ახალ სეზონს ახალი, ან ძველი ვირუსული ინფექციები მოჰყვება ხოლმე. ვირუსები საზოგადოების შეშფოთებას იწვევენ. სინამდვილეში კი, როგორც სპეციალისტები ამბობენ, საგანგაშო არაფერია და ყველა გრიპს, თუკი მკურნალობას დროულად, მშვიდად და სწორად დავიწყებთ, მარტივად ეშველება... წელს მოსახლეობა ახალ ვირუსზე წუწუნებს, რომელსაც ყელის ტკივილი, ხველა და მაღალი სიცხე ახლავს... მაინც, როგორ ჩნდება ახალი ვირუსი? - “ქართული სიტყვა” საქართველოს ჰომეოპათიის აკადემიის პრეზიდენტს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ევროკავშირის ექსპერტ თინათინ თოფურიას ესაუბრა:
- არსებობს ვირუსის სამი ტიპი - A, B და C. ეპიდემიებს ძირითადად A და B ტიპის ვირუსი იწვევს. უფრო ვირულენტური A ტიპია - სწორედ ის იყო ყველაზე მასშტაბური ეპიდემიების გამომწვევი, მათ შორის, “ისპანკის”, რომელმაც 20 მილიონი სიცოცხლე შეიწირა... ამ ვირუსის მატარებლად გადამფრენი ფრინველები ითვლებიან - მათგან ჯერ, მაგალითად, ქათამზე, ან ღორზე გადადის (აქედან მოდის სახელიც) და მერე - ადამიანზე. ვირუსი გამუდმებით იცვლის სახეს, ანუ მუტაციას განიცდის. ყოველ წელს ახალი ვაქცინა უნდა გაკეთდეს, თუმცა პრობლემა ისაა, რომ მანამ, ვიდრე ახალი ვაქცინა გაკეთდება, ვირუსი შეცვლას ასწრებს. სწორედ ამიტომაა, რომ თუკი სხვა აცრებით შესაძლებელია 100%-ით დაცვა, გრიპის ვაქცინაციით დაცვის ალბათობა 60%-ს არ აღემატება. უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ვაქცინების მწარმოებელი კონცერნები ცდილობენ, წინასწარ გათვალონ, თუ როგორი მუტაცია შეიძლება იყოს მომავალ წელს, რათა რაც შეიძლება მიახლოებული ვაქცინა შექმნან, მაგრამ სამწუხაროდ, გრიპის ვირუსის გარდაქმნის უნარი სულ უფრო იხვეწება და არაპროგნოზირებადი ხდება.
- წლევანდელ ვირუსზე რას იტყვით?
- წელს საკმაოდ მძიმე გრიპი იყო, რომელმაც ბევრს სისუსტე, ოფლიანობა, ხველა დაუტოვა. მეგონა, გრიპიანობა ამით დამთავრდებოდა, მაგრამ, როგორც ირკვევა, ყველაფერი ჯერ წინაა - ეპიდემიას ელიან, რომელიც A ტიპის ვირუსის საკმაოდ ვირულენტური მოდიფიკაციაა. ამას ისიც ემატება, რომ წელს ვირუსმა მუტაცია ძალიან სწრაფად განიცადა, სპეციალისტების პროგნოზი არ გამართლდა და ის ვაქცინა, რომელიც გაკეთდა, ამ გრიპის ვირუსზე ნაკლებად მოქმედებს. როგორც ირკვევა, წელს, 60%-ის ნაცვლად, დაცულობის ხარისხი 25-30%-ზე მეტი არ იქნება. სურათი საკმაოდ არასასიამოვნოა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეს ცოტა გაზვიადებულიც იყოს. მსოფლიოში ისეთი მძიმე ვითარებაა, რომ გრიპის პანიკაზე აქცენტის გადატანა შესაძლოა, ვიღაცას სჭირდება.
- ქალბატონო თინა, რას გვირჩევთ, თავი როგორ დავიცვათ?
- პირველ რიგში, იმუნიტეტი უნდა გავიძლიეროთ.
- როგორ?
- აუცილებელია სწორი კვება, რომელსაც ძალიან ხშირად ვარღვევთ. ასევე, ხშირად უნდა ვიაროთ სუფთა ჰაერზე, ვაკეთოთ სუნთქვითი ვარჯიშები და მოვერიდოთ სტრესს.
