შსს-ს აკადემიას სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან აბიტურიენტები ეწვივნენ

შსს-ს აკადემიას სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან აბიტურიენტები ეწვივნენ

შსს-ს აკადემიას სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონების საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ეწვივნენ. შეხვედრა მოსწავლეების ინიციატივით გაიმართა. ახალგაზრდებს აკადემიის პრორექტორმა ფრიდონ დიასამიძემ უმასპინძლა.

დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები შსს-ს აკადემიაში მიღების წესებს და პროცედურებს გაეცნენ და მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრაზე აკადემიის პრორექტორმა აკადემიაში არსებულ სწავლების მეთოდოლოგიის შესახებ, პოლიციის უწყებებში კადრების მიღების პროცედურებზე ისაუბრა. ასევე მოხდა იმ საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც აკადემიაში წელს პირველად განხორციელდება. შეხვედრის დასასრულს აბიტურიენტებმა აკადემიის სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები დაათვალიერეს.

ახალგაზრდები სასწავლო პროგრამებით დაინტერესდნენ და შსს-ს აკადემიაში სწავლის გაგრძელებისა და პოლიციის სტრუქტურაში დასაქმების სურვილი გამოთქვეს.