ირაკლი წერეთელი ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის

ირაკლი წერეთელი ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის

წარსულში ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, პოეტ ირაკლი წერეთელს 31 მარტს შევხვდი. ამ თარიღს ორმაგი დატვირთვა აქვს საქართველოს უახლეს ისტორიაში - ამ დღეს დაიბადა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი, რომლის მიზანიც საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება იყო. რეფერენდუმის მონაწილეთა თითქმის 99%-მა კითხვაზე - „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ - დადებითი პასუხი გასცა. იმავე წლის 9 აპრილს საქართველოს უმაღლესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

ირაკლი წერეთელი- ...ნიშანდობლივია, რომ ზვიად გამსახურდია მარტო საქართველოს პირველი პრეზიდენტი კი არა, არამედ, იყო პრეზიდენტი, რომელიც მოვიდა ყოვლად გაუყალბებელი არჩევნებით. ის არჩევნები ჩატარდა საქართველოს ძირითად ტერიტორიაზე, დღევანდელი ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით. ზვიად გამსახურდიას მმართველობისას გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და მის დროს ჩატარდა რეფერენდუმი, რომელშიც საქართველომა და მთელმა ქართველობამ აჩვენა ბრწყინვალე გამარჯვება - ქართველი ერის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის აღდგენას. მინდა, ქართველ ერს ვუსურვო ის ერთსულოვნება, რაც იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში.

 

ბატონო ირაკლი, თქვენც ფიქრობთ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი თარიღები, მათ შორის, 9 აპრილიც, დღევანდელ საქართველოში უღიმღამოდ აღინიშნება?

- საქართველოს პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს მდივნისა და ქალაქის მერის სახელზე ოფიციალურად შევიტანე განცხადება და მოვუწოდე, რომ 9 აპრილის 20 წლისთავი, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ეროვნული თავისუფლებისათვის საყოველთაო თავგანწირვის დღე, გრანდიოზულ მასშტაბებში აღნიშნულიყო ფილარმონიის დიდ დარბაზში, მე, როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ჩართული ვყოფილიყავი ამ პროცესში, თუმცა არანაირი პასუხი არ მომსვლია. დღევანდელ და წინა ხელისუფლებასაც ბრალს ვდებ 9 აპრილის იგნორირებაში. ესაა ეროვნულ თავისუფლებასთან დაკავშირებული დღე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე და 26 მაისზე არანაკლებად უნდა აღინიშნებოდეს!

 

თქვენი აზრით, რატომ აიგნორებს ხელისუფლება ამ დღეს? იქნებ, იმიტომ, რომისტორიის ათვლა 2003 წლიდან იწყებადა ყველაფერი, რაც მანამდე მოხდა, უმნიშვნელოა?

- ალბათ, იმიტომ, რომ თვითონ არ იყვნენ ეროვნული მოძრაობის ინიციატორები. მასე, არც დიდგორის ომის მონაწილენი ვყოფილვართ, მაგრამ ყოველთვის აღვნიშნავთ დიდგორობას და დავით აღმაშენებლის დღეს. ადამიანმა საკუთარი თავით რომ დაიწყოს ქვეყნის ისტორია, ძალიან ცუდად დაამთავრებ ცხოვრებას. ამიტომ, ამ საკითხს ასე არ დავტოვებ. მონაწილე ვინ იყო და ვინ -  არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, 9 აპრილი უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული თარიღია, რომელიც თავიდან ბოლომდე უკავშირდება, არაერთი თვალსაზრისით, ეროვნულ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. ამ დღეს მოხდა დიდი გამბედაობის, დიდი ეროვნული შემართებისა და ეროვნული თავგანწირვის გამოხატვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.