- ამის გარდა, გრიპს კიდევ როგორ შეიძლება ვებრძოლოთ?
- მკურნალობა შეიძლება, სამ ტიპად დავყოთ: პროფილაქტიკა, გრიპის სამკურნალო საშუალებები და ვირუსის საწინააღმდეგო წამლები, თუმცა ხშირად ეშლებათ და საპროფილაქტიკოდ ანტივირუსულ პრეპარატებს იღებენ, რაც ყოვლად დაუშვებელია. ამ პრეპარატების მიზანი გრიპის ვირუსის განადგურებაა, რათა გამრავლების საშუალება არ მიეცეს. წარმოიდგინეთ, ეს პრეპარატები იმდენად ძლიერი და ტოქსიკურია, რომ ვირუსის მოკვლა შეუძლიათ და მათი ტყუილად მიღება, როცა ორგანიზმში ვირუსი არ არსებობს, მხოლოდ ორგანიზმს აზიანებს. ანტივირუსული პრეპარატის გამოყენებას აზრი ვირუსის გამრავლების პროცესში აქვს, ანუ ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან პირველი 48 საათის განმავლობაში. მანამდე და მას შემდეგ კი, გამოყენებას აზრი არ აქვს.
რაც შეეხება გრიპის სამკურნალო საშუალებებს, წინასწარ არც მათ მიღებას აქვს აზრი. ისინი ეფექტური მხოლოდ მაშინაა, როცა სახეზე გრიპის კლინიკაა, ანუ ვირუსმა უკვე დააზიანა ორგანიზმი და საჭიროა მკურნალობა. სამწუხაროდ, აქაც საქმე გაუგებრობასთან გვაქვს: ბევრი ფირმა, სხვადასხვა სახელით, კარგად ცნობილი პრეპარატის - “პარაცეტამოლის” სხვადასხვა მოდიფიკაციას აწარმოებს და აფთიაქებში ასეთი 28 წამალი იყიდება. მოსახლეობის დიდი ნაწილი რეკლამის, ან მეგობრის რჩევით, ამ 28-დან რამდენიმეს ყიდულობს და “პარაცეტამოლს” ტოქსიური დოზით იღებს, რის შედეგადაც მდგომარეობა ურთულდება. ამიტომ, გრიპის სამკურნალო საშუალებების ყიდვისას, უნდა იკითხოთ, “პარაცეტამოლს” შეიცავს თუ არა.
- არსებობს მოსაზრება, რომ გრიპიანი, გამოჯანმრთელებამდე, შინიდან არ უნდა გავიდეს...
- საერთოდ, გრიპს წოლა, სიმშვიდე და რაც შეიძლება, მეტი ძილი უყვარს. მაღალი სიცხის დროს, აუცილებლად უნდა იწვეთ, სვათ რაც შეიძლება, მეტი სითხე - კომშის, ღოღნოშოს კომპოტები, ცაცხვის ნახარში, ჩაი ჟოლოთი. ოთახი ხშირად უნდა გაანიავოთ. სუფთა ჰაერზე გასვლაც შეიძლება, თუკი ამის სურვილი გექნათ, ოღონდ სიცხის დაწევის შემდეგ, დღისით. სასურველია, მზეს მიეფიცხოთ, მაგრამ თავს ძალა არ უნდა დაატანოთ.
- გრიპის გავრცელება გეოგრაფიულ მდებარეობაზე თუა დამოკიდებული და საქართველოში გრიპის რომელი, ასე ვთქვათ, სახეობაა გავრცელებული?
- გრიპის ეპიდემია და პანდემია ყველგან ერთნაირია. შეიძლება, ცოტა განსხვავდებოდეს კლინიკური სურათი და სიმძიმე, იმის მიხედვით, თუ რომელ პოპულაციას, გენეტიკურად, რომელი დაავადებებისკენ აქვს მიდრეკილება.
- თვითმკურნალობას ცუდი შედეგი ხომ არ მოჰყვება?
- მგონი, დროა, გავაცნობიეროთ, რომ ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ იმან, რამაც საუკუნეების განმავლობაში გაამართლა, ის კი, რაც ამ მეთოდებიდან გამოუსადეგარი და მავნე იყო, დავიწყებას მიეცა. ასე რომ, შეგვიძლია, ამ მეთოდებს მეტი ნდობით მოვეკიდოთ.
