როგორი კადრებით ივსება თბილისის მერია

როგორი კადრებით ივსება თბილისის მერია

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე და მისი თანაგუნდელები აცხადებენ, რომ თბილისის მერიაში თანამდებობებზე ის ადამიანები დაინიშნენ, ვინც ატესტაციის გავლა ვერ შეძლო. 27 თებერვალს აბესაძემ მედიას რამდენიმე ასეთი ფაქტის შესახებ აცნობა, შესაბამისი დოკუმენტაციაც წარმოადგინა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ საქმით დაინტერესებისაკენ მოუწოდა.

დედაქალაქის მერიის ახალი კადრებით დაკომპლექტების პროცესი ისევ კრიტიკის საგანია. "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, თბილისის მერიაში ტესტირების პირველ ეტაპზე ჩაჭრილ პირებს თანამდებობებზე ხელმეორედ ნიშნავენ. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარშიც აცხადებს, რომ თბილისის მერმა დაახლოებით 550 ვაკანსიაზე კონკურსი მიზანმიმართულად მხოლოდ იმიტომ ჩაშალა, რომთანამდებობებზე დატოვოს ის ადამიანები, ვინც ტესტირება ვერ გაიარა. მერიის მიმართ „ნაციონალურ მოძრაობას“ ის პრეტენზიაც აქვს, რომ ამ უწყებაში სხვადასხვა თანამდებობაზე დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას, მეგობრები და ნათესავები ინიშნებიან:

„სამწუხაროდ, ჩვენ გვიწევს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ როგორი უვიცი და არაპროფესიონალი კადრებით არის მერია დაკომპლექტებული და როგორ ვერ ახერხებს დავით ნარმანია შეელიოს საკუთარ ნათესავებსა და მეგობრებს, რომლებმაც კომპეტენციის მინიმალური ზღვარიც კი ვერ გადალახეს ტესტირების ეტაპზე. იმის ნაცვლად, რომ ამ ადამიანებს სახლში უშვებდნენ, მათ, პირიქით, აწინაურებენ“.

ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ცნობილია ყველას სახელი და გვარი, ვინც, კონკურსზე მარცხის მიუხედავად, კვლავაც მერიის სამსახურში რჩება, თუმცა ჯერჯერობით, პერსონალური ინფორმაციის დაცვის უფლების გათვალისწინებით, მათ ვინაობას არ გაასაჯაროებენ. ირაკლი აბესაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე, რომელმაც კონკურსში 33 ქულა (გამსვლელი - 45) მიიღო, გადაყვანილია ამავე სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ; კვლევის, ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი, რომელმაც აიღო 42 ქულა (გამსვლელი - 45), გადაყვანილია კულტურის საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის თანაშემწე, რომელიც კონკურსზე საერთოდ არ გასულა, გადაყვანილია კულტურის საქალაქო სამსახურის მონიტორინგისა და შეფასების განყოფილების უფროსად; ქალაქგაფორმებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, რომელმაც კონკურსში 39 ქულა (გამსვლელი - 45) მიიღო, გადაყვანილია მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსად; სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ნარჩენების მართვის მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, რომელმაც 16 ქულა (გამსვლელი - 45) მიიღო, გადაყვანილია საპროექტო განყოფილების მთავარ სპეციალისტად და ა.შ. ყველა ეს პირი თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. აბესაძის შეფასებით, ეს მაქინაციური სქემით გაკეთდა და, აი, რატომ:

„როდესაც ადამიანი დანიშნე მოვალეობის შემსრულებლად ერთ თანამდებობაზე სამი თვის ვადით, როგორც ამას კანონი მოითხოვს კონკურსამდე, ვთქვათ, კეთილმოწყობის სამსახურში, ამ ადამიანმა გაიარა კონკურსი და 60 შესაძლო ქულიდან აიღო მხოლოდ 16, როცა შენ ამ ადამიანს ხელახლა დანიშნავ საპროექტო განყოფილებაში, სადაც, ალბათ, ყველაზე მაღალკვალიფიციური კადრები უნდა მუშაობდნენ, და აძლევ მეორე სამი თვის ვადას, რომ მეორე კონკურსზე სცადოს ბედი, შემდეგ მეორე კონკურსიც თუ ვერ გაიარა, კიდევ სხვაგან დანიშნავ და ასე სამ-სამი თვით ინარჩუნებ ადამიანს, ეს სხვა არაფერია თუ არა კანონით მონიჭებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“.