 

9 აპრილის შემდეგ, საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ მიიღო გრანდიოზული საყოველთაო მასშტაბები და საქართველოს დამოუკიდებლობა გახდა დაუძლეველი იდეა, დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლის პროცესები იყო ისტორიულად შეუქცევადი ხასიათის. 9 აპრილის ორი წლისთავზე მოხდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღება. იმ დღეებში, როდესაც საქართველოში გუგუნებდა ეროვნული მოძრაობა, ყველა პოლიტიკური იდეა - საქართველოს ამერიკასთან სტრატეგიული მოკავშირეობისა და მეგობრობის, საქართველოს ნატო-ში გაწევრების, საქართველოს დეოკუპაციის საკითხები, რაზეც დღეს ლაპარაკობს ხელისუფლება, 9 აპრილსა და ეროვნულ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული. ამიტომ, 9 აპრილის იგნორირება, სამშობლოს ღალატია, ეს იგივეა, რომ პატრიარქმა შობას, ან აღდგომას წირვა არ ჩაატაროს. მე ამ საკითხზე შევიტან სარჩელს კონსტიტუციურ სასამართლოში. მით უმეტეს, საქართველოს კონსტიტუციაში წერია 9 აპრილის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. 26 მაისის მოტანილი დაიკარგა, მაგრამ 9 აპრილს მოტანილი არ დაკარგულა. ორივე თარიღი უნდა აღინიშნებოდეს, ვინაიდან ისინი ერთმანეთს უკავშირდება.

 

ზვიად გამსახურდია ახსენეთ. დღემდე ბურუსითაა მოცული მისი გარდაცვალება. როგორ ფიქრობთ, მოკლეს თუ თავი მოიკლა პირველმა პრეზიდენტმა?

- ზვიად გამსახურდიას თავი რომც მოეკლა, ამით ეს ადამიანი ჩემს თვალში იოტისოდენადაც არ პატარავდება იმიტომ, რომ თვითმკვლელობაც, ერთგვარად, დიდი ვაჟკაცობაა, მაგრამ არ ვიცი, აბა, რა გითხრათ? მე, როგორც ქრისტიანი კაცი, მირჩევნია, ზვიადი ცოცხალი იყოს და რადგანაც არ არის ცოცხალი, მაშინ მოკლულია. როცა არსებობს მკვლელობა, არსებობს მიზანი სამართლიანი შურისძიების, მაგრამ როცა თავს იკლავ, შურს ვეღარავინ იძიებს. თვითმკვლელობა რომც იყოს, ზვიად გამსახურდია, ალბათ, ჩააყენეს ისეთ მდგომარეობაში, რომ იძულებული გახადეს, ასე მოქცეულიყო. ზვიადი ვაჟკაცი კაცი იყო და, ალბათ, არ უნდოდა მტერს ცოცხლად დანებებოდა. ვერ გეტყვით... მივიღებ სარწმუნოდ კომისიის დასკვნებს.

 

ბატონო ირაკლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერებიდან თითზე ჩამოსათვლელებიღა დარჩით. დღეს თუ გაერთიანებთ ერთმანეთთან რამე?

- ეროვნული მოძრაობის ცენტრალური ლიდერებიდან მარტო მე დავრჩი მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას და გიორგი ჭანტურიას შემდეგ. მასე ბევრი დარჩა - ირაკლი ბათიაშვილი, ვაჟა ადამია, ირინა სარიშვილი, მამუკა გიორგაძე, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს, დღეს რა პოზიციებზე არიან. შემიძლია გავერთიანდე იმ ადამიანებთან, ვისთვისაც საქართველოს დეოკუპაცია, ნამდვილი თავისუფლებაა პირველ პლანზე. ვაჟა ადამიასთან ნამდვილად მაერთიანებს რაღაც, მამუკა გიორგაძესთანაც - მეტ-ნაკლებად, პრორუსულ ძალებთან კი, - რა მოგახსენოთ. მაქვს მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური პოზიცია და მინდა, რომ ერთად ვიყოთ საქართველოს ჭეშმარიტი თავისუფლებისათვის ბრძოლაში.