- მაინც, რას გვირჩევთ, ქალბატონო თინა, სახლის პირობებში გრიპს როგორ ვებრძოლოთ?
- პირველ რიგში, ყველაზე გამოცდილი და შეუცვლელი საშუალება ნიორია. ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ნივრის ეშმაკსაც ეშინიაო და კედელსა თუ ბავშვის საწოლთან ნივრის წნულს კიდებდნენ. ასე შეგიძლიათ, ახლაც მოიქცეთ და საწოლის ქვეშ, ოთახის კუთხეებში, ლამბაქით, დაჭრილი ნიორი დადოთ, რაც დეზინფექციის შესანიშნავი საშუალებაა. ასევე, კარგია ფორთოხლის, გრეიფრუტის და ლიმონის კანიც.
რაც შეეხება კონკრეტულად ნივრის მიღებას, გრიპის სეზონის დადგომისთანავე იწყება ნივრის ინტენსიური მოხმარება და, როგორც წესი, არასწორად. ნივრის ლებნის გადაყლაპვა, ან ჩაღეჭვა, განსაკუთრებით უზმოზე, აზიანებს როგორც პირის, ასევე, კუჭის ლორწოვან გარსს, აღიზიანებს ნაღვლის ბუშტს და ამძიმებს მთელ რიგ ქრონიკულ დაავადებებს. უმჯობესია, გამოიყენოთ ნივრის ნაყენი: დაჭყლეტილ ნიორს დაასხით სპირტი, ან არაყი, გააჩერეთ 12საათი. გადაწურეთ, დაასხით ერთი იმდენი წყალი, მიიღეთ 15-20 წვეთი, სახლიდან გასვლისას წაისვით ნესტოებსა და პირის კუთხეებში. თუ გრძნობთ, რომ გრიპი გეწყებათ, უებარია ნივრიანი ჩაი. ნივრის ამ ფორმით მიღება არც სუნს ტოვებს და არც ლორწოვანს აღიზიანებს. ასევე, შეგიძლიათ, ნივრის ნაყენი ფეხის გულებზე შეიზილოთ... ერთი სიტყვით, ნიორი საუკეთესო და შეუცვლელი საშუალებაა. სხვათა შორის, ჩემი ცნობილი მალამოს ერთ-ერთი კომპონენტიც სწორედ ნიორია. ამ მალამოთი, რომელსაც ხალხმა “თოფური” დაარქვა, ნახევარი საქართველო გრიპს გადაურჩება ხოლმე. საქართველოში ერთადერთი ჰომეოპათიური აფთიაქი ჩვენს აკადემიაშია, სწორედ აქ მზადდება მცენარეული ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც ვირუსს კუდზე “აჯდება”, ბლოკავს და გამრავლების საშუალებას აღარ აძლევს. ეს პრეპარატი გრიპის, გაციების, შემცივნებისა და ვირუსიანთან კონტაქტის დროსაც ძალიან ეფექტურია.
- როგორ უნდა მივხვდეთ, გრიპი გვაქვს თუ ვირუსი?
- ამის გარჩევა ძალიან ძნელია. საერთოდ, ითვლება, რომ გრიპი მაღალი სიცხითა და შეჟრჟოლებით იწყება, მაგრამ ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ ასე არაა. გრიპი ხანდახან სრულიად ჩუმად და უსიცხოდ მიმდინარეობს, სიმპტომების გარეშე, რაც გაცილებით უარესია.
კიდევ ერთ რამეს გეტყვით: ჩემი პროგრამა - „ნუ გეშინია გრიპის“, რომელსაც „ქათმის გრიპის“ შემდეგ ყოველ წელს ვანხორციელებ, ისევ გრძელდება, მაგრამ ვაქცინებისა და ანტივირუსული პრეპარატების შემომტანებისთვის კონკურენტი გავხდი. ბოლო წლებში რამდენჯერმე დამირეკეს და გამაფრთხილეს, რომ ინიციატივა აღარ გამომეჩინა. მიუხედავად ამისა, პროგრამას ისევ ვანხორციელებ, ოღონდ ისეთი მასშტაბებით - აღარ, როგორც ადრე, 10 000 ათასობით და დიდი ქველმოქმედების სახით. მხოლოდ ჩვენი პაციენტებისა და ახლობლებისთვის. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ძვირი მიჯდებოდა, მეორეც, არ მინდა, დიდ ბიზნესს დავეჯახო, ისედაც მტრად აღმიქვამენ, რადგან ალბათ, გახსოვთ, თავის დროზე რამდენიმე უცხოური კომპანია არაკეთილსინდისიერებასა და გამოუცდელი წამლების შემოტანაში ვამხილე. გარდა ამისა, არის ხალხი, ვინც გრიპით დიდ ფულს შოულობს. არც მათი გადამტერებაა სახუმარო. გრიპის სეზონის დადგომისთანავე იძაბებიან, რამდენჯერმე შემომითვალეს და გამაფრთხილეს, რომ ინიციატივა აღარ გამომეჩინა.
