For.ge-ს ინფორმაციით, გასულ კვირას, ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის წევრებს საკუთარ რეზიდენციაში, არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, შეხვედრა დაძაბულ რეჟიმში წარიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, გაზაფხულზე ღარიბაშვილისგან მართვის სადავეებს გიორგი კვირიკაშვილი ჩაიბარებს.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ კვირიკაშვილს პრემიერობისთვის ამზადებენ, ამის მტკიცებას ვერ დავიწყებთ, თუმცა ცხადი ხდება, რომ ყოფილი პრემიერი მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის ემზადება.
ივანიშვილის რეზიდენციაში უმრავლესობის სტუმრობის შესახებ ინფორმაცია, როგორც ჩანს, უმრავლესობის ყველა წევრს არ აქვს, ან უბრალოდ, არ საუბრობენ. ყოველ შემთხვევაში, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ჯერჯერობით, ცვლილებებზე საუბარი არ არის.
„ჯერჯერობით, რაიმე ტიპის ცვლილებაზე ჩვენთან საუბარი არ არის. არავინ არ იცის ხვალ რა მოხდება, მაგრამ ინფორმაცია არ გვაქვს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილი.
საპარლამენტო ოპოზიციის წევრი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ ქვეყანას, მთავრობას და პარლამენტს ბიძინა ივანიშვილი მართავს. მისივე თქმით, ღარიბაშვილის წასვლა-არწასვლის საკითხი ივანიშვილისთვის მხოლოდ ტექნიკის თემაა, რომ რაღაცა ორთქლი გამოუშვას.
„ამიტომ, ჩვენ არც ვადამდელ არჩევნებს არ გამოვრიცხავთ. ცხადია, რომ ივანიშვილი შეეცდება მაქსიმალურად აიცილოს პასუხისმგებლობა, შეეცდება ვინმე ახალი მოიყვანოს, ან თვითონ დაბრუნდეს. შეუძლია დანიშნოს კვირიკაშვილიც და ჭიკაიძეც. მისი მოქმედების ამპლიტუდა ძალიან ფართეა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი ბარამიძე.
ჩაანაცვლებს თუ არა ღარიბაშვილს კვირიკაშვილი, პასუხის გაცემა უჭირს პოლიტოლოგ რამაზ საყავარელიძეს, რომლის განცხადებით, შესაძლებელია პრემიერ-მინისტრს უფლებები შეუმციროს, მაგრამ წესით, ადვილად არ უნდა გაწიროს.
„თვითონ ძალიან ბევრი კომპლიმენტი აქვს ნათქვამი მისდამი და მეც იმ ნაწილს მივეკუთვნები, ვინც თვლის, რომ ღარიბაშვილის სახით კარგი პოლიტიკური ფიგურა ჩამოყალიბდა. თუმცა, არის პრობლემები, ვიცით ეს ნათესაობის თემაც, მართვაშიც არის პრობლემები, მაგრამ საიმისოდ სიტუაცია არ არის შექმნილი, რომ ღარიბაშვილი დღეს გაიმეტოს.
რაც შეეხება კვირიკაშვილს, როგორც სპეციალისტები ამბობენ, შესანიშნავი მინისტრია და ასევე ამბობენ, რომ შესანიშნავი პიროვნებაა, რაც შემიძლია მეც დავადასტურო. თუმცა, მაინც არ ვიჩქარებდი ჩანაცვლებაზე ლაპარაკს. შეიძლება გაზარდოს ეკონომიკის სამინისტროს უფლებები, მაგრამ პრემიერ-მინისტრად ახალი ფიგურის მოყვანა, ვფიქრობ, სასურველი არ იქნება ივანიშვილისთვის“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
არაფორმალური შეხვედრის შესახებ ინფორმაცი არ აქვს გია ხუხაშვილს, თუმცა დარწმუნებულია, რომ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი გაზაფხულზე აუცილებლად დადგება. კითხვაზე, შეცვლის თუ არა კვირიკაშვილი ღარიბაშვილს, ამბობს, რომ ეს განხილვადი საკითხია.
„კვირიკაშვილი ნამდვილად პროფესიონალია. საკმაოდ კარგი მორალური და პროფესიული თვისებები აქვს. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრად მის კანდიდატურას, პრინციპში განხილვადი საკითხია, მაგრამ მთავარია, შეიქმნას ერთიანი გუნდი, რომელიც მზად იქნება მასშტაბური სისტემური გადაწყვეტილების მისაღებად. აქ პერსონალიებს იმხელა მნიშვლენობა არ აქვს, რამდენადაც გუნდურ ხედვას და სისტემური გადაწყვეტილების მიღების უნარს. ჩემი აზრით გიორგი კვირიკაშვილს ასეთი ტიპის ინდივიდუალური გადაწყვეტილებები ძალიან გაუჭირდება, მაგრამ კარგი გუნდის პირობებში, რატომაც არა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
და კიდევ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ზვიად ჯანყარაშვილის თემა ჯერ არ ამოწურულა. როგორც ჩანს, საეჭვო ტენდერებსა და კორიფციულ სქემებთან დაკავშირებით, ჯანყარაშვილს კითხვებს საგამოძიებო უწყებაში დაუსვამენ.