 

ჩემთვის გაუგებარია, როგორ ათავსებს ირაკლი ბათიაშვილი მერაბ კოსტავასთან, ზვიადსა და ჩემთან მეგობრობას ნინო ბურჯანაძესთან ერთიანობას?! სხვათა შორის, მე არ ვიყავი ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობისა და მეგობრობის წინააღმდეგი, რომელიც რამდენჯერმე იყო მოსკოვში ვიზიტით საქართველოს დამპყრობელ პუტინთან. ამ კაცმა საქართველოს ორი მნიშვნელოვანი ტერიტორია წაართვა და არაერთხელ ხელყო ჩვენი ქვეყნის თავისუფლება. სანამ ნინო ბურჯანაძე რუსეთთან მიმართებაში თავის პოზიციას გამოამჟღავნებდა, ძალზე განათლებული და გაწონასწორებული ქალბატონი იყო, მაგრამ პუტინთან დამეგობრებამ და მისმა რუსეთში ვოიაჟებმა მასთან ურთიერთობის ყოველგვარი საშუალება და სურვილი მომისპო.

 

ისე, მარტო ნინო ბურჯანაძე, ბატონო ირაკლი? ალბათ, დამეთანხმებით, დღეს ძალზე რთულია იმის გარკვევა, ვინ პრორუსია, ვინ - პროქართული თუ პროდასავლელი...

- ის ნამდვილად ვიცი, რომ მე, ირაკლი სიდამონის ძე წერეთელი, ვაჟა ადამია და ჩვენი მეგობრები ვართ ჭეშმარიტი ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების აპოლოგეტები. 9 აპრილისა და ეროვნული მოძრაობის უდიდესი მნიშვნელობა ისაა, რომ საქართველო შემოტრიალდა მონობიდან თავისუფლებისკენ და რუსეთიდან - დასავლეთისკენ. დღეს საქართველოს ძლიერება დამოკიდებულია ამერიკასა და დასავლეთთან მეგობრობაზე. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქართველს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ 2011 წლის 9 აპრილს, 2 საათზე მოვიდნენ პარლამენტის წინ და ბოლშევიკური ოკუპაციის 90 და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის 20 წლისთავზე მოვითხოვოთ საქართველოს დეოკუპაცია. ვინც არ მოვა ამ აქციაზე, ის იქნება პრორუსული ორიენტაციის! შეიძლება, რომ ბოლშევიკური ოკუპაციის 90 წლისთავი არ გააპროტესტო? ან რატომ არ გააპროტესტეს 25 თებერვალი? ჩვენ მთელი წელი მოვუწოდებდით ყველას ამისაკენ. სხვათა შორის, ერის უმეტესობა იქცევა ძალიან ცუდად, რა თქმა უნდა, ხელისუფლებასა და პოლიტიკოსებთან ერთად.

 

90 წელი გავიდა ბოლშევიკური ოკუპაციიდან, 20 წელი - დამოუკიდებლობის აღდგენიდან, 22 წელი - სისხლიანი 9 აპრილიდან და ეს არ უნდა გაპროტესტდეს? მე ამას ყოველ დღე ვაპროტესტებ, სხვებისგან განსხვავებით! ყველას მოვუწოდებ, 9 აპრილს ჩატარდეს გრანდიოზული დემონსტრაცია ისევე, როგორც შეიკრა დიდი ჯაჭვი პატრიარქის მოწოდებით. მოუწოდოს ერს პატრიარქმა, პრეზიდენტმა, ოპოზიციამაც და ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ქართველებს კიდევ ერთი დღით ერთად დგომა. ნინოსაც მოვუწოდებ, მოვიდეს და თუ იგი ასე მოიქცევა და პროტესტს გამოხატავს, მაშინ ჩავთვლი, რომ პუტინთან მისი ვიზიტები ემსახურება არა საქართველოს დამონებას, არამედ - გათავისუფლებას, თუმცა ამის არ მჯერა. ყველას მოვუწოდებ, გაჩეჩილაძესაც, ალასანიასაც, ხელისუფლებასაც, რომ 9 აპრილს, დიდი ეროვნული გამბედაობის და თავგანწირვის დღეს და ბოლშევიკური ოკუპაციის 90-ე წლისთავზე ყველა ქართველი დავდგეთ ერთად. პატრიარქსაც მოვუწოდებ, მოვიდეს იქ და ჩაატაროს წირვა.

