ლარის ,,გამოცოცხლების' ნაციონალური გეგმა

ლარის ,,გამოცოცხლების' ნაციონალური გეგმა

ა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას სთავაზობენ ნაციონალები ,,ოცნებას' და განიხილავს თუ არა მთავრობა საპარლამენტო უმცირესობის ანტიკრიზისულ გეგმას

ნაციონალური მოძრაობის წევრები - ზურაბ ჯაფარიძე და სერგო რატიანი 23 თებერვალს, კანცელარიაში, მთავრობის სხდომაზე არ დაუშვეს. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს აინტერესებდათ მთავრობის კონკრეტული, სამოქმედო გეგმა ეკონომიკის გასაჯანსაღებლად და ლარის კურსის დასასტაბილურებლად. მას შემდეგ, რაც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ დეპუტატებს განუმარტა, რომ მთავრობის სხდომის დახურული ფორმატის გამო, დასწრების უფლება არ ჰქონდათ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა საკუთარი, ანტიკრიზისული გეგმა გადასცეს და კანცელარიის შენობა დატოვეს. 

,,ვერსიასთან' საუბრისას ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის კომპლექსური გეგმა - „36 ნაბიჯი ევროპული საქართველოსთვის“ შეიმუშავა, რომელიც დაგროვილ გამოცდილებას, მიღწეულ დადებით შედეგებს, დაშვებული შეცდომებისა და დღევანდელი გამოწვევების ანალიზს ეფუძნება.

ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, ლარის კურსის დასასტაბილურებლად, მთავრობის საპარლამენტო მდივანს, სწორედ ამ გეგმის ეკონომიკური ნაწილი გადასცეს.  იმისთვის, რომ ქვეყანამ კრიზისი დაძლიოს, ეკონომიკა გაჯანსაღდეს და ლარის ვარდნა შეჩერდეს, ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისული გეგმით აუცილებელია: შემცირდეს ის გადასახადები, რაც გათვალისწინებული იყო საგადასახადო კოდექსით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე; საშემოსავლო გადასახადი შემცირდეს 15%-მდე; გაუქმდეს დივიდენდზე გადასახადი; შემცირდეს დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) 16%-მდე; გაუქმდეს ნავთობპროდუქტზე აქციზის გადასახადი; შემცირდეს სააქციზო გადასახადები თამბაქოსა და ალკოჰოლზე; გადასახადების შემცირებასთან ერთად, დასრულდეს თბილისის რკინიგზის შემოვლითი გზა, რომელიც განტვირთავს ქალაქს და დაასაქმებს 6 000-ზე მეტ ადამიანს; განახლდეს ანაკლია-ლაზიკის პორტის პროექტი, რომელიც ქვეყანას რეგიონული ჰაბის ფუნქციას შესძენს და 7 000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს; აშენდეს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ლოგისტიკური ცენტრები ახალციხეში, რუსთავში, ქუთაისსა და ფოთში, სადაც 10 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება; გამოცხადდეს საგადასახადო ამნისტია 2015 წლის 1 იანვრამდე ჩადენილ ეკონომიკური და ფინანსური ხასიათის დანაშაულზე; მოხდეს ეკონომიკური და ფინანსური ხასიათის დანაშაულის მნიშვნელოვანი ნაწილის დეკრიმინალიზაცია, ასეთი ტიპის დანაშაულზე გამოირიცხოს წინასწარი პატიმრობის გამოყენება აღმკვეთი ღონისძიების სახით; აიკრძალოს საწარმოს არაგეგმური შემოწმება სასამართლოს ნებართვის გარეშე; გადახდილ გადასახადზე 10%-ზე ნაკლები ცდომილების შემთხვევაში, ამ ცდომილების გასწორება დაიშვას დასჯისა და ადმინისტრაციული იძულების მექანიზმების გარეშე; ბიუჯეტის დაფინანსების მიზნით, შეწყდეს ფართომასშტაბიანი შიდა ვალების აღების პრაქტიკა; შევიდეს ცვლილება ეკონომიკური თავისუფლების აქტში, რომლითაც დაწესდება ზედა ზღვარი შიდა ვალზე; მთავრობის მხრიდან ახალი (გარდა ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის აუცილებელი) რეგულაციების შემოღებაზე დაწესდეს მკაცრი ეკონომიკური ფილტრი, კერძოდ, შეიქმნას სპეციალური სტრუქტურა მთავრობის, პარლამენტის, ბიზნესის, არასამთავრობოების მონაწილეობით, რომლებიც ყველა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ეკონომიკაზე ზეგავლენის კუთხით შეაფასებენ; 2012 წლის შემდეგ შემოღებული სავიზო რეგულაციები გაუქმდეს; საქართველოს ეკონომიკაში, კერძოდ, სოფლის მეურნეობის სექტორში, ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, გაუქმდეს 2014 წლის შემდეგ დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის მიწის კერძო საკუთრებაზე; საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, განახლდეს პრივატიზაციის პროცესი; საქართველოს მთავრობამ ექსპორტის (მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციის) გაზრდის მიზნით, გამოიყენოს ევროკავშირთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის ყველა მექანიზმი და ხელი შეუწყოს საქართველოს პროდუქტების გასაღების ბაზრების დივერსიფიცირებას; განახლდეს მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რათა უმოკლეს ვადაში გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება; დაჩქარდეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმების გაფორმების პროცესი; პოლიტიკური თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურება (ხელფასი, პრემია, დანამატი და სხვა) და მათი ადმინისტრაციული ხარჯები, პროპორციულად მიებას ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს.  საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, ზურაბ ჯაფარიძემ ,,ვერსიასთან' საუბრისას აღნიშნა, რომ ეს კონკრეტული ნაბიჯები მათ მიერ მოგონილი ფორმულა არ არის. მისი თქმით, ეს არის რეალური, აპრობირებული გზა, რომელიც მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ, ბევრმა ქვეყანამ გაიარა: ,,გასულ კვირას, მთავრობის არაერთმა წევრმა განაცხადა, რომ ისინი შეიკრიბებოდნენ 23 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე, სადაც ლარის ვარდნის შეჩერებასა და ეკონომიკის გაუმჯობესებაზე იმსჯელებდნენ. კანცელარიაში იმიტომ მივედით, გვაინტერესებდა, რეალურად ჰქონდა თუ არა მთავრობას რაიმე გეგმა შემუშავებული. ყოველ შემთხვევაში, ეჭვი გაგვიჩნდა, რომ მთავრობას ასეთი გეგმა არ აქვს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სხდომაზე არ შეგვიშვეს. ჩვენი ეჭვი მოგვიანებით დადასტურდა, როდესაც სხდომის შემდეგ, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ მთავრობა ამ კვირის განმავლობაში აპირებს გეგმის შემუშავებას. ჩვენი აზრით, კატასტროფული მდგომარეობაა, რომ მთავრობას აქამდე არ აქვს გეგმა, დღესაც კი, როდესაც ამ წუთებში წყდება ლარის გაუფასურების საკითხი, თურმე, ჯერ კიდევ არ აქვთ წარმოდგენა, რა არის გასაკეთებელი. ამასობაში, ლარი გარბის და მდგომარეობა უფრო  უარესდება. ჯერჯერობით, მხოლოდ ის გვესმის, რომ ვალების აღებას აპირებენ, მაგრამ ეს დროებითი ეფექტის მქონე ნაბიჯია. ქვეყანაში შემოსული დოლარის გარკვეული მასა, ლარის ვარდნას დროებით დაასტაბილურებს, მაგრამ ეკონომიკას ვერ გააჯანსაღებს, რადგან ამისთვის ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო. გარდა ამისა, მთავრობა ადმინისტრაციული ხარჯების 10%-12%-ით შემცირებას აპირებს, მაგრამ ეს დღეს შექმნილი რეალობის ადეკვატური ზომა არ არის. ეს ნაბიჯი იმიტომ მოიფიქრეს, რომ წლევანდელი ეკონომიკური ზრდა იმდენი არ იქნება, რამდენიც დაგეგმილი იყო. შესაბამისად, ბიუჯეტში ნაკლები შემოსავლები ექნებათ, რის გამოც გარკვეული ხარჯების შეკვეცა მოუწევთ. ადმინისტრაციულ ხარჯებს ბიუჯეტის გასასწორებლად ამცირებენ და არა ეკონომიკის გასაჯანსაღებლად'. 

ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, ეკონომიკის გასაჯანსაღებლად, მთავრობამ ის კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, რაც ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისულ გეგმაშია გაწერილი. პირველ რიგში, ხელისუფლებამ გადასახადები უნდა შეამციროს და ის მავნე რეგულაციები გააუქმოს, რაც ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის: ,,აუცილებელია ეკონომიკის შემდგომი ლიბერალიზაცია, მათ შორის, საგადასახადო ამნისტიის გამოცხადება, ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, რათა ბიზნესმა უფრო დაცულად იგრძნოს თავი. ხელისუფლებაში ჩვენი ყოფნის დროსაც, ეს საკითხები პრობლემა იყო. ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, მათ შორის, რადიკალურიც კი, რაც მტკივნეული იქნება, მაგრამ სხვა შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას რეცესია ელის. ეს ნიშნავს, რომ სამუშაო ადგილები დაიკარგება და შემოსავლები შემცირდება. ვითარება საკმაოდ რთულია. სამწუხაროდ, მთავრობა დღემდე ისეთ პოზიციაშია, რომ სიჯიუტის გამო, არ ცდილობს, მოგვისმინოს. მიუხედავად ამისა, ანტიკრიზისული გეგმა კანცელარიაში მაინც დავტოვეთ და მთავრობის საპარლამენტო მდივანს პირადად გადავეცი. გარდა ამისა, ჩვენ საპარლამენტო ტრიბუნაც გვაქვს, რომელსაც აქტიურად ვიყენებთ. პარლამენტში უკვე გატანილი გვაქვს სპეციალური რეზოლუცია, სადაც საკანონმდებლო ორგანომ მთავრობას უნდა მოუწოდოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ. ეს ნაბიჯები იმის იდენტურია, რაც ჩვენს ანტიკრიზისულ გეგმაშია გაწერილი. ამის შემდეგ საპარლამენტო სესიას დაველოდებით, სადაც კიდევ ერთხელ ვეცდებით, მთავრობას რაღაც გავაგებინოთ'.