ორშაბათის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიცია გეგმავს მერიაში თანამშრომელთა გასაუბრების პროცესის ვიდეოფირზე გადაღებაც მოითხოვოს. ფრაქცია „ნაციონალების“ კიდევ ერთი წევრი, ირაკლი ნადირაძე, აცხადებს, რომ მერიაში თანამშრომლების მიღების პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს:

„წინა საკონკურსო კომისიას არაერთ სკანდალში გახვეული ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი ხელმძღვანელობდა. ჩვენ მაშინაც კონკურსისი დაწყებამდე მოვითხოვეთ ვიდეოფირზე გადაეღოთ გასაუბრების პროცესი, რაზეც უარი გვითხრეს. თუმცა ჩვენ ორშაბათს ისევ მოვითხოვთ, რომ გასაუბრების პროცესზე დაუშვან კამერა, რომელიც მთელ პროცესს აღბეჭდავს, რათა ადამიანებმა, ვისაც უსამართლობის განცდა გაუჩნდება, საკუთარი უფლებები დაიცვან და პროცესიც უფრო გამჭვირვალე იყოს“.

ამ საკითხს 27 თებერვალს ჯავახიშვილის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოების სანახავად მისული დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძეც გამოეხმაურნენ. ისინი ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ თანამდებობებზე რჩებიან ის მოხელეები, ვინც ვერ გაიარა ამ ეტაპზე ატესტაცია, თუმცა ამ ფაქტს ხსნიან იმით, რომ ეს პირები თანამდებობებს მხოლოდ დროებით - სამი თვით - იკავებენ და მათთვის მალე ხელახალი კონკურსი გამოცხადდება:

„კონკურსის შედეგად, მერიაში კვლავაც დარჩა ვაკანტური თანამდებობები, სადაც, იმისათვის, რომ სამუშაო პროცესი არ შეფერხდეს, სამი თვიდ დაინიშნენ მოხელეები, თუმცა სამ თვეში არსებულ ვაკანსიებზე გამოცხადდება ხელახალი კონკურსი და მერიაც ახალი თანამშრომლებით შეივსება. დროებით მოვალეობის შემსრულებლებად კი შეიძლება იყვნენ ის ადამიანები, ვინც ვერ გადალახა ტესტირება ან გადალახა, მაგრამ გასაუბრებაზე ვერ მოიპოვა შესაბამისი შეფასება, ამის საშუალებას ჩვენ კანონი გვაძლევს“, - აცხადებს დავით ნარმანია. კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ სუდაძე კი ამბობს, რომ მერიაში რჩებიან ის კადრები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ იქ, აქვთ გამოცდილება და დედაქალაქს მომავალშიც გამოადგებიან. თანამდებობის დატოვება მხოლოდ მათ მოუხდათ, ვისაც ამ ხნის განმავლობაში თავი არაფრით გამოუჩენია:

„მერიიდან წავიდნენ ის კადრები, ვინც მუშაობის დროს თავი ვერ გამოიჩინეს, ჩვენ ეს ტესტირებამაც დაგვანახვა, რომ ისინი კარგად ვერ მუშაობდნენ“.

საატესტაციო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა ზვიად დევდარიანმა, უკვე მიმართა თბილისის ვიცე-მერს და გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რამდენად ემთხვევა კომისიის წევრების შეფასებები და მერიის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებები ერთმანეთს.

თბილისის მერიის მიერ 17 თებერვალს მათივე ოფიციალურ ვებსაიტზეგავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მერიის მოხელეთა კონკურსი დასრულებულია. უწყებაში კონკურსი გამოცხადებული იყო 1033 ვაკანსიაზე და ორ ეტაპად (ტესტირება - გასაუბრება) მიმდინარეობდა. საატესტაციო კომისიამ დადებითი რეკომენდაცია გაუწია 484 პრეტენდენტს, 549 ადგილი კი ვაკანტური დარჩა. როგორც მერიაში აცხადებენ, მერიის ვაკანტური ადგილების 40% სწორედ ახალი კადრებით შეივსო, ხოლო უწყებიდან, დროებით მოვალეობის შესრულების ვადის გასვლის გამო, გათავისუფლდა 445 თანამშრომელი.