აშშ-სა და რუსეთს შორის გრძელდება უთანხმოება უკრაინის გარშემო

აშშ-სა და რუსეთს შორის გრძელდება უთანხმოება უკრაინის გარშემო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ჟენევაში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობით და უკრაინაში კონფლიქტით გამოწვეული დაძაბულობის ფონზე. შეხვედრა გაიმართა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის პარალელურად.

უკრაინა, სირია და საერთაშორისო მოლაპარაკებები ირანის ბირთვული პროგრამის შესაზღუდად: ეს არის თემები, რომლებზეც, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, მას დღეს „გულახდილი დისკუსიები“ ჰქონდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.

უკრაინას რაც შეეხება:

„მე კიდევ ერთხელ ვისაუბრე აუცილებლობაზე, რომ რუსეთის ლიდერებმა და მათი მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა სრულად განახორციელონ მინსკის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები და ისინი განახორციელონ ყველგან, დებალცევოს ჩათვლით, მარიუპოლთან და სხვა სტრატეგიულ ადგილებში“, -განაცხადა ჯონ კერიმ ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ლავროვთან შეხვედრის შესახებ საუბრისას. მანამდე კერიმ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში ილაპარაკა უფლებების უხეშ დარღვევაზე ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე.

პრესკონფერენციაზე გამოსვლისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი დაუბრუნდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების თემას: „თუ კვლავ იქნება ფართო ტერიტორიები, სადაც ზავს არ იცავენ და გაგრძელდება ვაჭრობა იმაზე, თუ საიდან უნდა იქნეს გაყვანილი მძიმე შეიარაღება ისე, რომ უცნობი იყოს, სადამდე გაიყვანეს ის, ან თუ ეუთო სათანადოდ ვერ შეძლებს მივიდეს ადგილზე, სადაც ეს საჭიროა, მაშინ გარდაუვალი იქნება დამატებითი საპასუხო ნაბიჯები, რომლებიც დამატებით სირთულეებს შეუქმნის რუსეთის ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას“. იქვე ჯონ კერიმ გამოთქვა იმედი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სრულად ამოქმედდება მომდევნო რამდენიმე საათში ან, ყველაზე გვიან, რამდენიმე დღეში.

ჟენევაში ლავროვთან ამ შეხვედრამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, კერიმ ამერიკელ კონგრესმენებს უთხრა, რომ რუსი ოფიციალური პირები მას თვალებში უყურებენ და ისე ატყუებენ უკრაინის კონფლიქტში რუსეთის როლზე საუბრისას. მიუხედავად სულ უფრო მეტი მტკიცებულებისა, რომ რუსეთი შეიარაღებას და მებრძოლებს გზავნის აღმოსავლეთ უკრაინაში (შეიარაღებას - ტანკების, მძიმე არტილერიის, ანტისაჰაერო სისტემების ჩათვლით), მოსკოვი, როგორც ცნობილია, უარყოფს უკრაინაში ბრძოლის შესახებ ბრალდებებს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 2 მარტს ჟენევაში აღნიშნა, რომ აუცილებელია მინსკის შეთანხმების სრულად შესრულება, უკრაინაში საკონსტიტუციო რეფორმის ჩათვლით. იქვე ლავროვმა შემდეგი მოწოდებით მიმართა უკრაინის მთავრობას:„მოვუწოდებთ უკრაინის ხელმძღვანელობას, გაემიჯნოს ომის პარტიასა და სხვა ექსტრემისტებს, აიღოს უკრაინის მრავალეროვან საზოგადოებაში, საზოგადოდ მისაღებ საფუძველზე, მშვიდობისა და თანხმობისაკენ მიმართული კურსი“. - ეს სიტყვები წარმოთქვა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში.

ამავე საბჭომ 2 მარტს წარმოადგინა ანგარიში, რომლის თანახმადაც, აღმოსავლეთ უკრაინაში 6 000-ს გადააჭარბა შარშან აპრილში დაწყებული კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა დაგმო „სამოქალაქო პირების სიცოცხლისა და ინფრასტრუქტურის დაუნდობლად განადგურება“ მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის ომში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილში. გაეროს მონაცემებით, დამაჯერებელი ცნობები მიუთითებს დეკემბრის შემდეგ რუსეთიდან უკრაინაში მძიმე შეიარაღებისა და უცხოელი მეომრების რეგულარულად შესვლაზე.