 

 

ზოგიერთი გეტყოდათ, 9 აპრილს დაგეჯერებინათ პატრიარქისთვისო...

- პატრიარქი არაფერ შუაში იყო. იქ მიდიოდა ბრძოლა თავისუფლებისათვის და ამ ბრძოლას ჰყავდა თავისი სარდლები, რომლებმაც ეს ბრძოლა ისტორიულად მოვიგეთ. პატრიარქს ადამიანი ემორჩილება წირვა-ლოცვის დროს და მე არ მახსენდება საქართველოს ისტორიაში არც ერთი ბრძოლა, როდესაც სარდლები ეპისკოპოსები და პატრიარქები არიან. დაწყებული დიდგორიდან და მარაბდით დამთავრებული, ბრძოლებს ერისკაცები და მამულიშვილები უდგანან სათავეში და მოდით, რა, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. 9 აპრილი იყო უდიდესი აქტი, მან მოიტანა საქართველოს თავისუფლება.

 

დღესაც ბევრი ამბობს, რომ თქვენმა ანტირუსულმა თუ ანტისაბჭოურმა ლოზუნგებმა მოიტანა სისხლიანი 9 აპრილი, ყველა სახვა უბედურება და რომ არა ის ლოზუნგები, საქართველო ახლაც მთლიანი იქნებოდა...

- როდესაც საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩემი ლოზუნგები განაპირობებდა პროცესების მართვას, საქართველო მივიდა თავისუფლებამდე და როდესაც საზოგადოებამ უკვე სხვა ლიდერებს დაუწყო გუნდრუკის კმევა, მოვედით დღემდე. 9 აპრილს ჩვენ ეროვნული მოძრაობა გამოვიყვანეთ აფსუებთან დაპირისპირების სამარცხვინო ეთნოკომფლიქტიდან და გადავზარდეთ რუსეთის იმპერიასთან თავისუფლების მოთხოვნით. ეს იყო უზარმაზარი აქცია, როდესაც მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ქართველი ერი არის თავისუფლების მოყვარე, იბრძვის დამოუკიდებლობისათვის და უპირისპირდება რუსულ აგრესიას და ოკუპაციას და არა - ერთი მუჭა აფსუებს. სირცხვილი იყო აფსუებთან დაპირისპირება და მათ გამო ამხელა აქციების აგორება. ჩვენ ეროვნულ სირცხვილს და თავის მოჭრას გადავარჩინეთ ქართველი ერი. ეს როგორ არ ესმის ქართულ საზოგადოებას? ეს არ ყოფილა ანტირუსული, არამედ იყო განმათავისუფლებელი ლოზუნგები. როდესაც ეროვნული მოძრაობა მართავდა ქვეყანას, საქართველო ერთიანი იყო. რა, ზვიად გამსახურდიას დროს არ ემორჩილებოდნენ აფსუები და აფხაზები საქართველოს? აფსუებს ხელი აქვთ მოწერილი იმ დოკუმენტზე, რომლის თანახმადაც, ისინი აღიარებენ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნას. ასე რომ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაიკარგა მას შემდეგ, რაც ეროვნული ძალები ჩამოსცილდნენ ხელისუფლების სათავეებს და მოვიდნენ ანტიეროვნული ძალები.

 

ამ ხელისუფლებას ანტიეროვნულად მიიჩნევთ?

- 9 აპრილს რომ არ აღნიშნავს ხელისუფლება, ის ეროვნულია? დღევანდელი ხელისუფლება ჩვენს ბევრ ლოზუნგს იმეორებს, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.