- თქვენი პროგრამის არსი რაში მდგომარეობს?
- პროგრამა 3 ეტაპისგან შედგება: პირველი ეტაპი იმუნიტეტის გაძლიერებაა, სადაც ვიყენებთ სხვადასხვა იმუნოკორექტორს, ასაკის და სქესის მიხედვით.
მეორე ეტაპი - გრიპის პროფილაქტიკა, რომელიც გრიპის სეზონზე იწყება (ეს არის გარეგანი მალამოები და სითხეები, რომლებიც ორგანიზმში ვირუსის შეღწევას ხელს უშლიან). ჩემს “ვაქცინაში” არ არის ცილა. ერთჯერადი ჩაწვეთებით ორგანიზმს ეძლევა ინფორმაცია იმ კონკრეტულ ვირუსზე, რომლის საფრთხეც იმ დროს არსებობს, “მტერია” და თუ “გამოჩნდა”, ბრძოლა უნდა დაუწყოო. იცით, ეს ვაქცინა რისი მსგავსია? - დასასვენებლად წასული ადამიანი შინ სიგნალიზაციას რომ ტოვებს. მოკლედ, ამ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, იმუნიტეტი ქმედებას იწყებს და ძალიან მცირე რაოდენობის ანტისხეულს გამოიმუშავებს. ანტისხეულის ეს რაოდენობა საკმარისია, რომ ორგანიზმმა, თუკი ვირუსი შეხვდა, სასიგნალო სისტემა ჩართოს და მაშინვე ბრძოლა დაიწყოს. ის 2-თვიანი მოქმედებისაა და თუ ვირუსი არ “მოვიდა”, 2 თვის შემდეგ, ორგანიზმში არსებული ინფორმაცია უკვალოდ იშლება. თუ სეზონი გრძელდება, მაშინ ვაქცინის მიღება განმეორდება. ვაქცინა 1 კვირაში, კონკრეტული სეზონისა და ვირუსის გათვალისწინებით მზადდება.
- ვაქცინა მცენარეულია?
- არა. ეს ინფორმაციული ვაქცინაა, რომელიც ჰომეოპათიური წესითაა დამზადებული. ჰომეოპათიაში, მცენარეების გარდა, ბევრი სხვა ბუნებრივი ნედლეულიც გამოიყენება.
მკურნალობის ეს მეთოდი დედაჩემის ბაბუამ პირველად “ისპანკას” ეპიდემიის დროს გამოიყენა და ნახევარი საქართველო ამ საშინელ გრიპს გადაარჩინა. როცა “ქათმის გრიპის” პანდემიას ელოდნენ და ამ წამლის შესახებ პირველად განვაცხადე, მედიცინის ოფიციალურმა წრეებმა, ცოტა არ იყოს, სკეპტიკურად შეხედეს, თუმცა ხელი არ შეუშლიათ. სამაგიეროდ, საერთაშორისო საზოგადოებამ გამოიჩინა დიდი ინტერესი, ბევრ საერთაშორისო კონფერენციაზეც მიმიწვიეს, მათ შორის, - მონაკოს კონგრესზეც. მონაკოს პრინცესა პირადად დაინტერესდა, თავისთან მიმიწვია და სამეცნიერო ჯგუფშიც ჩამრთო.
იცით, რა არის ყველაზე საინტერესო? – ის, რის შექმნაზეც დღეს მსოფლიოს მეცნიერები მუშაობენ, რათა ებოლას გაუმკლავდნენ, საქართველოში მე-20 საუკუნის 20-იან წლებში სავლე წერეთელმა გააკეთა!.. ეს ისაა, რაც უხუცესებს დღემდე “წერეთლის წამლის” სახელით ახსოვთ.