ჩვენთან მკურნალობის ხარჯიც ულიმიტოა. მეტსაც გეტყვით, ისეთი პატიმრებიც არიან, ვინც ვადამდე გასვლაზე უარი თქვეს, რადგან ციხეში მკურნალობის სრული კურსის ჩატარება სურდათ. სამედიცინო საკითხები ახლა ბევრად მოგვარებულია, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი, ბოლო წლებში, საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს. რაც მთავარია, ციხეში სისტემური დანაშაული არ ხდება, დამნაშავეებს ხელს არც სისტემის ხელმძღვანელები აფარებენ. დღეს სისტემა ცემითა და წამებით არ იმართება. 

- ანუ, მოარული ხმა, ციხის ბუნტის შესახებ, გადაჭარბებულია? 
- ასეთი ხმა, ძირითადად, უსაფუძვლო და მართლაც, გადაჭარბებულია ხოლმე. არის შემთხვევები, როცა პატიმრები ვენებს სპეციალურად იჭრიან, რათა საზოგადოებაზე ეფექტი მოახდინონ. ფიქრობენ, შექმნიან პრობლემას და ხალხს კონკრეტული ციხის ადმინისტრაციის წინააღმდეგ განაწყობენ. მერე იწყება ვაჭრობა - ამას აღარ გავაკეთებ, თუ ძველ ციხეში დამაბრუნებო. დახურული დაწესებულებიდან ნახევრადღიაში გადასვლა კი იმიტომ უნდათ, სხვა პატიმრებს წურბელებივით დაასხდნენ, მათი საჭმელი ჭამონ და ა.შ. რომ მიუშვა, ე.წ. ობშიაკების შეგროვებასაც დაიწყებენ - მათ ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ესეც ჩვეულებრივი მოვლენაა. სწორედ ამიტომ შეიქმნა მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომელიც თითოეული პატიმრის პირად საქმეს შეისწავლის და, თუ ის კრიმინალური სუბკულუტრის მიმდევარია, შესაბამისი რეჟიმის ციხეში გაუშვებს. ამ ჯგუფში, ცვლილების თანახმად, სოცმუშაკი, ფსიქოლოგი, უსაფრთხოებისა და რეჟიმის სამსახური შევა და პატიმრის ამა თუ იმ დაწესებულებაში გადაყვანის რეკომენდაციით, სამინისტროს მიმართავს. ამ რეფორმაში მთავრობას დამატებით ფინანსებს არ ვთხოვთ. 

- ისიც ითქვა, რომ ნაციონალებს ციხეებიდან, ქვეყანაში ვითარების ასარევად, ,,კანონიერი ქურდები', თქვენი გვერდისავლით თუ შეთანხმებით, პერმანენტულად გამოჰყავთ. ეს პოლიტიკური ინსინუაციებია და თუ მსგავსი რამ მართლა ხდება? 
- ე.წ. კანონიერ ქურდები სასჯელს მეშვიდე დაწესებულებაში იხდიან, რომელიც განსაკუთრებული სარეჟიმო ობიექტია და თეორიულადაც შეუძლებელია, ამ დაწესებულებიდან ღამით ვინმე გაუშვა, მერე კი უკან შეიყვანო, ეს სრული აბსურდია. ჩვენი დაწესებულებიდან პატიმრების, მათ შორის ,,კანონიერი ქურდების' გაყვანა წარმოუდგენელია! 

- ისე, ნაციონალებს ციხეებზე რამე გავლენა შენარჩუნებული აქვთ? 
- შესაძლოა, ამ პოლიტიკურ ძალას თანამშრომლები უთანაგრძნობდნენ, ის ხალხი, ვინც სისტემაში მაღალ თანამდებობებზე წლების წინ დაინიშნა - ციხის უფროსები, რომელთაც პოლიტიკური ამბიციები აქვთ, თუმცა ისე ნამდვილად არ არის, სისტემაში ძველი ხელისუფლების გავლენა ვიგრძნოთ. მთავარია, სისტემის შიგნით საბოტაჟი არ მოხდეს და ამ პროცესსაც გამუდმებით ვაკონტროლებთ. საბოტაჟის სურვილი შეიძლება ბევრს აქვს, რადგან ციხიდან არეულობის დაწყება ძალიან ადვილია, მაგრამ ადამიანების თავში ნამდვილად ვერ ჩავძვრებით, თუმცა, თუ შესაბამის ინფორმაციას მოვიპოვებთ, რეაგირება მყისიერი იქნება და მზადებას ფაქტამდე აღმოვფხვრით, ან უსწრაფესი რეაგირება პოსტფაქტუმ გვექნება. მეთოდები მარტივია - მაგალითად, შესაძლოა, რომელიმე არხის პირდაპირ ეთერში პატიმრების ზარების ორგანიზება და ისეთი ფაქტების მოყოლა, რაც ნახევარ ქალაქს რომელიმე დაწესებულებასთან გაიყვანს, თუმცა იმას ვერავინ შეამოწმებს, იმ ციხეში რეალურად რა ხდება და მართლა პატიმრები რეკავენ თუ გუშაგები; ასევე ვერ შეუშლი ხელს რაღაც ჩანაწერების ინტერნეტში განთავსებას. გამორიცხული არაფერია, რადგან სისტემა ძალიან რთულია, მაგრამ რეაგირება ეფექტური იქნება და სამინისტრო თვალს ერთ მსგავს ფაქტზეც არ დახუჭავს! 

- ბატონო კახი, ქვეყანაში ლარის კურსი არამყარია და ყველა ვადამდელ არჩევნებზე საუბრობს. დაძაბულმა პოლიტიკურმა ვითარებამ შეიძლება ფონი საპატიმროებშიც დაამძიმოს? 
- ბუნტის საფრთხე ყოველთვის არსებობს... ერთ მაგალითს გეტყვით: როცა რუსთავში #6 დაწესებულებაში, სარემონტო სამუშაოები დასრულდება, იქ კრიმინალური სუბკულტურის მატარებელი პატიმრების გადაყვანა იგეგმება და მათგან პროვოკაციებს უკვე ველოდებით. რაც შეეხება გარეფაქტორებს, ეს სისტემაზე გავლენას მაინცდამაინც ვერ ახდენს. სხვა საკითხია, რომ შესაძლოა, არჩევნების დროს რომელიღაც ჯგუფს თავში აზრად მოუვიდეს რაღაც კადრების გაშვება, საზოგადოებრივი განწყობის ფორმულირება და ა.შ. ამისგან დაზღვეულია არავინაა, თუმცა დღევანდელ პირობებში პატიმრების საარჩევნო ხმების რომელიმე ძალის სასარგებლოდ გამოყენების თეორია აბსურდულია. ზოგადად, ვფიქრობ, ვადამდელი არჩევნები არ იქნება, რადგან ამ ეტაპზე, ამის არც აუცილებლობა ჩანს და არც - სამართლებრივი საფუძველი.