 

შესაძლებელი იყო 9 აპრილს სისხლისღვრის თავიდან აცილება?

რა შეცდომა დაუშვა ხელისუფლებამ და რა - ეროვნულმა ლიდერებმა?

- სისხლის თავიდან აცლება იმას ნიშნავდა, რომ თავიდან აგვეცილებინა საქართველოს დამოუკიდებლობა. გინდათ, რომ დამოუკიდებლები არ ვყოფილიყავით? 9 აპრილამდე, სხვათა შორის, რამდენიმე კაცის გარდა, ყველა ლაპარაკობდა საქართველოს რუსეთთან ერთად ყოფნას კონფედერაციული  სტატუსით. 9 აპრილმა დაამსხვრია კონფედერაციის იდეა და ქართველმა ერმა ეროვნული დამოუკიდებლობის, თავისუფლების აღდგენისა და დასავლეთზე ორიენტაციის იდეას სწორედ 9 აპრილის შემდეგ დაუჭირა მხარი. 9 აპრილი, როგორც მოვლენა, თავისი მნიშვნელობით, უტოლდება დიდგორს, შამქორს და ბასიანს. მან მოუტანა საქართველოს თავისუფლება.

 

მაშინდელი ცკ- მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი იმ დღიდან გვპირდება სიმართლის თქმას... თქვენი აზრით, რისი თქმა სურს და რით ვერ მოვიდაეს დრო”?

- რა ვიცი, რისი თქმა უნდა პატიაშვილს?! ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და მაგის გაუთქმელი საიდუმლოება ნაკლებად მაინტერესებს, რა?! მთავარი ის კი არ არის, რისი თქმა უნდა, მაინტერესებს ისეთის თქმა, რასაც სერიოზული ცვლილებები მოჰყვება და რა უნდა თქვას ასეთი ჯუმბერ პატიაშვილმა? პატიაშვილის დრო რახანია, წავიდა. თუ რამის თქმა უნდა, თქვას.

 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ქართველებს, 9 აპრილის 22 წლისთავი აღვნიშნოთ მემორიალთან. ველოდები პარლამენტის წინ ყველას, პატრიარქით დაწყებული, ერთმანეთს წაკიდებული ბურჯანაძე-გაჩეჩილაძით დამთავრებული. სხვათა შორის, შესაძლოა, დავძრა ეროვნული ყრილობის იდეა, რომელიც მე მეკუთვნის. ამათ რომ ახლა რაღაცა “სახალხო კრება” ააგორეს და პრორუსულ ხასიათს აძლევენ, ეს არ შეიძლება. ეროვნული კრება უნდა იყოს ქართველი ერის ნების გამომხატველი სპექტრის მიერ დაკომპლექტებული. იქ უნდა ჩაერთოს საპატრიარქო, ყოფილი უზენაესი საბჭო, ეროვნული მოძრაობა და სხვები. ეს “სახალხო კრება” არ გამოხატავს ქართველი ერის ნებას. თუ დავძარი ეს იდეა, მოვიწვევთ ეროვნულ კრებას და შეიძლება დავამთავროთ კიდეც ეს ხელისუფლება. ჩვენი მიზანი საქართველოს დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოს ნატო-ში გაწევრება, აშშ-სთან პირდაპირი ჩარჩო-სამოკავშირო ხელშეკრულების დადება, საქართველოში ეროვნული ცნობიერება-თვითმყოფადობის გაძლიერება და თანამედროვე დემოკრატიული, ოღონდ - ქართული, ქრისტიანული და ძლევამოსილი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაა. ეს სახელმწიფო უნდა იყოს თავიდან ბოლომდე ქართული, დამოუკიდებელი და დიახაც, ქრისტიანული! ნუ ეწყინება ნურავის! ერთი ტერიტორია აღარ ეკუთვნის ქრისტეს ამ დედამიწაზე, კაცო?!